მე -18 მუხლის მე-2 პუნქტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილში საუბარია პატივისა და ღირსების შემლახველი „ცნობების“ უარყოფის ვალდებულებაზე, მაგრამ მხოლოდ იმ აუცილებელი პირობის დაცვით, რომ ამ ცნობების გამავრცელებელი „არ დაამტკიცებს“ მათ სისწორეს, სინამდვილესთან შესაბამისობას. რადგან სადავო ნორმა ცნობების გამავრცელებლისათვის ადგენს ამ ცნობების ნამდვილობის მტკიცების ვალდებულებას, ეს გარემოება გვაძლევ იმის თქმის უფლებას, რომ ტერმინში „ცნობები“ მოიაზრება ფაქტები. ანუ სადავო ნორმა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც პირი ავრცელებს პატივისა და ღირსების შემლახველ ფაქტებს და არა უბრალოდ გამონათქვამს მოსაზრებებს, თუნდაც შეურაცხმყოფელს, რომელთა სისწორის შემოწმება ან მტკიცება შეუძლებელია. ფაქტებისა და მოსაზრებების ხისტი გამიჯვნა ხშირად ძალზე რთულია. აზრები უმეტესწილად გამოიხატება რაღაც კონკრეტულ ფაქტებთან კავშირში, ეხება და ეფუძნება მათ. ფაქტებისა და მოსაზრებების გონივრული გამიჯვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის სწორად გამოყენებისა და შესაბამისად, ერთი მხრივ სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მეორე მხრივ კი – პატივისა და ღირსების უფლების დაცვის გარანტიას წარმოადგენს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული საკითხის სწორად გადაწყვეტა  საერთო სასამართლოების კომპეტენციას განეკუთვნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია რომ  „ცნობები“ ფართო ცნებაა, იგი ბოლომდე არ გამიჯნავს ფაქტებს და აზრს ( შეხედულება, მოსაზრება), რასაც სხვადასხვა სამართლებრივი შედეგის დადგომა შეიძლება მოჰყვეს. სსკ მე-18 მუხლი ცნობების მტკიცების ვალდებულებაზე მითითებისას  სწორედ ფაქტებს მოიაზრებს, რომელთა ნამდვილობა დამტკიცებას ექვემდებარება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი პირს ავალებს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფას სამი პირობის ერთდროულად არსებობისას: 1. თუ პირმა გაავრცელა ცნობები (ანუ ფაქტობრივი გარემოებები) ; 2. ეს ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს; 3. ცნობების გამავრცელებელმა სასამართლოში „არ დაამტკიცა“ გავრცელებული ცნობების სისწორე. ამ დროს ადგილი აქვს სხვა პირის პატივისა და ღირსების კონსტიტუციური უფლების შელახვას. პატივისა და ღირსების დაცვა წარმოადგენს საზომს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც თავად კონსტიტუციითა (მუხ.19.3) არის დაშვებული და სავალდებულოს. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ერთადერთი კანონიერი მიზანი არის სხვათა უფლებების დაცვა.“

მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/241, 11 მარტი, 2004

 

„შელახული პატივისა და ღირსების აღდგენის ადეკვატურ ზომად შეიძლება ჩაითვალოს:ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოახდენენ პირის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის გარკვეულწილად კომპენსირებას. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა გაითვალისწინა მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურება – მართალია, მორალური ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია, მაგრამ ფულადმა კომპენსაციამ უნდა უზრუნველყოს ხელყოფილი პიროვნული სიკეთის პიროვნების სულიერი ტკივილის დადებითი ემოციებით შეცვლა და პიროვნების სრულფასოვანი ჩართვა სოციალურ ურთიერთობებში. ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებაში შეურაცხყოფილ პირზე აზრის შეცვლას, იმ სწორი შეხედულების ჩამოყალიბებას, რომელიც არსებობდა პირზე არასწორი ცნობების გავრცლებამდე ამას უზუნველყოფს პასუხის უფლება და გავრცელებული ცნობების უარყოფა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მექანიზმები არ მოიცავს ერთგვაროვან ურთიერთობებსა და შემთხვევებს, რის გამოც თითოეული მათგანის არსებობა აუცილებელია პირის პატივისა და ღირსების დასაცავად. კერძოდ: პირს რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, პასუხის უფლება წარმოეშვება მაშინაც კი, როდესაც ცნობების გამავრცელებელს შეუძლია დაამტკიცოს მათი შესაბამისობა სინამდვილესთან. სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმას, რომელიც ითვალისწინებს პასუხის უფლებას, არ აინტერესებს რამდენად მტკიცედაა გამოქვეყნებული პატივის და ღირსების შემლახველი ცნობები, იგი პირს აძლევს ცნობების გამავრცელებლის ანალოგიურ საშუალებას, გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები და ამით გარკვეულწილად დაიცვას თუნდაც დამტკიცებული ცნობებით შელახული პატივი და ღირსება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში არ არსებობს გავრცელებული ცნობების უარყოფის დავალდებულების მექანიზმი. ეს უკანასკნელი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც სასამართლო წესით დადგენილია მათი სინამდვილესთან შეუსაბამობა. ცრუ ფაქტების გავრცელება არ ხვდება აზრის თავისუფლების დაცვის სფეროში.“

მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/241, 11 მარტი, 2004

 

„უდავოა, რომ ადამიანის პირადი თავისუფლების, მისი ხელშეუხებლობის, საკუთარი ნების შესაბამისად მოქმედების თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, შეუზღუდავი უფლება. თუმცა, ის აბსოლუტურად არის დაცული უკანონო, უსაფუძვლო და თვითნებური შეზღუდვისგან. პირადი თავისუფლების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობის, მისი გადაწყვეტილების საფუძველზეა დასაშვები. კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო, ერთი  მხრივ, მოქმედებს როგორც ადამიანის ფიზიკური თავისუფლების დაცვის გარანტი, ხოლო, მეორე მხრივ, მისი შეზღუდვის უფლებამოსილებით აღჭურვილი ლეგიტიმური ორგანო.

კონსტიტუციის მე-18 მუხლი ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას განსხვავებული საფუძვლებით, პირობებითა და დროით ითვალისწინებს. აღნიშნულ მუხლში გამოყენებული ტერმინები – „თავისუფლების აღკვეთა“, „პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა“, „დაკავებული“, „დაპატიმრებული“, ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის განსხვავებულ შემთხვევებსა და მიზნებს უკავშირდება და, ამდენად, აღნიშნული მუხლით დაცული სფეროს ფარგლებს განსაზღვრავს.

კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა“ დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. შესაბამისად, ადამიანის თავისუფლების, მისი ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა, როგორც წესი, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს. ეს არის ძირითადი წესი, პრინციპი, რომელსაც თავისუფლების უფლების მზღუდავი ნორმა უნდა აკმაყოფილებდეს.

კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტი პირის ფიზიკური თავისუფლების ხანგრძლივი შეზღუდვის შემთხვევებს განსაზღვრავს, მაგალითად: წინასწარი პატიმრობა ან სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, სასჯელის (ან სახდელის) სახით თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ. შესაბამისად, სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამო იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უშვებს. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა იქნება, თუ სადავო ნორმის საფუძველზე პირის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 72 საათზე მეტი ვადით არის შესაძლებელი.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/503,513, 11 აპრილი, 2013

 

„აღსანიშნავია, რომ სივრცეში პირის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან შემხებლობას ყოველთვის არ განაპირობებს. წარმოუდგენელია, რომ გადაადგილების თავისუფლების ყოველი შეზღუდვა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდეს ან პოლიციელს პირის სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას აკისრებდეს. ასევე არასწორია პოლიციელის მიერ პირის გადაადგილების თავისუფლების ნებისმიერი ხანმოკლე შეზღუდვის დაკავებასთან გათანაბრება. იმისთვის რომ თავისუფლების შეზღუდვა მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დაცულ სფეროში მოექცეს, საჭიროა, რომ უფლებაში ჩარევამ ინტენსივობის (სიმწვავის) გარკვეულ ხარისხს მიაღწიოს, როგორც მინიმუმ, თავისუფლების შეზღუდვის ვადა ხანგრძლივი უნდა იყოს.

თავისთავად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაბალი ინტენსივობის თავისუფლების შეზღუდვა მე-18 მუხლის ფარგლებს გარეთ რჩება. ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში ავტონომიურ, დამოუკიდებელ შემოწმებას ექვემდებარება. ისევე როგორც კონსტიტუციის სხვა მუხლებთან შემოწმებისას, ასეთ შემთხვევაშიც, სახელმწიფო ვალდებულია ამტკიცოს, რომ უფლებაში ჩარევა აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტს და წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებ მზღუდავ საშუალებას.

დაუშვებელია, რომ პირის თავისუფლებაში ჩარევა ეფუძნებოდეს მხოლოდ სუბიექტურ განცდას, წინათგრძნობას ან ინტუიციას. პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული ეჭვის წარმოქმნა ისეთ ფაქტს, გარემოებას ან მათ ერთობლიობას უნდა ემყარებოდეს, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს ეჭვის წარმოქმნის საფუძვლიანობაში დაარწმუნებს. გონივრული ეჭვის მტკიცებულებითი სტანდარტი წარმოადგენს დასაბუთებული ვარაუდის წინა საფეხურს. გონივრული ეჭვის საფუძველზე, სახეზე არის მხოლოდ ეჭვი.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/503,513, 11 აპრილი, 2013

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება, თავისი ხასიათით, არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა დასაშვებია ამავე მუხლით დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

იმ პირობებში, როდესაც პირს წართმეული აქვს უნარი, სრულად ან ნაწილობრივ გააცნობიეროს მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის მნიშვნელობა და სამომავლო შედეგები, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე სასამართლო კონტროლი უაღრესად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, მაშინ როდესაც პირს უფლება არ აქვს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულების დატოვების შესახებ, იქმნება იმის გაუმართლებელი რისკი,  რომ ნეიტრალური სუბიექტის მხრიდან კონტროლის არარსებობის პირობებში, მეურვემ ან სამკურნალო დაწესებულებამ გადაამეტონ მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

თავისუფლების უფლებაში ჩარევისადმი წაყენებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი მოთხოვნები რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით. იგი ადგენს, რომ თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ამგვარად, კონსტიტუციური სტანდარტია, რომ თავისუფლების შეზღუდვა აუცილებლად ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. ამავე დროს, კონსტიტუციის მე-18 მუხლი განსაზღვრავს სასამართლო კონტროლის პროცედურას და ადგენს, რომ დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი უშვებს შესაძლებლობას, რომ განსაზღვრული პირობების არსებობისას,  პირის თავისუფლება 48 საათის განმავლობაში შეზღუდული იყოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სტაციონარში მოთავსება შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდით, თვეების ან წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი თავისუფლების უფლების შეზღუდვა ბევრად აღემატება კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ 48 საათიან დასაშვებ ზღვარს, რა ვადის განმავლობაშიც შესაძლებელია პირის თავისუფლება შეიზღუდოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. კონსტიტუციის აღნიშნული მოთხოვნა პირის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსთან და შეზღუდვის ვადასთან დაკავშირებით იმპერატიულია. პირის თავისუფლების უფლების დაცვის  კონსტიტუციის მე-18 მუხლით განმტკიცებული  აღნიშნული კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტი არ იძლევა პირის ამ პროცესუალური გარანტიის შეზღუდვის შესაძლებლობას.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

Back to Top

%d bloggers like this: