მე – 17 მუხლის მე – 2 პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ყოველ ადამიანს იცავს ფიზიკურ და ფსიქიკურ ხელშეუხებლობაში ჩარევის ისეთი მძიმე ფორმებისაგან როგორებიცაა: წამება, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების  შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუცია ეხმიანება საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და უნივერსალურ გადაწყვეტილებას წამების აკრძალვის შესახებ.

კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების უნივერსალურობიდან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ  კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული მოპყრობის ცალკეული ფორმები აკრძალულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მუხლი 5); სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (მუხლი 7); წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენცია; ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ (მუხლი 3) და სხვა.

მოპყრობამ განსაზღვრულ სიმძიმეს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ იგი შეფასდეს როგორც არაჰუმანური  მოპყრობა. მოპყრობის სიმძიმე უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე. ზოგიერთ შემთხვევაში ასევე ყურადსაღებია პირის სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ზოგადი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა.

პატივისა და ღირსების შემლახავია მოპყრობა, რომელიც მსხვერპლს აღუძრავს შიშს, ძლიერ ტკივილს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას ან ისეთი ქმედება, რომელიც ახდენს პირის ფიზიკურ ან მორალურ გატეხვას და აიძულებს მას, რომ მოიქცეს საკუთარი შეგნების საწინააღმდეგოდ.

სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ თავი შეიკავოს პირის მიმართ არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამოყენებისაგან, არამედ უზრუნველყოს ამ  უფლების დაცვა მესამე პირთა ჩარევისაგან.

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ზღვარს რომ მიაღწიოს, ქმედება უნდა სცილდებოდეს იმ ტკივილის, დისკომფორტის, სულიერი ტანჯვისა და სირცხვილის შეგრძნებას, რომელსაც ადამიანი გარდაუვლად განიცდის სასჯელისა და სხვა თავისუფლებაშემზღუდველი ლეგიტიმური მოპყრობის დროს, მათ შორის, ფსიქიატრიულ სტაციონარში იძულებითი მოთავსებისას. ამავდროულად, თავისუფლების შეზღუდვის თანმდევი დამცირება და უხერხულობა არ უნდა სცილდებოდეს აუცილებელ მინიმალურ ფარგლებს.

კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან დაცვის უფლება თავისი შინაარსით აბსოლუტური უფლებაა და მასში ჩარევა, იმის მიუხედავად, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ხორციელდება იგი, დაუშვებელია ნებისმიერ დროსა და ვითარებაში.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

 

„კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს.

როგორც არაჰუმანური, სასტიკი, ისე პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელი არის ადამიანზე განზრახ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მორალური ზემოქმედება, იძულება, რაც, შედეგად, ადამიანს აყენებს განსაცდელს, სტრესს, სატანჯველს. ამასთან, ადამიანზე ასეთი წნეხი, იძულება, ზემოქმედება როგორც თვისობრივად, ისე ხანგრძლივობით ინტენსივობის გარკვეულ ხარისხს, მაღალ დონეს უნდა აღწევდეს. რთულია და ყოველთვის არ არის შესაძლებელი ერთმანეთისგან გაიმიჯნოს არაადამიანური, სასტიკი მოპყრობა და სასჯელი ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი, დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელისგან, რადგან უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელია ადამიანის მიმართ სასტიკმა და არაადამიანურმა მოპყრობამ არ გამოიწვიოს მისი დამცირება.  იმავდროულად,  მოპყრობა ან სასჯელი ჩაითვლება დამამცირებლად, თუ ის გამოიხატება ადამიანის ნების და სინდისის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის იძულებაში. ამასთან, სასჯელის დამამცირებლად მიჩნევისთვის, ადამიანზე ზემოქმედების (ფსიქოლოგიური, მორალური), მისი შეზღუდვის და იძულების ფარგლები უნდა სცდებოდეს იმ ბუნებრივ ზღვარს, რომელიც თავისთავად თანმდევი და თანაარსია კონკრეტული სასჯელისა (რომელიც პირს შეფარდებული აქვს). დამამცირებელია მოპყრობა, რომელიც მსხვერპლში აღძრავს შიშს, ძლიერ ტანჯვას და დამცირებას, რომელიც შეურაცხყოფს მსხვერპლს. ამ დროს მხედველობაშია მისაღები, რამდენად არის ქმედების მიზანი პირის დამცირება და შეურაცხყოფა, ამასთან, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რამდენად სერიოზულ გავლენას ახდენს აღნიშნული ქმედება მსხვერპლის პიროვნებაზე.“

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

„თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა, რიგ შემთხვევებში, ითვლება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად – მაგალითად, წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივი ვადა, ასევე დანაშაულებრივი ქმედებისთვის დაკისრებული აშკარად არაპროპორციული საპატიმრო სასჯელი. იმავდროულად, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივი ვადა, უვადო პატიმრობაც კი, თავისთავად არ გულისხმობს არაადამიანურ, სასტიკ მოპყრობას და სასჯელს. შესაძლოა, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთა (15, 20 წელი), ისევე როგორც უვადო პატიმრობა, არა მხოლოდ არ არღვევდეს, არამედ შემხებლობაშიც კი არ იყოს აღნიშნულ უფლებასთან, მაშინ როდესაც გაცილებით უფრო ხანმოკლე თავისუფლების აღკვეთა მიჩნეულ იქნეს ადამიანისადმი არაჰუმანურ მოპყრობად და სასტიკ სასჯელად.  მაშასადამე, თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობის, როგორც კრიტერიუმის სრულად უგულებელყოფა, ამ დროს არ შეიძლება, თუმცა თავისთავად ხანგრძლივობა ყოველთვის და ავტომატურად ამ უფლების დარღვევას არ იწვევს.  ხანგრძლივი და უვადო თავისუფლების აღკვეთა გათავისუფლების შანსის (შესაძლებლობის) გარეშე განიხილება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად. იმავდროულად, გათავისუფლების შესაძლებლობის არსებობა ვერ გამოდგება სასჯელის არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელად მიჩნევის გამორიცხვისთვის, თუ სასჯელი მკვეთრად არაპროპორციულია ჩადენილი ქმედებისა.

აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს.

თუ სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის განმსაზღვრელი, ამოსავალი არის ის განსაცდელი, ტკივილი, სტრესი, რასაც განიცდის ადამიანი, ამასთან, როდესაც სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება იწვევს ადამიანის ამა თუ იმ უფლებაში/უფლებებში (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, თანასწორობის და სხვა) ჩარევის ისეთ ინტენსივობას, რომელიც აშკარად სცდება კონსტიტუციით უფლებაში ჩარევისთვის მკაცრად დასაშვებ ფარგლებს, მაშინ შეუძლებელია, რომ არაადამიანურ მოპყრობად და სასჯელად არ იქნეს მიჩნეული ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა მაშინ, როდესაც ამისთვის საფუძველი და, შესაბამისად, საჭიროება არ არსებობს საერთოდ, ან, როდესაც თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ვადა აშკარად არაპროპორციულია ჩადენილი ქმედებისთვის საკმარისი პასუხისმგებლობის მიზნების მისაღწევად. ასეთი მიდგომის მტკიცება მით უფრო ადვილია ადამიანის თავისუფლების (ხელშეუხებლობის უფლების) მნიშვნელობის გააზრების კვალდაკვალ.“

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

“პირადი ხელშეუხებლობის უფლება უმნიშვნელოვანესია ზოგადად ადამიანის თავისუფლებისთვის ფართო გაგებით – ადამიანის თავისუფალი განვითარებისთვის, უფლებებით ეფექტურად და სრულყოფილად სარგებლობისთვის. პირადი ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა კანონზომიერად, თავისთავად, ჯაჭვურად იწვევს ფუნდამენტური უფლებების უმრავლესობით შეზღუდულ სარგებლობას ან/და ზოგიერთი მათგანით სარგებლობის შეუძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია ამ უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. სწორედ ამიტომ, თავისუფლებას არ აქვს თანაბარი ეკვივალენტი, არ არსებობს ფასი, რომელიც აწონის ან სრულად ჩაანაცვლებს თავისუფლებას.

ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების მიმართ არის მთავარი მოთხოვნა: შედგეს ობიექტური მართლმსაჯულება. თუმცა ამისთვის, პირველ რიგში, კანონმდებელმა უნდა უზრუნველყოს სასამართლო საკმარისი ბერკეტებით, რათა მან შეძლოს, აწიოს სამართლიანი მართლმსაჯულების ტვირთი. კანონმა უნდა აღჭურვოს სასამართლო როგორც საკმარისი, ეფექტური პროცესუალური გარანტიებით, ისე – მატერიალური ნორმებით, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას შესაძლებელს გახდის მხოლოდ მაშინ და იმ დროით, როდესაც და რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია.”

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

“სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულების ზღვარი  სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის დროს. სამართლებრივი სახელმწიფო ემსახურება რა თავისუფალი და დაცული ადამიანის უზრუნველყოფას, ამ მიზნის მისაღწევად ის აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი და საკმარისი, ეფექტური ბერკეტებით. ამ თვალსაზრისით, მძლავრ და მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სახელმწიფოს ხელში წარმოადგენს დანაშაულთან ბრძოლა და ამ გზით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სხვა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნების დაცვა და, შედეგად, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის თავიდან აცილება, პრევენცია. თუმცა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ამ ინსტრუმენტის მიზნობრივად გამოყენებისთვის, რადგან ის (ინსტრუმენტი) თავად არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ხელთ იმ სიკეთეების დარღვევის წყაროდ, რომელთა დასაცავადაც მისი გამოყენების კონსტიტუციური ვალდებულება აქვს ხელისუფლებას. ამ პროცესში სახელმწიფოს ევალება ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების სწორად შეფასება, პროგნოზირება, რეალური საფრთხეების ობიექტურად აწონვა და მათ ასაცილებლად ან გასანეიტრალებლად გონივრული, უკიდურესად აუცილებელი, ამასთან, საკმარისი ღონისძიებების გამოყენება. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება კანონით კონკრეტული ქმედებების რეგულირება, აკრძალვა და ასეთი საყოველთაო წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენება. ცხადია, ამ პროცესში სახელმწიფოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ არ შეზღუდოს ადამიანების თავისუფლება ამა თუ იმ ქმედების აკრძალვის გზით, ხოლო, მეორე მხრივ, აკრძალული ქმედების ჩადენისთვის სახელმწიფოს პასუხი არ იყოს გადამეტებული, არაპროპორციული, რადგან ასეთი პასუხიც ადამიანის თავისუფლების სფეროს, სახელმწიფოს მხრიდან, შევიწროებას თავისთავად გულისხმობს. სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში (მის უფლებებში) ჩაერიოს ობიექტურად საჭიროზე მეტი დოზით, რადგან შედეგად მიზნად გადაიქცევა ადამიანის შეზღუდვა და არა მისი დაცვა.

სახელმწიფოს პოლიტიკის სფეროა, რომელი ქმედების კრიმინალიზაციას მოახდენს და როგორ სასჯელს დააწესებს კონკრეტული ქმედების ჩადენისთვის, რადგან სწორედ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ეფექტური შესაძლებლობა, ებრძოლოს კონკრეტული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებს და მათი სიმძიმის, სერიოზულობის გათვალისწინებით მოახდინოს მათი კრიმინალიზება, ამასთან, შეარჩიოს პასუხისმგებლობის ის ზომა, რომელიც საკმარისი და ეფექტური იქნება  ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად. ამ დროს, პირველ რიგში, მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ბუნება და სამართლებრივი ინტერესი, რომელსაც ზიანს აყენებს კონკრეტული ქმედება. ამასთან, აღნიშნული საკითხები უნდა განისაზღვროს ქვეყნის ისტორიული გამოცდილების, კულტურის, ღირებულებების და ზოგადად საზოგადოების სამართლებრივი სენტიმენტების გათვალისწინებით. თუმცა, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ვერ იქნება უსაზღვრო. როგორი სერიოზულიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მოტივაცია და რაოდენ მნიშვნელოვანი სიკეთეების დასაცავად არ უნდა იღებდეს კონკრეტულ რეგულაციას, ის არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, იმოქმედოს მკაცრად კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში და უპირობოდ შეიბოჭოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში არ არსებობს მიზანი, ინტერესი, ადამიანის უფლებების დაცვის უმთავრესი მიზნის ჩათვლით, რომლის საპირწონედ სახელმწიფო აღიჭურვება ლეგიტიმური უფლებით, დაარღვიოს თუნდაც ერთეული პირების თავისუფლების უფლება (ესა თუ ის უფლება).  ამიტომ, სწორედ აქ გადის ზღვარი, რომლის გადაბიჯების უფლება სახელმწიფოს არ აქვს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს სასჯელთა პოლიტიკა იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მისი შედეგი ადამიანის ამა თუ იმ უფლების დარღვევაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სასჯელის ყველა ზომის კონსტიტუციურობაზე პოტენციურად მსჯელობაუნარიანია. ასეთი მიდგომა დაარღვევდა ბალანსს სასამართლოს და კანონმდებლის კომპეტენციებს შორის, შექმნიდა ცდუნებას, მართლმსაჯულებამ ჩაანაცვლოს კანონმდებელი. თუმცა ამ სფეროში შესვლისას სასამართლოს სიფრთხილე უსაფუძვლო და უადგილო გახდება, როდესაც სასჯელის ზომა აშკარად არაგონივრული და არაპროპორციულია. სასამართლო უფლებამოსილია და ვალდებულიც, შეაფასოს იმ სასჯელთა კონსტიტუციურობა, რომელთა არაადეკვატურობის, არაპროპორციულობის დონე მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს, დისბალანსი მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია. რადგან ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება თავის მიზნებს და გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.

ხელისუფლების დანაწილების პრინციპს საფრთხე შეექმნება არა მხოლოდ მაშინ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ყველა სანქციის სამართალდარღვევასთან შესაბამისობის შეფასებას დაიწყებს, არამედ მაშინაც, თუ სასჯელის სიმძიმის განსაზღვრა სრულად და უკონტროლოდ კანონმდებლის დისკრეციის იმედად დარჩება, რადგან დემოკრატიის გადარჩენას და შენარჩუნებას ხელს უწყობენ სწორედ კონსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც აბალანსებენ პოლიტიკურ ხელისუფლებას, ზღვარს უდებენ მის ძალაუფლებას, ხელს უშლიან მის თვითნებობას, ანეიტრალებენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს.

სამართლებრივ სახელმწიფოში სისხლის სამართლის – ქმედების კრიმინალიზაციისა და მისი დასჯადობის ფუნქცია მხოლოდ მაშინაა წარმატებული, როდესაც ის გამოიყენება როგორც ultima ratio. საზოგადოების და ადამიანის ინტერესების დასაცავად სისხლისსამართლებრივი ნორმები უნდა გამოიყენებოდეს როგორც უკიდურესი საშუალება, როდესაც ამოწურულია სამართლებრივ სიკეთეთა დაცვის არასისხლისსამართლებრივი საშუალებები. ამ პროცესის წარმატებულობას უზრუნველყოფს ხელისუფლების მხრიდან შემდეგი პირობების კუმულაციურად დაკმაყოფილება: ა)კანონით დანაშაულად მხოლოდ ისეთი ქმედების მიჩნევა, რომელიც უმართლობის ხარისხის იმ მომეტებული რისკების მატარებელია, რომელთა განეიტრალება და ამ გზით საზოგადოების და ადამიანების დაცვა ობიექტურად სისხლის სამართლის სფეროს განეკუთვნება; ბ) კანონითვე კრიმინალიზებული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის პროპორციული ზომის გათვალისწინება. სასჯელი, როგორც ერთგვარად სოციალური კონტროლის მექანიზმი, სახელმწიფო იძულების ყველაზე მკაცრი ღონისძიებაა, ამიტომ კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაწესებისას კანონმდებელი შეზღუდულია იმის დემონსტრირების ვალდებულებით, რომ სასჯელის მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის ეფექტური და პროპორციული; გ) კანონმდებლის მიერ სასამართლოს აღჭურვა შესაძლებლობით, გადაწყვეტილება მიიღოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ქმედების სიმძიმის, დამნაშავის პიროვნების, ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით; დ)სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ინსტრუმენტების სწორად და სამართლიანად გამოყენება.“

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

“იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 1) მოწმდება აშკარა არაპროპორციულობა დანაშაულის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს შორის – კანონმდებლობით ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად და არაადამიანურ, სასტიკ სასჯელად, თუ მისი ხანგრძლივობა მკვეთრად, უხეშად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, გამოწვევად საფრთხეებთან. 2) კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. მაშასადამე, ერთი მხრივ, ზოგადად, ამა თუ იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, მოსამართლის დისკრეციის ფარგლები ასევე განჭვრეტადი უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს როგორც ერთგვაროვანი ურთიერთობების მიმართ ერთნაირი მიდგომა, ისე მოსამართლის დისკრეციის მიზნობრივი გამოყენება – გამოირიცხოს დისკრეციაზე დაყრდნობით მხოლოდ სუბიექტური შეხედულებებით გადაწყვეტილების მიღების რისკები.

სასჯელის მიზნებიც ქმედების კრიმინალიზების მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასჯელი თავად გახდება მიზანი, მაშინ როდესაც სასჯელი არის კონკრეტული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ყველაზე უკიდურესი საშუალება. შედეგად, ნებისმიერი უსაფუძვლო, მიზანზე არაორიენტირებული ან არაპროპორციული სასჯელი თავად გადაიქცევა მიზნად, რაც დაუშვებელია და გაუმართლებელი დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში.

იმისათვის, რომ კონკრეტული სასჯელის არსებობა გამართლებული იყოს სამართლებრივ სახელმწიფოში, ის, თავად სასჯელის მიზნების მიღწევის ადეკვატური საშუალება უნდა იყოს. სახელმწიფოს მიერ ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებული ნებისმიერი სასჯელი, თუ ის აცდენილი იქნება  სასჯელის მიზნებს, თავად გახდება მიზანი. ადამიანის დასჯა სასჯელის მიზნების მიღმა, ამ მიზნების მიღწევის აუცილებლობის გარეშე ან მათ არაადეკვატურად, თავად დასჯას აქცევს სახელმწიფოს მიზნად და მთავარ ფუნქციად, შედეგად არარად აქცევს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, ერთი მხრივ, არ უგულებელყოს სასჯელის დანიშნულება, მნიშვნელობა, როლი, შედეგად მისაღწევი მიზნები (ანუ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი იძულებითი ღონისძიებების გამოყენება ობიექტურად აუცილებელია, ვინაიდან არ არსებობს სხვა გზა კონკრეტული სიკეთეების დასაცავად, უარი არ თქვას მის დაწესებაზე/გამოყენებაზე), ხოლო, მეორე მხრივ, არ გადაამეტოს, ხელოვნურად არ გაზარდოს სასჯელის გამოყენების მოლოდინი და მნიშვნელობა, შედეგად, სახელმწიფო იძულების ყველაზე მკაცრი ზომები არ დაადგინოს/გამოიყენოს მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს ან/და როდესაც მათ ობიექტურად არ შეუძლიათ იმ შედეგების გამოწვევა, რომლებზე ორიენტირებითაც ეს ღონისძიებები იქნა შერჩეული, როგორც ეფექტური და საუკეთესო.”

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

„იმავდროულად, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისობრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.

არ არსებობს სამართლიანობის დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.“

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

“კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაკისრების გზით სამართლიანობის აღდგენის პრაქტიკული შინაარსი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების დაკმაყოფილების აუცილებლობასთან, კერძოდ: ა) მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.

ბ) სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდი, ჰარმონიული თანაცხოვრების სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებასა და დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. წესრიგი, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური მოთხოვნილებაა, რომლის ფარგლებშიც ადამიანები პრეტენზიულები ვართ ერთმანეთის, მთლიანად საზოგადოების და, ცხადია, ხელისუფლების მიმართ. ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს, შეთანხმებულს საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან აცილებული და რეაგირებული იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ დაცულობას.

გ) იმავდროულად, სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა  გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს კონკრეტული პირისგან (მისი ქმედებიდან) მომდინარე პოტენციური საფრთხეების განეიტრალება. სასჯელი უნდა იყოს საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა იმავდროულად, უკიდურესად აუცილებელი, რათა ობიექტურ პირს შეექმნას წარმოდგენა, რომ, თუ არა სწორედ ასეთი სასჯელი, საფრთხეების სხვაგვარად განეიტრალება შეუძლებელი იქნებოდა. სამართლიანი სასჯელი გულისხმობს სახელმწიფოს რაციონალურ და მიზანშეწონილ, თანაზომიერ პასუხს სახელმწიფოს და, მაშასადამე, საზოგადოების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ აღიარებულ ქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის ფუნქციის წარმატებით შესრულებას, საზოგადოების ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის საზოგადოების მიერვე ნაკარნახებ და ხელისუფლების მიერ მიღებული სათანადო წესების დაცვას.

დ) სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს, მოტივებს,  შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელევანტური საფუძვლისა და წინა პირობის სკრუპულოზური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას.

სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას. მაგალითად, არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი ხელს უშლის, ზოგჯერ კი სრულად გამორიცხავს რესოციალიზაციას, შედეგად, ეწინააღმდეგება სასჯელით მისივე მიზნების, ფუნქციების განხორციელების, მიღწევის შესაძლებლობას.

რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. თუმცა სასჯელის მეშვეობით ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობა  საეჭვო იქნება საამისოდ შესაბამისი პირობების გარანტირების გარეშე. შესაძლოა, სწორედაც რომ საწინააღმდეგო შედეგი დადგეს: პატიმრობის შედეგად პირის საზოგადოებაში ნორმალური ცხოვრების წესისა და უნარისგან კიდევ უფრო მეტი დისტანცირება მოხდეს. სწორედ ამიტომ ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ყოველ ჯერზე, როგორც სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნის უზრუნველყოფა.“

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

“სპეციალური პრევენცია რეციდივის წინააღმდეგ არის მიმართული, გულისხმობს დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას. ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა)როდესაც დამნაშავე ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს (თუმცა პირმა საპატიმროშიც შეიძლება ჩაიდინოს დანაშული); ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს, სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა, ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშულის ჩადენის გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია. ვერ ვიტყვით სრული დარწმუნებით, რომ დამნაშავეს სასჯელის შიში გაუძლიერდება, თუ ის უკვე დასჯილია. შეიძლება პირიქითაც მოხდეს. დამნაშავე ჩაიდენს თუ არა მომავალში დანაშაულს, მრავალ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. სასჯელს მხოლოდ ასეთი რისკების მინიმალიზების ზოგადი პოტენციალი აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე მიიღწევა ან არა.

სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი, შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმდებისთვის დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი, შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშულის ჩადენა. სასჯელმა უნდა უზრუნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა აგრესიისგან.

ზოგადად, სასჯელის მიზნები კუმულაციაში შეიძლება/უნდა იქნეს მიღწეული. თუმცა დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი, პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით. ბუნებრივია, რომ ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი  კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იგივე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. ანუ მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში.  თუკი სასჯელი გამოყენებული იქნება მხოლოდ სხვათა შეკავების მიზნით, ის, ცხადია, უსამართლო იქნება, რადგან დაუშვებელია ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის უკიდურესი ინსტრუმენტების (სასჯელის) გამოყენება მხოლოდ ან უპირატესად იმის გამო, რომ სხვები მიდრეკილნი არიან ასოციალური ქცევისკენ. ერთი მხრივ, დაუშვებელია და მეორე მხრივ, შეუძლებელიც დანაშაულებრივი ქმედების შეკავება ნებისმიერ ფასად. ამიტომ სასჯელის ზოგადი ნეგატიური პრევენციის ფუნქცია, ცხადია, მნიშვნელოვანია და ის მუშაობს, მაგრამ მისი მიზნობრივი ქმედითობა მიღწევადია მხოლოდ მაშინ, თუ კონკრეტული ქმედებისთვის დაკისრებულ სასჯელს აქვს ობიექტური საფუძველი და უნარი, უზრუნველყოს სამართლიანობის აღდგენის, რესოციალიზაციის და სპეციალური პრევენციის ფუნქცია. ამ ფუნქციებთან ბუნებრივი თავსებადობის გარეშე, მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანზე ორიენტირებით სასჯელის დაწესება ან გამოყენება არღვევს ბალანსს, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს და ემსახურებოდეს სასჯელის დანიშვნა ზოგადად. გაუმართლებელია პირისთვის  სასჯელის შეფარდება მხოლოდ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ზემოქმედებისთვის, ვინაიდან თავისთავად ეს გარემოება სასჯელს უხეშად არაპროპორციულ სასჯელად აქცევს.”

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

“ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება, მათ შორის, სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების პროცესშიც, უფრო ზუსტად კი, სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებაც სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

სასჯელთა ზოგადი პრევენცია საზოგადოებაში სამართლისადმი – საზოგადოების წვერთა მიერ შეთანხმებული საყოველთაო წესებისადმი პატივისცემის მიღწევას და შენარჩუნებას ემსახურება. ამ ფუნქციის ძალით, კონკრეტული სასჯელის მარეგლამენტირებელი ნორმების ადრესატი მთელი საზოგადოებაა, ხოლო მიზანი – კორექტული და კონფორმული ქცევის ხელშეწყობა, გაძლიერება. თუმცა ამ მიზნის ასეთი ფუნქცია თავისთავად საეჭვო ხდება, აღარაფერს ვამბობთ, მისი რეალურად მიღწევის შესაძლებლობის საეჭვოობაზე, თუ კონკრეტული ქმედებისთვის დაწესებული სასჯელი მხოლოდ ამ მიზნითაა პირობადებული და შედეგად არაპროპორციულად მკაცრი, არაადეკვატური, გაუმართლებელი, უსამართლოა. რადგან ასეთ პირობებში, სამართალს ექნება ცდუნება, საზოგადოებაში შეთანხმებული წესებისადმი და ერთმანეთისადმი პატივისცემა უზრუნველყოს მხოლოდ შიშზე დაყრდნობით. ასეთი მიდგომა კი თავისთავად შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას და სამართლებრივ სახელმწიფოში სამართალს უკარგავს მთავარ ფუნქციას.

დანაშაულისათვის სასჯელის სახეობის/ოდენობის განსაზღვრის პროცესში თითოეული სასჯელის მიზნის როლის დადგენისას სახელმწიფომ ძალიან ფრთხილი მიდგომა უნდა გამოიყენოს. კერძოდ, თუ სასჯელი დანაშაულთან მიმართებით არაპროპორციულია და არ აკმაყოფილებს სამართლიანობის მოთხოვნებს, თუ არ არის შესაბამისი ახალი დანაშაულის ასაცილებლად და მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის, მაშინ მისი აღსრულებით გამოწვეული ტანჯვა თავისთავად იქნება დამატებითი, გაუმართლებელი დასჯა და შედეგად, ადამიანის ღირსების ხელყოფა.

სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება შეზღუდულია უპირობო ვალდებულებით, ადამიანის თავისუფლებაში (მის ნებისმიერ უფლებაში) ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გარდაუვალია და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია. ასეთია ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგი. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ამ ვალდებულებით განსაკუთრებით შეზღუდულია პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შექმნისას და გამოყენებისას. ასეთი კანონმდებლობა თავისთავად ხასიათდება ადამიანის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის კანონზომიერებით. ამიტომ ასევე კანონზომიერია ამ პროცესში სახელმწიფოს მომეტებული სიფრთხილის აუცილებლობა, რადგან სამართალი დაკარგავს თავის ფუნქციას, თუ ადამიანები დაისჯებიან ამისათვის შესაბამისი და აუცილებელი საფუძვლის გარეშე.    საქართველოს კონსტიტუცია ზღუდავს სახელმწიფოს თავისუფალი მიხედულების ფარგლებს პრინციპით – არ მოხდეს ადამიანის თავისუფლებაში ჩარევა მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ/აღარ არსებობს და იმაზე უფრო მკაცრად, ვიდრე ეს ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული ლეგიტიმური მიზნების დასაცავად.“

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

“სასჯელმა თავისი დანიშნულების და მიზნების მისაღწევად უნდა შეაკავოს ზიანის მომტანი ქმედება იმაზე მეტი ზიანის გამოწვევის გარეშე, რის პრევენციასაც ის თავად ახდენს. სასჯელი, თავისი არსით, თავისთავად გულისხმობს, იწვევს ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. ეს სასჯელის გამოყენების თანმდევი კანონზომიერი შედეგია, რაც დამნაშავეს, სულ მცირე, დისკომფორტს უქმნის, იწვევს მასზე გარკვეულ მორალურ, ფსიქო-ემოციურ ზეგავლენას. თუმცა, ამან არ უნდა მიაღწიოს ისეთ სიმწვავეს, რაც სასჯელს ადამიანისთვის ტანჯვისა და ტკივილის (მორალური თუ ფიზიკური) მიყენების მიზნის საშუალებად გადააქცევს. სასჯელი ასეთად შეიძლება იქცეს, მათ შორის, მაშინაც, როდესაც ის არ გამოიყენება როგორც უკიდურესად აუცილებელი და ერთადერთი საშუალება.

სასჯელის პროპორციულობის შემოწმება შეუძლებელი იქნება, თუ  არ განისაზღვრა თავად დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი, მისი სიმძიმე და ქმედებით გამოწვევადი საფრთხე.

ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის რეგულირების (შეზღუდვის, აკრძალვის) ლეგიტიმური მიზნებია ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის, საპატიმრო სასჯელების დაწესებით, ემსახურება ნარკოდანაშულის რიცხვის ზრდის თავიდან აცილებას, სხვა დანაშაულისა და ასოციალური ქცევის პრევენციას, შედეგად საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას/გაუმჯობესებას. მოპასუხის არგუმენტაციით: „თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელის ფორმა კანონმდებლის მიერ ისეთ დანაშაულებზეა დადგენილი, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისათვის განსაკუთრებული საშიშროებით გამოირჩევიან. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის  თავისუფლების აღკვეთის მიზანს წარმოადგენს ამ საშუალებების უკანონო ბრუნვის შემცირება, ამ ბრუნვის ხელშემწყობი პირების იზოლირება საზოგადობისგან, რაც საბოლოოდ, საზოგადოების კეთილდღეობის, მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პოზიტიური ვალდებულების შესრულებისაკენ, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებისაკენ… საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვისაკენ, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციისაკენაა მიმართული“. მოპასუხის მტკიცებით, ნარკოდანაშულთან ბრძოლის უმთავრესი ლეგიტიმური მიზანი არის ინდივიდისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა ნარკოტიკებიდან მომდინარე საფრთხისგან, ასევე მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ ნარკოდამოკიდებულების პრევენცია.

დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა არ შეიძლება იყოს მოაზრებული, როგორც კონსტიტუციური უფლების ნაწილი. თუმცა, ამავე დროს, კანონმდებლის მიერ ამა თუ იმ ქმედების კრიმინალიზება ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ ასეთი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა ავტომატურად გამოირიცხოს კონსტიტუციით დაცული სფეროდან. მართალია, სახელმწიფო მიხედულების ფართო ზღვრით სარგებლობს სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისას, მაგრამ მისი მოქმედების არეალი და ფარგლები უსაზღვრო არ არის, ის ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას უპირობოდ შეზღუდულია კონსტიტუციით და, პირველ რიგში, ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.”

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

“ამა თუ იმ ქმედების კრიმინალიზება შესაბამისი საზოგადოებრივი სიკეთეების, ლეგიტიმური მიზნების დაცვის რეალური და ობიექტური აუცილებლობის გარეშე, ისევე, როგორც ამა თუ იმ საზოგადოებრივად საშიში ქმედებისთვის არაადეკვატური, არაპროპორციული სანქციის დაწესება, ერთნაირად უქმნის საფრთხეს ადამიანის თავისუფლებას, შედეგად, ხელისუფლების ქმედებას აცლის კონსტიტუციურ საფუძველს – ხელისუფლება, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს, კონსტიტუციის მიღმა მოქმედებს.”

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

“შეზღუდვას/რეგულირებას შეიძლება ექვემდებარებოდეს ქმედება, რომელიც ანტისოციალურია თავისი ხასიათით და რომელმაც, მაღალი ალბათობით, შეიძლება გამოიწვიოს რეალური  საფრთხე ასეთი ქმედების განხორციელების მომენტში, პოტენციურად შეუქმნას საფრთხე სხვათა ჯანმრთელობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. ამასთან, ისიც ცხადია, რომ ანტისოციალურ ქმედებაზე სახელმწიფოს პასუხი უნდა მკაცრდებოდეს მხოლოდ ქმედებით გამოწვევადი საფრთხეების სიმწვავის, რეალურობის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით.

კონსტიტუცია იცავს ადამიანს ნებისმიერი მესამე პირისგან მომდინარე საფრთხეებისგან – კერძო პირებისა თუ სახელმწიფოს მიერ უფლებების დარღვევისგან. ამასთან, ცხადია, ხელისუფლებას აქვს კონსტიტუციური ვალდებულება, კონკრეტული ქმედებების რეგულირების გზით მოახდინოს იმ რისკების გამორიცხვა/მინიმალიზება, რომლებიც შეცდომის დაშვების შედეგად ქმნის, განაპირობებს ადამიანის მიერ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს.

საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით პირის თავისუფლების აღკვეთა აუხსნელი და გაუმართლებელია. მარიხუანის მოხმარება, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ის გამოყენების მოცულობისა და დროის მიხედვით აღწევს მაღალ ინტენსივობას, ერთგვარად ამ ნარკოტიკულ საშუალებაზე დამოკიდებულებად შეიძლება იქცეს. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირი დამოკიდებული ხდება კონკრეტულ ნივთიერებაზე/საშუალებაზე, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება გაუგებარი და გაუმართლებელია.”

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

“საბოლოოდ, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან, სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას.

კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს. ამდენად, მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება, რომელიც შესაძლოა იწვევდეს პირის თავისუფლების აღკვეთას, წარმოადგენს არაპროპორციულ ზომას ჯანმრთელობის დაცვის ზოგადი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

ვინაიდან არ გამოირიცხება მარიხუანის მოხმარებით ზოგადად ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხე, მისი გავრცელება შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებადი, მათ შორის, იწვევდეს პასუხისმგებლობას. ამიტომ, როდესაც ნარკოტიკული საშუალების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ობიექტურად აჩენს რეალურ საფრთხეს მისი არა მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, არამედ რეალიზაციის მიზნებისთვის შეძენა/შენახვის თაობაზე, მაშინ სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამასთან, პასუხისმგებლობის ზომა/ხარისხი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნარკოტიკული საშუალების რაოდენობასთან. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რეალიზაციის მიზნებით მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის პასუხისმგებლობის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა სცდება მოცემული დავის ფარგლებს. სასამართლო მოკლებულია სადავო ნორმის ამ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის შეფასების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, კანონმდებლობა იძლეოდეს შესაძლებლობას, ყოველ ჯერზე გაიმიჯნოს პირადი მოხმარების მიზნებისთვის და რეალიზაციის მიზნებისთვის მარიხუანის შეძენა/შენახვის ფაქტები. ხოლო მაშინ, როდესაც ოდენობა აშკარად, ობიექტურად აჩენს რეალიზაციის გარდაუვალ საფრთხეს, კანონმდებელი უნდა თავისუფლდებოდეს ვალდებულებისგან, დამატებით შებოჭოს სამართალშემფარდებელი, ამტკიცოს, რომ ასეთ შემთხვევაში არსებობს რეალიზაციის განზრახვა.“

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

 

“სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ მარიხუანის დიდი ოდენობით შენახვა შესაძლოა ქმნიდეს მისი გავრცელების საფრთხეს და ზიანს აყენებდეს სხვათა ჯანმრთელობას. ამდენად, ზოგადი მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მარიხუანის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, კავშირი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს შორის წყდება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს თავად საფრთხე, რომლის თავიდან აცილებასაც ემსახურება პასუხისმგებლობა.  როდესაც გამოირიცხება მარიხუანის რეალიზაცია, გამოირიცხება რეალიზაციის გზით სხვათა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეც. შესაბამისად, უსაფუძვლო, გაუმართლებელი და არაპროპორციული ხდება პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით პასუხისმგებლობის გამოყენება. როდესაც მარიხუანის რეალიზაციის საფრთხე არსებობს, არსებობს საფუძველიც სახელმწიფოს ჩარევისთვის პასუხისმგებლობის დაწესების გზით, მაგრამ კანონმდებლის ვალდებულებაა, აღჭურვოს სამართალშემფარდებელი შესაბამისი ინსტრუმენტებით, რათა გამოირიცხოს ადამიანის თავისუფლებაში სახელმწიფოს ჩარევა მაშინ, როდესაც ამის რეალური საფუძველი და უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს. შედეგად, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, კანონით სამართალშემფარდებლის დავალდებულება, ხოლო, მეორე მხრივ, საამისოდ შესაბამისი ბერკეტების, მექანიზმების შეთავაზება, რომ მან ყოველ ჯერზე გაარკვიოს მარიხუანის შეძენა/შენახვის მიზანი და მხოლოდ მაშინ, როდესაც აშკარაა რეალიზაციის/გასაღების განზრახვა, გარდაუვალობა, ჩაერიოს ადამიანის თავისუფლებაში და მოახდინოს დანაშაულის პრევენცია. ამასთან, აუცილებელია, რომ პასუხისმგებლობის კონკრეტული სახე, მოცულობა გამოწვევადი საფრთხეების მასშტაბის პროპორციულად მზარდი იყოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარკვეული კონდიციის შემდეგ, როდესაც ოდენობიდან გამომდინარე, ისედაც ობიექტურად ჩნდება რეალიზაციის რეალური საფრთხე, მიზნის გარკვევის აუცილებლობა არარელევანტური ხდება.

თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების  შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს  მისი უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ამასთან, უნდა იგულისხმებოდეს არა მხოლოდ მოსამართლის მიერ მისი ასეთი მიდგომით გამოყენება, არამედ კანონის დონეზეც ამა თუ იმ ქმედებისთვის სასჯელის სახით პატიმრობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინება, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ.

სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.“

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

“კანონმდებელი არ თავისუფლდება ვალდებულებისგან, განსაკუთრებით სისხლის სამართლის სფეროში, სასამართლო აღჭუროს საკმარისად მოქნილი ნორმებით, რომელიც შესაძლებელს გახდის, მოსამართლემ შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს ყველა ინდივიდუალური გარემოება და პირის მიმართ გამოიყენოს ის სასჯელი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ობიექტურად აუცილებელია და გარდაუვალი.   ვინაიდან სადავო  ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და არა მხოლოდ არ გამორიცხავს, არამედ პირდაპირ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ისეთი ქმედებისთვისაც, რომელიც არ უქმნის საფრთხეს სხვების ჯანმრთელობას, ის არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს აუცილებელ და პროპორციულ ჩარევად ადამიანის თავისუფლებაში. ასეთი სასჯელი ვერც სასჯელის მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს და, შედეგად, სასჯელს გადააქცევს მიზნად. შეუძლებელია საუბარი სასჯელით სამართლიანობის აღდგენაზე ან პირის რესოციალიზაციაზე, როდესაც არ არსებობს საამისო მიზეზი და საფუძველი. როგორც უკვე აღინიშნა, საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პასუხისმგებლობა იმთავითვე მხოლოდ ზოგად პრევენციას ემსახურება, რომ სხვებმაც არ ჩაიდინონ ასოციალური და საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის გამომწვევი ქმედება. რაც შეეხება სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხის თავიდან ასაცილებლად პასუხისმგებლობის დაკისრებას, მაშინ, როდესაც ასეთი საფრთხე ჰიპოთეტურია, ან საერთოდ არ არსებობს, ან ყოველ ჯერზე მისი არსებობის მტკიცება შეუძლებელია, სასჯელი კვლავ მხოლოდ ზოგადი პრევენციის დომინირების იმედად რჩება, რაც დაუშვებელია და გაუმართლებელი.

სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან  სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება, ის არა მხოლოდ სასჯელის მიზნების მიღწევის უვარგისი საშუალება, არამედ სწორედაც რომ სასჯელის მიზნების კონტრპროდუქტიული საშუალება ხდება – გამოიწვევს იმ რისკებს, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული, როგორც ასოციალური ქცევის კორექტირების უკიდურესი საშუალება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას და მისი ღირსების ხელყოფას. საბოლოო ჯამში კი, საფრთხე ექმნება საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმას, შეგრძნებას.”

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

„სასჯელის ქმედებასთან მიმართებით პროპორციულობის შეფასებისას, ზოგადად, საინტერესო კრიტერიუმია მისი (სასჯელის) მსგავსი ან მეტი სიმძიმის დანაშულებისთვის დაკისრებულ სასჯელთან შედარება. ნებისმიერი არაპროპორციული სასჯელი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მაშინ, როდესაც ამისთვის საფუძველი არ არსებობს საერთოდ, ან როდესაც პასუხისმგებლობის ზომა დისპროპორციაშია ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, არღვევს პირის თავისუფლების უფლებას.  იმავდროულად, იმისათვის, რომ პატიმრობის კონკრეტული ვადა ჩაითვალოს არაადამიანურ და სასტიკ სასჯელად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ინტენსივობის, სიმკაცრის ძალიან მაღალ ხარისხს უნდა აღწევდეს, აშკარად, გამოკვეთილად, უხეშად არაპროპორციული უნდა იყოს.

როდესაც ნორმა, მისი ბლანკეტურობიდან გამომდინარე, ითვალისწინებს პირისთვის თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას, მათ შორის, მხოლოდ იმის გამოც, რომ პირმა საკუთარ ჯანმრთელობას შეიძლება მიაყენოს ზიანი, როდესაც არ არსებობს რეალური რისკები სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისა (ვინაიდან ნორმა უშვებს პირის დასჯას მაშინაც, როდესაც შეძენა/შენახვა არ ხდება რეალიზაციის მიზნით), ცხადია, აშკარაა სასჯელის სისასტიკე და მკაფიო არაადეკვატურობა, რადგან ასეთი მკაცრი სასჯელი გამოიყენება როგორც ადამიანის დასჯის მიზანი და არა როგორც ლეგიტიმური მიზნების დაცვის უკიდურესი და აუცილებელი საშუალება. შედეგად, ადამიანი სახელმწიფოს ხელთ ხდება ინსტრუმენტი და არა დაცვის ობიექტი. მაშასადამე, სახეზეა ადამიანის ღირსების ხელყოფა არაადამიანური, სასტიკი სასჯელის დაწესების გზით.”

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

„დეზომორფინის მოხმარება იწვევს სხვადასხვა სახის მძიმე დაავადებებს და წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უაღრესად საშიშ ნარკოტიკულ საშუალებას. ცხადია, სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმაცია, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შესაბამისად, დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის სასჯელის დაწესება ემსახურება ღირებულ საჯარო მიზანს – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას.

იმისთვის, რომ დეზომორფინის შეძენამ, შენახვამან დამზადებამ დასახელებულ სიკეთეს საფრთხე შეუქმნას, აუცილებელია, რომ სახეზე იყოს მისი ის ოდენობა, რაც გამოყენებადია მოსახმარად. ბუნებრივია, რომ, რაც უფრო მცირეა დეზომორფინის ოდენობა, მით უფრო ნაკლები ეფექტის მოხდენა შეუძლია მას ადამიანის ჯანმრთელობაზე. მართალია, დეზომორფინი წარმოადგენს ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი ნებისმიერი, მიკროსკოპული ოდენობაც კი ავტომატურად უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

ნარკოტიკული საშუალების დამზადება, შეძენა და შენახვა მიიჩნევა უფრო დიდი საფრთხის მატარებელ ქმედებად, ვიდრე მისი მოხმარება.

საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია დეზომორფინის იმ ოდენობით დამზადება, რაც გამოყენებადია მოხმარებისთვის. 0,00009 გ. დეზომორფინის დამზადება, ერთი მხრივ, მისი დამამზადებლის მხრიდან, წარმოადგენს ალოგიკურ და უმიზნო ქმედებას (სავსებით შესაძლებელია დეზომორფინის ამ ოდენობით დამზადება შეუძლებელიც კი იყოს სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე), ხოლო, მეორე მხრივ, ცხადია, რომ ზემოხსენებული ოდენობით დეზომორფინის დამზადება და შენახვა მისი მოხმარების ან/და გასაღების საფრთხეს არ ქმნის.

სისხლისსამართლებრივად სადავო ნორმის პრაქტიკული რელევანტურობა გამოიხატება დეზომორფინის მოხმარების ფაქტის შენახვის ფორმით დასჯაში, რისთვისაც დასჯადად ცხადდება დეზომორფინის მოხმარების ან/და გასაღების მიზნით შენახვისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქმედება. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმით კანონმდებელი თავისი მიზნის, დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვის პრევენციის მისაღწევად სჯის ისეთ ქმედებას, რომელიც ზემოთ ხსენებულ საფრთხეებს თავისთავად არ ქმნის.“

საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/6, ივლისი, 2017

 

არ შეიძლება უარყოფა იმისა, რომ მცენარე კანაფის და მისგან დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება პოტენციურად ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საფრთხის მატარებელია. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბება, ასევე კონკრეტული ზიანის დადგომა, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი დამოკიდებულია როგორც ყოველი მომხმარებლის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასევე მოხმარების ხანგრძლივობაზე, თავისთავად ასეთი საფრთხეების გამორიცხვა და უგულებელყოფა არ შეიძლება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ კანაფის პროდუქტის მოხმარება შესაძლოა ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამავე დროს, საფრთხე, რომელიც კანაფის მოხმარებამ შესაძლოა შეუქმნას მომხმარებელს არის უფრო მსუბუქი სხვა ე.წ. მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად გამოწვევად ზიანთან შედარებით.

მცენარე კანაფის თავისუფალი ბრუნვის შეზღუდვა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს – საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას. ამავე დროს, ანტისოციალურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებად რჩება აკრძალული მცენარის დათესვა, მოყვანა და კულტივირება.

ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, საფრთხე, რომელიც გარკვეული ოდენობის მცენარე კანაფის დათესვით, მოყვანითა და კულტივირებით შეიძლება მიადგეს თავად აღნიშნული მცენარის მფლობელს და, მეორე მხრივ, საფრთხე, რომელიც აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა შეუქმნას სხვა პირებს.“

საქართველოს მოქალაქეები  ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/9/701,722,725, 14 ივლისი, 2017

 

„მცენარე კანაფის დათესვით, მოყვანითა და კულტივირებით სავარაუდოდ განპირობებულ საფრთხეებს მესამე პირების/საზოგადოების მიმართ, – აქ ასევე ორი საკითხი უნდა გამოიყოს: ა) კანაფის მოხმარება უწყობს თუ არა ხელს სხვა დანაშაულის ჩადენას და ბ) სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივაცია თავისთავად ხომ არ შეიცავს მისი გავრცელების, შესაბამისად, სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს.

სასამართლოს თქმით, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ უშუალოდ კანაფის პროდუქტის მოხმარება იწვევს სხვა დანაშაულების ჩადენას. სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ასეთი კავშირი უფრო ხშირი და გამოკვეთილია, ვიდრე, თუნდაც ალკოჰოლით თრობის პირობებში. ასეთი თავისთავადი და კანონზომიერი კავშირის არარსებობის პირობებში, კანაფის მოხმარების მიზნებისთვის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების გამო პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესება აშკარად არაპროპორციულ სასჯელს წარმოადგენს.

როდესაც კანაფის რეალიზაციის საფრთხე არსებობს, არსებობს საფუძველიც სახელმწიფოს ჩარევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესების გზით. მაშინ, როდესაც აშკარაა რეალიზაციის/გასაღების გარდაუვალობა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საშუალება, ჩაერიოს ადამიანის თავისუფლებაში და მოახდინოს დანაშაულის პრევენცია. ამასთან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გარკვეული კონდიციის შემდეგ, როდესაც ოდენობიდან გამომდინარე, ისედაც ობიექტურად ჩნდება რეალიზაციის რეალური საფრთხე, მიზნის გარკვევის აუცილებლობა არარელევანტური ხდება. პასუხისმგებლობის კონკრეტული სახე, მოცულობა გამოწვევადი საფრთხეების მასშტაბის პროპორციულად მზარდი უნდა იყოს.

კანაფიდან მომდინარე ნარკოტიკულ თრობას და ჯანმრთელობის ზიანს იწვევს კანაფის მცენარეში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი. სწორედ ტეტრაჰიდროკანაბინოლების პროცენტული შემადგენლობა განსაზღვრავს კანაფის პროდუქტის მოქმედების ეფექტურობას, როგორც ნარკოტიკული თრობის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. ამასთან, კანაფის სხვადასხვა ძირებში აღნიშნული ნივთიერება წარმოდგენილია განსხვავებული პროცენტული მაჩვენებლით. შესაბამისად, შესაძლებელია კანაფიდან მომდინარე საფრთხის განსაზღვრისას მხედველობაში იქნეს მიღებული ის, თუ რა ოდენობის ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს ესა თუ ის მცენარე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს არა მიწაზე მიმაგრებულ, არამედ უკვე მოჭრილი კანაფის მცენარესთან, რადგან მასში აღნიშნული ნივთიერების ოდენობა თავისთავად ვეღარ გაიზრდება.“

საქართველოს მოქალაქეები  ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/9/701,722,725, 14 ივლისი, 2017

 

„კანონმდებელი არ იძლევა გამიჯვნის შესაძლებლობას კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისას პირადი მოხმარების მიზანსა და რეალიზაციის მიზანს შორის, ზოგადად ადგენს პასუხისმგებლობას დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისთვის. აღსანიშნავია, რომ, როდესაც საქმე ეხება 50 გრამზე მეტი ოდენობის კანაფის მოყვანას, კანონმდებელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიულ სასჯელს. აღნიშნული თავისთავად გამორიცხავს  ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების შესაძლებლობას და ქმედების ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების ალბათობას, თავისუფლების აღკვეთის, როგორც ამ შემთხვევაში, არაპროპორციული სასჯელის გამოყენებაზე უარის თქმის ჩათვლით.

სადავო  ნორმები ბლანკეტური ხასიათისაა და არა მხოლოდ არ გამორიცხავს, არამედ პირდაპირ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ისეთი ქმედებისთვისაც, რომელიც არ უქმნის საფრთხეს სხვების ჯანმრთელობას.

როდესაც ნორმები, მათი ბლანკეტური ხასიათიდან გამომდინარე, ითვალისწინებს პირისთვის თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას, მათ შორის, მხოლოდ იმის გამოც, რომ პირმა საკუთარ ჯანმრთელობას შეიძლება მიაყენოს ზიანი, როდესაც არ არსებობს რეალური რისკები სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისა (ვინაიდან ნორმა უშვებს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას მაშინაც, როდესაც კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირება არ ხდება რეალიზაციის მიზნით), ცხადია, აშკარაა სასჯელის სისასტიკე და მკაფიო არაადეკვატურობა, რადგან ასეთი მკაცრი სასჯელი გამოიყენება როგორც ადამიანის დასჯის მიზანი და არა როგორც ლეგიტიმური მიზნების დაცვის უკიდურესი და აუცილებელი საშუალება. შედეგად, ადამიანი სახელმწიფოს ხელთ ხდება ინსტრუმენტი და არა დაცვის ობიექტი. მაშასადამე, სახეზეა ადამიანის ღირსების ხელყოფა არაადამიანური, სასტიკი სასჯელის დაწესების გზით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.“

საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/9/701,722,725, 14 ივლისი, 2017

 

„საქართველოს უზენაესი სასამართლო, როგორც საკასაციო ორგანო, წარმოადგენს საერთო სასამართლოების სისტემაში კანონის განმარტების უმაღლეს და საბოლოო ინსტანციას. შესაბამისად, მის მიერ ნორმის განმარტება უნდა ჩაითვალოს ამ უკანასკნელის შინაარსის გაგების წყაროდ.

იმისათვის, რომ შეფასდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის ინტენსივობა რამდენად პროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, გამოწვევად საფრთხეებთან, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს თავად სსკ-ის 378-ე მუხლის სტრუქტურას, რათა ობიექტურად იყოს აღქმადი ამავე მუხლში გათვალისწინებული კანონმდებლის მიერ შეფასებული თითოეული დანაშაულიდან მომდინარე საფრთხეები და უმართლობის ხარისხი. ცხადია, რომ სსკ-ის 378-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები სხვადასხვაა, თუმცა სამივე დანაშაული უკავშირდება კანონმდებლის მიერ განსაზღვრულ ზოგად უმართლობას – პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლას ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სადავო ნორმის განმარტება ითვლება ამ ნორმის რეალურ განმარტებად, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც საერთო სასამართლოების მიერ ნორმის განმარტება უშუალოდ დაუპირისპირდება კანონმდებლის ნებას და დაადგენს ახალი დანაშაულის შემადგენლობას ანდა ამა თუ იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელისგან განსხვავებულ სასჯელს განსაზღვრავს, საფრთხე ექმნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. მნიშვნელოვანია იმის გათვითცნობიერება, რომ, ზოგადად, დემოკრატიისა და კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის ერთ-ერთ მთავარ გარანტორს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი წარმოადგენს, რომლის დანიშნულებაა, არ მოხდეს ძალაუფლების კონცენტრაცია მხოლოდ ერთსახელისუფლებლო შტოში და გამოირიცხოს ამა თუ იმ ორგანოს მიერ მისთვის კონსტიტუციით მიუნიჭებელი ფუნქციების განხორციელება.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/10/703, 13 ოქტომბერი, 2017

 

„შეზღუდვა გარდაუვლად ქმნის ადამიანისთვის ტკივილის, სირცხვილისა თუ სხვაგვარი დისკომფორტის შეგრძნებას. მიუხედავად ამისა, ეს უკანასკნელი, როგორც წესი, არ მიიჩნევა ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობად. ცხადია, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა თუ ბრალდებულთა შემოწმების პროცედურები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს ადამიანის სხეულის ანდა მისი ნაწილის გაშიშვლებას, ინტენსიურად ზღუდავს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ნებისმიერ შემთხვევაში ღონისძიება, რომელიც მოიცავს პირის ვალდებულებას, გაშიშვლდეს და გაიშიშვლოს სხეულის გარკვეული ნაწილები სხვა პირთა თანდასწრებით, გარკვეულწილად, იწვევს დისკომფორტისა და სირცხვილის შეგრძნებას.
ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ პირის გაშიშვლება ინტენსიური ხასიათის შეზღუდვაა და, შესაძლოა, იწვევდეს დისკომფორტის და სირცხვილის შეგრძნებას, იგი, თავისთავად, არ უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ მოპყრობად. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილების გაშიშვლების ღონისძიება ხორციელდება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და ამ მიზნის მიღწევის აუცილებელ, თანაზომიერ საშუალებას წარმოადგენს, იგი არ შეფასდება, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა.
აღსანიშნავია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ცალკეული მოპყრობის ფორმა per se კონსტიტუციის მე-17 მუხლის საწინააღმდეგო შეიძლება იყოს და ასეთ შემთხვევაში, ცხადია, უადგილო იქნება მოპყრობის მიზნებისა და აუცილებლობის შეფასება. თუმცა, როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში ასეთ მოპყრობას ადგილი არ აქვს, პირის გაშიშვლება მისი შემოწმების მიზნით არ წარმოადგენს თავისთავად კონსტიტუციის მე-17 მუხლით აკრძალულ, პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას.“
საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ.№2/4/665,683 , (2018 წლის 26 ივლისი)
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია, პირის მიმართ ისეთი ინტენსიური შემზღუდველი ღონისძიება, როგორიც არის სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილების გაშიშვლება, გამოყენებულ იქნეს გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირები არ უნდა დაექვემდებარონ იმგვარ წნეხს, რომელიც აშკარად აჭარბებს თავისუფლების შეზღუდვის თანმდევ ლეგიტიმურ მოპყრობასა და თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკულ საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული და მისი თანმდევი ყველა სხვა ზომა იყოს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის განკუთვნილი, თანაზომიერი საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპყრობა თვითმიზნურად ჩაითვლება და შეეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს“.

საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ.№2/4/665,683 , (2018 წლის 26 ივლისი)

„თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც ზღუდავს იქ მოთავსებული პირების უფლებებს, არ უნდა იწვევდეს ტკივილის, დისკომფორტის, ფსიქოლოგიური ტანჯვისა და სირცხვილის შეგრძნებას იმაზე მეტად, ვიდრე ადამიანი გარდაუვლად განიცდის სასჯელისა და სხვა თავისუფლებაშემზღუდველი ლეგიტიმური მოპყრობის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღონისძიება დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური იქნება. ამგვარად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის გაშიშვლება ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ობიექტური საჭიროების გარეშე, არათანაზომიერი ინტენსივობით, ქმნის პირის მიმართ დისკომფორტის, სირცხვილისა და დამცირების შეგრძნებას, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აბსოლუტურად აკრძალულ მოპყრობას.“

საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ.№2/4/665,683 , (2018 წლის 26 ივლისი)

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი აბსოლუტურად კრძალავს წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენებას.
პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული და დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, აგრეთვე დანაშაულისა და ბრალდებულების/მსჯავრდებულების გაქცევის თავიდან აცილების უზრუნველყოფა უდავოდ წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან ინტერესებს, რომლებიც ქმნის სახელმწიფოს ლეგიტიმაციას, განახორციელოს ბრალდებულების/მსჯავრდებულების პირადი შემოწმება.
პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების დამზადება პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, პირის მიერ სამარტოო საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში რაიმე აკრძალული ნივთის შეტანა რეალურ საფრთხეს წარმოადგენს და ამ საფრთხის გამოსარიცხად პენიტენციურ დაწესებულებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, განახორციელოს პირის შემოწმება.
დაწესებულებაში აკრძალული ნივთებისა და სხვა ობიექტების აღმოჩენის მიზნით, დირექტორი სადავო ნორმებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია როგორც გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე, ისე რუტინულად შეიმუშაოს, დაგეგმოს და განახორციელოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური სრული პირადი შემოწმების ღონისძიებები. დაწესებულების უსაფრთხოების დაცვის ინტერესი მოითხოვს, აკრძალული ნივთებისა და ობიექტების აღმოსაჩენად შემოწმდეს არა მხოლოდ დაწესებულების ტერიტორია და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, არამედ – იქ მოთავსებული პირებიც. აღნიშნული სწორედ დაწესებულების უსაფრთხოების დაცვის ინტერესიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, სადავო ნორმა, რომელიც ადგენს ბრალდებულების/მსჯავრდებულების პირად შემოწმებას დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, ასევე მიმართულია ლეგიტიმური ინტერესის – დაწესებულების უსაფრთხოების დაცვისაკენ.
სრული შემოწმების ღონისძიების განხორციელების წესიდან გამომდინარე, დგინდება, რომ აღნიშნული ღონისძიება იძლევა შესაძლებლობას, აღმოჩენილ იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე, ტანსაცმელზე და ფეხსაცმელში განთავსებული აკრძალული ნივთები, ნივთიერებები, წარწერები და სხვა ობიექტები. ამგვარად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული საფუძვლების მიხედვით, მაშინ როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს კავშირი აქვს დაწესებულების გარე სივრცესთან, ხდება მისი სამარტოო საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში განთავსება ან სხვა, დირექტორისა და მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმება, შესაძლებელი ხდება აღიკვეთოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთებისა და ობიექტების მოხვედრა, ბრუნვა, დაწესებულებიდან გატანა და ა.შ. შესაბამისად, აშკარაა, რომ სრული პირადი შემოწმება სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნამდვილად წარმოადგენს ლეგიტიმური ინტერესის დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებას და არ ატარებს თვითმიზნურ ხასიათს.“

საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ.№2/4/665,683 , (2018 წლის 26 ივლისი)

Back to Top