94 – ე მუხლის პირველი პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.“ ამრიგად, გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა სავალდებულოა და იგი უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

კონსტიტუციის ამ მოთხოვნის საფუძველზე, გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა რეგულირდება სათანადო საკანონმდებლო აქტებით, რომელთა შორის საბაზისოა კანონი „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ.“

სახელმწიფო, ერთი მხრივ, ადგენს სავალდებულო გადასახადებსა და მოსაკრებლებს და, მეორე მხრივ, მათი გადახდევინების მექანიზმს.“

საქართველოს მოქალაქეები ალექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/2-14/19, 30 დეკემბერი, 1996

 

„ადამიანის მოვალეობას იხადოს გადასახადები და მოსაკრებლები, თან ახლავს სახელმწიფო ვალდებულება, რომ ეს გადასახადები და მოსაკრებლები სათანადო წესით, განსახილველ საქმესთან მიმართებით – კანონით დაადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახადები ყოველთვის ხელყოფს საკუთრებას, მესაკუთრის იმ უფლებებს, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტითაა გარანტირებული.“

საქართველოს მოქალაქე ოთარ ზოიძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ,  №1/3-21, 20 თებერვალი, 1997

 

„ნოტარიუსისა და საერთოდ თავისუფალი პროფესიის პირთა შემოსავლების დაბეგვრის მექანიზმი ხელს უნდა უწყობდეს მათი პროფესიული საქმიანობის სტიმულირებას. სახელმწიფოსთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ასეთი საქმიანობის არაქონებრივი შედეგები, ვიდრე ქონებრივი. ნორმალური სანოტარო საქმიანობა სტაბილური და მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის სერიოზული გარანტიაა. ადვოკატის  მიერ ადამიანის უფლებათა დაცვა გაცილებით მეტი ფასეულობაა სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ვიდრე მისი საქმიანობით მიღებული შემოსავლების დაბეგვრის მატერიალური შედეგები. როგორი დიდიც არ უნდა იყოს ფინანსურ საშუალებებზე სახელმწიფოს მოთხოვნილება, გადასახადმა არ უნდა ჩაკლას გადამხდელთა დაინტერესება თავიანთი პროფესიული საქმიანობით.“

საქართველოს მოქალაქეები ლელა ინწკირველი და ეკატერინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/107, 25 იანვარი, 2000

 

„სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ განვითარებულ დებულებას – ნოტარიუსის საკუთრების უფლება ვრცელდება მხოლოდ იმ შემოსავალზე, რომელიც მას რჩება გადასახადების გადახდის შემდეგ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის საკუთრებას შეადგენს სანოტარო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით მიღებული ყველა შემოსავალი. ნოტარიუსი, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯებს, კანონით დადგენილ გადასახადებსა და სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა სავალდებულო გადასახადებს იხდის სწორედ იმ ქონებიდან, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების ობიექტი იქნება ქონება, რომელიც ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ნოტარიუსის საკუთრებას. ნოტარიუსის საკუთრებაა როგორც დასაბეგრი, ისე გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილი ქონება. გადასახადზე სახელმწიფოს საჯარო-სამართლებრივი უფლების ობიექტია გადამხდელის საკუთრებაში არსებული ქონება. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი სწორედ საკუთრების უფლების წარმოშობაა. გადასახადის გადახდით გადამხდელი თავის საჯარო-სამართლებრივ ვალდებულებას სწორედ, რომ თავის საკუთრებაში არსებული ქონებიდან ასრულებს. ამიტომაც, გადასახადის გადახდით საკუთრების ჩამორთმევა კი არ ხდება, რაც კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტითაა გათვალისწინებული, არამედ სრულდება ის საგადასახადო ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ გადამხდელს დააკისრა.“

საქართველოს მოქალაქეები ლელა ინწკირველი და ეკატერინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/107, 25 იანვარი, 2000

Back to Top

%d bloggers like this: