86 – ე მუხლის მე – 2 პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტი, მართალია, არ ადგენს პირის ძირითად უფლებას, თუმცა ის წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის პირის – მოსამართლისა და ზოგადად სასამართლოს ინსტიტუციურ გარანტიას. საქართველოს კონსტიტუციის ნებაა, რომ სახელმწიფოში მოსამართლეები განწესდნენ უვადოდ, რაც, თავისთავად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და სიმტკიცის უზრუნველყოფას ემსახურება. მოსამართლის უვადოდ განწესების კონსტიტუციურ დონეზე გადაწყვეტა პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლში გარანტირებულ მოქალაქის უფლებასთან, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. შესაბამისად, ვინაიდან სადავო ნორმა განსაზღვრავს  მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესს, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის განმარტება უნდა მოხდეს სისტემურად, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტთან კავშირში, რათა შესაძლებელი გახდეს ძირითადი უფლებების დამდგენი და ინსტიტუციური კონსტიტუციური დებულებების საერთო სულისკვეთების აღქმა. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლისა და 86-ე მუხლის სისტემური განმარტება მიუთითებს მოქალაქის ზემოაღნიშნული უფლების განსაკუთრებულ ელემენტზე, მის მიერ მოსამართლის, როგორც სახელმწიფო თანამდებობის უვადოდ დაკავების შესაძლებლობაზე.“

საქართველოს მოქალაქე  ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/659, 15 თებერვალი, 2017

„მოსამართლე წარმოადგენს მართლმსაჯულების განმახორციელებელ სახელმწიფო თანამდებობის პირს, რომლის მიერ საკუთარი ფუნქციების მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელებაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნებისმიერ სახელმწიფოში კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს და, ზოგადად დემოკრატიის არსებობა და მათი სრულყოფილი რეალიზაცია. საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე თავი სწორედ სასამართლო ხელისუფლებას ეთმობა და ცალკე არეგულირებს ზოგადად სასამართლო ხელისუფლებასთან, მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან და პერსონალურ ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ ფორმალურ თუ მატერიალურ გარანტიებს.
სამართლებრივი თვალსაზრისით, ტერმინ „შემთხვევა“-ში მოიაზრება კონკრეტული გარემოებები, რომლებიც წარმოადგენენ ამა თუ იმ ქმედების განხორციელების წინაპირობას. მოცემულ შემთხვევაში ტერმინი „შემთხვევა“ საფუძვლის იდენტური ტერმინია და გულისხმობს იმ საფუძველს, რომლის არსებობის დროსაც არის დასაშვები მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. იმავდროულად, ტერმინი „წესი“, გარკვეულ პროცესუალურ ნორმათა ერთობლიობაზე მიუთითებს. ის რიგი ქმედებების განხორციელებისთვის დადგენილ ფორმალურ, პროცესუალურ წესრიგს გულისხმობს, რომლის დაცვითაც  შესაძლებელი არის შესაბამის ქმედებათა განხორციელება. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 86-ე მუხლის მე-2 პუნქტებში გადმოცემული ტერმინები სწორედ ზემოთ ხსენებული შინაარსით უნდა განიმარტოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის    86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას წარმოადგენს მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების მომწესრიგებელი პროცედურული საკითხების ორგანული კანონით მოწესრიგება.“

საქართველოს მოქალაქე  ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/659, 15 თებერვალი, 2017

Back to Top