განსაზღვრულობის პრინციპი

„კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, წინასწარგანჭვრეტადი და ზუსტად განსაზღვრული , აგრეთვე უნდა შეიცავდეს სხვა გარანტიებს თვითნებობის რისკისგან დასაცავად. ნორმა, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა ემყარება, საკმარისად ზუსტი უნდა იყოს, რათა პირმა, თუნდაც სათანადო კონსულტაციით წინასწარ განჭვრიტოს იმ ხარისხით , რომელიც მოცემულ გარემოებებს შეესაბამება, თუ რა შედეგი მოჰყვება ამა თუ იმ ქმედებას.“

საქართველოს მოქალაქეები — ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/3/393,397, 16 დეკემბერი, 2006   

 

„იმისათვის, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება განჭვრეტადი იყოს, კანონმდებელს ეკისრება ვალდებულება, მაქსიმალურად გასაგებად დაადგინოს შესაბამისი განსაზღვრებები კანონში. საკანონმდებლო პროცესში გამოთქმული მოსაზრებები ან კრიმინალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ზოგადი მიზნები, რომელთაც ეფუძნება კანონპროექტები და რომელთა რეგლამენტაციაც კანონში არ მომხდარა, ვერ გამოდგება მოსამართლის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების გამართლებისთვის.

კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნა წარმოადგენს სამოქმედო ინსტრუქციას კანონმდებლისათვის, რომელიც სისხლისსამართლებრივ ნორმებს იღებს და ამავე დროს ის წარმოადგენს შემზღუდავ გარემოებას მოსამართლისათვის, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს. კანონმდებელი ვალდებულია, მოსამართლეს მაქსიმალურად ნათლად დაუდგინოს ფარგლები, რომელშიც მან უნდა იმოქმედოს.“

საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/384, 2 ივლისი, 2007

 

„სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ არ იყოს გათვალისწინებული კონსტიტუციის რომელიმე ნორმით, მაგრამ არანაკლები დატვირთვა მიენიჭოთ, რადგანაც მათ გარეშე შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის რეალიზება. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ამგვარ ელემენტს წარმოადგენს ე.წ. „განჭვრეტადობის პრინციპი“, თუმცა მის სრულყოფილად აღსანიშნავად უფრო ტერმინი „განსაზღვრულობის პრინციპია“ შესატყვისი.  „განჭვრეტადობა“ ნორმის სამართლებრივი  შედეგების პროგნოზირების შესაძლებლობაზე ორიენტირებული ტერმინია და სრულად ვერ ასახავს სამართლებრივი სახელმწიფოს ამ ელემენტის დატვირთვას.

აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით, რათა  ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევი შედეგები. განსაზღვრულობის მასშტაბი ზოგად დადგენას არ ექვემდებარება, არამედ დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის თავისებურებაზე. საკანონმდებლო რეგულირებისას, რა თქმა უნდა, იმთავითვე ვერ იქნება აცილებული ყველა გაურკვევლობა და ეჭვი, მაგრამ უცილებელია, რომ კანონმდებელმა, სულ ცოტა, ძირითადი იდეა, თავისი საკანონმდებლო ნება და მიზანი, სრულიად გარკვევით ჩამოაყალიბოს.“

საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/406,408, 30 ოქტომბერი, 2008

 

„თავის მხრივ, „განსაზღვრულობის  პრინციპი“ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან დაკავშირებული სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. განსაზღვრულობის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია მაშინ, „თუ კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შეუძლებელი იქნება ნორმის თვითნებური და ადამიანის უფლებებისათვის საზიანო გამოყენება“.

საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/406,408, 30 ოქტომბერი, 2008

 

„…განსაზღვრულობის მოთხოვნა განსაკუთრებით მკაცრია იმ საპოლიციო ფუნქციის (მოქმედების) დამდგენი ნორმების მიმართ, რომლებიც კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას იწვევს. კანონმდებლობის განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარეობს პოლიციელის უფლებამოსილებების მკაცრად და ცხადად რეგლამენტირების კონსტიტუციური ვალდებულება, აუცილებელია, რომ პოლიციის უფლებამოსილებები, მათი საფუძვლები და განხორციელების წინაპირობები მკაფიოდ იყოს გაწერილი… იმისთვის, რომ ნორმამ თანაზომიერების ტესტი დააკმაყოფილოს, ის უნდა იყოს განჭვრეტადი, უფლებაში ჩარევა უნდა ემყარებოდეს ობიექტურად იდენტიფიცირებად საფუძვლებს.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/503,513, 11 აპრილი, 2013

 

„ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებაში ჩარევის საფუძვლების საკანონმდებლო დონეზე დეტალიზების გარეშე, რეალურად, აზრს კარგავს მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები. ნათელი უნდა იყოს უფლების შეზღუდვის მიზნები, მისი საფუძვლები, ასევე განჭვრეტადი უნდა იყოს ის შედეგებიც, რომლებიც შესაძლებელია უფლებაში ჩარევას მოჰყვეს. უფლებაშემზღუდველი ნორმა საკმარისად ცხადი უნდა იყოს, რათა არ გამოიწვიოს უფლების იმაზე მეტად შეზღუდვა, ვიდრე ეს აბსოლუტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირად თავისუფლებაში ჩარევას უკავშირდება, მკაფიოდ ფორმულირებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, კონსტიტუციით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/503,513,  11 აპრილი, 2013

 

„პასუხისმგებლობის დაწესებისას კანონმდებელი შებოჭილია განსაზღვრულობის პრინციპით… ნორმის განსაზღვრულობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციაში მოცემული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, იგი კავშირშია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და წარმოადგენს ამ უფლებით დაცული სფეროს ნაწილს…

განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.“

საქართველოს მოქალაქეები ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/516,542, 14 მაისი, 2013

 

„დანაშაულის დამდგენი სისხლის სამართლის კანონის განჭვრეტადობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, შესაძლებელი იყოს მისი თითოეული ელემენტის ნამდვილი შინაარსისა და ფარგლების დადგენა, რათა ადრესატმა სწორად აღიქვას კანონი და მისი მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს თავისი ქცევა, ამასთან, დაცული იყოს სამართალშემფარდებლის თვითნებობისაგან.“

საქართველოს მოქალაქეები ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/516,542, 14 მაისი, 2013

 

„პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა შესაძლებელია იძლეოდეს სასამართლოს მიერ მისი განმარტების, ინტერპრეტაციის საშუალებას და კანონის მიერ გაკეთებული დათქმის კონკრეტულ სიტუაციასთან შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას. მართალია, შეუძლებელია, კანონმა გაითვალისწინოს ყველა იმ შემთხვევისა თუ სიტუაციის თითოეული ასპექტი, რომელიც მომავალში განვითარდება, მაგრამ კანონმდებელი სისხლის სამართლის კანონმდებლობის განსაზღვრისას ვალდებულია, მიიღოს ნორმა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს მისი ინტერპრეტაციის ფარგლებში სასამართლოს მიერ განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგენის შესაძლებლობას.“

საქართველოს მოქალაქეები ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/516,542, 14 მაისი, 2013

 

„სამართალშემოქმედი კონკრეტული საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისას ვალდებულია, ნათლად და გარკვევით ჩამოაყალიბოს ნორმის იურიდიული შინაარსი. ნორმის რაციონალური განმარტება უნდა გამორიცხავდეს მისი არაკონსტიტუციური შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობას. სამართალშემოქმედის მიზანი, მოახდინოს რაციონალური შეზღუდვის დაწესება, ადეკვატურად უნდა იქნეს ასახული. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება უფლების დარღვევის მაღალი საფრთხე, ხოლო სამართალშემფარდებლის მიერ თუნდაც სწორად ჩამოყალიბებული პრაქტიკა, ვერ იქნება საკმარისი აღნიშნული საფრთხის პრევენციისთვის.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისადა სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, №2/1/536, 4 თებერვალი, 2004

 

„ბუნებრივია, რომ საყოველთაო და პირდაპირი წესით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენების ინსტიტუციური მოწესრიგება მთლიანობაში უნდა იყოს მკაფიო, გასაგები და ეფუძნებოდეს მკაცრად და დეტალურად რეგლამენტირებულ პროცედურებს.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

 

„ზოგადად, კანონმდებელ სმოეთხოვება, რაც შეიძლება კონკრეტულად და ცხადად მოახდინოს ნებისმიერი უფლების შეზღუდვის რეგლამენტაცია, თუმც აეს, რათქმაუნდა, არ გამორიცხავს ზოგადი ნორმების არსებობის საჭიროებას. ადამიანთა ყოფა-ცხოვრების დინამიკურმა ხასიათმა შეიძლება განაპირობოს ახალი, წინასწარ განუჭვრეტადი საფრთხის წარმოშობა ან გააქროს გარკვეული რისკები, რომლებიც წარსულში არსებობდა.  უაღრესად ძნელი და, დიდი ალბათობით, შეუძლებელია იმ ნივთების ჩამონათვალის ამომწურავად განსაზღვრა, რომლებიც ადამიანთა დასაზიანებლად გამოიყენება დღეს ან შესაძლებელია ასეთი გამოყენება შეიძინოს მომავალში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონს, ხშირშ ემთხვევებში, მოეთხოვება, იყოს ზოგადი ხასიათის, თუმცა ამავე დროს იგი არ უნდა ტოვებდეს ადამიანის უფლებების დამრღვევი განმარტების შესაძლებლობას.“

პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/3/538, 24 ივნისი, 2014

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ნორმის სრულყოფილი განმარტებისათვის იგი უნდა განიმარტოს როგორც სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, ასევე სხვა ნორმებთან კონტექსტში, მისი მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით…

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თავად ისფაქტი, რომ სადავო ნორმის ყველაზე გონივრული განმარტება მის შინაარს სკონსტიტუციის შესაბამისად აქცევს, არარის ყოველთვის საკმარისი ნორმის კონსტიტუციურობის სამტკიცებლად. აუცილებელია, რომ კეთისლინდისიერი განმარტების პირობებში, ნორმა არ იძლეოდეს არაკონსტიტუციური გამოყენების შესაძლებლობას…

საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომიდან გამომდინარე, ნორმის გამოყენების არა კონსტიტუციური პრაქტიკის არსებობა ნორმის არაკონსტიტუციურობას არ განაპირობებს. ასევე არც არაკონსტიტუციური ნორმის პრაქტიკაში კონსტიტუციის შესაბამისად გამოყენების ფაქტები მიუთითებს აპრიორი ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე.“

პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/3/538, 24 ივნისი, 2014

 

„კანონი სდროში ასეთი წესით მოქმედების პრინციპის მთავარი მიზანი, დანიშნულება არის კანონის განსაზღვრულობის უზრუნველყოფა, რაც გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან და, საბოლოო ჯამში, არსებითად განაპირობებს მისსავე რეალიზაციას. პირს კონკრეტული ქმედების ჩადენისას კანონმდებლობა უნდა აძლევდეს საკმარისად ცხად და მკაფიო ინფორმაციას იმის თაობაზე, წარმოადგენს თუ არა ეს ქმედება სამართალდარღვევას და როგორი იქნება კონკრეტული ქმედების განხორციელების შედეგად კანონის მასზე გავრცელების სამართლებრივი შედეგები. მაშასადამე, პირს კანონის მიხედვით უნდა შეეძლოს იმის განჭვრეტა, არღვევს თუ არა ის კანონს, იმისათვის რომ შეძლოს, თავიდან აიცილოს კანონის დარღვევის ნეგატიური სამართლებრივი შედეგები. ამასთან, მეორე მხრივ, პირს უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა იმის თაობაზე, მის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში როგორი იქნება მოსალოდნელი პასუხისმგებლობის სიმძიმე, რა ტვირთს აკისრებს მას სახელმწიფო. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის სახელმწიფოსთან ურთიერთობის განჭვრეტისა და პროგნოზირებისათვის, ამასთან, სახელმწიფოს ნებისმიერი თვითნებობის თავიდან აცილებისთვის.“

საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576, 13 ნოემბერი, 2014

 

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ განსაზღვრავს სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების ცნებას, თუმცა აღნიშნული, თავისთავად, ნორმის ბუნდოვანების არგუმენტი ვერ იქნება, თუ კანონი, განმარტების სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებით იძლევა მისი შინაარსის განსაზღვრის შესაძლებლობას.“

საქართველოსმოქალაქეები  თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/631, 18 აპრილი, 2016

 

„კანონმდებელი ვალდებულია მოსამართლეს მაქსიმალურად ნათლად დაუდგინოს სამოქმედო ფარგლები, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას ყველა ტერმინის უპირობოდ ერთ აქტში განმარტებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაისვას ბლანკეტური დისპოზიის მქონე სამართლებრივი ნორმების აკრძალვის და მსგავსი შინაარსის სამართლებრივი ინსტიტუტების არაერთ სამართლებრივ აქტში დუბლირების საკითხი, რაც სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით გაუმართლებელია. ნორმა უნდა იძლეოდეს იმ ინსტიტუტების და ცნებების განმარტებას, რომლებიც ან შესაბამისი სამართლებრივი აქტისთვის არის მხოლოდ დამახასიათებელი ან რომლებსაც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიზნებისათვის სხვა ნორმატიულ აქტებში მოცემულისგან განსხვავებული მნიშვნელობა ენიჭება. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა სწორედ შესაბამისი აქტით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების გამოყენების წინაპირობების წესის და ფარგლების განჭვრეტადობის და სიცხადის საკითხზე, თუმცა არ და ვერ დაავალდებულებდა/ვერ განუსაზღვრავდა კანონმდებელს სამართლებრივი ტექნიკის რომელი მიდგომა გამოიყენოს ამა თუ იმ აქტის შემუშავებისას, თუ მასში მოცემული კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველი ინსტიტუტის გამოყენების წესი, წინაპირობა, საფუძველი და პროცედურა მკაფიოდ არის გაწერილი. სხვაგვარი მიდგომა გამოიწვევდა სასამართლოს მხრიდან პოზიტიური კანონმდებლის ფუნქციებში შეჭრას.“

საქართველოს მოქალაქეები თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/631, 18 აპრილი, 2016

 

„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური პრინციპები ადგენენ კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს. აღნიშნული პრინციპების რეალური დაცვისთვის პრაქტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის განჭვრეტადობას.“

გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ.  №1/4/614,616, 30 სექტემბერი, 2016

 

„კანონმდებელი ვალდებულია, საჯარო ხელისუფლებას მაქსიმალურად ნათელი, მკაფიო სამოქმედო ფარგლები დაუდგინოს. აღნიშნული ვალდებულება, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ თავად კანონი დეტალურად, სიცხადის საკმარისი ხარისხით განსაზღვრავდეს კონკრეტულ სფეროში საჯარო ხელისუფლების უფლებამოსილებას. შესაბამისად, კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი. თუ უფლებაში ჩარევაზე უფლებამოსილ პირს ზუსტად და კონკრეტულად არ ეცოდინება თავისი შესაძლო მოქმედების ფარგლები, ერთი მხრივ, უნებლიედ გაიზრდება რისკი უფლებაში არასწორი, გადამეტებული ჩარევისა, ხოლო, მეორე მხრივ, ცდუნებაც უფლების შეგნებულად ბოროტად გამოყენებისა, რისი კანონზომიერი შედეგიც არის უფლების დარღვევა.“

გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ.  №1/4/614,616, 30 სექტემბერი, 2016

 

„სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპი შემდეგ ძირეულ, მატერიალური ხასიათის მოთხოვნებს უყენებს უფლების შემზღუდველ ნორმას. კერძოდ, იგი საკმარისად ცხადი უნდა იყოს იმ თვალსაზრისით, რომ, ერთი მხრივ, ადამიანებმა მათ უფლებაში ჩარევისას ზუსტად იცოდნენ, რა მიზნის მისაღწევად, რა წესით და ვის მიერ შეიძლება მოხდეს მათი უფლების შეზღუდვა, ან უკანონო პირებს უნდა უქმნიდეს ცხად წარმოდგენას, როდის და როგორ შეიძლება დაექვემდებაროს მათი უფლება შეზღუდვას. ამასთანავე, მეორე მხრივ, სამართალ შემფარდებელს, კანონის მეშვეობით, უნდა ჰქონდეს მკაფიო ინსტრუქციები, რა საფუძვლების არსებობისას, რომელი მიზნების მისაღწევად, რა გზით, წესით და ინტენსივობით შეუძლია ჩაერიოს ადამიანის კონკრეტულ უფლებაში, რათა გამოირიცხოს პირთა უფლებების თვითნებური შეზღუდვის საფრთხე.“ შესაბამისად, სამსახურებრივი გადაადგილებისას კადრების განყოფილებაში გადაყვანის რეგულაცია უნდა შემოწმდეს განჭვრეტადობის კონსტიტუციური სტანდარტის საფუძველზე და დადგინდეს, რამდენად მკაფიოა სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა. სადავო რეგულაციის არაგანჭვრეტადობა ლოგიკურად გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევას, სახელმწიფომო სამსახურე დაუსაბუთებლად არ გათავისუფლდეს.“

გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ.  №1/4/614,616, 30 სექტემბერი, 2016

 

„საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის განჭვრეტადობაზე მსჯელობისას აფასებს, რამდენად აკმაყოფილებს ნორმის განსაზღვრულობის ხარისხი იმ დონეს, რომ მისი გამოყენების საფუძველზე, ცალსახად გამოირიცხოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის შემთხვევა.“

გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ.  №1/4/614,616, 30 სექტემბერი, 2016

 

„განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს იმგვარი საკანონმდებლო სისტემის შექმნას, რომელიც პირს იცავს სამართალშემფარდებლის თვითნებობისაგან. ბუნდოვანი და გაუგებარი კანონმდებლობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს თვითნებობისათვის, შესაბამისად, კანონმდებელმა მაქსიმალურად მკაფიო, განსაზღვრული ნორმატიული რეგულირებით უნდა შეამციროს თვითნებობის რისკები სამართალშეფარდების პროცესში.

 

აშკარაა, რომ განსაზღვრულობის მოთხოვნები ყველა სადავო ნორმასთან მიმართებით ერთნაირი ვერ იქნება. სასამართლო პრაქტიკაში, საჯარო სამართლებრივ რეგულირებებთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მათი რომელიმე ინტერპრეტაცია, რომელიმე ნორმატიული შინაარსი არ უნდა იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო. განსაზღვრულობის მოთხოვნები კიდევ უფრო მკაცრია პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან მიმართებით. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით არ არის დადგენილი ნორმის ბუნდოვანების გამო არაკონსტიტუციურად ცნობის სხვა საფუძველი.

განსაზღვრულობის პრინციპი, ერთი მხრივ, იცავს პირს ბუნდოვანი კანონმდებლობისაგან, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს, წინასწარ განჭვრიტოს საკუთარი ქმედებების სამართლებრივი შედეგები. მეორე მხრივ, განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნა უკავშირდება პირის უფლებას, რომ დაცული იყოს ბუნდოვანი კანონმდებლობის თვითნებური გამოყენება.

წინასწარ განჭვრეტის მოთხოვნა განსაკუთრებით აქტუალურია პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან მიმართებით. განსახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რამდენად მკაცრია აღნიშნული მოთხოვნა სახელშეკრულებო სამართლის ნორმებთან მიმართებით და გამორიცხავს თუ არა იგი კანონმდებლობის უფლებამოსილებას, რომ ზოგადი ნორმებით მოაწესრიგოს გარკვეული საკითხები.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 3/7/679, 29 დეკემბერი, 2017

 

Back to Top

%d bloggers like this: