82 – ე მუხლის მე – 3 პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები. შესაბამისად, ნებისმიერი გაუმართლებელი და არალეგიტიმური ჩარევა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, მის ფორმირებაში, პირდაპირ ეწინააღმდეგება აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებას. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციური კონტროლის ორგანო უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპისა და ადამიანის უფლებების დაცვას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას ამ კონსტიტუციური ინსტიტუტის არსებობისათვის იმანენტური ხასიათი გააჩნია.
მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას არაკონსტიტუციურად უზღუდავს უფლებას, თავისუფლად აირჩიოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ამგვარი რეგულაცია წარმოადგენს ხელისუფლების სხვა შტოების გაუმართლებელ, არალეგიტიმურ ჩარევას საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლად არჩევის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ერთმევათ შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებისამებრ წამოაყენონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა და მათ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა შებოჭილია იმ კანდიდატურით, რომელსაც შეარჩევენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ასეთი შეზღუდვით დაკნინებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების როლი სასამართლოს ფორმირებაში და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი (2011 წლის 5 მაისიდან 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 წინადადებასთან მიმართებით.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

Back to Top

%d bloggers like this: