მე – 18 მუხლის პირველი პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თავისუფლების უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც იზღუდება პირის ფიზიკური გადაადგილების თავისუფლება.

თავისუფლების უფლება, რომელიც ითვალისწინებს ყოველი მოქალაქის უფლებას ხელშეუხებლობაზე, ადგენს, რომ პირს იძულებითი მკურნალობის მიზნებისათვის თავისუფლება შესაძლებელია შეეზღუდოს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

ანალოგიურ მოთხოვნებს ითვალისწინებს არაერთი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი, რომლებიც ეყრდნობა სამართლის უზენაესობის, ჰუმანიზმის, სამართლიანობის და თანასწორობის უნივერსალურ პრინციპებს.

„იმ შემთხვევაში, როდესაც პირი  საკუთარი ნებით განსაზღვრულ ადგილას, თუნდაც განუსაზღვრელი დროით იმყოფება, სახეზე არ იქნება მის  თავისუფლების უფლებაში ჩარევა, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც განსაზღვრულ ადგილზე განთავსებას სხვა პირები უზრუნველყოფენ, თუ მას გააჩნია აღნიშნული ტერიტორიის საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვების უფლება.

იმისათვის, რომ პირის განსაზღვრულ ადგილას განთავსება, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზნებისთვის, თავისუფლების ძირითად უფლებაში ჩარევად არ იქნეს განხილული, არსებითად მნიშვნელოვანია, პირმა ასეთ განთავსებაზე სურვილი გამოხატოს ნათლად და ძალდატანების გარეშე. ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს პირის ინფორმირებული თანხმობა იმგვარად, რომ პირს ამ ღონისძიების სამართლებრივი თუ ფაქტობრივი შედეგები გაცნობიერებული ჰქონდეს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა, ყველა შემთხვევაში, მაღალი ინტენსივობის მატარებელია. დაუშვებელია, ამ უფლების დაცვის სფეროდან ისეთი შემზღუდველი ქმედებების გამორიცხვა, რომლებიც ამ უფლებაში ჩარევის თუნდაც მცირე ეჭვს ბადებს. ამასთანავე, თავისუფლების უფლებაში ჩარევად ვერ იქნება განხილული მხოლოდ ისეთი შემთხვევა, როდესაც პირი განსაზღვრულ ადგილას განთავსებაზე ნებას გამოხატავს პროაქტიულად ან პასიური თანხმობით. არ შეიძლება პირის მიერ ნების გამოხატვა ჩათვლილ იქნეს ნაგულისხმევად ან მესამე პირის მეშვეობით გამოვლენილად, თუნდაც ეს უკანასკნელი მისი კანონიერი წარმომადგენელი იყოს.

მოცემულ შემთხვევაში, როდესაც პირის პიროვნულ თავისუფლებაში ჩარევა ასეთი მაღალი ინტენსივობით ხორციელდება, პირის ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე მხოლოდ მეურვის თანხმობა  საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის ვერ იქნება აღქმული დაწესებულებაში განსათავსებელი პირის ნებად, იმის მიუხედავად, რომ  ავადმყოფი მოკლებულია ნების სათანადო სტანდარტებით გამოვლენის უნარს.

ქმედუუნარო სრულწლოვანი პირის  ინტერესების დამცავი ღონისძიებების იმპლემენტაციის თუ დადგენისას, ამ პირის ინტერესებს და კეთილდღეობას უნდა ენიჭებოდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შესაბამისად, ადამიანის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიზეზებითა და მიზნებით, ფორმალური საპროცესო გარანტიების მკაცრი დაცვით. ამ მნიშვნელოვან მიზეზებს შორის არის, უპირველეს ყოვლისა, თავად აღნიშნული პირის და საზოგადოების დაცვა. კერძოდ, პირის მკურნალობა ან/და მისი ჯანმრთელობის შემსუბუქება და ამისათვის ამბულატორიული ან სტაციონარული მკურნალობა, ასევე თვითდაზიანების ან სხვათა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება და ამ მიზნით მასზე  კონტროლი და მეთვალყურეობა.

ქმედუუნარო პირის  ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობის მიზნით, გაცნობიერებული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე მოთავსებას, თან უნდა ახლდეს მოთავსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმება.  შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების არარსებობა გულისხმობს/გამოიწვევს სახელმწიფოს აკრძალულ ჩარევას  ინდივიდუალური თავისუფლების სფეროში, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი მიზნებისათვის და მხოლოდ კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში.

ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები შესაძლებელია იყვნენ მოწყვლადი მაშინაც კი, თუ მათ გააჩნიათ თანხმობის გაცხადების უნარი. თუმცა ისინი, ვისაც ასეთი უნარი არ გააჩნია, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან და ამ შემთხვევაში მათი უფლებების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

 

„კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის საწინააღმდეგო იქნებოდა რეგულირება (მისი იმგვარი გამოყენება), რომლის საფუძველზე პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო მხედველობაში მიიღებდა სისხლის სამართლის საქმის იმ ფაქტებს ან ინფორმაციასა და გარემოებებს, რომლებიც ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის ან მტკიცებულებების განადგურების (მოწმეებზე ზემოქმედების) ჰიპოთეტურ საფრთხე(ებ)ზე მიუთითებენ, როდესაც ბრალდებულის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების თეორიული შესაძლებლობა და არა რეალური საფრთხე არსებობს.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/646, 15 სექტემბერი, 2015

Back to Top

%d bloggers like this: