„საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის, ფიზიკური პირის სარჩელის საფუძველზე განიხილავს ნორმატიული აქტის (ან მისი ცალკეული ნორმის) კონსტიტუციურობას, თუ ამ აქტით გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.“
საქართველოს მოქალაქე ირაკლი კორძახია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/28, 30 მაისი, 1997
„გამომდინარე საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლიდან და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან – კანონთა შორის კოლიზიის საკითხზე მსჯელობა არ შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, ანუ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს საკითხზე – შეესაბამება თუ არა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პროცედურული ხასიათის მოთხოვნებს რომელიმე სხვა კანონი, თუკი ასეთი მოთხოვნების შესახებ მსგავსი საკითხი კონსტიტუციაში არ ფიგურირებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში შედის მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხთა გადაწყვეტა.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/35, 29 დეკემბერი, 1997
„საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის ძალით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსჯადია სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის სავარაუდო დარღვევა ნორმატიული აქტით. …არანორმატიული აქტით სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის დარღვევის შეფასების საშუალებას საკონსტიტუციო სასამართლოს მხრივ არ იძლევა მოქმედი კანონმდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო გასცდება თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებს.“
“საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით და საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 39-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის საკითხებთან მიმართებით, ე.ი. ნაგულისხმევია მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტი ან მისი ცალკეული ნორმის ნაწილი;
საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს სადავო ნორმატიული აქტის სამართალგამოყენებითი პრაქტიკის კანონიერებაზე, რადგან საქართველოს კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი საკითხის გარკვევა არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში და იგი საერთო იურისდიქციის სასამართლოების გადასაწყვეტია.”
საქართველოს მოქალაქე ლუცეტა თაფლიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, №2/59-8, 22 მაისი, 1998
„ქონებრივი ხასიათის დავების განხილვა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.“
„საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი განხილვისა და მსჯელობის საგნად იქონიოს გაუქმებული ან ძალადაკარგული ნორმატიული აქტი და მაშასადამე, ამ აქტებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები.“
„საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს და არ შედის ამ აქტის კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებისას დაშვებული დარღვევების შეფასებაში.“
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სასამართლო განიხილავს მხოლოდ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და იგი ვერ იმსჯელებს იმ საკითხების გადაწყვეტაზე, რომელიც ხელისუფლების სხვა ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება. კერძოდ, სასამართლო კოლეგიას არა აქვს უფლება შესწორებები დ ცვლილებები შეიტანოს რომელიმე ნორმატიულ აქტში.“
საქართველოს მოქალაქე გივი იასეშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, №-2/104/1, 17 ივლისი, 2001