მუხლი 1

„ცნობილია, რომ საქართველოში 1991 წელს მოქმედებდა 1978 წელს მიღებული კონსტიტუცია. როგორც ეს შემდგომში ამ კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაეწერა, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა. ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალების მოსვლით დაიწყო ახალი ხანა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების, დამატებების შეტანა და მისი შევსება დემოკრატიული პრინციპების მქონე დებულებებით. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც ამ კონსტიტუციაში შეტანილ იქნა 1989-1991 წლებში, სრული საფუძვლით შეიძლება აღინიშნოს, რომ თავისი შინაარსით იგი სრულიად დემოკრატიული იყო. სწორედ ასეთი დემოკრატიული დებულებების და პრინციპების მემკვიდრეობითობას იცავს საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია, როცა მის პირველ მუხლში ჩაიწერა, „საქართველო არის… ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე… ჩატარებული რეფერენდუმით“, რომ „საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა“. საქართველოში 1991 წლის მოქმედი კონსტიტუციის პირველ მუხლში კი ჩაწერილია: „საქართველოს რესპუბლიკა არის დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო“, რომ „საქართველოს ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია.“ როგორც ვხედავთ, 1995 წლის კონსტიტუცია უცვლელად აღიარებს 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციით დადგენილ სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმას. ამასთანავე, 1995 წლის კონსტიტუციამ კანონიერად ცნო 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები…

“მართალია, საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლში არ წერია, რომ იგი აღიარებს 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციის კანონიერებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია არ იცავს 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციის დებულებებისა და პრინციპების მემკვიდრეობითობას; ამ დროს არც სახელმწიფო და არც საზოგადოებრივი წყობილება უკვე აღარ იყო სოციალისტური.“

საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/80-9, 3 ნოემბერი, 1998

 

„ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, კერძოდ, ცხინვალის რეგიონი, როგორც ტერიტორიული ერთეული ითვლება საქართველოს შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთი, როგორც ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული საერთოდ არ არსებობს და შესაბამისად, თვითგამოცხადებული ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის „რესპუბლიკის“ სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშნები და რეგისტრაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო და არაკანონიერია.”

საქართველოს მოქალაქე გურამ შამანიდი საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების წინააღმდეგ, N2/1/130, 23 აპრილი, 2002

Back to Top