მე -18 მუხლის მე-3 პუნქტი

„ძალზე რთულია ამომწურავი განსაზღვრების მოძებნა, რომელიც ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნავდა ადამიანის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის ფორმებს. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ზღვარის დასადგენად კონკრეტული, ინდივიდუალური გარემოებების შეფასება არის საჭირო. იმის გასარკვევად, წარმოადგენს თუ არა შეჩერება დაკავებას თუ ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის სხვა შემთხვევას, საჭიროა ჩარევის მიზნისა და ამოცანის, განხორციელებული ჩარევის სამართლებრივი შედეგის და მისი ინტენსივობის შეფასება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი გარემოებანი, როგორებიცაა: უფლებაშეზღუდული პირის სამართლებრივი სტატუსი, შეზღუდვის ფორმა (ლეგიტიმური ძალის გამოყენება ან მისი გამოყენების რეალური საფრთხე), უფლებაში ჩარევის ხარისხი და ხანგრძლივობა.

დაკავებასთან გვაქვს საქმე, როდესაც პირი ეჭვმიტანილია კონკრეტული დანაშაულის ან სამართალდარღვევის ჩადენაში და როდესაც მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, აუცილებელია საზოგადოებისგან პირის დროებით იზოლირება, ან მისი დახურულ სივრცეში გადაყვანა (მოთავსება) აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების  უზრუნველყოფის მიზნით. ამდენად, დაკავების განსაზღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სივრცე, ანუ პირის განსაზღვრულ (როგორც წესი, დახურულ) სივრცეში მოთავსების ფაქტი, როდესაც მას ამ სივრცის დატოვების შესაძლებლობა არ აქვს. ამასთან, პირი დაკავებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მას ფიზიკური თავისუფლება დახურულ სივრცეში გადაყვანის მიზნით შეეზღუდება. გარდა ამისა, მე-18 მუხლის მიზნებისთვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა დაკავებას წარმოადგენს, თუ პირს თავისუფლება ხანგრძლივი დროით (72 საათის ფარგლებში) ეზღუდება. თავისუფლების შეზღუდვის სწორედ ამგვარ შემთხვევაზე ვრცელდება მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სასამართლოსადმი წარდგენის ვალდებულება და ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დაცვის უფლების უზრუნველყოფის გარანტია.

სადავო ნორმით გათვალისწინებული პოლიციელის უფლებამოსილება, ერთი შეხედვით, დაკავების მსგავსების შთაბეჭდილებას ქმნის. ორივე შემთხვევაში, შეჩერებისას, ისევე როგორც პირის დაკავებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, შეზღუდოს პირის ფიზიკური თავისუფლება, მოითხოვოს კონკრეტულ ადგილას პირის გაჩერება. თუმცა იმისთვის რომ სადავო ნორმა კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზნებისთვის დაკავებად დაკვალიფიცირდეს, ის ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს: სამართლებრივად ან ფაქტობრივად უნდა წარმოადგენდეს სისხლისსამართლებრივ დევნას; უნდა უკავშირდებოდეს, პირის ნების საწინააღმდეგოდ, მისი ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის და დახურულ (შემოფარგლულ) სივრცეში გადაყვანის ან/და მოთავსების ფაქტს; თავისუფლების შეზღუდვის დრო უნდა იყოს საკმარისად ხანგრძლივი იმისთვის, რომ ის შეზღუდვის ინტენსივობის ხარისხით მე-18 მუხლით გათვალისწინებულ დაკავებას ფაქტობრივად გაუთანაბრდეს.“

კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი… ერთგვარ გამონაკლისს ადგენს, რომელიც ადამიანის დაკავების ან თავისუფლების სხვაგვარ შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც ითვალისწინებს. თუმცა ამ საგამონაკლისო ნორმის ფარგლები კონსტიტუციით მკაცრად არის რეგლამენტირებული. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს ვალდებულებას, რომ დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი სასამართლოს არა უგვიანეს 48 საათისა წარედგინოს. საგამონაკლისო უფლებამოსილება გათვალისწინებულია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც დანაშაულის (სამართალდარღვევის) აღკვეთის ან პრევენციის მიზნით, ადამიანის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის მყისიერი, გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს.

მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაკავება ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა კონტექსტში უნდა იქნეს განხილული. როდესაც თავისუფლების უფლების შეზღუდვის მიზნით სასამართლოს წინასწარი თანხმობის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის შედარებით ხანმოკლე და ნაკლებად ინტენსიური შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს… სადავო ნორმა მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შეუსაბამო იქნება, თუ ის თავისუფლებაშეზღუდული პირის სასამართლოში წარდგენას 48 საათის ვადაში არ ითვალისწინებს.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/503,513, 11 აპრილი, 2013

 

 

„…ადამიანის თავისუფლების, მისი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში არის დასაშვები. პოლიციის ამოცანა, მისი უფლებამოსილება უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, მართლსაწინააღმდეგო, საზოგადოებრივად საშიში ქმედებისა და დანაშაულის პრევენციას, მათ გამოვლენას. ამ ამოცანების შესრულება (პოლიციელის მიერ) ძალის (ძალაუფლების) ლეგიტიმურ გამოყენებას და, ამდენად, ადამიანის კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, პოლიციელის ნებისმიერი ქმედება კანონით მკაცრად უნდა იყოს რეგლამენტირებული. პოლიციელი უფლებამოსილია, მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში შეზღუდოს პირის კონსტიტუციური უფლებანი. მოთხოვნას, რომელიც პირდაპირ არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან და ადამიანის თავისუფლებაში ჩარევას იწვევს, არ აქვს სავალდებულო ხასიათი. ასეთი მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმა ვერ გახდება პირის მიმართ უფრო მკაცრი ღონისძიების გატარების საფუძველი…

…კანონმდებლობა შეძლებისდაგვარად ცხადად უნდა განსაზღვრავდეს შეჩერების შემდგომ განსახორციელებელი ქმედებების ჩამონათვალს, ვინაიდან მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილი უფლებამოსილება შეიძლება გახდეს ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ სივრცეში პირის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან შემხებლობას ყოველთვის არ განაპირობებს. წარმოუდგენელია, რომ გადაადგილების თავისუფლების ყოველი შეზღუდვა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდეს ან პოლიციელს პირის სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას აკისრებდეს. ასევე არასწორია პოლიციელის მიერ პირის გადაადგილების თავისუფლების ნებისმიერი ხანმოკლე შეზღუდვის დაკავებასთან გათანაბრება. იმისთვის რომ თავისუფლების შეზღუდვა მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დაცულ სფეროში მოექცეს, საჭიროა, რომ უფლებაში ჩარევამ ინტენსივობის (სიმწვავის) გარკვეულ ხარისხს მიაღწიოს, როგორც მინიმუმ, თავისუფლების შეზღუდვის ვადა ხანგრძლივი უნდა იყოს.

თავისთავად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაბალი ინტენსივობის თავისუფლების შეზღუდვა მე-18 მუხლის ფარგლებს გარეთ რჩება. ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში ავტონომიურ, დამოუკიდებელ შემოწმებას ექვემდებარება. ისევე როგორც კონსტიტუციის სხვა მუხლებთან შემოწმებისას, ასეთ შემთხვევაშიც, სახელმწიფო ვალდებულია ამტკიცოს, რომ უფლებაში ჩარევა აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტს და წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებ მზღუდავ საშუალებას.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/503,513, 11 აპრილი, 2013

Back to Top