მე-9 მუხლის პირველი პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – შენარჩუნებაზე. კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო იცავს კანონით“. აღნიშნული ნორმა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს კულტურულ მემკვიდრეობას მიკუთვნებული ნაგებობების დაცვის გარანტიებს. იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციას გააჩნია პირდაპირი მოქმედების ეფექტი და მისი ნორმატიული ძალა არ არის დამოკიდებული ქვემდგომ სამართლებრივ აქტებში შესაბამისი კონსტიტუციური დებულებების ასახვაზე. ამის მიუხედავად, კონსტიტუციით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულფასოვანი აღსრულებისთვის ხშირად საჭიროა საკანონმდებლო მოწესრიგება. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის მიზანი, აღასრულოს კონსტიტუციური მოთხოვნა, უდავოდ ღირებული სამართლებრივი სიკეთეა“.

სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.№1/2/671. 3 ივლისი,2018

„საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან“. ციტირებული ნორმის ჩანაწერი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების თაობაზე, ერთი შეხედვით, ისტორიული ფაქტის კონსტატაციასთან არის დაკავშირებული. თუმცა მისი მნიშვნელობა მხოლოდ კონკრეტული გარემოების აღიარებით არ ამოიწურება და ძირითადი კანონის ეს ჩანაწერი არ შეიძლება წავიკითხოთ კონსტიტუციის სხვა ნორმებისგან იზოლირებულად.

ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება უპირველესად გამოიხატება კონსტიტუციურ დებულებებში, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით არის განსაზღვრული. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს კონსტიტუციური შეთანხმების დადების სავალდებულოობას სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, აღიარებს ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. მეტიც, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი მოითხოვს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისობას კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, რაც ხაზს უსვამს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული შეთანხმების სამართლებრივ მნიშვნელობას ნორმატიული აქტების იერარქიაში. იმავდროულად, განსახილველ ჩანაწერს ავტონომიური მნიშვნელობა გააჩნია და იგი უშუალოდ კონსტიტუციაში პირდაპირ მითითებული გარემოებებით არ ამოიწურება, თუმცა იგი არ მოითხოვს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარებაში ჩაყენებას ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში“.

სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.№1/2/671. 3 ივლისი,2018

„საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი არ მოითხოვს განხილული სამართლებრივი ბუნების მქონე დიფერენცირებას. ვინაიდან სადავო ნორმით გათვალისწინებულ დიფერენცირებას არ გააჩნია რაციონალური კავშირი მოპასუხე მხარის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან, იგი დისკრიმინაციულად, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადების გადახდა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულებაა და, შესაბამისად, გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების პრევენცია უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს. შესაბამისად, სახელმწიფო უფლებამოსილია, მიიღოს სპეციალური ზომები, რომელიც გამორიცხავს გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველების ხელოვნურად შექმნის გზით გადასახადების გადახდის თავიდან არიდებას.

აშკარაა, რომ სადავო რეგულაცია მიმართულია არა ხელოვნურად შექმნილი გადასახადისაგან გათავისუფლებულ ტრანზაქციებზე რეაგირებისაკენ, არამედ დიფერენცირებულ რეჟიმში აქცევს მოსარჩელეებს ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობის, რესტავრაციის და მოხატვის ნებისმიერი მომსახურების შესყიდვისას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის ფარგლებში გარკვეული ტექნიკური სირთულეების არსებობა/წარმოშობა ვერ გახდება კონსტიტუციის მოთხოვნების უგულებელყოფის საფუძველი. ამდენად, თუ მოპასუხე მიიჩნევს, რომ არსებობს საგადასახადო შეღავათით ბოროტად სარგებლობის საფრთხეები, იგი უფლებამოსილია, შემოიღოს ამ საფრთხეების აღმოფხვრისკენ ვიწროდ მიმართული ნორმები“.

Back to Top