მე – 19 მუხლის მე – 3 პუნქტი

„რწმენის თავისუფლების რთული ბუნება და მრავალმხრივი, განუსაზღვრელი შინაარსი არ უნდა გადაიქცეს გადაულახავ დაბრკოლებად იმისათვის, რომ შესაბამისი საჯარო ინტერესების დასაცავად მოხვდეს მიის თანაზომიერი შეზღუდვა. ანუ უფლების ასეთი ბუნება არ უნდა გახდეს ამ უფლების ბოროტად სარგებლობის საფუძველი, ადამიანები არ უნდა გადაიქცნენ საკუთარი თავის კანონმდებლებად, და მხოლოდ თავად არ უნდა გადაწყვიტონ, რა არის მათი სინდისისა და რწმენის შესაბამისი და მხოლოდ იმ კანონებს არ უნდა დაემორჩილონ, რომლებიც, მათი აზრით, ჯეროვანია.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი რწმენის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს მისი გამოვლინების შემთხვევაში მხოლოდ სხვათა უფლებების და თავისუფლებების დაცვის მიზნით.

ნებისმიერი უფლება, რწმენის თავისუფლების ჩათვლით, დაცული და გარანტირებული უნდა იყოს მხოლოდ მისი ნამდვილი არსის ფარგლებში, ამიტომ უფლების ფარგლების ხელოვნურად გაფართოება, როგორც მისი არასწორად განმარტების, ისე გამოყენების მეშვეობით, საფრთხეს შეუქმნის კონსტიტუციურ ღირებულებებს შორის ბალანსის შენარჩუნებას.

კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს ადამიანის შინაგანი სფეროს, მისი შინაგანი სამყაროს აბსოლუტურ დაცვას და ადგენს ფარგლებს, შეზღუდვის შესაძლებლობას მათი გამოვლენისას. ადამიანის თავისუფლება, საკუთარი ცხოვრება წარმართოს მისი რწმენის შესაბამისად, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით, სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, შეიძლება შეიზღუდოს.

მიუხედავად რწმენის თავისუფლების უდიდესი მნიშვნელობისა, როგორც დემოკრატიული საზოგადოებისათვის , ისე თითოეული ადამიანის პიროვნული ავტონომიისა და თვითრეალიზაციისთვის, სახელმწიფოს არა აქვს ვალდებულება, მართლზომიერ ქმედებად მიიჩნიოს ადამიანის ყოველგვარი გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი საკუთარი რწმენის შესაბამისად აცხადებენ. ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო უფლებამოსილია და ვალდებულიც, ჩაერიოს რწმენის თავისუფლებაში, რათა უზრუნველყოს სხვათა ავტონომიის პატივისცემა, ცალკეული ინდივიდებისა თუ საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა.

ინდივიდის თავისუფლების იდეა სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ სხვათა უფლებებით და თავისუფლებებით, ასევე სხვა ლეგიტიმური ინტერესებით შეზღუდვის პირობებში. შესაბამისად, უფლებათა უმრავლესობათა შეზღუდვა აუცდენელია, რადგან მათი რეალიზაცია ხშირად წარმოშობს ღირებულებათა კონფლიქტს. ღირებულებათა კონფლიქტის სირთულე ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთს უპირისპირდება კანონიერი ინტერესები, რაც ნიშნავს, რომ ორივე მხარეს გააჩნია უფლება ამ ინტერესების დაცვაზე და მოლოდინიც, რომ მისი კანონიერი ინტერესი რეალიზებადი იქნება, ამ დილემიდან გამოსავალი დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთადერთია- სამართლიანი ბალანსის მიღწევა. მაშინ როდესაც ინტერესების დაპირისპირება აუცილებელია, წარმოიშობა მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/477, 22 დეკემბერი, 2011

Back to Top