მე -18 მუხლის მე-7 პუნქტი

“მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი პირდაპირ არ ითვალისწინებს უკანონოდ დაკავებული ან დაპატიმრებული პირისათვის სამართლებრივი დაცვის საშუალებებს და კომპენსაციის მასშტაბებს, თუმცა კონსტიტუციის ამ ნორმაში იგულისხმება აღნიშნული მოთხოვნები. მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი მჭიდრო კავშირშია 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან, რომელიც ერთგვარად ავსებს მასში გადმოცემული საკითხების სამართლებრივი დაცვის საშუალებებთან და ზიანის ანაზღაურების სისრულესთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ადამიანს და მის უფლებებს, როგორც უმაღლეს ფასეულობას. ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე,  რაშიც ვერ თავსდება მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის ვიწრო ინტერპრეტაცია . საქართველოს კონსტიტუციის ნორმები არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სახელმწიფომ მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხსნას პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევისას და  დაზარალებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტითა და მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების წინაპირობაა არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მხრიდან უკანონო მოქმედების ფაქტი, არამედ ამავდროულად ის გარემოებაც, რომ უკანონო მოქმედებით, მათ შორის დაპატიმრებით, პირს მიადგა მატერიალური ან არამატერიალური ზიანი. სახელმწიფო ორგანოთა და თანამდებობის პირთა უკანონო მოქმედებასა და პირისათვის მიყენებული ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ზიანის სრული კომპენსირება.

18 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „უკანონოდ დაპატიმრებული პირი“ არ გულისხმობს მხოლოდ იმ პირს, ვისი დაპატიმრებაც განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ ამავე მუხლის სხვა მოთხოვნების დარღვევით. „უკანონოდ დაპატიმრებაში“, თავისთავად, იგულისხმება საქართველოს კონსტიტუციის ნორმების დარღვევაც პირის დაპატიმრებისას, თუმცა კანონით დაპატიმრებისათვის წაყენებული მოთხოვნები გაცილებით ფართოა, ვიდრე ამას კონსტიტუცია ადგენს. პირს მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით მინიჭებული კომპენსაციის უფლება აქვს მისი დაპატიმრებისას ზოგადად კანონის და არა მხოლოდ უზენაესი კანონის –  კონსტიტუციის ნორმების დარღვევისას. მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადება  შეეხება ამავე მუხლის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ შესაბამისი სანქციების გამოყენებას ან დაპატიმრებისას ზიანის ანაზღაურებას და მისი ფორმულირების გამოყენება კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით არ არის მართებული.

უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრებისას ზიანის ანაზღაურების განცალკევებული მოწესრიგება გამოწვეულია იმით, რომ ამ დროს ხდება ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთის ხელყოფა, როგორიცაა ადამიანის თავისუფლება.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/423, 7 დეკემბერი, 2009

 

 

„საქართველოს კონსტიტუცია არ უშვებს ისეთი საგამონაკლისო შემთხვევების დადგენას, როდესაც უკანონო დაპატიმრებით ან სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა ნებისმიერი სხვა უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება. სადავო ნორმიდან გამომდინარე, ფიზიკური ზიანი არ ანაზღაურდება იმ დროს, როდესაც მართალია, არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ან დაუსაბუთებელ დაპატიმრებასა და პირის დაავადებას შორის, მაგრამ არ მომხდარა საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევა. დაპატიმრება არ არის ჩვეულებრივი და რიგით მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან და სტრესთან, მით უმეტეს, თუ დაპატიმრებას უკანონო ან დაუსაბუთებელი ხასიათი აქვს. თავის მხრივ, ყოველივე  ეს შესაძლოა აისახოს დაპატიმრებული პირის ჯანმრთელობაზე, გამოიწვიოს დაავადების წარმოშობა ან უკვე არსებულის გართულება. ფიზიკური ზიანი შესაძლოა გამოიწვიოს პირის ყოფნამ საპატიმრო დაწესებულებაში რეჟიმის დაცვის დროსაც კი, როდესაც საპატიმროს პირობები, დახურული სივრცე და ა.შ იწვევს დაავადების გაჩენას ან პროგრესირებას.

ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვლად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, $40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველ შემთხვევაში იწვევა სირთულეს და ტანჯვას. იგივეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოს და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული . ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში  ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.

დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევა, თავისთავად, ამძიმებს სიტუაციას, მაგრამ საკუთრივ რეჟიმში ყოფნა არის  უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაპატიმრებული  პირისათვის ზიანის მიმყენებელი ამის გამო შესაძლებელია მას მიადგეს ფიზიკური ზიანიც. საქმეზე „პაპონი საფრანგეთინ წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაკავება per se, გარდაუვლად მოქმედებს პატიმრებზე, რომელთაც სერიოზული დაავადებები აქვთ. ამდენად, თავისთავად პატიმრობის ფაქტი, მიუხედავად იმისა რა პირობებში მიმდინარეობს იგი, გულისხმობს ტანჯვის გარკვეულ ხარისხს და ეს სტრესი ერთი მხრივ , შეუთავსებელია ზოგიერთი დაავადების კლინიკასთან, მეორე მხრივ კი თავად ზრდის დაავადებების რისკს. ადამიანს, რომელიც ამ დისკომფორტს და ტანჯვას ექვემდებარება კანონის დარღვევით შეფარდებული და დაუსაბუთებლად შერჩეული აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს დაპატიმრებასთან მიზეზობრივ კავშირში მყოფი ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების უფლებას.”

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/423, 7 დეკემბერი, 2009

Back to Top