კონსტიტუციური პრინციპი

„საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არანაირად არ შეიძლება კონსტიტუციის პრინციპებისა და ნორმების, კონსტიტუციურ დებულებათა დარღვევის გამართლება მიმდინარე კანონმდებლობის ხარვეზიანობის საფუძველზე.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ორი ჯგუფი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, №3/122,128, 13 ივნისი, 2000

 

„სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგება არ უნდა მოასწავებდეს სამართლის შესაბამისი დარგის სფეროდან გასვლას და ძირითადი პრინციპების იგნორირებას.“

ვალიდა დარბაიძე, ნათელა ციმაკურიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,№1/1/103,117,137,147-48,152-53, 7 ივნისი, 2001

 

„სასამართლო კოლეგიის აზრით, სახელმწიფო ვალდებულია წესრიგი შეიტანოს წარსულიდან ახალ სინამდვილეში მემკვიდრეობით გადმოსულ მოუწესრიგებელ ანდა ნაწილობრივ მოწესრიგებულ ფაქტობრივ ქონებრივ ურთიერთობებში იმგვარად, რომ მხედველობაში იქნეს მიღებული როგორც მისი თავისებურებანი და ამ ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესები, ისე მოქმედი სამართლის ფუნდამენტური პრინციპები.“

ვალიდა დარბაიძე, ნათელა ციმაკურიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,№1/1/103,117,137,147-48,152-53, 7 ივნისი, 2001

 

„კონსტიტუციური დებულებებისა და კონსტიტუციაში არსებული ტერმინების შინაარსი თვითმყოფადია და არ არის დამოკიდებული კანონმდებლობაში არსებულ დეფინიციებზე.“

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე. N3/4/641, 29 სექტემბერი, 2016

 

„სამართალშემფარდებლის კონსტიტუციური ვალდებულებაა, იხელმძღვანელოს კონსტიტუციური ნორმებით, როდესაც კანონი არ იძლევა მკაფიო მითითებას მის წინაშე მდგომი საკითხის გადასაწყვეტად და მაშინაც, როდესაც საკანონმდებლო ნორმა კონსტიტუციის საწინააღმდეგო წესს ადგენს. კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ ან მათი იგნორირებით მიღებული განმარტება, კანონის არასწორი, ანუ კონსტიტუციით დაცული სამართლებრივი წესრიგის საწინააღმდეგო განმარტებას გულისხმობს. თუ არაკონსტიტუციური ნორმა ან კონსტიტუციასთან შეუსაბამო განმარტება სადავო საკითხის მოწესრიგების, მისი სამართლებრივი გადაწყვეტის საფუძველს ქმნის, თავად ასეთი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

მართლმსაჯულების განხორციელებისას საერთო სასამართლოები სარგებლობენ კანონის განმარტების უფლებამოსილებით. ზოგადი საკანონმდებლო ნორმების შინაარსი სწორედ მათი კონკრეტული საქმეების გადაწყვეტისას განმარტებით ზუსტდება და ვითარდება. ამავე დროს, საერთო სასამართლოები შეზღუდულნი არიან როგორც კონსტიტუციური ფარგლებით, ისე საკანონმდებლო ორგანოს მიერ კანონით დადგენილი ფარგლებით. კონსტიტუცია ავალდებულებს სამართალშემფარდებელს, საკანონმდებლო ნორმების გამოყენებისას,  კეძოსამართლებრივი დავების გადაწყვეტისას იხელმძღვანელოს კონსტიტუციური პრინციპებით, არ დაუშვას საკუთრების კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, მხედველობაში მიიღოს სამართლებრივი შედეგი, რომელიც საკანონმდებლო ნორმების გამოყენებამ, ინტერპრეტირებამ შეიძლება მოახდინოს კონსტიტუციურ უფლებაზე.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.№1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

Back to Top

%d bloggers like this: