„საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით. მოცემული კონსტიტუციური დებულება განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმას და მიუთითებს, რომ ეს სამართალწარმოების წესით უნდა მოხდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელება არ არის შეუზღუდავი და ექვემდებარება შესაბამის საკანონმდებლო რეგლამენტაციას. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ წესი, რომელიც განსაზღვრავს საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელებას, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამგვარად, სამართალწარმოების წესი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის პირველ პუნქტს.“