მე -5 მუხლის მე-4 პუნქტი

„დაუშვებელია, რომ მმართველობის ორგანო გამოსცემდეს აქტს, რომელიც ადგენს გადასახადის შემოღების ოდენობასა და წესს. ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევას. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.“

ოთარ ზოიძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, №1/3-21, 20 თებერვალი, 1997

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ძალით „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება დანაწილებულია სამ შტოდ: საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება.  ხელისუფლების ამ სამი შტოს კომპეტენცია ისე უნდა იყოს რეგლამენტირებული კონსტიტუციით, რომ ხელისუფლების არც ერთ შტოს არ უნდა შეეძლოს ხელისუფლების მეორე შტოს ფუნქციების მითვისება და, მით უმეტეს, ხელისუფლების არც ერთ შტოს არ უნდა შეეძლოს ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილების ვადა ხელისუფლების მეორე შტოს; მეორე, – საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში და არა თავისი შეხედულებების მიხედვით. საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, მაშინ იქნებოდა კანონიერი, თუ ასეთ უფლებას საკანონმდებლო ხელისუფლებას მიანიჭებდა კონსტიტუცია.“

ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/80-9, 3 ნოემბერი, 1998

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართვლოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლება აქვთ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მათთვის მინიჭებული  უფლებამოსილების ფარგლებში“. აქედან გამომდინარე , აჭარის  ა/რ პარლამენტს სადავო ნორმატიული აქტის მიღებაზე უნდა ჰქონოდა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება. რადგანაც საქართვლოს კონსტიტუციამ ამ საკითხის გადაწყვეტის უფლება მიანიჭა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს. ეს ავტომატურად გამორიცხავს ამ უფლებამოსილების დელეგირებასაც კი ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისთვის.

რადგან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განსაზღვრა საქართვლოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის პრეროგატივად განისაზღვრა, აჭარის ა/რ პარლამენტის მიერ ამ საკითხის გადაწყვეტა ნიშნავს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის მითვისებას და წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მიაჩნია, რომ „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ აჭარის ა/რ ორგანული კანონი მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევით, არაუფლებამოსილი ორგანს მიერ, ამიტომ ის ძალადაკარგულად უნდა იქნას ცნობილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ აჭარის ა/რ ორგანული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:

ხელყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა იმის თაობაზე რომ საქართველოს ნებისმიერ ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, რაც გამორიცხავს ნებისმიერი სხვა სუბიექტისათვის ამ უფლების მინიჭებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც არაკონსტიტუციურია ერთის მხრივ, აჭარის ა/რ პარლამენტის მიერ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი სუბიექტების მიერ, ბუნებრივია, არაკონსტიტუციურია „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ აჭარის ა/რ ორგანული კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიებაც, რადგან მათი განხორციელება უნდა მოხდეს არაკონსტიტუციურად დადგენილი და შემოღებული რეჟიმის პირობებში.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (სულ 67 დეპუტატი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს მოქალაქე თამაზ დიასამიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის წინააღმდეგ, N15/290,266, 25 მაისი, 2004

 

კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი მიმართულია სახელმწიფო ძალაუფლების კონცენტრაციისა და  ბოროტად გამოყენების რისკების თავიდან აცილებისკენ. სახელმწიფო ხელისუფლების ამგვარი ინსტიტუციონალიზაციის პირობებში შესაძლებელი ხდება სახელისუფლებლო ძალაუფლების უზურპირების პრევენცია, უზენაესი და წარუვალი კონსტიტუციური ღირებულების – ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ხელისუფლების ამგვარი ფორმით განხორციელება უზრუნველყოფს შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოებს შორის პასუხისმგებლობის რაციონალურ დანაწილებას. ხელისუფლების დანაწილების პირობებში შესაძლებელი ხდება სახელმწიფო გადაწყვეტილებების მაქსიმალურად კვალიფიციურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიღება. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში ეფექტური და სამართლიანი მართვის წინა პირობაა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება იმ ორგანოების მიერ, რომლებიც კომპეტენტური არიან თავიანთი კონსტიტუციური სტატუსით, ფუნქციითა და უფლებამოსილებებით.“

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, N3/4/641, 29 სექტემბერი, 2016

 

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული დებულება, როგორც წესი, გულისხმობს ხელისუფლების დანაწილებას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად, რაც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ქვაკუთხედს წარმოადგენს. მოცემული ჩანაწერი არ არის დეკლარაციული ხასიათის და იგი მჭიდრო კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რომელიც გაცხადებული და განმტკიცებულია კონსტიტუციის პრეამბულით.

აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დანიშნულებას არ წარმოადგენს ხელისუფლების მხოლოდ ფორმალური დაყოფა სხვადასხვა შტოებად, არამედ მისი მიზანია, აღნიშნულ შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების რეალური და ქმედითი კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც გამოხატულია კიდეც კონსტიტუციის შესაბამის თავებში მოცემული რეგულირებებით, რომლებიც განსაზღვრავს ხელისუფლების თითოეული შტოს კომპეტენციას და მის ურთიერთმიმართებას სხვა შტოებთან.

ამგვარად, ნებისმიერი რეგულირება, რომელიც ხელისუფლების რომელიმე შტოს კომპეტენციას და საქმიანობას ეხება, უნდა შემოწმდეს არა მხოლოდ ხელისუფლების ამა თუ იმ ორგანოს კომპეტენციის დამდგენ კონსტიტუციურ დებულებასთან, არამედ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი და ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების კონსტიტუციური მექანიზმი.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

 

„ხელისუფლების შტოთა დაბალანსების, ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმის ქმედითობის უზრუნველყოფის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებული როლი ენიჭება.

ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო თავად განეკუთვნება ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს – სასამართლო ხელისუფლებას. კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით, ხოლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა, ხელისუფლების სხვა შტოების მსგავსად, კანონმდებლის მხრიდან გარკვეულ რეგულირებას უნდა დაექვემდებაროს, მათ შორის, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი ნორმების დადგენის კუთხითაც. კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება, მისი შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კონსტიტუციით და ორგანული კანონით, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების შერჩევის, დანიშვნისა და არჩევის, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე საკონსტიტუციო სამართალწარმოების და სასამართლოს საქმიანობის სხვა საკითხები განისაზღვრება კანონით.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768, 769, 790, 792,  29 დეკემბერი, 2016

Back to Top