მე-5 მუხლის პირველი პუნქტი

„დემოკრატია, უშუალო გაგებით, გულისხმობს რა ხალხის მმართველობას, შესაბამისად, ის, თავისთავად, გულისხმობს  მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების  როგორც ფორმირებაში, ისე განხორციელებაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სახალხო სუვერენიტეტის იდეას. კერძოდ: “საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი… ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით”. დემოკრატია, პირველ რიგში, სწორედ სახალხო სუვერენიტეტის რეალიზებით ვლინდება, რადგან ხალხის მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელებაში არის დემოკრატიის ძირითადი არსი, საფუძველი და მიზანი.

მაშასადამე, მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში, წარმოადგენს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპს. ამიტომ სახალხო სუვერენიტეტის იდეა ემსახურება რა ხალხის ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობის უზრუნველყოფას და, შედეგად, პირდაპირი, უშუალო დემოკრატიის რეალიზაციას, ის ყველა დონეზე უნდა განხორციელდეს. ბუნებრივია, ეს გულისხმობს მოქალაქეთა ადგილობრივ ხელისუფლებაზე ამ გზით ხელმისაწვდომობასაც. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გარანტირებული შესაძლებლობა, უშუალოდ ან მათი წარმომადგენლების მეშვეობით გადაწყვიტონ საკუთარი პრობლემები, დაიცვან საკუთარი ინტერესები, უზრუნველყონ უფლებების რეალიზაცია. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების განხორციელებაში პირდაპირი, უშუალო მონაწილეობა, მათ შორის, ადგილობრივ დონეზეა ეფექტური. ამიტომ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები და მათზე მოქალაქეთა  რეალური წვდომა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია.

შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერება და დაცვა არის შეუცვლელი წვლილი დემოკრატიის განვითარებაში. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის (სტრასბურგი, 15.10.1985., რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ოქტომბრის N515-IIს დადგენილებით) მოთხოვნების გათვალისწინება, რომელთაგან ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დამოუკიდებლობის ადეკვატური ხარისხის უზრუნველყოფა, ამისთვის მათი ეფექტური და საკმარისი გარანტიებით აღჭურვა.

საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნები, რომლის შედეგად, ერთი მხრივ, მოქალაქეები თავად შეიძლება იყვნენ არჩეული და ამ გზით უშუალოდ განახორციელონ მმართველობა, ხოლო, მეორე მხრივ, აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები და გადასცენ მათ საკუთარი ხელისუფლების განხორციელების მანდატი, შედეგად, საკუთარ რჩეულთა მეშვეობით განახორციელონ ხელისუფლება, წარმოადგენს აუცილებელ გარანტიას მოქალაქეებისთვის, შექმნან და განავითარონ დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში. სწორედ არჩევნები არის ადამიანებისთვის ინსტრუმენტი ხელისუფლების განხორციელებაზე ხელმისაწვდომობისთვის.

ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების გადაწყვეტისთვისაც მოქალაქეებთან დაახლოებული მმართველობა, პირველ რიგში, მიიღწევა ლეგიტიმაციის უშუალოდ ხალხისგან მიღებით. სწორედ ხელისუფლების ასეთი ლეგიტიმაცია თავისთავად მოითხოვს მეტ დამოუკიდებლობას, რათა გარანტირებული იყოს ამომრჩეველთა მიერ დელეგირებული ხელისუფლების შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა. ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლები არა მხოლოდ საკუთარ უფლებას განახორციელებენ, არამედ, პირველ რიგში, ხალხის მანდატის მატარებლები არიან, მათი სახელით მოქმედებენ და საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილება ამომრჩეველთა ინტერესებისთვის უნდა გამოიყენონ. ეს ფუნქცია მათ დემოკრატიული სახელმწიფოსგან აქვთ დაკისრებული. სწორედ დემოკრატიის მოთხოვნაა, რომ არ მოხდეს ხალხის ნების იგნორირება, მათ მიერ მინიჭებული მანდატი არ იქნეს დაძლეული.

შესაბამისად, ხალხის მიერ არჩეული პირების თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერება/შეწყვეტა, იმავდროულად, გულისხმობს ხალხის მანდატის შეჩერება/შეწყვეტას და წარმოადგენს თვითმმართველობის ავტონომიაში ყველაზე უხეშ ჩარევას. ამიტომ ეს უნდა ხდებოდეს მხოლოდ მკვეთრად გამოხატული და ძალიან მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებისთვის, რომელთა დაუცველობა, პირველ რიგში, თავად ამომრჩევლის ინტერესებს შეუქცევადად არღვევს, ამასთან, უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც ეს არის ერთადერთი და აუცილებელი გზა, იმავდროულად, ზედმიწევნით განჭვრეტადი, გასაგები, მკაცრად რეგლამენტირებული პროცედურით, რომელიც ეფუძნება ინტერესების სამართლიან ბალანსს.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №3/1/574, 23 მაისი, 2014

 

„სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს მოქალაქეთა ეფექტური მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელებაში, წარმოადგენს დემოკრატიის პრინციპის უმთავრეს მოთხოვნას. ამასვე ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც, „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხოლო  ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“.

სახალხო სუვერენიტეტის გამოვლინების თვალსაჩინო მაგალითს მოქალაქის მიერ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობების დაკავებისა და საჯარო უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა წარმოადგენს.“

საქართველოს მოქალაქე  ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/659, 15 თებერვალი, 2017

Back to Top