“კონსტიტუციის აღნიშნული დებულება იცავს ადამიანის პირადი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ სფეროს. თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება მოითხოვს ადამიანის პირადი ავტონომიის პატივისცემას, მასში სახელმწიფოსა და კერძო პირების ჩარევის მინიმუმამდე შემცირებას. ეს საზოგადოების არსებობის თანმდევი, ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომლის დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი ყველას გააჩნია. ადამიანი თავისუფალი, ღირსების მქონე არსებაა. სამართლებრივი სივრცე, რომელსაც საკანონმდებლო ხელისუფლება ქმნის, მიმართული უნდა იყოს მისი უფლების იმ კონსტიტუციური ფასეულობების დაცვისკენ, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მშვიდობიანი ყოფაცხოვრებისა და განვითარებისთვის არის საჭირო. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ძირითადი მიზანია, დაიცვას ინდივიდი სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული თვითნებური ჩარევისგან.
ადამიანის უფლებების დაცვა და მათი განხორციელებისათვის შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. შესაბამისად, ადამიანის უფლებების, როგორც უზენაესი და წარუვალი ღირებულებების, რეალიზება სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან გარკვეული დისკომფორტის, თმენის ვალდებულებასაც გულისხმობს. ადამიანის უფლების შეზღუდვის მიზანს ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს სხვა კონსტიტუციური სიკეთეების დაცვა. უფლების შეზღუდვა , როგორც წესი, მაშინ ხდება საჭირო, როდესაც მისი ამა თუ იმ ფორმით რეალიზება დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებთან ან სხვათა უფლებებთან მოდის შემხებლობაში. კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დაცვის ქვეშ მოქცეულია ისეთი კონსტიტუციური სიკეთეები, რომელთა რეალიზება, როგორც წესი, ადამიანის ცხოვრების პირადულ სფეროში ხდება და ამ უფლების განხორციელებიდან გამომდინარე, გარე სამყაროსთან კონტაქტის ინტენსივობა ძალიან დაბალია. შესაბამისად დაბალია სხვათა უფლებებთან კონფლიქტის ალბათობაც.
პირადი ცხოვრების კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სეგმენტის სამართლებრივი ბუნებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსტიტუცია ამ უფლების დაცვის განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს აწესებს. კონსტიტუციის მე-20 მუხლი განსაზღვრავს მასში მოცემული უფლების არა მხოლოდ მატერიალურ შინაარსს, არამედ ადგენს ამ უფლების შეზღუდვის ფორმალურ გარანტიებს. აღნიშნული უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, გარდა იმისა რომ საჭიროა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნის დაცვის აუცილებლობის დასაბუთება, აგრეთვე დაცული უნდა იყოს უფლების შეზღუდვის ფორმალური კონსტიტუციური გარანტიები- სახეზე უნდა იყოს მოსამართლის ბრძანება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჩარევის საჭიროება მოსამართლემ უნდა შეაფასოს და როგორც წესი, სწორედ მისი ბრძანება წარმოადგენს, კონკრეტულ სატელეფონო საუბარზე თუ პირის საცხოვრებელ ან საქმიანობის ადგილზე სახელმწიფოს დაშვების საფუძველს.
კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული უფლების რეგულირება, მას და სხვა კონსტიტუციურ ლეგიტიმურ მიზნებს შორის ბალანსის დადგენა ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნას მოითხოვს, რომელიც ერთი მხრივ სრულად დაიცავს უფლების თანაზომიერი შეზღუდვის მოთხოვნებს, მეორე მხრივ კი მოსამართლის მიერ უფლებაში ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინაპირობებს განსაზღვრავს.
საჯარო ხელისუფლების მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების კომპეტენციის განმსაზღვრელი ნორმები უნდა იყოს მკაფიო და არ უნდა ქმნიდეს მისი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შედეგად ადამიანის უფლების დარღვევის თუნდაც მცირე საფრთხეს.
სადავო ნორმის ერთი კონკრეტული შინაარსის კონსტიტუციურობა არ არის საკმარისი მთლიანად ნორმის კონსტიტუციურობის მტკიცებისათვის. კონსტიტუციასთან შეფასებადია სადავო ნორმის კეთილსინდისიერი განმარტების შედეგად განსაზღვრული ყველა შესაძლო შინაარსი და თუ რომელიმე მათგანი არ შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს, ნორმა არაკონსტიტუციურია. კანონი მის კეთილსინდისიერ აღმსრულებელს არ უნდა აძლევდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ლეგალურ საშუალებას.
სადავო რეგულაციით ხდება მოსამართლის მიერ განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადის გაგრძელების უფლებამოსილების პროკურორისთვის მინიჭება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, აღნიშნული წარმოადგენს თუ არა კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე.
კონსტიტუციის მე-20 მუხლის შესაზღუდად სასამართლოს გადაწყვეტილებისა აუცილებლობის კონსტიტუციური პირობა ემსახურება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებაში ჩარევის საჭიროების არსებობის ნეიტრალური პირის მიერ შეფასებას. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს უფლების შეზღუდვის სხვა ფორმებისგან განსხვავებით ახასიათებს ფარული ბუნება, მათ დიდ ნაწილს საზოგადოება საერთოდ ვერ ხედავს და , შესაბამისად, ვერ აკონტროლებს. ამ ფონზე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფლებაში არათანაზომიერი ჩარევის ცდუნება და რისკი სხვა შემთხვევებთან შედარებით მაღალია. ნეიტრალური პირის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედების გაკონტროლება ამცირებს თვითნებობის რისკებს და წარმოადგენს კანონის სწორად გამოყენების მნიშვნელოვან გარანტიას.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა პირდაპირაა დაკავშირებული კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის სიმძიმესთან. ღონისძიების ჩატარების ვადების ზრდასთან ერთად ჩარევის ინტენსივობაც იზრდება. მოსამართლის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კონკრეტული ვადით ჩატარების ბრძანების გაცემის შემთხვევაში არ არსებობს პრეზუმცია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საჭიროება სახეზე იქნება ამ ვადის გასვლის შემდეგაც. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ბრძანებას გარკვეული ვადით გასცემს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გაგრძელება უფლებაში დამატებით ჩარევას წარმოადგენს. სადავო ნორმა დამატებით ტვირთს აწესებს ადამიანის პირადი საქმიანობის ადგილისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლების რეალიზებაზე. შესაბამისად, ადგენს ამ უფლების შეზღუდვის დამოუკიდებელ შემთხვევას, რომელიც არ ითვალისწინებს სამოსამართლო კონტროლს.
ვინაიდან სადავო ნორმა უშვებს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ნორმის კონსტიტუციურობის გადასაწყვეტად უნდა შემოწმდეს უფლების შესაძლო შეზღუდვის მეორე ფორმალური საფუძვლის-კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის საკითხი.
კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით შეზღუდვის თითოეული შემთხვევის განსაზღვრას კონსტიტუცია ექსკლუზიურად კანონმდებლის კომპეტენციად მიიჩნევს. კანონის არარსებობის პირობებში, აღმასრულებელ ხელისუფლებას არ გააჩნია დისკრეცია, დაასაბუთოს ადამიანის პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეზღუდვის საჭიროება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სიტუაცია თავისი ბუნებით გადაუდებელი აუცილებლობის კონსტიტუციურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, კანონის არარსებობის პირობებში უფლებაში ჩარევა მაინც დაუშვებელია. ამასთანავე, გადაუდებელი აუცილებლობის შინაარსს თავად კონსტიტუციური უფლება განსაზღვრავს. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის თითოეული შემთხვევა მატერიალური შინაარსით შესაბამისი უნდა იყოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს კერძო ინტერესების დაუყოვნებელი, მყისიერი შეზღუდვის აუცილებლობა და დროის სიმცირე არ უნდა იძლეოდეს მოსამართლის ბრძანების მოპოვების შესაძლებლობას.”
„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ის შესაძლოა შეიზღუდოს კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მისი შეზღუდვის შესაძლებლობას თავად კონსტიტუციის მე-20 მუხლი ითვალისწინებს და შეზღუდვის შესაბამის კრიტერიუმებსაც შეიცავს. ამასთანავე, შეზღუდვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მოთხოვნა, რომ უფლებაში ჩარევა შესაბამისი მიზნების მიღწევისთვის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს.“
„საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანების სავალდებულო პირობა ხელისუფლების მიერ უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას ემსახურება. ამასთანავე, სასამართლოს გადაწყვეტილების, როგორც ასეთის, არსებობა არ ნიშნავს აპრიორი შესაბამის უფლებაში ჩარევის თანაზომიერებას. რაც შეეხება კანონით გათვალისწინებულ გადაუდებელ აუცილებლობას, კონსტიტუციის მე-20 მუხლში აღნიშნული მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების ალტერნატივის ფორმით არის რეგლამენტირებული. ბუნებრივია, (მსგავსად კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა) გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა კი არ გამორცხავს სასამართლო ზედამხედველობის აუცილებლობას, არამედ მას მხოლოდ დროში გადაანაცვლებს.
კონსტიტუციაში მოცემული გადაუდებელი აუცილებლობის რეგლამენტაცია კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს, გადაუდებელი აუცილებლობის განმსაზღვრელი თითოეული პირობა გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონით. იმავდროულად, კანონით გათვალისწინებული პირობა, რომელიც გამოიყენება, მოსამართლის ბრძანების გარეშე, უფლებაში ჩარევისთვის, შესაბამისობაში უნდა იყოს კონსტიტუციაში რეგლამენტირებული გადაუდებელი აუცილებლობის შინაარსთან. აქედან გამომდინარე, „გადაუდებელი აუცილებლობის“ ცნების შინაარსის განსაზღვრისას, კანონმდებლის დისკრეციის ზღვარს წარმოადგენს კონსტიტუცია, ხოლო აღნიშნულ კონტექსტში კანონმდებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება…
შესაბამისი საკანონმდებლო რეგლამენტაციის საფუძველზე „გადაუდებელი აუცილებლობის“ არსებობა შესაძლოა დადგინდეს კონკრეტული ნორმის განმარტებისა და ანალიზის შედეგად. აქედან გამომდინარე, კანონმდებლის ნება აღნიშნულ კონტექსტში საკმარისად მკაფიოდ უნდა იქნეს ჩამოყალიბებული, რათა გამოირიცხოს ამ ცნების არასწორი ინტერპრეტაცია, რაც, საბოლოო ჯამში, უფლების დარღვევას გამოიწვევს.
თუ ვიხელმძღვანელებთ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის „ფიზიკური“ შემოწმება (იქნება ეს ტანსაცმლის, პირადი ნივთების და ა.შ.) ჩვეულებრივ შეფასდება კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის კონტექსტში და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყდება ჩარევის პროპორციულობის საკითხი.“
„საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშე, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. მითითებული კონსტიტუციური ნორმა იცავს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ერთ-ერთი ფუნდამენტური კონსტიტუციური გარანტიაა.
მითითებული უფლება წარმოადგენს ადამიანის სხვა კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტური განხორციელების საფუძველს და, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ადამიანს ჰქონდეს საშუალება, საკუთარი პირადი ცხოვრება და მისი განვითარება წარმართოს მისი შეხედულებებისა და პრეფერენციების მიხედვით, დაცული იყოს სახელმწიფოს მხრიდან გაუმართლებელი ჩარევისაგან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში მოცემული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა სწორედ ადამიანის პიროვნული თავისუფლება, პირადი ცხოვრებისა და თვითგანვითარების დაუბრკოლებელი განხორციელების შესაძლებლობაა, გამომდინარე აქედან, აღნიშნული უფლების მოქმედების სფერო არ შემოისაზღვრება მხოლოდ კონსტიტუციის მე-20 მუხლის ჩანაწერით, რასაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი.“
„საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ტექსტში ჩამოთვლილია პირადი ცხოვრების ამ ნორმით დაცული კომპონენტები, კერძოდ: „პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი“. როგორც იკვეთება ნორმა პირადი ცხოვრების უფლების კომპონენტთა კონკრეტულ ჩამონათვალს იძლევა, თუმცა იგი ასევე იხსენიებს პირად ცხოვრებას როგორც ზოგად ტერმინს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული სფერო არ მოიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს სრულად, მითითებული ნორმის მიზანს წარმოადგენს პირადი ცხოვრების ჩამოთვლილ უფლებრივ კომპონენტთა დაცვა სახელმწიფოს არალეგიტიმური ჩარევისაგან.
საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული სფეროს განმარტება არ ხდება მხოლოდ ვიწრო და ფორმალური თვალსაზრისით… აღნიშნულის მაგალითია პირადი ჩხრეკა, რომელიც მითითებული კონსტიტუციური ნორმით დაცული პირადი ცხოვრების ჩამოთვლილ კომპონენტებში არ მოიხსენიება, თუმცა ნათელია, რომ პიროვნების პირადი სფეროს მატერიალური შემოწმება დაცულია სწორედ ამ ნორმის კონტექსტში.
ზოგადად, არ გამოირიცხება, რომ პირის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის შენახვა მართლაც უკავშირდებოდეს გარკვეულ დისკომფორტს. აღნიშნული ინფორმაციის შენახვის წესი კი – თავის მხრივ, შესაძლოა საკუთარ თავში მოიაზრებდეს პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის საფრთხეს, თუმცა სადავო ნორმა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს ხელთ არსებული მონაცემების შემდგომი შენახვის შესაძლებლობას ადგენს. კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულია პირადი ცხოვრების ისეთი კომპონენტები, რომლებიც იცავს პირს სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის შეგროვების, ფარული მიყურადების, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან/და პირადი ჩხრეკის გაუმართლებლად განხორციელებისაგან. სადავო ნორმა ადგენს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, შეინახოს ინფორმაცია პირის შესახებ და არ ქმნის პირის კერძო სივრცეში ჩარევის, პირადი კომუნიკაციის ინფორმაციაზე წვდომის საკანონმდებლო საფუძველს. უშუალოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მოპოვება სცდება სადავო ნორმის მოწესრიგების სფეროს. შესაბამისად, სადავო რეგულირება არ ატარებს მზღუდავ ხასიათს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი პირადი ცხოვრების კომპონენტების მიმართ.“