მე -18 მუხლის მე-6 პუნქტი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი წყვეტს მხოლოდ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის ვადებს, იგი არ შეიცავს განსასჯელის პატიმრობის ვადას მისთვის სასამართლოს მიერ კონკრეტული დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებამდე.“

ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშელეიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/3/182,185,191, 29 იანვარი, 2003

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. აღნიშნული დებულება ერთმნიშვნელოვანია და იმპერატიულ ხასიათს ატარებს.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/5/193, 16 დეკემბერი, 2003

 

„კონსტიტუცია, ითვალისწინებს რა გადაუდებელი აუცილებლობის შესაძლებლობას, ერთი მხრივ, თავისუფლების შეზღუდვას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც დასაშვებად მიიჩნევს, მაგრამ, ამავე დროს, ასეთ საგამონაკლისო შემთხვევებს დროის მკაცრ ჩარჩოში აქცევს. შესაბამისად, მე-3 პუნქტით დადგენილი გამონაკლისი, ადამიანის თავისუფლების ფიზიკური შეზღუდვის შესაძლებლობას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მხოლოდ დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთში ადგენს. მაშინ როდესაც არსებობს უფლებაში ჩარევის გადაუდებელი აუცილებლობა, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა ერთადერთ და აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს.

თავისუფლების უფლებაში არათანაზომიერი ან/და თვითნებური ჩარევის პრევენციის მიზნით, დაკავების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს კონტროლს ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილება თავისუფლების შეზღუდვის წინა პირობას წარმოადგენს, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შეზღუდვა გადაუდებელი აუცილებლობით არის განპირობებული, ის არა უმეტეს 72 საათის განმავლობაში არის დასაშვები.

ამდენად, კონსტიტუციის მიზნებისთვის ტერმინი „დაკავება“ უკავშირდება პირის თავისუფლების ფიზიკურ შეზღუდვას, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 72 საათს და სრულდება პირის დაპატიმრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებით ან პირის გათავისუფლებით. ხოლო ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვა შედარებით ფართო შინაარსისაა და მოიცავს არა მხოლოდ „დაკავებას“, არამედ ასევე თავისუფლების სხვაგვარ ფიზიკურ შეზღუდვას, ისეთს, როგორიცაა პირის საპატიმროში (ან სხვა შესაბამის დაწესებულებაში) მოთავსება (დაპატიმრება), ასევე შინაპატიმრობა ან პირის გადაადგილების თავისუფლების სხვაგვარი მკაცრი შეზღუდვა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი და კონსტიტუციის არც რომელიმე სხვა ნორმა არ გამოყოფს ერთმანეთისგან ბრალდებულისა და განსასჯელის ცნებებს. უფრო მეტიც, კონსტიტუცია საერთოდ არ იცნობს ტერმინ „განსასჯელს“ და ნებისმიერ პირს, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება, დამნაშავედ ცნობამდე ბრალდებულად მოიხსენიებს. მაგალითად, კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით კი, „ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორც აქვთ ბრალდების მოწმეებს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა საქართველოს კონსტიტუციის ნება, რომ ნებისმიერი პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება, დამნაშავედ ცნობამდე ბრალდებულის სტატუსის ქვეშ მოაქციოს. აშკარაა, რომ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტითა და 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაცული უფლება ერთნაირად აქტუალურია სისხლისსამართლებრივი დევნის ნებისმიერ ეტაპზე. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის სტატუსს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის გარკვეულ, პირველად სტადიას დავუკავშირებდით (ხოლო შემდგომ ეტაპზე პირს განსასჯელად ან რაიმე მსგავსი ცნების ქვეშ მოვიაზრებდით), არა მხოლოდ გაუგებარი იქნებოდა ის, თუ რატომ აღჭურვა კონსტიტუციამ ამგვარი უფლებით ბრალდებული მხოლოდ პირველად (გამოძიების) ეტაპზე, არამედ ბრალდებულის კონსტიტუციით გარანტირებულ იმ უფლებებს დავავიწროვებთ, რომლითაც ის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროსაც სარგებლობს. ასევე, აშკარაა, რომ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი საუბროს იმ ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტაზე, რომელიც, მათ შორის, განაჩენის მიღების დროს არსებობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ კონსტიტუცია სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ პირს დამნაშავედ ცნობამდე ან გამართლებამდე ბრალდებულად მოიხსენიებს.

საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლები მიუთითებს, რომ 2003 წელს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული „ბრალდებულიც“ და განსასჯელიც“ კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზნებისათვის ექცევა კონსტიტუციურ ტერმინ „ბრალდებულის“ ქვეშ.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/646, 15 სექტემბერი, 2015

 

„მხოლოდ ის გარემოება რომ 2003 წელს მოქმედი სსსკ-ის თანახმად ბრალდებულის და განსასჯელის სტატუსი სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა სტადიებს უკავშირდებოდა, ვერ ჩაითვლება საკმარის საფუძვლად იმისთვის, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ტერმინი „ბრალდებული“ ვიწროდ იქნეს განმარტებული. სსსკ-ში მოცემული ტერმინები ვერ გახდება კონსტიტუციური ტერმინების განმარტების წყარო. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საპროცესო კანონმდებლობაში გამოყენებული ტერმინოლოგია განიცდის ცვლილებებს. მაგალითად, 2009 წლის საპროცესო კოდექსი აღარ იყენებს ტერმინს „განსასჯელი“.

ცხადია, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის მიზანია, პირი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებამდე, არ დაექვემდებაროს თავისუფლების განუსაზღვრელი დროით შეზღუდვას. „ბრალდებულისა“ და „განსასჯელის“ პატიმრობა პირის ფიზიკურ თავისუფლებაში ჩარევის ფორმით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ორივე შემთხვევაში პირის თავისუფლება აღკვეთილია კონკრეტული სტანდარტის ვარაუდის საფუძველზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, რაც უფრო ხანგრძლივია თავისუფლების შეზღუდვა, მით უფრო ინტენსიურია უფლებაში ჩარევა. ამდენად, „განსასჯელის“ პატიმრობა შესაძლოა თავისუფლებაში ჩარევის უფრო ინტენსიურ ფორმას წარმოადგენდეს, ვინაიდან მისი თავისუფლების შეზღუდვა უფრო ხანგრძლივ პერიოდს უკავშირდება.

კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პატიმრობის 9 თვიანი ზღვრული ვადა, კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა პროცესუალურ გარანტიებთან ერთად, წარმოადგენს ფიზიკური თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვის საწინააღმდეგო გარანტიას. სასამართლოს მიერ პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით განაჩენის მიღებამდე, თავისუფლების შეზღუდვა ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს პირის ბრალეულობის თაობაზე. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტმა გაითვალისწინა კონკრეტული პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც პირი აღარ შეიძლება იმყოფებოდეს პატიმრობაში მხოლოდ (დასაბუთებული) ვარაუდის საფუძველზე, რომ მან ჩაიდინა (ან შესაძლოა ჩაიდინოს) დანაშაული, ან შესაძლოა განახორციელოს სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. კონსტიტუცია და მოქმედი სსსკ იმპერატიულად ადგენს, რომ პირის პატიმრობა უნდა დასრულდეს, როდესაც დაპატიმრების მომენტიდან გასულია 9 თვე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პატიმრობაში ყოფნა აუცილებელი სისხლისსამართლებრივი დევნის ინტერესებიდან გამომდინარე.

არაგონივრულია იმის დაშვება, რომ „წინასწარ პატიმრობას“ კონსტიტუცია უკავშირებს პერიოდს სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში გადაგზავნის ეტაპამდე. ამაზე არც კონსტიტუციის მე-18 მუხლი და არც რომელიმე სხვა ნორმა არ მიუთითებს. პირის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და მის კონტროლს ექვემდებარება პატიმრობის საჭიროების განსაზღვრა წინასწარი პატიმრობის მთელი პერიოდისათვის. შესაბამისად, არასწორია მსჯელობა, რომ „წინასწარი პატიმრობა“ სრულდება მაშინ, როდესაც საქმე სასამართლოს გადაეცემა, ვინაიდან ამ მომენტიდან საქმე სასამართლოს კონტროლს ექვემდებარება. აღნიშნულ დასკვნას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში ტერმინ „წინასწარის“ გამოყენება. სიტყვა „წინასწარი“ მიუთითებს პატიმრობის დროებით ხასიათზე, განასხვავებს მას პატიმრობისგან, რომელიც პირს სასჯელის ან სახდელის სახით შეიძლება დაეკისროს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო ბრალდებულის დაპატიმრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მაშინ, როდესაც საფრთხე ადგება მართლმსაჯულების განხორციელებას (მოწმეზე ზეწოლა, მტკიცებულებების განადგურება, ბრალდებულის მიმალვა) ან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის არის აუცილებელი. აღნიშნული საფთხ(ეებ)ის არსებობამ შესაძლოა განაპირობოს ბრალდებულის დაპატიმრება იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელი შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი დევნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა აღნიშნული საფრთხე (საფრთხეები) შესაძლოა განაგრძობდეს არსებობას როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის პერიოდში. ასევე საყურადღებოა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა შეიძლება გამოძიების დასრულების შემდეგ წარმოიშვას, მას მერე, რაც საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცემა. სწორედ ამიტომ, აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულის მიმართ პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებლად იმისა, თუ რა ეტაპზე იმყოფება სისხლისსამართლებრივი დევნა. კონსტიტუციის მიზნებისთვის ასეთი პატიმრობა წინასწარ პატიმრობას წარმოადგენს. ამდენად, წინასწარი პატიმრობა (განაჩენამდე პატიმრობა) წარმოადგენს ბრალდებულის თავისუფლების დროებით შეზღუდვას, რომელიც განპირობებულია არა სისხლისსამართლებრივი დევნის რომელიმე ეტაპით, არამედ ბრალდებულის მხრიდან მომდინარე საფრთხით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ჯერ არ არსებობს სასამართლოს განაჩენი, მისი ბრალეულობა და მისგან მომდინარე საფრთხე შესაძლოა მხოლოდ (დასაბუთებული) ვარაუდის საფუძველზე იყოს დადასტურებული, კონსტიტუციამ წინასწარი პატიმრობის ვადა მკაცრად შემოფარგლა.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/646, 15 სექტემბერი, 2015

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცესუალური გარანტია პირს იცავს არა მხოლოდ ბრალდების მხარის თვითნებობის შედეგად დაუსაბუთებელი პატიმრობისაგან, არამედ იგი ასევე უზრუნველყოფს მოსამართლის შეცდომის, მის მიერ გარემოებების არასწორად შეფასების, საქმის განხილვის გაჭიანურების შედეგად პირის განუსაზღვრელი ვადით წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გამორიცხვას. შესაბამისად, წინასწარი პატიმრობის ვადის შეზღუდვის საჭიროება არსებობს იმ პირობებშიც, როდესაც სისხლის სამართლის საქმეს მოსამართლე არსებითად განიხილავს.

ასევე აშკარაა ინსტიტუციური მსგავსება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით დაცულ სიკეთეს შორის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ისევე როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის პრაქტიკა ცალსახად მიუთითებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებამდე პერიოდში გამოყენებული პატიმრობის შეზღუდვაზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის მსგავსად ადამიანის უფლებათა მარეგლამენტირებელი საერთაშორისო დოკუმენტები ერთმანეთისგან არ მიჯნავს პატიმრობას საქმის სასამართლოსთვის გადაცემამდე ან მას შემდეგ. სისხლისსამართლებრივი დევნის ორივე ეტაპზე პატიმრობა გამოყენებულია ისეთი პირის მიმართ, რომელთან მიმართებითაც უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს და, შესაბამისად, პატიმრობის ვადის შეზღუდვის მიზანი და საჭიროება ერთნაირია. მაგალითად, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 35-ე ზოგადი კომენტარის 37-ე აბზაცის თანახმად, დაპატიმრებულ პირს აქვს გონივრულ ვადაში გასამართლების ან გათავისუფლების უფლება. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით ეხება წინასწარი პატიმრობის (pre-trial detention) პერიოდს, ანუ პატიმრობას (detention) დაკავების მომენტიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე (General comment No. 35 CCPR/C/GC/35). ამდენად, საერთაშორისო ნორმების მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „წინასწარი პატიმრობის“ ცნება მოიცავს პერიოდს პირის დაკავების ან დაპატიმრების მომენტიდან სასამართლოს პირველი ინსტანციის განაჩენამდე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს არსებითი განსხვავება სასამართლოს გამამტყუნებელ/გამამართლებელ განაჩენამდე, საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე გამოყენებულ პატიმრობას შორის. საქართველოს კონსტიტუციაში, სპეციალური მითითების გარეშე, არ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ წინასწარი პატიმრობის ეტაპის დასრულება სისხლის სამართლის საქმის სასამართლოსთვის გადაცემის მომენტს დაუკავშირდეს. შესაბამისად, მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი 9 თვიანი ვადა წარმოადგენს ზღვარს, რომელიც ბრალდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებამდე გამოყენებულ პატიმრობას მიემართება. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის არასწორი განმარტების შედეგი იქნება დასკვნა, რომ პატიმრობა გულისხმობს თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებამდე პერიოდში, ხოლო წინასწარი პატიმრობა მხოლოდ საქმის განხილვის რომელიმე ეტაპამდე არსებულ პერიოდში გამოყენებულ პატიმრობას.

უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარი პატიმრობის ვადის ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრა იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. ამავე დროს, კონსტიტუციის დონეზე, ხშირ შემთხვევაში, დაკავების ვადების მკაცრი რეგლამენტირებაც არ გვხდება. არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუცია ბრალდებულის სასამართლოში წარსადგენად კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს (ხშირად ეს ვადა 24 ან 48 საათს შეადგენს), თუმცა არ აწესებს წინასწარი პატიმრობის კონკრეტულ ვადას. როგორც ზემოთ აღინიშნა, ადამიანის თავისუფლების უფლების სათანადოდ დაცვის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციით ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა როგორც დაკავების, ასევე წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადები: დაკავებული პირი უნდა გათავისუფლდეს 72 საათის გასვლისთანავე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ/ვერ მიიღებს მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებას. ხოლო ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს 9 თვის გასვლისთანავე, თუ ამ პერიოდში სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით.

ერთი მხრივ, ადამიანის საზოგადოებისგან იზოლირება შეიძლება აუცილებელი იყოს კონკრეტული ლეგიტიმური მიზნებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ლეგიტიმურ მიზნებს უპირისპირდება რა ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთე, როგორიცაა ადამიანის თავისუფლება, კანონმდებელი ვერ გაამართლებს შეუზღუდავი ვადით პატიმრობას. კანონმდებლის კონსტიტუციური ვალდებულებაა ლეგიტიმური მიზნების დაცვა უზრუნველყოს თავისუფლების უფლების უსაფუძვლო, გადამეტებული შეზღუდვის რისკების გამორიცხვით. სახელმწიფოს მიერ ადამიანის დროებით იზოლირება, მისი საპატიმროში მოთავსება (დაკავებითა თუ დაპატიმრებით) შესაძლოა წარმოადგენდეს აუცილებლობას მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა მიუხედავად ამისა, კონსტიტუციამ დაადგინა ზღვარი, რომელიც სახელმწიფომ არ უნდა გადალახოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პატიმრობა ამგვარი აუცილებლობით არის განპირობებული. ერთ-ერთ ასეთ ზღვარს წარმოადგენს პროცესუალური გარანტიები, როგორიცაა დაკავებისა თუ დაპატიმრების კონსტიტუციით განსაზღვრული საერთო ვადები.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი შეიცავს კონკრეტულ პროცესუალურ გარანტიას – ადგენს ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის მაქსიმალურ ვადას. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი შეიძლება, გარკვეულ პირობებში, არ კრძალავდეს კონკრეტული პირის მიმართ პატიმრობის 9 თვიანი ვადის განმეორებით შეფარდებას.

წინასწარი პატიმრობის მიზანია, მოახდინოს მართლმსაჯულების ხელშემშლელი გარემოებების აღმოფხვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი განხილვა. ამავე დროს, როგორც უკვე აღინიშნა, პირის დაპატიმრება წარმოადგენს მის უფლებებში მაღალი ინტენსივობის ჩარევას. შესაბამისად, კონსტიტუცია თავადვე ავლებს ზღვარს, რომლის შემდგომაც მართლმსაჯულების პროცესის ხელშეშლის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით (საბაბით) პირის პატიმრობაში ყოფნა დაუშვებელია. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზნებისათვის იმ პირობებში, როდესაც პირი პატიმრობაში იმყოფება, სახელმწიფო ვალდებულია, 9 თვის განმავლობაში ან უზრუნველყოს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მიღება ან გაათავისუფლოს იგი. ამრიგად, კონსტიტუცია ერთგვარად საკმარისად აცხადებს 9 თვიან ვადას ბრალდებულის მიმართ განაჩენის დასაყენებლად.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/646, 15 სექტემბერი, 2015

 

„წინასწარი პატიმრობის ზღვრული 9 თვიანი ვადის განსაზღვრის მიზანი თითოეულ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით თანაბრად მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიმართ ერთდროულად წარდგენილია რამდენიმე ბრალდება. იმ პირობებში, როდესაც პირი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი თანაბრად ავალდებულებს სახელმწიფოს, განახორციელოს სწრაფი მართლმსაჯულება. ბრალდებულ პირზე ზემოქმედების თვალსაზრისით, პატიმრობას უფლების შეზღუდვის ერთნაირი ეფექტი აქვს, განურჩველად იმისა, თუ რომელ დანაშაულში ბრალდებისათვის არის იგი მოთხოვნილი. შესაბამისად, ერთდროულად წარდგენილი რამდენიმე ბრალდების პირობებში მართლმსაჯულების ინტერესების უზრუნველყოფისას ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადით დაწესების მიზნები თანაბრად მიემართება თითოეულ საქმეზე სისხლის სამართლებრივ დევნას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ დანაშაულში ბრალდებისათვის იმყოფება პირი პატიმრობაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობის ზღვრული ვადის განსაზღვრის მიზნებისათვის სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირი უნდა ჩაითვალოს წინასწარ პატიმრობაში მყოფად, თუ ამ ბრალდების პერიოდში მის მიმართ ფაქტობრივად გამოყენებულია პატიმრობა რომელიმე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. ერთდროულად წარდგენილი რამდენიმე ბრალდების პირობებში ყოველ კონკრეტულ საქმეზე წინასწარი პატიმრობის ზღვრული ვადის განსაზღვრისას ბრალდებულ პირს უნდა ჩაეთვალოს ის პერიოდი, რომელიც მან ბრალის წარდგენის შემდეგ, თუნდაც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გაატარა წინასწარ პატიმრობაში. შესაბამისად, დაუშვებელია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება იმ მომენტიდან, როდესაც ამ საქმეზე ბრალის წაყენების შემდეგ მის მიერ წინასწარ პატიმრობაში გატარებული ვადა (ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე) გაუტოლდება 9 თვეს. ცხადია, რომ ასეთი მოთხოვნა არ გამორიცხავს პატიმრობის განმეორებით გამოყენებას იმ დანაშაულთან მიმართებით, რომელიც პირმა პატიმრობის გამოყენების შემდეგ ჩაიდინა. წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადის განმეორებით გამოყენება ასევე შეიძლება კონსტიტუციური იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ პატიმრობამდე ჩადენილ დანაშაულზე პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველი ბრალდების მხარისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ პირველ საქმეზე წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ. თუმცა ამ ორი მაგალითის შემთხვევაშიც, წინასწარი პატიმრობის შეფარდება კონსტიტუციის მოთხოვნათა საწინააღმდეგო იქნება, თუ ბრალის წარდგენა ან/და პატიმრობის მოთხოვნა ხელოვნურად ჭიანურდება და გამოიყენება წინასწარი პატიმრობის ვადის ხელოვნურად გასაგრძელებლად, მაგალითად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც გამოძიებისთვის ცნობილი იყო ის ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ახალი სისხლისსამართლებრივი  დევნის საფუძველი გახდა, და ბრალის წაყენების საკმარის საფუძველს იძლეოდა, თუმცა, ამის და მიუხედავად, არ მოახდინა პირისათვის ბრალის წაყენება.

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი, ამავე მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში, დაუშვებლად მიიჩნევს წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადით მანიპულირებას, 9 თვიანი ვადის ხელოვნურად გაგრძელებას სხვადასხვა ფორმალურად კანონიერი მეთოდებითა თუ საფუძვლებით, რადგან ის (გაგრძელება) წინააღმდეგობაში მოდის იმ სიკეთესთან, რის დაცვასაც კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ისახავს მიზნად. სასამართლო სწორედ აღნიშნულ ჭრილში აფასებს სადავო ნორმას.

აშკარაა, რომ სადავო ნორმა და ზოგადად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არათუ არ გამორიცხავს ზემოთ აღწერილ შესაძლებლობებს, არამედ, როგორც საერთო სასამართლოების არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე დგინდება, ამის კანონიერ საფუძველს ქმნის. ამავე დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურორს აქვს დისკრეცია, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შეარჩიოს დრო, როდესაც, მისი აზრით, ყველაზე ხელსაყრელია ბრალის წარდგენა თუ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ერთი შეხედვით, სსსკ-ში არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების ამკრძალავი ნორმა (სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-9 ნაწილი), რომლის თანახმად, დევნის გაჭიანურების დადასტურება იწვევს გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას. თუმცა ის გავლენას არ ახდენს პატიმრობის განმეორებით შეფარდებაზე. პირის ბრალდებულად ცნობის გაჭიანურების შედეგად განმეორებითი 9 თვიანი პატიმრობის ვადის ათვლის დროში გადაწევა იმ პირობებში, როდესაც ბრალდების საფუძვლის გამოვლენის შემდეგ ბრალდებული უკვე იმყოფება/იმყოფებოდა პატიმრობაში სხვა სისხლისამართლის საქმეზე, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების მიზნებთან და იწვევს წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის კონსტიტუციური უფლების დარღვევას.

ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტების შეუსაბამოა სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას იმ პირობებში, როდესაც ამ საქმეზე პირისათვის ბრალდების წარსადგენად საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში უკვე აქვს გატარებული 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. კონსტიტუცია არაორაზროვნად მიუთითებს, რომ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს, ამავე დროს, კონსტიტუციური უფლების ეფექტიანობისთვის აუცილებელია, რომ სისხლის სამართლის დევნის მწარმოებელ პირს/ორგანოს არ მიეცეს განუსაზღვრელი დისკრეცია, თავად დაადგინოს როდის ცნობს პირს ბრალდებულად და რა მომენტიდან იმოქმედებს კონსტიტუციური გარანტია. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტთან თავსებადი არ იქნება კანონი, რომელიც დაუშვებს, რომ კონკრეტულ საქმეზე პირი დარჩეს პატიმრობაში მას შემდეგ, რაც ამ საქმეზე ბრალდებულად ცნობის საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას წინასწარ პატიმრობაში ფაქტობრივად გატარებული ექნება 9 თვე (მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში).“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/646, 15 სექტემბერი, 2015

 

„ერთ საქმეზე შეფარდებული პატიმრობა ფაქტობრივად უზრუნველყოფს მეორე საქმეზე დევნის განხორციელების მიზნებსაც, დამოუკიდებლად იმისა, არსებობს თუ არა მეორე საქმესთან მიმართებით წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძვლები. მისი განსაკუთრებული ბუნების გათვალისწინებით, წინასწარი პატიმრობა წარმოადგენს ყველაზე მკაცრ და ამავე დროს ყველაზე ეფექტურ აღკვეთის ღონისძიებას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ერთ საქმეზე შეფარდებულია წინასწარი პატიმრობა, მას სამართლებრივი და პრაქტიკული ეფექტი აქვს ყველა სხვა ბრალდებასთან/საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ბრალდებულის მიმართ არსებობს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით, წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ზღვრული ვადის განსაზღვრა არაორაზროვნად მიუთითებს ამ ნორმის მიზანსა და სულისკვეთებაზე, არ დაუშვას პატიმრობა განუსაზღვრელი ვადით, მიუხედავად მართლმსაჯულების ინტერესებიდან მომდინარე საჭიროებებისა. ამ ლეგიტიმური მიზნის ფარგლებში შეიძლება გამართლებული იყოს დროში შეზღუდული პატიმრობა, თუმცა იგი ვერ გაამართლებს პატიმრობას ნებისმიერი ვადით. ამავე დროს, პატიმრობის კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ვადაზე უფრო ხანგრძლივი ვადით გამოყენება ასევე განაპირობებს კონსტიტუციის ამავე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევასაც. შესაბამისად, არაკონსტიტუციური იქნება კანონი, რომელიც პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას ადგენს განუსაზღვრელი ვადით. სადავო ნორმიდან გამომდინარე, პატიმრობა შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ დათქმით, რომ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე იგი ცხრა თვეს არ გადააჭარბებს. აღნიშნული ნორმა იძლევა ისეთი განმარტების შესაძლებლობას, რომლიდან გამომდინარეც, რამდენიმე საქმეზე ბრალდებული პირი შეიძლება განუსაზღვრელი ვადით იმყოფებოდეს პატიმრობაში, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს.  პატიმრობის ვადების განმსაზღვრელი ბუნდოვანი ნორმების ადამიანის თავისუფლების უფლებასთან არათავსებადი ხასიათი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში. მაგალითად, საქმეზე Šebalj v. Croatia (განცხადების ნომერი – 4429/09, 2011 წლის 28 ივნისი) განმცხადებლის მიმართ მოხდა კანონით დადგენილი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ ახალი ვადით პატიმრობის შეფარდება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული პატიმრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. ხორვატიის კანონმდებლობის ნორმები ადგენდნენ პატიმრობის ზღვრულ ვადას, თუმცა კანონი არ უთითებდა, ეს ვადა გამოიყენებოდა მხოლოდ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე თუ წარმოადგენდა ზღვრულ ვადას დანაშაულთა სიმრავლის პირობებშიც (აბზაცი 160).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ კონვენციით დაცული თავისუფლების უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ საკმარისად ხელმისაწვდომი, განსაზღვრული და განჭვრეტადი კანონის საფუძველზე (აბზაცი 187). სასამართლომ კონვენციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია თავისუფლების შეზღუდვა ისეთი კანონის საფუძველზე, რომელიც არ განსაზღვრავდა პატიმრობის საერთო ვადას ბრალდებულის მიმართ მიმდინარე რამდენიმე სისხლისამართლის საქმის არსებობისას, მიუხედავად იმისა, რომ განსაზღვრული იყო პატიმრობის ვადა თითოეულ საქმესთან მიმართებით (აბზაცი 194). სასამართლომ მიუთითა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საწინააღმდეგოა პირის მიმართ პატიმრობის კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადის გასვლის შემდეგ მისი პატიმრობა სხვა საქმეზე მიღებული დაპატიმრების გადაწყვეტილების საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სპეციალური საკანომდებლო ნორმა ან ცალსახა სასამართლო პრაქტიკა, რომელიც პატიმრობის ზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სხვა საქმეზე ბრალდების ფარგლებში პატიმრობის გამოყენების საფუძველს ადგენდა (აბზაცი 197, 198).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელი სადავო ნორმა, უფლების შეზღუდვის ხასიათით და განსაზღვრულობის ხარისხით არის იმ ნორმების მსგავსი, რომელთა საფუძველზე პატიმრობა კონვენციის დარღვევად მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, პატიმრობა ბუნდოვანი, განუსაზღვრელი კანონის საფუძველზე, ფაქტობრივად კანონის გარეშე, თვითნებური პატიმრობის ტოლფასია.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების საფუძველზე პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას. სისხლისსამართლებრივი დევნა, რომელიც პატიმრობაში მყოფი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს, იმდენად, რამდენადაც ბრალდებულის თავისუფლება შეზღუდულია მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, მოითხოვს დევნის განმახორციელებელი ორგანოს მხრიდან პრიორიტეტულ მიდგომას, იმისთვის რომ დროის გაჭიანურების გარეშე მოხდეს პატიმრობის არსებული საფუძვლების აღმოფხვრა ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც პირს წაყენებული აქვს ორი (ან მეტი) ბრალი, პატიმრობა მოთხოვნილია მხოლოდ ერთ-ერთზე, დაუშვებელია მეორე საქმესთან დაკავშირებით ხელახლა 9 თვიანი ვადით პატიმრობის შეფარდება იმდენად, რამდენადაც წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა იწყებს მოქმედებას ორივე ბრალდებასთან/საქმესთან მიმართებით, განურჩევლად იმისა, მოთხოვნილია თუ არა ის ერთ საქმეზე, თუ ორივეზე ერთდროულად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ სადავო ნორმა იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული, რაც ხელყოფს მისი როგორც ბრალდებულის კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.

ადამიანის ფიზიკური თავისუფლების მზღუდავი ნორმა მიზნად უნდა ისახავდეს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინტერესების დაცვას, იყოს მიზნის მიღწევის თანაზომადი საშუალება და გამორიცხავდეს თვითნებობის შესაძლებლობას. ამა თუ იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება ემსახურება ადამიანის უფლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინტერესების დაცვას. დანაშაულის პრევენცია, ისევე როგორც შესაძლო დამნაშავის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება, მნიშვნელოვან კონსტიტუციურ სიკეთეს წარმოადგენს, რომლის დასაცავადაც, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია ადამიანის ფიზიკური თავისუფლება შეიზღუდოს. ეს ცალსახად გამომდინარეობს კონსტიტუციის მე-18 მუხლის სულისკვეთებიდან, ვინაიდან იგი თავადვე ადგენს ბრალდებულის დაპატიმრების შესაძლებლობას და გარკვეული ვადით შემოფარგლავს მას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის გადასაწყვეტად, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაშვებული პატიმრობის გამოყენების წინა პირობები, ის გარემოებები, რომლებსაც შეიძლება მოსამართლე დაეყრდნოს ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებისას. ხოლო შემდეგ უნდა გადამოწმდეს, რამდენად პასუხობს სადავო ნორმები კონსტიტუციის მოთხოვნებს.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/646, 15 სექტემბერი, 2015

 

„კონსტიტუციის მიზნებისათვის ბრალდებულია ისეთი პირი, რომლის მიმართ, ერთი მხრივ, დანაშაული არ არის დამტკიცებული გონივრულ ეჭვს მიღმა, ანუ ის არ არის დამნაშავედ ცნობილი სასამართლოს მიერ, ხოლო მეორე მხრივ, არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ვარაუდი, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. აშკარაა, კონსტიტუციის ნება, რომ ბრალდებული პირის კავშირი დანაშაულთან ეფუძნება გარკვეული ხარისხის ვარაუდს და არა დამტკიცებულ გარემოებებს. ამავე დროს, კონსტიტუციის მე-18 მუხლის უმთავრესი მიზანია ადამიანის თავისუფლების თვითნებური, დაუსაბუთებული, სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული შეზღუდვის არდაშვება. შესაბამისად, პატიმრობის გამოყენებებისას პირის ბრალდება უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ გარემოებებს, მტკიცებულებებს, რომლებიც არა მხოლოდ კონკრეტული პირისათვის, არამედ ობიექტური დამკვირვებლისათვისაც შექმნიდა დანაშაულის ჩადენის მყარ ვარაუდს. ამასთან, ბრალდებულის მხრიდან მომდინარე სამომავლო საფრთხის ალბათობა რეალური უნდა იყოს, არ შეიძლება ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა ეფუძნებოდეს ბრალდების მხარის, ან მოსამართლის სუბიექტურ ეჭვს.

ამავე დროს, კონსტიტუციით გათვალისწინებული ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა არ წარმოადგენს სასჯელს. პატიმრობის ეს ფორმა არ არის გამიზნული იმისათვის, რომ სახელმწიფომ პასუხი მოსთხოვოს ბრალდებულს სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, მოახდინოს მის მიმართ შესაძლოდ გამოსაყენებელი სასჯელის მოხდის წინასწარი აღსრულება და ა.შ. კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ნათლად მიუთითებს, რომ „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“. მე-18 მუხლით გათვალისწინებული პატიმრობა წარმოადგენს არა შესაძლო დანაშაულის ჩადენის შედეგად მისჯილ სასჯელს, არამედ ისეთი ადამიანის მიმართ გამოყენებული ღონისძიებაა, რომლის უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობა, წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების განხორციელება და ბრალდებული პირის მხრიდან მომდინარე საზოგადოებრივი საფრთხეების აღმოფხვრა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ არსებობს დანაშაულის ჩადენაში პირის ბრალდების წინა პირობები, თავისთავად ვერ გამოდგება მის მიმართ პატიმრობის გამოყენების დამოუკიდებელ საფუძვლად. პატიმრობა უნდა ემსახურებოდეს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინტერესების დაცვას და, ამავე დროს, რეალური უნდა იყოს ბრალდებულის მიერ ამ ინტერესების ხელყოფის საფრთხე.

აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის პატიმრობა შესაძლოა წარმოადგენდეს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თანმდევ მოვლენას, რომლის მიზანს მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება, საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ბრალდებულის მიმალვის, მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, ან მტკიცებულებების განადგურების, ისევე როგორც ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის თავიდან აცილება, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვისა და მართლმსაჯულების განხორციელების ლეგიტიმური მიზნების მიღწევას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, დემოკრატიული საზოგადოება პატიმრობის გამოყენების სამ უმთავრეს საფუძველს აღიარებს: პირის შესაძლო მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების (მოწმეებზე ზემოქმედების) და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებს.

რაც უფრო ინტენსიურია თავისუფლების უფლების შეზღუდვა, მით უფრო მკაცრია კონსტიტუციის მოთხოვნები ასეთი შეზღუდვის კონსტიტუციურობის შესაფასებლად. დაკავების სახით თავისუფლების ხანმოკლე შეზღუდვა, ბრალდებულისთვის (არაუმეტეს 9 თვის ვადით) წინასწარი პატიმრობის შეფარდება ან მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ უფლებაში განსხვავებული სიმწვავით ჩარევის მაგალითებს წარმოადგენს.

დაკავება ან წინასწარი პატიმრობის შეფარდება წარმოადგენს თავისუფლების დროებით შეზღუდვას, რომლის ხანგრძლივობის მაქსიმალური ზღვარი, შესაბამისად 72 საათიანი ან 9 თვიანი ვადით არის განსაზღვრული. ამდენად, წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას გარკვეული ხარისხის ვარაუდზე და არა ფაქტების გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენაზე დაფუძნებული მტკიცებითი სტანდარტის გამოყენება, თავისთავად არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციის მე-18 მუხლის მოთხოვნებთან. თუმცა, იმის გადასაწყვეტად, თუ რამდენად აკმაყოფილებს სადავო ნორმით განსაზღვრული დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს:

ა) შეიცავს თუ არა აღნიშნული სტანდარტი მკაფიო და ერთმნიშვნელოვან მითითებებს წინასწარი პატიმრობის გამოყენების დასაბუთებულობის შესამოწმებლად.

ბ) არსებობს თუ არა საფრთხე იმისა, რომ სადავო ნორმის პირობებში კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება არაპროპორციულად მკაცრად იქნეს შეზღუდული.

იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრობის გამოყენება ეფუძნება როგორც დანაშაულის ჩადენის (რომელზეც პირს ბრალი ედება), ასევე შესაძლო მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების (მოწმეებზე ზემოქმედების) და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის არსებობის მხოლოდ ვარაუდს, ყოველთვის არსებობს მისი არასწორად გამოყენების საფრთხე. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, დაადგინოს ისეთი რეგულირება, რომელიც სასამართლოს მისცემს განსაზღვრულ და არაორაზროვან მითითებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა იყოს გამოყენებული პატიმრობა როგორც აღკვეთის ღონისძიება. ამავე დროს, არაგონივრული და შეუძლებელიც იქნება, რომ საქმის განხილვის პირველივე ეტაპზე, ბრალდების მხარეს ან სასამართლოს მოეთხოვოს ბრალისა თუ პატიმრობის საფუძვლების ყველაზე მკაცრი სტანდარტით შემოწმება. კონსტიტუცია უშვებს პატიმრობის გამოყენებას, თუმცა საკანონმდებლო რეგულირება უნდა იყოს რაც შეიძლება ნათლად განსაზღვრული და იძლეოდეს პატიმრობის მაქსიმალურად ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოყენების შესაძლებლობას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანის თავისუფლების შემზღუდველი კანონი წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის პროპორციულ საშუალებას.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/646, 15 სექტემბერი, 2015

 

„კანონი უნდა აძლევდეს მოსამართლეს მკაფიო მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გარემოებებს უნდა დაეყრდნოს პატიმრობის შეფარდებისას. გადაწყვეტილება არ უნდა იყოს დამოკიდებული სრულიად სუბიექტურ შეფასებაზე. შეუძლებელია, ამომწურავად განისაზღვროს ყველა ის ფაქტორი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მოსამართლის დასაბუთებულ ვარაუდს წინასწარი პატიმრობის საფუძვლების არსებობის შესახებ, თუმცა კანონი უნდა მიუთითებდეს, რომ ეს უნდა იყოს ობიექტურ ფაქტორებზე დაფუძნებული ვარაუდი. უნდა გამომდინარეობდეს იმ ფაქტებიდან და ინფორმაციიდან, რომელთა იდენტიფიცირება და გადამოწმება შესაძლებელია, რომლებიც მიუთითებენ ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე. რიგ შემთხვევებში, თავად დანაშაულის ხასიათი, გარემოებები, რომელშიც ის სავარაუდოდ იქნა ჩადენილი, ან ბრალდებულის პიროვნება შეიძლება მიუთითებდეს ბრალდებულის მიმალვის, მისი მხრიდან მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებულ საფრთხეზე. თუმცა, ამავე დროს, პირის ბრალდებულად ცნობა თავისთავად ვერ იქნება საკმარისი დასკვნისათვის, რომ მან შეიძლება სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაც განახორციელოს.

ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის სამტკიცებლად სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს რამდენად არსებობს პირის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რეალური საფრთხე. მაგალითად, ხომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ დანაშაულის მომზადებაზე ან დაუსრულებელი დანაშაულის დასრულების განზრახვაზე. ასევე, ხშირ შემთხვევებში მნიშვნელოვანია განისაზღვროს ისევ არსებობს თუ არა ის გარემოებები, რომელშიც პირმა სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული. მაგალითად, როდესაც სახეზეა საჯარო მოხელის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული, სასამართლომ შეიძლება გაითვალისწინოს ისევ არის თუ არა საჯარო მოხელე თანამდებობაზე. ამავე დროს, გასათვალისწინებელია დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის მოტივაცია, მაგალითად, თუ დანაშაული ჩადენილია აფექტის ან კონკრეტულ შემთხვევაში ისეთი ფაქტორების არსებობის შედეგად, რომლებიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისევ დადგება.

პატიმრობის გადაწყვეტილების მიღებისას სახეზე უნდა იყოს ისეთი ფაქტები და ინფორმაცია, რომელთა საფუძველზე ობიექტური პირი დარწმუნდებოდა პატიმრობის გამოყენების საჭიროებაში. შესაბამისად, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, მოსამართლე გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს არა მისი სუბიექტური ეჭვების საფუძველზე, არამედ იგი ვალდებულია შეაფასოს არსებობს თუ არა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ობიექტურად მიუთითებენ, ობიექტურ პირს დაარწმუნებდნენ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას. ამავე დროს, სსსკ-ის 206-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად: „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარეს ეკისრება“. შესაბამისად, სწორედ ბრალდების მხარეა ვალდებული დაასაბუთოს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაზე ობიექტური გარემოებები მიუთითებენ, ხოლო სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ბრალდების პოზიცია.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/646, 15 სექტემბერი, 2015

 

„დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი დაკმაყოფილებული არ არის იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, არა პატიმრობის გამოყენების ობიექტურ გარემოებებზე დაფუძნებულ ვარაუდს ქმნის, არამედ უბრალოდ არ გამორიცხავს პატიმრობის გამოყენების საფუძვლების არსებობას.. წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ დაცვის მხარემ ვერ უარყო ბრალდების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და, ამდენად, ვერ გამორიცხა ბრალდებულის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესაძლებლობა. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილი და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ტერმინოლოგიურად მიუთითებს შესაძლო დანაშაულზე, შესაძლო მიმალვაზე და ა.შ. ტერმინში „შესაძლო“ არ მოიაზრება ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის უნარი, ასეთი ქმედების განხორციელების რეალური შესაძლებლობა. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, მთლიანობაში, ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების ვარაუდი ობიექტურ გარემოებებზეა დაფუძნებული, რომელიც ასეთი ქმედების განხორციელების რეალურ საფრთხეზე მიუთითებს.

დაუშვებელია წინასწარი პატიმრობის გამოყენება იმ მოტივით, რომ სასამართლომ „ვერ გამორიცხა“ ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის ან/და მტკიცებულებების განადგურების ყველა შესაძლებლობა. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, მცირეოდენი ეჭვიც კი, ბრალდებულის საზიანოდ იმოქმედებს და თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ბრალდებულისგან მომდინარე საფრთხის არაპროპორციულად გაზრდის. არ შეიძლება სასამართლომ პრეზუმირებულად ჩათვალოს აღკვეთის ღონისძიების,  მათ შორის, პატიმრობის საფუძვლის არსებობა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ პირი ბრალდებულია, განურჩევლად იმისა, თუ რა სახის დანაშაულში ედება პირს ბრალი. ვარაუდის „ვერ გამორიცხვის“ სტანდარტი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველს თითქმის ყოველთვის შექმნის. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის (დასაბუთებული ვარაუდის) ამგავრი განმარტება აშკარად არასწორ აღქმაზე, მის არაგონივრულ წაკითხვაზე იქნება დაფუძნებული. როგორც უკვე აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, რაც გულისხმობს ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის ან/და მტკიცებულების განადგურების რეალური შესაძლებლობის ობიექტურ გარემოებებზე დაფუძნებული ვარაუდის არსებობის მტკიცებას. პატიმრობის გამოყენების მიმართ სასამართლოს მხრიდან საწინააღმდეგო მიდგომა ფაქტობრივად ნიშნავს მტკიცების ტვირთის ბრალდებულზე დაკისრებას. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ დაუშვებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მხოლოდ იმ მოტივით, რომ დაცვის მხარემ ვერ უარყო ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები. აღკვეთის ღონისძიების და, მით უფრო, წინასწარი პატიმრობის გამოყენების დასაბუთებულ ვარაუდს ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს. ცხადია, რომ დაცვის მხარე უფლებამოსილია, წარმოადგინოს არგუმენტები, რომლებიც დაეხმარება სასამართლოს, სწორად შეაფასოს სავარაუდო საფრთხის არსებობა, მაგრამ, თუ დაცვის მხარე ვერ შეძლებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძვლების სათანადოდ წარმოჩენას, ეს, თავისთავად, ვერ იქნება პატიმრობის გამოყენების საკმარისი წინა პირობა.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/646, 15 სექტემბერი, 2015

 

„პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლო ხელმძღვანელობს ისეთი მტკიცებითი სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს აფიქრებინებდა, რომ ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური ალბათობა არსებობს. ნორმის სხვაგვარი განმარტება ქმნის საშიშროებას იმისა, რომ თავისუფლების უფლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის ან/და მტკიცებულებების განადგურების მცირეოდენი ალბათობა, რომელსაც მოსამართლე, ისევე როგორც სხვა გონიერი ადამიანი, ვერ გამორიცხავს.

იმისდა მიუხედავად, შესაძლო/სამომავლო დანაშაული იქნება განზრახი თუ გაუფრთხილებლობითი, პატიმრობის გამოყენებისას სასამართლო ვალდებულია, გადაამოწმოს, არსებობს თუ არა მისი შესაძლო ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი. რაც გულისხმობს, რომ უნდა არსებობდეს ობიექტური ფაქტორები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებენ. მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მასალები მიუთითებდნენ გაუფრთხილებელი დანაშაულის შესაძლო ჩადენის რეალურ შესაძლებლობაზე, თუმცა, თუ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი საფრთხე დასაბუთებულია, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა არსებობდეს განსხვავებული მიდგომა განზრახი და გაუფრთხილებლობითი დანაშაულის შესაძლო ჩადენას შორის. დანაშაულის ჩადენის საფრთხის განსაზღვრისას, სასამართლო არ აფასებს მხოლოდ პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას კანონის დარღვევის მიმართ. შესაძლოა, საქმეში არსებობდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენის რეალურ შესაძლებლობაზე. ზოგიერთი გაუფრთხილებლობითი დანაშაული საზოგადოებრივი საფრთხის თვალსაზრისით, შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ზოგიერთ განზრახ დანაშაულს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული ჩაიდენს ახალ დანაშაულს, მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ვერ გამორიცხავს ის ფაქტი, რომ შესაძლო დანაშაული გაუფრთხილებლობითია.

დაკავება წარმოადგენს პატიმრობასთან შედარებით თავისუფლების ნაკლებად მზღუდავ საშუალებას, რომელიც იგივე მტკიცებითი სტანდარტითა და იმავე მიზნების უზრუნველსაყოფად გამოიყენება. თუმცა კანონი სასამართლოს გადაწყვეტილებით პირის დაკავებას მხოლოდ ისეთი დანაშაულისთვის უშვებს, რომელიც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული ნორმის თანახმად „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე“.

იმ დანაშაულთან მიმართებით, რომლისთვისაც სასჯელის სახით არ არის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა, კანონი ბრალდებულის შესაძლო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხის აღმოსაფხვრელად სასამართლოს მიერ პირის ფიზიკური თავისუფლების ხანმოკლე შეზღუდვას, დაკავებას დაუშვებელ, არაპროპორციულ ღონისძიებად მიიჩნევს. აშკარაა კანონის ნება, რომ პატიმრობის აუცილებლობა სახეზე არ იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ისეთი დანაშაულის შესაძლო ჩადენისა, რომელიც თავისუფლების აღკვეთას სასჯელად არ ითვალისწინებს. ამდენად, ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხის აღმოსაფხვრელად, სადავო ნორმების საფუძველზე, სასამართლო პირის მიმართ პატიმრობას ვერ გამოიყენებს. შესაბამისად, ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხის აღმოსაფხვრელად სადავო ნორმების საფუძველზე, სასამართლო პირს პატიმრობას ვერ შეუფარდებს. საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სადავო ნორმის შინაარსი უნდა განისაზღვროს, მათ შორის, მისი სისტემური განმარტებით, აგრეთვე ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას გასათვალისწინებელია ფაქტორები, როგორიცაა შეზღუდვის ინტენსივობა, ფარგლები და სხვა. ყოველივე აღნიშნულზე არსებით გავლენას ახდენს ის სამართლებრივი სივრცე, რომელშიც სადავო ნორმა არსებობს. ამგვარად, ძალადაკარგულად ცნობილი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლო შებოჭილია არა მხოლოდ უშუალოდ გასაჩივრებული ნორმით, არამედ იმ ნორმატიული რეალობით, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების დროს არსებობდა.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/646, 15 სექტემბერი, 2015

Back to Top