მე – 17 მუხლის პირველი პუნქტი

„ღირსება არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც სუბიექტური სიკეთე, რომელიც ინდივიდუალურია ყველა ადამიანისათვის მათი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

 

 

„ღირსების უფლების პრაქტიკული რეალიზებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის აღიარებას ძირითადი უფლებების სუბიექტად. უფლება სამართალსუბიექტობაზე წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ღირსების უფლების განუყოფელ ელემენტს. აღნიშნული უფლების თანახმად, სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება.

საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ყველა პირი, რომელსაც ფორმალურად ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები კომუნისტურ პარტიაში უშუალოდ არ მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის საქმიანობაში, უფრო მეტიც, არ იზიარებდა და ებრძოდა კიდეც კომუნისტურ იდეოლოგიას. განსახილველ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებში იყვნენ ადამიანები, ვინც 1991-1992 წლებში იბრძოდა და თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას და ერთიანობას, ვინც ცდილობდა საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის საქართველოს ეროვნული ინტერესების და არა ვიწრო პარტიული იდეოლოგიის შესაბამისად გამოყენებას. სადავო ნორმები ასეთ პირებსაც უზღუდავს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლებას.

სადავო ნორმები ადგენს ბლანკეტურ აკრძალვას კონკრეტული პირის  საქმიანობის/უფლებამოსილების/კომპეტენციის ფარგლების გათვალისწინების გარეშე და პრაქტიკულად თანაბარ შედეგებს იწვევს როგორც იმ პირებისათვის, რომლებიც განსაზღვრავდნენ იმდროინდელ საშინაო/საგარეო/ იდეოლოგიურ პოლიტიკას, ასევე იმ პირებისათვის, რომელთაც კანონმდებლობა და პრაქტიკა არ ანიჭებდა აღნიშნულის შეცვლის სამართლებრივ ბერკეტს, არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა.

სადავო ნორმები ყურადღებას ამახვილებს საქმიანობის პერიოდზე და აკრძალვას ითვალისწინებს  იმ პირების მიმართაც, რომლებიც აღნიშნულ თანამდებობაზე თუნდაც ფორმალურად იყვნენ დანიშნულნი, მაგრამ ვერ მოასწრეს საქმიანობის დაწყება; მუშაობდნენ რამდენიმე კვირის/დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი საქმიანობის რეალურად განხორციელების გარეშე.

სადავო ნორმები ემყარება ვარაუდს, რომ პირის მიერ პარტიული თანამდებობის დაკავება ნიშნავს ამ პირის კავშირს კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან. კანონმდებელი არ უშვებს  შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება შეიზღუდოს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის საქმიანობაში კონკრეტული პირების მონაწილეობის ინდივიდუალურად შესწავლის და შეფასების საფუძველზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ დროის ხანგრძლივობასთან ერთად აქტუალობას კარგავს საფრთხეები და გამოწვევები, რაც წარმოადგენდა სადავო ნორმატიული აქტის მიღების მიზეზს. სადავო ნორმა მოსარჩელეს მე-8 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის დაკავების უფლებას უკრძალავს იმის შეფასების გარეშე, თუ რამდენად რეალისტურია ეს საფრთხეები და რამდენად წარმოადგენს მოსარჩელე დღესაც იმავე საფრთხის მატარებელს სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 2/5/560, 28 ოქტომბერი, 2015

 

„სადავო ნორმით კანონმდებლობა ადგენს უფლების მზღუდავ სპეციალურ რეგულირებას და ქმნის სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს სადავო აქტით განსაზღვრული პირებისთვის თითოეული მათგანის პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის ხარისხის, გაწეული  საქმიანობის ინდივიდუალური შეფასების გარეშე. სასამართლო აღნიშნავს, რომ  საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირების დაწესებისათვის სადავო რეგულირება უნდა ითვალისწინებდეს თითოეული ინდივიდის საქმიანობის, ფუნქციური დატვირთვის შესწავლის და იმის შეფასების სავალდებულო წინა პირობას, თუ რამდენად არსებითი და ხელშესახებია დღესაც ამ პირებისგან მომდინარე საფრთხეები სადავო აქტის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობაზე მათი განწესების შემთხვევაში.

კანონმდებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს ის სოციალური შედეგები, რაც შეიძლება თან ახლდეს საზოგადოებრივი ურთიერთობის კონკრეტული სახით მოწესრიგებას და თავიდან უნდა აიცილოს ისეთი მოწესრიგება, რომელიც შეიცავს საზოგადოებრივი ჯგუფებისა თუ ცალკეული ინდივიდების სტიგმატიზების საფრთხეებს. ეროვნული უშიშროების დაცვისა და ტოტალიტარულ იდეოლოგიებთან ბრძოლის ინტერესები ვერ გადაწონის იმ უარყოფით შედეგებს, რაც მასტიგმატიზებელ, ღირსების  შემლახველ კანონმდებლობას ახლავს.

სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა მოქმედებს უვადოდ. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ პირებმა, რომლებიც, თუნდაც ერთ დროს იზიარებდნენ კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიას და იკავებდნენ ხელმძღვანელ თანამდებობებს კომუნისტურ პარტიაში, გარკვეული დროის შემდეგ შეიცვალონ დამოკიდებულება. კანონმდებელი არ ითვალისწინებს ადამიანის როგორც თავისუფალი ინდივიდის უნარს, შეიცვალოს შეხედულებები და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ან გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესის საფუძველზე პირებს სამუდამოდ და უპირობოდ აქვთ წართმეული სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება.

მოსარჩელისთვის სადავო აქტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების უვადო შეზღუდვა მთელი ცხოვრების მანძილზე სასჯელის ელემენტების მატარებელი რეპრესიული ღონისძიება უფროა, ვიდრე საფრთხეების პრევენციის საშუალება.

სადავო რეგულირება უფლებაში ჩარევის მომეტებული ინტენსივობით გამოირჩევა იმ შემთხვევებთან მიმართებითაც, როდესაც პირს ბრალი ედება, მათ შორის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან/და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, მართალია, კრძალავს  ნასამართლევი პირის დანიშვნას საჯარო სამსახურში, თუმცა ნასამართლობის ვადის მოხსნის/გაქარწყლების შემთხვევაში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ან ნებისმიერი სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირსაც კი ანიჭებს სადავო ნორმით განსაზღვრულ სახელმწიფო თანამდებობაზე  დანიშვნის შესაძლებლობას და არ ადგენს სამუდამო აკრძალვას.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 2/5/560, 28 ოქტომბერი, 2015

 

„სასამართლო ითვალისწინებს, რომ ცალკეული პირების მიმართ, რომელთაც კომუნისტურ პარტიაში ეკავათ მაღალი პარტიული თანამდებობები, შესაძლებელია არსებობდეს მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვის ლეგიტიმური საჯარო ინტერესი. თუმცა მხოლოდ კონკრეტული პირებიდან მომდინარე საფრთხეები ვერ გახდება სადავო ნორმებში მოცემული ბლანკეტური აკრძალვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი. მხედველობაშია მისაღები  სსრკ-ის დაშლის შემდეგ გასული დროის ხანგრძლივობაც და ის გარემოებაც, რომ დღესდღეობით აღარ ფუნქციონირებს სადავო აქტით გათვალისწინებული კომუნისტური პარტიის სტრუქტურები, შემცირებულია კომუნისტური ტოტალიტალური იდეოლოგიისა და საბჭოთა რეჟიმის რეაბილიტაციის საფრთხე. შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება სადავო ნორმებით გათვალისწინებული ბლანკეტური,  უვადო აკრძალვის საჭიროება.

სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ტექნიკური/ადმინისტრაციული სირთულეები [მათ შორის კონკრეტული პირების წარსული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის მოძიების ნაწილში]არ შეიძლება ქმნიდეს საკმარის საფუძველს უფლების ბლანკეტურად და, მით უმეტეს, უვადოდ შეზღუდვისთვის. ადმინისტრაციული სირთულეების ზიდვის ტვირთი  ეკისრება სახელმწიფოს.

სახელმწიფოს არ აქვს უფლება, გადაუხვიოს ადამიანის, როგორც მთავარი კონსტიტუციური ღირებულების აღიარების ვალდებულებას და განიხილოს ადამიანი, როგორც შიშველი ობიექტი და მიზნის მიღწევის საშუალება იმის მიუხედავად, თუ როგორი მნიშვნელოვანი კერძო ან საჯარო ინტერესის მიღწევას ისახავს მიზნად. სახელმწიფოს ლეგიტიმაცია, რომ განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები ეროვნული უშიშროების, უსაფრთხოების, ადამიანის უფლება-თავისუფლებებისა თუ სხვა  მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად, ზღვარდადებულია ამ უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიით.

სადავო ნორმების ანალიზის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების შემოღებით, კანონმდებელმა მოსარჩელის და მის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ ისეთი სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა, რომლის პირობებშიც აღნიშნული პირები სამართლის სუბიექტის ნაცვლად განიხილებიან  სამართლის ობიექტებად და  წარმოადგენენ კონკრეტული მიზნების მიღწევის საშუალებას. სადავო ნორმების საფუძველზე პირები ხდებიან სახელმწიფოს მიერ  ლეგიტიმური მიზნების მისაღწევი ღონისძიებების ეფექტურობის მსხვერპლნი.  სახელმწიფო ასეთ პირებს იყენებს ეროვნული უშიშროების დაცვისა და კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევის მიზნების მიღწევის საშუალებად.  ამგვარი მოპყრობა არ შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების უფლებას.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 2/5/560, 28 ოქტომბერი, 2015

 

„კონსტიტუციის მიზნებისთვის ღირსების დაცვა გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე. ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები. ამასთან, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს.“

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადამიანის ღირსების დაცვის კონსტიტუციური მასშტაბი არსებითად განსხვავებული და გაცილებით ფართოა ღირსების უფლების სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის ფარგლებთან შედარებით.

რაც შეეხება კითხვას, ვრცელდება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის გარანტიები გარდაცვლილ პირზე – ამა თუ იმ კონსტიტუციური უფლების სუბიექტის საკითხის გარკვევის, გადაწყვეტისგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში საკითხი არაორდინალურია, ვინაიდან ეხება გარდაცვლილ პირს. ვრცელდება თუ არა კონსტიტუციური გარანტიები პირის პატივის უფლებასა და მის სასამართლოში დაცვაზე გარდაცვალების შემდეგ – ამ საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია უფლების ბუნებაზე ზოგადად, მის დანიშნულებასა და არსზე, ასევე კონსტიტუციური ინტერესების თანაარსებობის კონსტიტუციითვე დადგენილ ბალანსზე.

ზოგადად, უფლებების განსხვავებული შინაარსისგან დამოუკიდებლად, მათ აერთიანებთ ერთი თვისება, ისინი პირადი ხასიათისაა, რაც ნიშნავს, რომ განეკუთვნება კონკრეტულ პიროვნებას და არავის სხვას, ნათესაური კავშირისა და სიახლოვის ხარისხისგან დამოუკიდებლად (თუნდაც მშობელს ან შვილს). უფლებების პერსონიფიცირებული ხასიათი, პირველ რიგში, სწორედ იმას გულისხმობს, რომ ის ეკუთვნის კონკრეტულ, თითოეულ ინდივიდს და, მაშასადამე, არ/ვერ ეკუთვნის სხვას, შესაბამისად, ერთი პირის უფლებით ვერ ისარგებლებს სხვა, ისევე, როგორც კონკრეტული ინდივიდის უფლება ვერ დაერღვევა სხვას. ასეთი შესაძლებლობის დაშვება პირადი უფლების ბუნების საწინააღმდეგოა, ფიტავს მის არსს, უფლება ვერ იქნება პირადი, თუ მისით სარგებლობს სხვა. უფლებები პერსონალური ხასიათისაა და დაკავშირებულია უშუალოდ მათ მფლობელთა ცნობიერებასთან, აღქმასთან.“

საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

 

„უფლებების პერსონიფიცირებული ხასიათი ვლინდება მათი სასამართლოში დაცვის ფარგლებითაც და, იმავდროულად, თავად განაპირობებს ასეთ ფარგლებს. სასამართლოს პირები მიმართავენ საკუთარი უფლებების დასაცავად. ასეთი წესრიგის იდეა და მიზანი არის, ერთი მხრივ, ადამიანის უფლების პატივისცემა, თავად გადაწყვიტოს, დგას თუ არა საკუთარი უფლებების/ინტერესების სასამართლოს მეშვეობით დაცვის საჭიროების წინაშე, ხოლო, მეორე მხრივ, მართლმსაჯულების ეფექტურობა, რომელიც მიიღწევა მხოლოდ სწორი გადაწყვეტილების მიღების გზით, და ფუჭი მართლმსაჯულების თავიდან აცილება. ამ მიზნების მიღწევა, სულ მცირე, საეჭვო გახდება (თუ არა შეუძლებელი), თუ ზოგადად დაშვებული იქნება ერთი პირის უფლების დასაცავად სხვა პირის მიერ სასამართლოსადმი მიმართვა, რადგან მხოლოდ უფლების მატარებელს შეიძლება ჰქონდეს ყველაზე ობიექტური განცდა, აღქმა, შეგრძნება საკუთარი უფლების დარღვევისა (სავარაუდო დარღვევისა), შედეგად, კონკრეტული ზიანის მიღებისა. ასეთი შეგრძნებების არარსებობის პირობებში კი უფლების დაცვის საჭიროებაც არ არსებობს. გარდა ამისა, სწორედ უფლების მატარებელს აქვს ობიექტურად მეტი ინტერესი, მოტივაცია უფლების დასაცავად და, როგორც წესი, მეტი ინფორმაციაც (მტკიცებულებები), რომელიც საკუთარი უფლების დაცვაზე და სწორი გადაწყვეტილების მიღებაზე პოტენციურად მოახდენს გავლენას.

ამავე დროს, უფლების მატარებელი პირის ნების გამოვლენის შეუძლებლობის პირობებში, უკიდურეს შემთხვევაში, აუცილებელი ხდება მისი ნების ჩანაცვლება (მაგალითად, კომაში მყოფი პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები). მაშასადამე, პირის უფლების სუბიექტად მიჩნევა ყოველთვის და უპირობოდ არ არის დამოკიდებული პირის ნების (უფლების აღქმის, უფლებით სარგებლობისა თუ მისი დაცვის თაობაზე ნების გამოხატვის) ნამდვილობაზე, ნების გამოხატვის შესაძლებლობაზე. ბუნებრივია, ეს არ აბათილებს ზოგადად, უფლებით სარგებლობისთვის პირის ნების არსებობის აუცილებლობას, თუმცა ობიექტურად არსებობს ამ ზოგადი მიდგომიდან გამონაკლისების საჭიროებაც. ცხადია, ზედმეტია იმის მტკიცება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან კომაში მყოფი პირები სხვა ადამიანების თანაბრად არიან უფლებების, მათ შორის, პატივის, სახელის და რეპუტაციის უფლების სუბიექტები.

სამართალი პირების უფლებების რეალიზაციისა თუ დაცვისთვის სუბიექტთა წრეს საგანგებოდ არჩევს. გადამწყვეტი არის კრიტერიუმი, რომ სხვისი უფლების განმახორციელებელი/დამცველი პირი ობიექტურად იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ უფლების მატარებელი პირის უკიდურესად საუკეთესო ინტერესებში.

ცხადია, ასეთ პირობებში მაინც შეუძლებელია უფლების მატარებელი პირების უფლებების განხორციელება/დაცვა მათი ნამდვილი ნების სრულად ადეკვატურად. როდესაც პირი ნებას ვერ გამოხატავს, შეუძლებელია იმის ზედმიწევნითი სიზუსტით განჭვრეტა, როგორ მოიქცეოდა ის საკუთარ ინტერესებში, როგორ ისარგებლებდა უფლებით ან დაიცავდა მას, ან/და საერთოდ მიიჩნევდა თუ არა საჭიროდ ნების გამოხატვას უფლებით სარგებლობასა თუ მის დაცვაზე. ბუნებრივია, ასეთ დროს ცდომილებების რისკი ყოველთვის არსებობს ყველაზე კეთილსინდისიერი და გულისხმიერი მიდგომის პირობებშიც კი.

თუმცა ასეთი ცდომილებების მიუხედავად, ვინაიდან ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ცოცხალ ადამიანებზე, რომელთა უფლებების სუბიექტებად მიჩნევის საკითხი ცალსახად და არაორაზროვნადაა გადაწყვეტილი კონსტიტუციით – მათ აქვთ უფლებები, სამართალი ვალდებულია, შეძლებისდაგვარად დაიცვას ისინი ყველაზე საუკეთესო პერსპექტივით, იმ იმედით და დამოკიდებულებით, რომ ამ ადამიანების ნება, მათი არსებობისა და განვითარების კონკრეტულ ეტაპზე შესაძლოა ნამდვილი გახდეს. ასეთი პერსპექტივა პირის გარდაცვალების შემდეგ ბუნებრივად აღარ არსებობს.

როგორც არაერთგზის აღინიშნა, ადამიანი არის მთავარი ღირებულება, კონსტიტუციის მიზანი კი სახელმწიფოს მხრიდან გაუმართლებელი ჩარევისაგან მისი დაცვაა. სწორედ ამიტომ არის აღჭურვილი ადამიანი კონსტიტუციური გარანტიებით, რომლებიც ნებისმიერ პირს, როგორც კონსტიტუციური უფლებების სუბიექტს, შესაძლებლობას აძლევს (პირადად ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით), დაიცვას საკუთარი ინტერესები. ასეთი თვისობრიობით გამოირჩევა პირის სახელის, რეპუტაციისა და პატივის ცილისწამებისაგან დაცვის უფლებაც.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება ამავე კანონის მე-13 მუხლი არეგულირებს კერძო პირის ცილისწამების საკითხებს. კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით: „პირს ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

შესაბამისად, პირი ცილისწამების პოტენციურ მსხვერპლად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია შემდეგი პირობების კუმულაცია: ა) უნდა მოხდეს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გაკეთება; ბ) ეს განცხადება უნდა იყოს კონკრეტული პირისთვის ზიანის მიმყენებელი და მისი სახელის გამტეხი. ამ დროს ზიანი ეფუძნება სუბიექტურ აღქმას, იგი არღვევს ადამიანის სიმშვიდეს და ხელს უშლის, იცხოვროს კომფორტულ გარემოში. შესაბამისად, ცილისწამების შედეგად შელახული სახელის, პატივის დაცვის მიზეზი, მიზანი არის ემოციური და მორალური ზიანის კომპენსირება გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის სიმცდარის მტკიცების გზით. ამასთან, ამგვარი ზიანის ანაზღაურება ემსახურება სწორედ იმ  პირის ინტერესებს, რომელმაც ზიანი განიცადა. პასუხისმგებლობაც მხოლოდ მაშინ დადგება, თუ უშუალოდ ცილისწამების ობიექტი, როგორც მოსარჩელე (კერძო პირი) დაამტკიცებს სასამართლოში, რომ მასზე გავრცელებული განცხადება ეფუძნება არსებითად მცდარ ფაქტს, ამასთან, რომ უშუალოდ მან განიცადა ზიანი.

ამ პირობების დაკმაყოფილება გარდაცვლილი პირის შემთხვევაში შეუძლებელია. განცხადება არის თუ არა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, იმავდროულად, აყენებს თუ არა პირს ზიანს და უტეხს თუ არა მას სახელს, ეს, პირველ რიგში, სწორედაც რომ იმ პირის შეფასების საგანს წარმოადგენს, რომლის თაობაზეც გაკეთდა განცხადება. მას ობიექტურად აქვს ყველაზე სწორი ინფორმაცია, სიმართლეა თუ სიცრუე მის შესახებ განცხადებაში მოყვანილი ფაქტი, ამასთან, უშუალოდ მას შეუძლია იმის შეგრძნება, განცდა, ზიანს აყენებს თუ არა მას ეს განცხადება და რა ტიპის ზიანია ეს. გარდაცვლილ პირს ამის შესაძლებლობა ობიექტურად არ აქვს.“

საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

 

„სუბიექტურად შეფასებადია, განცხადება არის თუ არა განცხადების ადრესატის სახელის გამტეხი. ბუნებრივია, ადამიანები ინდივიდუალურად და სუბიექტურად, მათ შორის, მათი პირადი თვისებების, ხასიათის, ინტელექტის და ემოციური მდგომარეობის მიხედვით აღიქვამენ და აფასებენ ფაქტებს, მოვლენებს. ამიტომ ერთი და იგივე განცხადება, ფაქტი რადიკალურად განსხვავებულად შეიძლება იყოს აღქმული, შეგრძნებული, შეფასებული სხვადასხვა პირების მიერ. მაგალითად, თუ პირზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის არის ქურდული სამყაროს წევრი, მაშინ როდესაც სინამდვილეში ეს ასე არ არის, ერთმა ადამიანმა, მასზე ასეთი მცდარი განცხადება შეიძლება ძალიან მტკივნეულად აღიქვას და აუცილებლად იდავოს სასამართლოში, ხოლო მეორემ საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება ან შესაძლოა, ეს სულაც არ ჩათვალოს სახელის გამტეხ ინფორმაციად, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირის ოჯახის წევრებისთვის, მისი ახლობლებისთვის ეს სწორედაც რომ ღირსების შემლახველ ცნობებად შეიძლება იქნეს აღქმული. შესაბამისად, ასეთი ინფორმაციის ამ პირის გარდაცვალების შემდეგ გავრცელების შემთხვევაში, ის რაზეც ეს პირი სიცოცხლეში არ იდავებდა, მისმა ოჯახის წევრებმა შეიძლება მისი სახელის გამტეხ განცხადებად მიიჩნიონ და დავა დაიწყონ სასამართლოში. ის, რაც ერთი ადამიანის აზრით რეპუტაციის შემლახველია, მეორესთვის ეს შეიძლება ასე სულაც არ იყოს, ინდიფერენტული იყოს ამის მიმართ და არა მხოლოდ სასამართლოში არ იდავოს, არამედ საჯაროდ პასუხის გაცემაც არ ჩათვალოს საჭიროდ. შესაბამისად, რასაც გარდაცვლილი პირის უახლოესი ადამიანი მისი რეპუტაციის შემლახავად მიიჩნევდა, გარდაცვლილს სიცოცხლეში შესაძლოა ყურადღებაც კი არ მიექცია, მით უფრო, სასამართლოში დავა არ ჩაეთვალა საჭიროდ.

მაშასადამე, ადამიანის პატივის, სახელის და რეპუტაციის უფლება, შესაბამისად, ცილისმწამებლური განცხადებებისაგან თავის დაცვა, უკიდურესად პერსონალური ხასიათისაა. პატივის და რეპუტაციის სავარაუდო დარღვევისას შესაძლებელია წარმოიდგინო სხვა ადამიანის (ცილისწამების ობიექტის) ემოციური მდგომარეობა, მისი გრძნობები, მაგრამ, ბუნებრივია, შეუძლებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ზუსტად ისე გაიაზრო და განიცადო, როგორც უფლების მატარებელმა. სხვის მაგივრად მისი სავარაუდო მდგომარეობის, გრძნობების, ემოციების გააზრება ადამიანმა ისევ საკუთარი პიროვნებიდან, საკითხებისადმი საკუთარი დამოკიდებულებიდან და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება შეაფასოს და გაიაზროს, ანუ ისევ თავად (და არა უფლების მატარებელი) იყოს შეფასების კრიტერიუმების შემრჩევი, რაც ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა დაემთხვეს, მაგრამ სრულად და ყოველთვის ვერ იქნება სხვა ადამიანების აღქმის, ემოციის, ღირებულებების, აზროვნების წესის იდენტური. ვინაიდან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, განსაკუთრებით შეუძლებელია ადამიანების გრძნობების, ემოციების და, მით უფრო, აზროვნების იდენტურობის მიღწევა, შესაბამისად, აბსურდულია ამის მტკიცებაც. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები ერთნაირად იქცევიან, შესაძლოა სულ სხვადასხვაგვარად ფიქრობენ, გრძნობენ და მათი იდენტური ქცევის მიზეზიც განსხვავებული იყოს. ვინაიდან სხვისი პირადი გრძნობებისა და ემოციის ობიექტური ხარისხით შეფასება შეუძლებელია, შესაბამისად, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ჩაითვლებოდა გარდაცვლილი პირის შეურაცხყოფად, რადგან ემოცია და გრძნობები მკაცრად სუბიექტური სფეროა.

შესაბამისად, უფლების პერსონალური ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია გარდაცვლილი პირის ნაცვლად, მისმა, თუნდაც ყველაზე ახლობელმა, მისსავე საუკეთესო ინტერესების დაცვის კეთილსინდისიერად აღსრულების ფარგლებში, ზუსტად იცოდეს, რას ჩათვლიდა გარდაცვლილი პირი პატივის/რეპუტაციის შემლახველად, რას განიცდიდა ცოცხალი რომ ყოფილიყო და მიიღებდა თუ არა ის მორალურ ზიანს კონკრეტული განცხადების შედეგად. შეუძლებელია გარდაცვლილი პირის ნამდვილი ნების დადგენა, რადგან ყოველი ადამიანი თავად განსაზღვრავს რა არის მისთვის კონკრეტულ მომენტში მნიშვნელოვანი, რა სახით გადაწყვეტს მისი სიკეთის დაცვას.

გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, შესაძლოა, მხოლოდ გარდაცვლილი პირი ფლობდეს სწორ ინფორმაციას. შედეგად, ის განცხადება, რომელიც მის ახლობელს ცილისმწამებლურად, ანუ არსებითად მცდარ ინფორმაციად მიაჩნია, სინამდვილეში შესაძლოა სწორ, ნამდვილ ფაქტებს ეფუძნებოდეს და, შესაბამისად, სულაც არ იყოს ცილისმწამებლური, რის გამოც, გარდაცვლილი სიცოცხლეში არ იდავებდა. განცხადება ეფუძნება თუ არა არსებითად მცდარ ფაქტს, უმეტეს შემთხვევაში, ყველაზე უკეთ მხოლოდ განცხადების უშუალო ადრესატმა შეიძლება იცოდეს, მხოლოდ მან იცის საკუთარ თავზე პირუთვნელი სიმართლე, რის გამოც, მას აქვს ყველაზე ობიექტური საფუძველი იდავოს ან არა სასამართლოში, კონკრეტული ზიანის გამო. ბუნებრივია, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სიმართლე გარდაცვლილის იდენტურად იცოდნენ მისმა უახლოესმა ადამიანებმაც, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახლობლებს შეუძლიათ სიმართლის მტკიცება (აქვთ საკმარისი მტკიცებულებები), იმის მტკიცება მაინც შეუძლებელია, რომ პირი ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად იდავებდა სასამართლოში.

მაშასადამე, პირის სიცოცხლეში მისი პატივისა და რეპუტაციის უფლება მისი ინდივიდუალური სფეროა, შესაბამისად, ის სუბიექტურად იღებს და აფასებს ამა თუ იმ მოვლენას, ნების არსებობის შემთხვევაში კი მიმართავს  სასამართლოს. გარდაცვლილი პირის შემთხვევაში კი, არც მოვლენის შეფასების სუბიექტური შესაძლებლობა არსებობს და არც თავად ნება, იდავოს ცილისმწამებლური განცხადების თაობაზე. ნიშანდობლივია ის, რომ ღირსება და პატივი პირადი ხასიათის უფლებაა და არ გადადის ახლობლებზე…“

ასეთ პირობებში, ცხადია, განსხვავებულია გარდაცვლილი პირების ინტერესების დაცვისას დაპირისპირებულ ინტერესებს შორის კონსტიტუციური ბალანსი. ზოგადად, კონფლიქტი ისეთ კონსტიტუციურ ღირებულებებს შორის, როგორებიცაა ადამიანის სახელის, რეპუტაციის, პატივის უფლება და გამოხატვის თავისუფლება, ობიექტურად გარდაუვალია. ასეთ დროს კონსტიტუციის მიზანი არის მათი გონივრული დაბალანსება, ორივე სიკეთის უზრუნველყოფა, ხოლო ხელისუფლების ვალდებულებაა ასეთი ბალანსის დაცვა.

„…ვერც ერთი ხელისუფალი და ვერც ერთი კანონი ვერ შეცვლის ადამიანის ბუნებას, მის იმანენტურ თვისებას, განვითარდეს საკუთარი უნარების, შესაძლებლობების, გემოვნების, სურვილების შესაბამისად. ამიტომ სახელმწიფოს არ გააჩნია უფლებამოსილება, დაყოს აზრები „მართებულ“ თუ „არამართებულ“, „სასურველ„ თუ  „არასასურველ“ და სხვა სახის კატეგორიებად. თუ ადამიანს არ შეუძლია იმის თქმა, რასაც ფიქრობს ან თუ მას აიძულებენ თქვას ის, რასაც არ ეთანხმება, ამით შეურაცხყოფენ ადამიანის უფლებების საფუძველთა საფუძველს – მის ღირსებას.“

საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

 

„როგორც უფლების ბუნება, ისე კონსტიტუციით დადგენილი ბალანსი არ იძლევა გარდაცვლილი პირის პატივის უფლების სუბიექტად მიჩნევის შესაძლებლობას. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი ამ სიკეთის სასამართლოში დაცვისთვისაც.

იმავდროულად, ბუნებრივია, არ შეიძლება მოსარჩელის იმ მოსაზრების უგულებელყოფა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს გარდაცვლილ პირზე კეთილი ხსოვნის შენარჩუნებას. არასწორი იქნებოდა იმის დაშვება ან მოტივირება, ხელშეწყობა, რომ  გარდაცვალების შემდეგ თავისუფლად ხდებოდეს პირის დაუსაბუთებელი ბრალდება, მასზე არსებითად მცდარი განცხადებების გავრცელება. ცხადია, არსებობს იმის ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერმა პირებმა ისარგებლონ ამგვარი შესაძლებლობით და დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური განცხადებები გაავრცელონ გარდაცვლილ პირზე. მნიშვნელოვანია, რომ ის, რის თქმასაც მოერიდებოდნენ ადამიანის სიცოცხლეში და რასაც ვერ დააბრალებდნენ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის და დავის წაგების შიშით, სრულიად უსაფუძვლოდ არ დააბრალონ ადამიანს გარდაცვალების შემდეგ შურისძიების ან სხვა მოტივით.

ამასთან, არაგონივრული იქნებოდა იმის მტკიცებაც, რომ განზრახ არასწორი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება გამოხატვის თავისუფლებას ან საზოგადოების განვითარებას წაადგება. მიუხედავად იმისა, რომ ტყუილის თქმა ასევე გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, არ შეიძლება საზოგადოების ინტერესებში იყოს უაპელაციო ტყუილის, როგორც მართალი ინფორმაციის მიწოდება, ფაქტების დამახინჯება. არ არსებობს ობიექტური ინტერესი, საზოგადოებამ იცოდეს კონკრეტულ ადამიანზე არასწორი, მცდარი, ყალბი ინფორმაცია და იღებდეს მას როგორც სწორს.

თუმცა ზემოაღნიშნული სიკეთეების მნიშვნელობა მათ გარდაცვლილის უფლებად ვერ აქცევს და ვერც გამოხატვის თავისუფლებაში ასეთი ფორმით ჩარევას გაამართლებს. როგორც აღინიშნა, გარდაცვლილს ობიექტურად არ აქვს შესაძლებლობა, შეიგრძნოს, შეაფასოს, გააანალიზოს ასეთი ინფორმაცია, შესაბამისად, განიცადოს კონკრეტული ზიანი.

გარდაცვლილზე კეთილი ხსოვნის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ბერკეტი ისევ გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი სიტყვის ფორუმია, სადაც გარდაცვლილის ახლობლებს შეუძლიათ გაავრცელონ სწორი ვერსია და უარყონ ცილისმწამებლური ინფორმაცია, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები.  გარდაცვლილი პირის მიმართ ცილისმწამებლური განცხადების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური, შესაძლოა, საპასუხო განცხადება იყოს.

აღსანიშნავია, რომ გამოხატვის თავისუფლების, როგორც გარდაცვლილის სახელის და რეპუტაციის დასაცავად ეფექტური ინსტრუმენტის გამოყენების გარდა, გარდაცვლილის ახლობლებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, მიმართონ სასამართლოს, თუ გარდაცვლილის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია, იმავდროულად, მათ პირად უფლებებს არღვევს. ასეთ დროს ობიექტურად დასაბუთებადი უნდა იყოს მათი პირადი უფლებების დარღვევა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომასა და შეფასებას მოითხოვს, გარდაცვლილის თაობაზე ესა თუ ის განცხადება რამდენად შეიძლება  შემხებლობაში იყოს მისი ოჯახის წევრების პირად უფლებებთან და რამდენად მჭიდრო, გარდაუვალი და მკვეთრია ზეგავლენა მათ უფლებებზე.“

საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი კრძალავს არაჰუმანური და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას, მიუხედავად იმისა თუ რამდენად მნიშნველოვანი სიკეთის დასაცავად ხორციელდება იგი. შესაბამისად, სახელმწიფოს ხელში არსებული იძულების ღონისძიებები დამოუკიდებლად ექვემდებარება კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან შესაბამისობის შემოწმებას. ზოგადად, ადამიანების მიმართ სასჯელის ან/და იძულების ღონისძიების გამოყენებს ბუნებრივად მოჰყვება მათთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა. ამდენად, სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური შესაძლებლობა გამოიყენოს უფლების მზღუდავი იძულების ღონისძიება, თუმცა ხსენებული შესაძლებლობა არ არის უსაზღვრო. გარკვეულ შემთხვევებში სახელმწოფოს მოპყრობა არაჰუმანურ ან/დ ღირსების შემლახველ ხარისხს აღწევს და შესაბამისად, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მოთხოვნებს არღვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, მის საკუთრებაში ცხოვრება აუკრძალოს პირებს, თავისთავად არ მიუთითებს, სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების სანაცვლოდ, პირებისათვის ნებისმიერი ქმედების განხორციელების მოთხოვნის დასაშვებობაზე“.

საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. №2/3/663 . 11 მაისი, 2018

“როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს ადამიანის სამართლის შიშველ ობიექტად განხილვას და მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო, იმისათვის რომ მიაღწიოს ლეგიტიმურ მიზანს, იყენებს ადამიანის მძიმე სოციალ-ეკონომიურ მდგომარეობას, მის მოწყვლადობას კონკრეტული საჯარო მიზნის მიღწევის საშუალებად და ხსენებული a priori აქცევს სადავო ნორმას ადამიანის ღირსების შემლახველად.“

საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, №2/3/663 , (2018 წლის 11 მაისი)

Back to Top