“კოლეგიის თქმით მე-19 მუხლის შეზღუდვის შესაძლებლობასა თუ აუცილებლობას, განამტკიცებს შემდეგი კონსტიტუციური პრინციპი: „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები“ (44-ე მუხლის მე-2 პუნქტი). მაშასადამე, თითოეული ადამიანის უფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სხვათა უფლებები. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვის სხვა დამატებითი პირობებიც. იმავდროულად არის აბსოლუტური უფლებები, რომლებიც შეზღუდვას არ ექვემდებარება. ზუსტად ასეთ უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლება. ამ უფლების უზრუნველმყოფელი მე-17 მუხლი, სხვა მუხლებისაგან განსხვავებით, არ მოიცავს დათქმას მისი შესაძლო შეზღუდვის თაობაზე. ეს უფლება არ არის ასევე მოხსენიებული საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს შორის, რომელთა შეზღუდვა დაიშვება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.
„ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის“ დაცვის ევროპის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვეციის მე- 10 მუხლში საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით ნიშანდობლივი შემდეგი გარემოება: აღნიშნულ ევროპის კონვენციის დასახელებულ ნორმაში აღნიშნულია, რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების განხორციელება უფლებასთან ერთად მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას. ამ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას კი, პირველ რიგში, ზუსტად ის განაპირობებს, რომ უფლების რეალიზაციის შედეგად გამოხატული მოსაზრებები, გავრცელებული ცნობები უნდა იყოს სწორი, შეესაბამებოდეს სინამდვილეს. ზუსტად ამ პირობის დაუცველობის შედეგად, სიტყვის თავისუფლება უპირისპირდება ადამიანის პატივისა და ღირსების თავისუფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: მეცნიერებაში, მთელი რიგი ქვეყნების კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ერთმანეთისაგან მიჯნავენ აზრს (შეხედულებას, მოსაზრებას) და ფაქტებს. აზრი – ეს არის ადამიანის პირადი, სუბიექტური შეფასება ამა თუ იმ მოვლენის, იდეის, ფაქტისა თუ პიროვნების მიმართ. ფაქტები – არის რეალურად, სინამდვილეში მომხდარი საგნები, მოვლენები ან გარემოებები, რომელებიც შეიძლება იყოს მცდარი ან მართალი, სწორი. აქედან გამომდინარე, ფაქტები ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებს. შესაბამისად, ფაქტების გავრცელება ექვემდებარება მათი სისწორის, ნამდვილობის მტკიცების ვალდებულებას. მაშინ როდესაც მოსაზრების ნამდვილობის მტკიცება შეუძლებელია და შესაბამისად ამის ვალდებულებაც აზრის გამომთქმელს არ უნდა ეკისრებოდეს.”
მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/241, 11 მარტი, 2004