მე -18 მუხლის მე-5 პუნქტი

„სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია დაკავების კანონით დადგენილი შემთხვევები, ხოლო იმავე მუხლის მე-5 პუნქტი კი მიუთითებს „დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლებების შეზღუდვის საფუძველი“, ასევე აღსანიშნავია, გაერთიანებული ერების 1996 წლის 16 დეკემბრის „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლი, რომლის თანახმადაც, „არავინ შეიძლება თვითნებურად დააკავონ ან დააპატიმრონ, არავის შეიძლება თავისუფლება აღუკვეთონ სხვაგვარად, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლისა და პროცედურისა“. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუცია და აღნიშნული საერთაშორისო პაქტი ითვალისწინებენ დაკავებას- თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და საფუძველზე.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს პირის დაკავების შესაძლებლობას „სხვა მონაცემების“ საფუძველზე, ეს მონაცემები შესაძლებელია დაედოს საფუძვლად ეჭვს და არა პიროვნების შეზღუდვას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები უნდა იყოს მაქსიმალურად ცალსახა და გასაგები, რათა არ იძლეოდეს მათი ორაზროვანი განმარტების შესაძლებლობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად „დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლებების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს“. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ პირის დაკავებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და მიეცეს საშუალება, ისარგებლოს აღნიშნული უფლებებით მათ შორის უფლებით, მოითხოვოს დამცველის დახმარება.

სასამართლო კოლეგია ასევე აღნიშნავს, რომ პირი დაკავებულად შეიძლება ჩაითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც დაკავებისათვის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და საფუძველზე, შეუზღუდავს ადამიანს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებას.

თუ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაკავების საფუძვლები, არ უნდა არსებობდეს არც „დაკავება“, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან კონკრეტული პირის, არა ეგრეთ წოდებულ „კანონიერ დაკავებას“ , არამედ თავისუფლების უკანონო ხელყოფას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს „დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს“. როგორც სასამართლომ უკვე მიუთითა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრს და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს.“ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება, მართალია, არ ადგენს დამცველის საქმეში მონაწილეობის მისაღებად დაშვების კონკრეტულ ვადას, მაგრამ კონსტიტუციის მითითებული დებულების არსიდან გამომდინარე, დაკავებული ან დაპატიმრებული პირის მოთხოვნა დამცველის დახმარების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს დაუყოვნებლივ- მაქსიმალურად გონივრულ დროში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია აქვე მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, „დამცველი არის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიცირებულ იურიდიულ დახმარებას.“ ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაკავებულ ეჭვმიტანილს დამცველის დახმარება ესაჭიროება არა მარტო დაკითხვამდე, არამედ დაკავების მომენტიდან, მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად და მისთვის კვალიფიცირებული იურიდიული დახმარების გასაწევად.

კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს, „დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს“, ხოლო 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი „დაცვის უფლება გარანტირებულია“. კონსტიტუციის აღნიშნული დებულებების შესაბამისად, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს გარანტირებული უნდა ჰქონდეს დამცველის დახმარება. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის ძირითადი კანონი, მოიცავს სახელმწიფოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებსა და საფუძვლებს, რომელთა მიზანია, განისაზღვროს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის პირის უფლება, დაკავების ან დაპატიმრებისთანავე ისარგებლოს დამცველის დახმარებით.“

ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშელეიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/182,185,191, 29 იანვარი, 2003

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის მე-5 პუნქტი შემდეგი შინაარსისაა: „დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს“. როგორც მუხლის შინაარსიდან ჩანს, დამცველის მოთხოვნის უფლება პირის დაკავებას ან დაპატიმრებას უკავშირდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა კონსტიტუციის მე–18 მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადება და აღნიშნა, რომ, მართალია, ეს დანაწესი არ ადგენს დამცველის საქმეში მონაწილეობის მისაღებად დაშვების კონკრეტულ ვადას, მაგრამ ნორმის არსიდან გამომდინარე, საჭიროა დაკავებული ან დაპატიმრებული პირის მოთხოვნა დამცველის დახმარების შესახებ, დაკმაყოფილდეს დაუყოვნებლივ, „მაქსიმალურად გონივრულ დროში.“

არასწორია იმის მტკიცება, რომ თავისუფლების შეზღუდვის ყველა შემთხვევა მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს და, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული „დაკავება“ ან „თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა“ ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის ყველა შესაძლო შემთხვევას მოიცავს. როდესაც გადაადგილების თავისუფლების უფლებაში ჩარევა შედარებით დაბალი ინტენსივობით ხდება (მაგ., საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას მძღოლის გაჩერება), ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარანტიებისა და პროცესუალური უფლებების ავტომატურად ამოქმედებას არ იწვევს.

კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დაცვის უფლებით სარგებლობის გარანტიას კონსტიტუცია პირის დაკავების ან დაპატიმრების (მისი დევნის) შემთხვევაში ადგენს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის პრაქტიკაში განმარტა კონსტიტუციის მე–18 მუხლის მე-5 პუნქტისა და 42–ე მუხლის მე-3 პუნქტის ურთიერთმიმართების საკითხი. სასამართლო კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე-3 პუნქტს, მე–18 მუხლის მე-5 პუნქტთან შედარებით, უფრო ფართო დანაწესად განიხილავს. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე-3 პუნქტი მოიცავს მე–18 მუხლის მე-5 პუნქტს, თუმცა არ შემოიფარგლება ამ უკანასკნელი ნორმით რეგლამენტირებული მოთხოვნებით.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/503,513, 11 აპრილი, 2013

Back to Top

%d bloggers like this: