მუხლი 101

„სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციის 101-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება გამორიცხავს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის კონსტიტუციით დაცვის შესაძლებლობას. ქვეყნის დაცვა არ გულისხმობს მხოლოდ იარაღით ხელში ქვეყნის დაცვას- უმეტესწილად, ეს მართლაც ასოცირდება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან, თუმცა ასეთი მოქმედებები ვერ ამოწურავს ქვეყნის „დაცვის“ შინაარსს. იმავდროულად, სამხედრო ვალდებულება შეიძლება საერთოდ არ იყოს დაკავშირებული იარაღის გამოყენებასთან. ნიშანდობლივია, რომ 101-ე მუხლი თავად არ აკონკრეტებს სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას. ამიტომ არასწორია იმის მტკიცება, რომ 101-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება უტოლდება მხოლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურს და გულისხმობს მხოლოდ ამ შინაარსით სამხედრო ვალდებულების  მოხდის შესაძლებლობას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების სამსახურის ფორმით მოხდის ალტერნატივას. ანუ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამოქალაქო სამსახურის ჩანაცვლების გზით. ამასთან, კანონმდებლობა ორიენტირებულია რომ ალტერნატიული შრომითი სამსახური წარმოადგენდეს სამხედრო სამსახურის რეალურ და ადეკვატურ ალტერნატივას, რათა არ მოხდეს სამხედრო ვალდებულების მოხდის ტვირთის არათანაბარი გადანაწილება ქვეყნის მოქალაქეებზე (მაგალითად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოხდის ხანგრძლივობა უნდა იყოს სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობაზე უფრო მეტი და სხვა).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს სამოქალაქო სამსახურის, არის გონივრული კომპრომისის მიღწევის გზა კონსტიტუციურ უფლებასა და ქვეყნის დაცვის კონსტიტუციურ ვალდებულებას შორის. ის თავისი სიმძიმით უნდა წარმოადგენდეს რა სამხედრო სამსახურის რეალურ და ადეკვატურ ალტერნატივას, ზუსტად ამის წყალობით და იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო ვალდებულება, ისევე როგორც ქვეყნის დაცვა, მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებისა და მათთვის მზადებაში არ გამოიხატება, წარმოადგენს როგორც ქვეყნის დაცვის, ისე სამხედრო ვალდებულების მოხდის საშუალებას. მაშასადამე, კონსტიტუციის 101-ე მუხლი არ გამორიცხავს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა არ არის ან ვერ იქნება მოაზრებული რწმენის თავისუფლების შემადგენელ უფლებრივ კომპონენტად.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/477, 22 დეკემბერი, 2011

 

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით ზოგადად საფუძველი ჩაეყარა ადგილობრივ თვითმმართველობას – მოქალაქეების შესაძლებლობას, ადგილებზე მიიღონ ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობა. კონსტიტუციით ასევე გაიწერა ინსტიტუციური გარანტიები, რომელთა რეალიზაცია სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი კონსტიტუციური ვალდებულებებით შეზღუდვას გულისხმობს. კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 1011 მუხლის მეორე პუნქტით განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის ლეგიტიმაციის საკითხი – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები საკრებულოს ირჩევენ პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. ასეთი მაღალი ლეგიტიმურობის პირობებში კონსტიტუციამ შესაბამისი და ადეკვატური კომპეტენციის, ავტონომიის მაღალი ხარისხის და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად დაადგინა კონსტიტუციური მოთხოვნები. კერძოდ, 1011 მუხლის პირველი პუნქტით სახელმწიფო შეიბოჭა ვალდებულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვროს ორგანული კანონით. ამავე პუნქტში ჩაიდო ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი გარანტია – ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ანგარიშვალდებული არიან მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე. ეს ნორმა, გარდა იმისა, რომ ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის ანგარიშვალდებულებას ადგენს, იმავდროულად, უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას ცენტრალური ხელისუფლებისაგან. იგივე მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის დებულებებიც. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოები – საკრებულოები აღიჭურვნენ უფლებით, სარჩელით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვონ ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა კონსტიტუციის 71 თავთან მიმართებით, რაც მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და მიუთითებს კონსტიტუციის სულისკვეთებაზე, მეტი დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გარანტიით აღჭურვოს ადგილობრივი თვითმმართველობა.

იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუცია, მთელი რიგი სხვა თანამდებობის პირებისგან განსხვავებით, არ შეიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი თანამდებობის პირების იმუნიტეტის, მათი ხელშეუხებლობისა თუ პასუხისგებაში მიცემის გაწერილ წესსა და პროცედურას. თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მათი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებაში სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩარევა დასაშვები და გამართლებულია ან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი თანამდებობის პირები სხვა საჯარო მოხელეების იდენტური კონსტიტუციური დაცვის გარანტიებით სარგებლობენ.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

Back to Top

%d bloggers like this: