88 – ე მუხლის მე-2 პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. მოცემული კონსტიტუციური ნორმები ცალსახად მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების prima facie უფლებაზე, 10 წლის განმავლობაში ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩეულ იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე. ამავე დროს, მოცემული კონსტიტუციური დებულებები იცავს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის უფლებას, თავისუფლად აირჩიონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური სტანდარტები დადგენილია ერთობლივად საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლითა და 88-ე მუხლის მე-3 პუნქტით. მოცემულ კონტექსტში სადავო ნორმები თანაბრად ზღუდავს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებას, არჩეული იყოს სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე, ისე – საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ უფლებას, თავად აირჩიონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. სადავო ნორმების აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებებთან შესაბამისობის დადგენაც ერთობლივად მოხდება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: ანაწილებს საქმეებს და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომისთვის ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს საბიუჯეტო ასიგნებებს, საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის საქმიანობას, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასამტკიცებლად წარუდგენს სასამართლოს რეგლამენტს და აპარატის დებულებას და ახორციელებს კანონმდებლობითა და რეგლამენტით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასევე უძღვება პლენუმის სხდომებს. ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უძღვება კოლეგიის სხდომას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ ფუნქციებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას თავმჯდომარის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, ასეთი დავალების არარსებობისას კი – უხუცესი მოადგილე.
კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ასრულებენ მნიშვნელოვან სამოსამართლო და ადმინისტრაციულ ფუნქციებს საკონსტიტუციო სასამართლოში. აღნიშნული ფუნქციების ჯეროვანი განხორციელება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი საქმიანობის აუცილებელი წინაპირობაა. ამდენად, ამ პოზიციების დაკავების უფლების ნებისმიერი არაგონივრული და გაუმართლებელი შეზღუდვა გარკვეულწილად შეაფერხებს დასახელებულ კონსტიტუციურ ინტერესს.
საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის 2010 წლის 15 ოქტომბრამდე არსებული რედაქციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა კი დაუშვებელი იყო. თუმცა, განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, ეს ჩანაწერი კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ არ არსებობს საკითხის ასეთი გადაწყვეტის კონსტიტუციური ნება და ნებისმიერი ამგვარი შეზღუდვა დაექვემდებარება კონსტიტუციურსამართლებრივ შემოწმებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში, თანაზომიერების პრინციპის დაცვით, იმგვარად, რომ არ დაზიანდეს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტური ფუნქციონირების კონსტიტუციური ინტერესები.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს, მე-4 პუნქტის თანახმად კი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას ასახელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ ხუთმა წევრმა. სადავო ნორმები გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ასეთი პროცედურით შესაბამის პოზიციაზე არჩეულ იყვნენ ის პირები, რომელთაც ერთხელ უკვე ეკავათ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ/თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიონ ის პირი, რომელსაც სადავო ნორმის არარსებობის შემთხვევაში არ აირჩევდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ნების ამგვარი, ხელოვნური შეზღუდვა ვერ გამოდგება საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნის უზრუნველმყოფ საშუალებად. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა როტაცია არ უნდა განხორციელდეს ხელოვნურად, მოსამართლეთა ნების დათრგუნვის ხარჯზე.
სადავო ნორმები ზღუდავს იმ პირის თავმჯდომარედ არჩევის შესაძლებლობას, რომელსაც შესაძლოა მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა თუ თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებიდან იმ პირების ხელოვნურად ამორიცხვა, რომელთაც ერთხელ უკვე ეკავათ იგივე თანამდებობა, უზრუნველყოფს ყველა მოსამართლისათვის თანამდებობის დაკავების თანაბარ შესაძლებლობას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმა ზღუდავს პირთა უფლებას, თანასწორ საწყისებზე, შესაბამისი მხარდაჭერის პირობებში დაიკავონ დასახელებული თანამდებობები. ამდენად, სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაწესი ლოგიკურად არ უკავშირდება მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს და, შესაბამისად, არათანაზომიერად ზღუდავს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი,2016

„საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 წინადადების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს. წინამდებარე გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 წინადადება ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების უფლებას, 10 წლის განმავლობაში ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩეულ იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე. ამავე დროს, მოცემული კონსტიტუციური დებულება ცალსახად ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს „შემადგენლობის“, ე.ი. ყველა მოქმედი წევრის უფლებას, რომ აირჩიოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კანონმდებლობის ანალიზმა ცხადყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აღჭურვილია მნიშვნელოვანი სამოსამართლო და ადმინისტრაციული უფლებამოსილებებით და მისი არჩევა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირების მნიშვნელოვან ელემენტს. ამრიგად, ნებისმიერი სხვა ხელისუფლების შტოს ჩარევას საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში უნდა გააჩნდეს მყარი კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, 3 წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. მოცემული კონსტიტუციური დებულება ადგენს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს ლეგიტიმაციას, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში 3 წევრის დანიშვნის/არჩევის გზით. საქართველოს კონსტიტუცია არ ანიჭებს ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, სხვაგვარად ჩაერიონ სასამართლოს ფორმირების პროცესში და მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლად არჩევის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ერთმევათ შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებისამებრ წამოაყენონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა და მათ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა შებოჭილია იმ კანდიდატურით, რომელსაც შეარჩევენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ასეთი შეზღუდვით დაკნინებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების როლი სასამართლოს ფორმირებაში და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი (2011 წლის 5 მაისიდან 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 წინადადებასთან მიმართებით.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადას კონსტიტუციურ დონეზე აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტი. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის ამა თუ იმ დებულებას განმარტავს კონსტიტუციის საერთო სტრუქტურის გათვალისწინებით, სისტემურად და მხედველობაში იღებს სხვა კონსტიტუციური დებულებების შინაარსს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის და მასთან დაკავშირებული საკითხების კონსტიტუციურობის შემოწმებისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული უფლების განმარტებისას, აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსი.
საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადაა 10 წელი“. მოცემული კონსტიტუციური დებულება ექსპლიციტურად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად განწესებული პირი მხოლოდ 10 კალენდარული წლის განმავლობაშია აღჭურვული შესაძლებლობით, შეასრულოს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში. აღნიშნული კონსტიტუციური ჩანაწერი კანონმდებელს არ უტოვებს საკითხის სხვაგვარად მოწესრიგების დისკრეციას.
მაგალითისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით“. მოცემული დებულების მიხედვით კონსტიტუცია ადგენს პარლამენტის დისკრეციის მხოლოდ ქვედა ზღვარს – „არანაკლებ 10 წლის ვადით“. აღნიშნული ჩანაწერისგან განსხვავებით, კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიან ვადას. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაში შეზღუდვა ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის განახლებისა და ცვალებადობის პროცესის უზრუნველყოფას. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის განახლების მიზანია საკონსტიტუციო კონტროლის მეშვეობით სამართლის დინამიკური განვითარება.
უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ზედა ზღვრის დაწესება ჩარჩოში აქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების დამნიშნავი ორგანოების პოლიტიკურ გავლენას საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირების პროცესზე. აღნიშნული ვადის უგულებელყოფის შემთხვევაში გაუმართლებლად გაიზრდება რომელიმე, კონკრეტულ დროში არჩეული პრეზიდენტის, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაზე. იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი აირჩია 10 წელზე მეტი ვადით, გადაჭარბებულად გაიზრდება პარლამენტის კონკრეტული პოლიტიკური შემადგენლობის გავლენა ამ პროცესზე და დაირღვევა კონსტიტუციით დადგენილი ბალანსი.
საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ასევე წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიას. აუცილებელია, უზრუნველყოფილ იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა 10-წლიანი ვადის ფარგლებში. აღნიშნული გარანტია კრძალავს პირის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განწესებას უფრო ნაკლები ვადით, ამ ვადაში უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელშეშლას და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე.
ამავე დროს, უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის მკაცრი დაცვის შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას, ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის გამართულ ფუნქციონირებას. კერძოდ, შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, ვერ მოხერხდეს მისი დროული ჩანაცვლება. აღნიშნული პროცესის დაყოვნება ხშირად განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების თანამდებობაზე განწესების წესის სპეციფიკით. ამ პროცესში მონაწილე ორი ორგანო – საქართველოს პარლამენტი და საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას იღებენ კოლეგიურად, კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების კვორუმით და შესაძლოა, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატზე შეთანხმებამ დიდი დრო მოითხოვოს და ვერ განხორციელდეს შესაბამის ვადებში.
ასეთ პირობებში არსებობს რისკი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი დროულად ვერ ჩანაცვლდეს და, მოსამართლეთა სათანადო რაოდენობის არარსებობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ განახორციელოს მასზე კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილება და ვიდრე არ მოხდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ჩანაცვლება, საფრთხე ექმნება სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსებობას, რაც, თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებით სარგებლობას.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„იმ შემთხვევაში, როდესაც ამოიწურება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა და არ ხდება სათანადო სახელმწიფო ორგანოების მიერ მისი ჩანაცვლება და საქმის განხილვის კვორუმის არარსებობის გამო ეს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირების შეფერხებას, აუცილებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა მისი ჩამნაცვლებელი წევრის განწესებამდე. სხვაგვარად, ეჭვქვეშ დგება საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსებობა, ილუზორული გახდება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გზით უფლების დაცვის შესაძლებლობა და, შესაბამისად, დაირღვევა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ვერ გადაწონის კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის ექსპლიციტური მითითება უფლებამოსილების 10-წლიან ვადასთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გაგრძელება მისი ჩამნაცვლებელი წევრის განწესებამდე არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების 10წლიანი ვადის ზედა ზღვრის დაწესების მიზნებს. კერძოდ, ამით არ იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დამნიშნავი კონკრეტული სუბიექტის (დროის კონკრეტულ მომენტში არჩეული პრეზიდენტი, პარლამენტი, უზენაესი სასამართლო) გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირების პროცესზე.
ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც არ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დროული ჩანაცვლება და ეს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირების შეფერხებას, აღნიშნული წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაგრძელებულად უნდა ჩაითვალოს ჩამნაცვლებელი წევრის თანამდებობაზე განწესებამდე. ამ კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირების შეფერხებად ჩაითვლება ისეთი ვითარება, როდესაც შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ კანონით დადგენილ ვადაში არ აირჩია ახალი წევრი და, საქმის განხილვის სათანადო კვორუმის არარსებობის გამო, შეუძლებელია საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელება. საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური პარალიზების თავიდან არიდების მიზნით აუცილებელია, ასეთ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაგრძელდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის თანამდებობაზე განწესებამდე. საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის განმსაზღვრელი ნორმა საფრთხეს შეუქმნიდა საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ეფექტური ინსტიტუტის არსებობას და იქნებოდა მისი უმთავრესი მიზნის – ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის საწინააღმდეგო.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში არსებობს შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უწყდება უფლებამოსილება საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდგომ, საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნამდე, საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისი საქმის განხილვის სათანადო კვორუმის არსებობის შემთხვევაში, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას და საქმეთა განხილვა-გადაწყვეტას. იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი წევრის დანიშვნამდე კვორუმის არარსებობის გამო ფერხდება საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირება, როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უგრძელდება უფლებამოსილების ვადა მის ჩანაცვლებამდე. შესაბამისად, ასეთი მიზეზით საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის შეფერხება გამოირიცხა. ხოლო თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი შემადგენლობას დაემატა საქმის არსებითად გადაწყვეტამდე, იგი ამ ეტაპიდან ჩაებმება საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში.
ასეთ შემთხვევებში წამოიჭრება ახლადდანიშნული წევრის მიერ საქმის გაცნობისა და გადაწყვეტის საჭიროება. ამასთანავე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „თუ განმწესრიგებელი სხდომის ან/და საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას რომელიმე მოსამართლე სხვა მოსამართლით შეიცვალა, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში საქმის განხილვის იგივე ეტაპი თავიდან იწყება“. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისათვის უფლებამოსილების ვადის 10წლიანი ვადის ამოწურვისთანავე უფლებამოსილების შეწყვეტა, შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში ობიექტურად იწვევდეს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დაყოვნებას იმ ვადით, რა ვადითაც ეს აუცილებელი იქნება ახლად დანიშნული წევრის მიერ საქმის გაცნობისა და, საჭიროების შემთხვევაში, საქმის განხილვის თავიდან დაწყებისთვის.
როგორც აღინიშნა, კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით ექსპლიციტურად არის დადგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა. ამასთანავე, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის საკითხის შეფასებისას მნიშვნელოვანია კონსტიტუციის სხვა ნორმების, მათ შორის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის ექსპლიციტური მოთხოვნის მხედველობაში მიღება. ხოლო ეს მოთხოვნა ვერ გამორიცხავს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული უფლების ძალით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას იმ უკიდურეს შემთხვევაში, თუ ეს თავისთავად უფლების საწინააღმდეგოა და ილუზორულს ხდის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დაყოვნება საგამონაკლისო შემთხვევებში იმ გონივრული ვადით, რაც აუცილებელია ახლადდანიშნული მოსამართლისათვის საქმისათვის აუცილებელი გარემოებების დასადგენად, ვერ ჩაითვლება თავისთავად სამართლიანი სასამართლოს უფლების იდეის საწინააღმდეგოდ და საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ინსტიტუტის არსებობის გამომრიცხავად.
ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ასეთ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გაგრძელება იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის მიზნების საწინააღმდეგო.
საკონსტიტუციო სამართალწარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა და გადაწყვეტა ხშირად ობიექტურად ხანგრძლივ ვადებს მოითხოვს.
ასეთ პირობებში არსებობს შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი საქმის არსებითი განხილვის დასრულების ეტაპის შემდგომ, გადაწყვეტილების მიღებამდე სათათბირო ოთახში იმყოფებოდეს ხანგრძლივი ვადით. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადდანიშნული წევრის/წევრების საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გარანტიას, 10 წლის განმავლობაში შეუფერხებლად განახორციელონ უფლებამოსილება. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებულ, სრულუფლებიან წევრს ეზღუდება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა-გადაწყვეტაში, რომელშიც მონაწილეობს საკონსტიტუციო სასამართლოს ის წევრი, ვისაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა.
ამდენად, მსგავს საგამონაკლისო შემთხვევებში სადავო ნორმით გამოწვეული საქმის გადაწყვეტის დაყოვნება ვერ გადაწონის კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას და არ უნდა იქნეს განხილული სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვად.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

Back to Top

%d bloggers like this: