მუხლი 14

„სასამართლო კოლეგია თვლის, რომ დაუშვებელია ერთი კატეგორიის სუბიექტების სოციალური უფლებისადმი პრინციპულად განსხვავებული მიდგომა, როცა მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პენსიის გაცემა დამოკიდებული ხდება დიფერენცირებულ ვადებზე. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის მოთხოვნები.“

საქართველოს მოქალაქე ტრისტან ხანიშვილი, გიორგი ქავთარაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/2/174,199, 15 ოქტომბერი, 2002

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხვდეს თანაბარ პირობებსა და გარემოში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს, კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განსხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დიფერენცირებულობის თანაბარი დონე ერთსა და იმავე პირობებში მყოფი სუბიექტებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევის დადგენისას ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: მე-14 მუხლის დარღვევას ადგილი აქვს მაშინ, როცა სახეზეა: ა) დიფერენცირებული დამოკიდებულება ერთნაირი შემთხვევების მიმართ, გონივრული და ობიექტური საფუძვლების გარეშე და ბ) არ არის დაცული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებებს შორის.

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს დევნილებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის იმ დებულებასთან, რომლითაც დადგენილია ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა. კანონის ნებისმიერი გამოყენება, რომელიც ემყარება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის პრინციპს, განიხილება როგორც მიზანშეუწონელი და სრულიად მიუღებელი. აქედან გამომდინარე კი, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების, ისე თანასწორობის პრინციპის დარღვევას.

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა დევნილის სტატუსის დაკარგვას უკავშირებს საქართველოს რომელიმე რეგიონში დასახლებას და რეგისტრაციაში გატარებას, დევნილ საქართველოს მოქალაქეებს აყენებს არჩევანის წინაშე გაიარონ რეგისტრაცია და მოახდინონ თავიანთი უფლების რეალიზაცია ან შეინარჩუნონ დევნილის სტატუსი, რაც მათ უქმნის არახელსაყრელ და არათანაბარ სამართლებრივ რეჟიმს  სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი თავისი შეხედულებისამებრ და მოახდინონ ამ საცხოვრებელ ადგილას რეგისტრაცია ისე, რომ რეგისტრაციის აქტი მათთვის არ იწვევდეს სახელმწიფოს მხრიდან მინიჭებული სტატუსის ან შეღავათების გაუქმებას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალურ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის მიერ მოქალაქეთა საერთო მასიდან გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის განსხვავებული, შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეგულირების განსაზღვრა განპირობებული უნდა იყოს არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით.“

საქართველოს მოქალაქეები ჯანო ჯანელიძე, ნინო უბერი, ელეონორა ლაგვილავა, მურთაზ თოდრია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  N2/7/219, 7 ნოემბერი, 2003

 

„კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებების თანაბრად აღიარებასა და დაცვას, რომლებიც იმყოფებიან ერთსა და იმავე პირობებში და განსაზღვრული საკითხისადმი აქვთ ერთნაირი დამოკიდებულება. ეს პრინციპი მოიცავს საკანონმდებლო საქმიანობის მთელ სპექტრს, რათა თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფ ადამიანებს მიენიჭოთ თანაბარი პრივილეგიები და დაეკისროთ თანაბარი პასუხისმგებლობა. განსხვავებული საკანონმდებლო მოწესრიგება, ცხადია, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს ნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი. ამასთან, ერთნაირ პირობებში მყოფი სუბიექტებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს დიფერენცირების თანაბარი დონე.“

საქართველოს მოქალაქეები უტა ლიპარტია, გიორგი ხმელიძე, ელისო ჯანაშია და გოჩა ღადუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/2/213,243, 16 თებერვალი, 2005

 

როდესაც ვსაუბრობთ სააქციო საზოგადოებაში მიმდინარე ურთიერთობათა მონაწილეებზე, მათი უფლებებისა და მოვალეობების განსხვავებას ვერ განვიხილავთ, როგორც ერთნაირი შემთხვევების მიმართ დიფერენცირებულ დამოკიდებულებას, არსებითად მსგავსი სუბიექტებისადმი არათანასწორ მიდგომას. ეს არის ურთიერთობა აქციონერებს შორის, რომლებმაც ნებაყოფლობით აირჩიეს ისეთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სადაც გადაწყვეტილების მიღებასა და მართვაში მონაწილეობა, სხვა უფლებამოსილებათა და ასევე შესაბამისი პასუხისმგებლობის ფარგლები საწარმოში მონაწილეობის მასშტაბებზეა დამოკიდებული. სააქციო საზოგადოების საქმიანობა ეფუძნება უმრავლესობის პრინციპს და აქ იმთავითვე გამორიცხულია არსებითად განსხვავებული წილობრივი მონაწილეობის მქონე აქციონერთა თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით აღჭურვის, მათი თანასწორ სუბიექტებად ჩამოყალიბების შესაძლებლობა. კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს კანონმდებელს, რომ უზრუნველყოს მსგავსი ტიპის ურთიერთობებში მხარეთა თანასწორობა, რამდენადაც ის არ მოითხოვს უნივერსალურ თანასწორობას ურთიერთობის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინების გარეშე.

საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/1-370, 382, 390, 402, 405, 18 მაისი, 2007

 

კანონის წინაშე თანასწორობა არ გულისხმობს, რომ ყველანაირი განსხვავებული მოპყრობა წარმოადგენს დისკრიმინაციას, იმისათვის, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა იყოს სახეზე, აუცილებელია: 1) დიფერენცირებულად განიხილებოდეს ერთნაირი შემთხვევები გონივრული, ობიექტური საფუძვლებისა და კანონისმიერი მიზნის გარეშე ან 2) არ იყოს დაცული გონივრული თანაზომიერება მიზანსა და მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელ საშუალებებს შორის ან 3.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით) არ იყოს უზრუნველყოფილი დიფერენცირებულობის თანაბარი დონე ერთსა და იმავე პირობებში მყოფი სუბიექტებისათვის.“

საქართველოს მოქალაქეები შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/1/392, 31 მარტი, 2008

 

„საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებას, არამედ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, უზრუნველყოს თანასწორობა კანონის წინაშე  არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ ან პირიქით. ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა. კონსტიტუციის მე-14 მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობას “დასაქმების ადგილის” მიუხედავად, მაგრამ ეს თავისთავად გამომდინარეობს ამ ნორმის არსიდან და მისი მიზნებიდან. მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ  კანონმდებლის მიერ პირთა გარკვეული ჯგუფისათვის მათი “დასაქმების ადგილის” მიხედვით გარკვეული პრივილეგიების მინიჭება წარმოადგენს პოტენციურ ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ სფეროში და ექვემდებარება კონსტიტუციურ სამართლებრივ შემოწმებას.

თანასწორობის პრინციპი ზღუდავს საჯარო ხელისუფლების თითოეულ სუბიექტს მისი უფლებამოსილების სფეროში, საქართველოს პარლამენტს, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც კონსტიტუციის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, სრული უფლება აქვს კანონით მოაწესრიგოს პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხები ყოველგვარი ტერიტორიული შეზღუდვების გარშე.

შესაძლებელია არასათანადო მოპყრობის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება. ამისათვის, სადავო ნორმის მიღებას უნდა ჰქონდეს საკმარისად წონადი, გონივრული და მნიშვნელოვანი მიზნები, კანონმდებლის მოქმედება უნდა იყოს საგნობრივად გამართლებული, არათვითნებური და თანაზომიერი. კონსტიტუციურობის შეფასებისას გასათვალისწინებელია ის, რომ სადავო ნორმა, გარკვეულწილად სოციალური დატვირთვის მატარებელია და ამ მიმართებით, სახელმწიფოს საკმაოდ დიდი შემოქმედების არეალი აქვს. მეორე მხრივ, დიფერენციაცია განხორციელებულია იმ ნიშნით, რომელზეც გავლენის მოხდენა და თავისთვის შეღავათების მიმნიჭებელი გარემოებების შექმნა მოსარჩელეებს ობიექტურად არ შეუძლიათ.

საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტების თანამშრომელთათვის პრივატიზების პროცესში გარკვეული შეღავათების მინიჭება 1994 წლის N178 ბრძანებულების ანალოგიით წარმოადგენდა ამ პირთა მიმართ სამართლიანობის აღდგენისა და მათი სოციალური ინტერესების დაცვის ოპტიმალურ, სათანადო და აუცილებელ გზას. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის მიღებისას არ არსებობდა კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევის სხვა უფრო ხელსაყრელი და უკეთესი საშუალება.“

საქართველოს მოქალაქეები შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/1/392, 31 მარტი, 2008

 

„კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისთვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს.

მე-14 მუხლის არსის გაგებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონის წინაშე თანასწორობის განსხვავებას გათანაბრებისგან. ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას. თანაბარი შანსები იქნება თუ არა თანაბრად გამოყენებული, დამოკიდებულია კონკრეტული პირის უნარებზე. უნარების სახელმწიფოს ძალისხმევით გათანაბრების მცდელობა კი, უმეტესწილად, თავად იწვევს დისკრიმინაციას.

კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არსი ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად.

მე-14 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისთვის, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს :1) პირები (პირთა ჯგუფები) წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორებს; ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირები შედარებად კატეგორიებს უნდა წარმოადგენდნენ; ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში; ერთი და იგივე პირები გარკვეულ ურთიერთობასთან, ვითარებასთან მიმართებით შეიძლება განხილულ იქნენ არსებითად თანასწორად, ხოლო სხვა გარემოებებთან მიმართებით-არა. 2) აშკარა უნდა იყოს არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა ( ან არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა) ამა თუ იმ ნიშნის საფუძველზე, უფლებებით დაცული სფეროების მიხედვით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას. იმავდროულად, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა თავისთავად დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობაშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია, განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას. ზოგადად სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევისას სახელმწიფომ კერძო პირებთან მიმართებით არ უნდა მიიღოს გონივრულ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შინაარსის (დაცული სფეროს) სრულყოფილი განმარტებისთვის თავად კანონის წინაშე თანასწორობის უფლების არსიდან უნდა გამოვიდეთ, კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი ნიშნების ამომწურავად მიჩნევა თავისთავად გამოიწვევს სასამართლოს მიერ იმის დადასტურებას, რომ ნებისმიერი სხვა ნიშნით დიფერენციაციის შემთხვევები არ არის დისკრიმინაციული, რადგან არ არის დაცული კონსტიტუციით. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა არ იქნებოდა სწორი, რადგან თითოეული მათგანის კონსტიტუციის მე-14 მუხლში მოუხსენიებლობა, დიფერენციაციის დაუსაბუთებლობას ვერ გამორიცხავს.

თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში.

ისტორიულად, კონსტიტუციებში ხდებოდა იმ ნიშნების ჩამოთვლა, რომელთა მიხედვით ადამიანთა ჯგუფებს აერთიანებდა მათთვის დამახასიათებელი პირადი, ფიზიკური თვისებები, კულტურული ნიშნები ან სოციალური კუთვნილება. ამ ნიშნების კონსტიტუციებში ჩამოთვლა ხდებოდა ზუსტად მათ საფუძველზე ადამიანების დიკსრიმინაციის დიდი გამოცდილების არსებობის და, ამასთან, ასეთი მოპყრობის გაგრძელების შიშის გამო (საპასუხოდ).

თუმცა ამავე დროს, დიფერენცირებული მიდგომა შესაძლოა მოხდეს არა მხოლოდ ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით და არა მხოლოდ, თუნდაც ამ ნიშნებზე დაყრდნობით, კონკრეტული კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის პროცესში. დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს- არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით. აქედან გამომდინარე, თანასწორობის ძირითად არსთან კონფლიქტში მყოფნი ნებისმიერი ნორმა უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

კონსტიტუციის მე-14 მუხლი უზრუნველყოფს ადამიანის დაცვას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გაუმართლებელი დიფერენცირებული მოპყრობისაგან. თუმცა, მეორე მხრივ, დიფერენცირებული მოპყრობის ყველა შემთხვევა (ნებისმიერი ნიშნით, ნებისმიერ უფლებებში) ერთნაირი სიმძიმის ვერ იქნება. შესაბამისად, თითოეული მათგანის ერთნაირი სტანდარტითა და იდენტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასების შემთხვევაში სასამართლომ, თანასწორობის უფლების დაცვის მოტივით, შესაძლოა მას მიზანი შეუცვალოს, გაზარდოს რისკი დიფერენცირებული მოპყრობის პრაქტიკულად ყველა შემთხვევის არაკონსტიტუციურად მიჩნევისა და იმაზე მეტად შეზღუდოს კანონმდებელი, ვიდრე ამას კონსტიტუციის მე-14 მუხლი მოითხოვს.

კლასიკური სპეციფიკური  ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/1/493, 27 დეკემბერი, 2010

 

 

„კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოთა კონსტიტუციები და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტები, იძლევა გარკვეული ნიშნების ჩამონათვალს, რომელიც მიემართება კანონმდებელს და უთითებს, თუ რომელ საფუძვლებს არ უნდა უკავშირდებოდეს არათანაბარი მოპყრობა. ჩამონათვალში მითითებული ნორმები მომდინარეობს ადამიანის იდენტობის გამომხატველი ფაქტორებიდან, ემყარება მათი ღირსების პატივისცემას და გააჩნია თავისი ისტორიული წანამძღვრებები. ხსენებული ნიშნების საფუძველზე დიფერენცირება წარმოადგენს დისკრიმინაციის მომეტებული რისკის მატარებელ შემთხვევებს და კანონმდებლისგან მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. აღნიშნული განპირობებულია ადამიანთა სოციალურ სტატუსში რაიმე ფორმის იერარქიულობის დაუშვებლობით. ჩამონათვალის არსებობა, ამ ნიშნებთან დაკავშირებულ ადამიანთა დიფერენცირების შემთხვევების უპირატეს შეზღუდვაზე მიუთითებს. თუმცა ეს არ გამორიცხავს ადამიანთა არაგონივრული დიფერენცირების სხვა შემთხვევების არსებობას და მათი კონსტიტუციით აკრძალვის საჭიროებას. კონსტიტუცია კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ (ან პირიქით) , გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე, მოპყრობის ნებისმიერ შემთხვევას.

აღსანიშნავია, რომ თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური. კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში, სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას.

დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენცირება და ობიექტური გარემოებებით გამოწვეული დიფერენცირება. ობიექტური გარემოებებით განპირობებულად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაირთვება პირთა თვითმიზნური დიფერენცირება. თუმცა, თვითმიზნური დიფერენცირების დამდგენი კანონის არსებობის ალბათობა, როგორც წესი, დაბალია. ხშირ შემთხვევაში დიფერენცირების დამდგენი კანონიდან იკითხება საჯარო მიზნის არსებობა, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, არის თუ არა საჯარო მიზნის მისაღწევად პირთა დიფერენცირება ობიექტური გარემოებებით განპირობებული.

კანონის წინაშე თანასწორობის ნორმა-პრინციპი იცავს კანონიდან მომდინარე შესაძლებლობების ყველა ადამიანისათვის თანაბრად დადგენას.

სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის უნდა დადგინდეს, რომელ ნიშანს უკავშირდება ნორმიდან მომდინარე დიფერენცირება და როგორია უფლებაში ჩარევის ინტენსივობა.

დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლებისთვის საჭიროა, სადავო ნორმამ დააკმაყოფილოს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნები, ანუ სადავო ნორმა უნდა იყოს მაქსიმალურად რეალისტური, საჭირო და არსებობდეს რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.“

საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ, N2/1/473, 18 მარტი, 2011

 

„უნდა აღინიშნოს, რომ კანონის ნეიტრალური ბუნება თავისთავად და ყოველთვის არ გამოდგება იმის უპირობოდ სამტკიცებლად, რომ მისი ნეიტრალობა აბსოლუტურად გამორიცხავს გაუმართლებელ დიფერენციაციას. იმავდროულად კანონის ყველას მიმართ თანაბრად გამოყენება ყოველთვის არ მეტყველებს მის სამართლიანობაზე-ზოგადი და ნეიტრალური კანონი, თუ ის ითვალისწინებს ყველას მიმართ, მათ შორის არათანასწორთა მიმართ თანაბარ მოპყრობას, თავადვე არღვევს თანასწორობის პრინციპს. მაშასადამე, ზოგადი დანიშნულების კანონი შეიძლება არაპირდაპირ დისკრიმინაციული იყოს, რადგან ის ადამიანთა განსაზღვრულ ჯგუფს, დანარჩენებთან შედარებით, აკისრებდეს გაცილებით მძიმე ტვირთს. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია იმის თქმა, რომ prima facie უნდა გამოირიცხოს ზოგადი და ნეიტრალური კანონების შედარების შესაძლებლობა თანასწორობის უფლებასთან მიმართებით.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/1/477,  22 დეკემბერი, 2011

 

კანონის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია კონსტიტუციის მე-14 მუხლით, რაც გულისხმობს იმას, რომ კანონი არსებითად თანასწორ პირებს ერთნაირად უნდა მოეპყროს, არსებითად უთანასწოროებს კი პირიქით. კონსტიტუციის მე-14 მუხლი მიემართება კანონს და ადგენს, თუ როგორი არ შეიძლება იყოს იგი.“

დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ N3/1/512, 26 ივნისი, 2012

 

„თანასწორობის იდეა არის ერთ-ერთი საყრდენი ღირებულებათა სისტემისა, რომლის დამკვიდრების მიზნით და სულისკვეთებითაც იქმნებოდა სახელმწიფოთა კონსტიტუციები.  კანონის წინაშე თანასწორობა – ეს არ არის მხოლოდ უფლება, ეს არის კონცეფცია, პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები.

დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარ არსს, დანიშნულებას და გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფა –  ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილად სარგებლობის გზით თავისუფალი თვითრეალიზაციის შესაძლებლობის გარანტირება. ამასთან, სახელმწიფო ასეთ გარანტიას უნდა წარმოადგენდეს მთლიანად საზოგადოებისთვის, თითოეული ადამიანისათვის, რადგან თავისუფლების იდეა გაუფასურდება, თუ ის არსებითად ერთნაირი შინაარსის მატარებელი და ერთნაირად ხელმისაწვდომი არ იქნება ყველასთვის. ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავს, მასზე თანაბარი წვდომის (ხელმისაწვდომობის) გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან.“

საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/539, 11 აპრილი, 2013

 

„ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის ურთიერთკავშირზე არაორაზროვნად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლის თანახმადაც: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. ამ ნორმაში კანონის წინაშე თანასწორობა მოხსენიებულია ადამიანის თავისუფლებასთან ერთად, რაც უდავოდ მიანიშნებს თანასწორობის მნიშვნელობაზე ადამიანის თავისუფლებისათვის – ადამიანის უფლებები ერთნაირად არის თითოეული ადამიანის კუთვნილება, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი ხელმისაწვდომობა მათზე (უფლებებით სარგებლობაზე), მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თავისუფლების სრულყოფილად შეგრძნება.“

საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/539, 11 აპრილი, 2013

„საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას. იმავდროულად, ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს.  ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის, „თუმცა თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი“.

„საარჩევნო პროცესში თანასწორობის განსაკუთრებული მნიშვნელობის მიუხედავად, დიფერენცირება საარჩევნო პროცესისთვისაც, ისევე როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის, არ არის უცხო. თუმცა ის არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი, თვითმიზნური, გაუმართლებელი და, შესაბამისად, დისკრიმინაციული.“

„პირებს, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ფარგლებში პასიური საარჩევნო ხმის უფლებით, ერთი მხრივ, უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, გადაწყვიტონ კანონით შემოთავაზებული რომელი გზა აირჩიონ ამისთვის – პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო ბლოკის თუ დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენის გზით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. კანონმდებლობით ასეთი არჩევანი ყველასთვის თანაბრად არის შეთავაზებული, ამასთან, ნებისმიერი, ვინც აირჩევს ერთ ან მეორე გზას, მათზე თანაბრად გავრცელდება კანონის კონკრეტული მოთხოვნები თითოეულ ამ გზასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, პირებს, უკვე გაკეთებული არჩევანის შემდგომ, უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა, ზუსტად მათი არჩევანის მიხედვით (მათ მიერ არჩეული გზით) გახდნენ პასიური საარჩევნო უფლების სუბიექტები. მაშასადამე, მათ, როგორც არსებითად თანასწორ პირებს, უნდა ჰქონდეთ არსებითად თანაბარი შესაძლებლობები, ერთი და იგივე სისტემის ფარგლებში, პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის ხელმისაწვდომობაზე.“

საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/539, 11 აპრილი, 2013

 

„სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის დაადგინა განსხვავებული კრიტერიუმები. კერძოდ, მე-14 მუხლთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს: 1) მკაცრი შეფასების ტესტით; ან 2) „რაციონალური დიფერენციაციის ტესტით“. განსხვავებულია მათი გამოყენების წინა პირობები, საფუძვლები.

მკაცრი შეფასების ტესტს სასამართლო იყენებს „კლასიკური, სპეციფიკური“ ნიშნებით დიფერენციაციისას და ასეთ შემთხვევებში ნორმას აფასებს  თანაზომიერების პრინციპის მიხედვით. მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს ასევე დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან.  თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში _ „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“ (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი).

მკაცრი ტესტის მიხედვით, ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, სადავო ნორმის შემოღების ლეგიტიმური მიზანი.“

საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/539, 11 აპრილი, 2013

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი შემდეგი შინაარსისაა: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ახდენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითადი უფლების რეგლამენტირებას, არამედ, ასევე წარმოადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს…“

“სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით შეფასებისათვის, პირველ რიგში,  უნდა დადგინდეს, არიან თუ არა სადავო ნორმის მოქმედების ადრესატები/სუბიექტები არსებითად თანასწორნი ამ ნორმით განსაზღვრული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, არის თუ არა სახეზე არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორი მოპყრობა.“

საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/535, 6 აგვისტო, 2013

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისთვის, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, წარმოადგენენ თუ არა შესადარებელი პირები (პირთა ჯგუფები) არსებითად თანასწორებს. ამისათვის აუცილებელია, აღნიშნული პირები ამა თუ იმ შინაარსით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ და უნდა იყვნენ არსებითად თანასწორები კონკრეტული ვითარებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით…

არსებითად თანასწორი სუბიექტების დადგენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა სახეზე უთანასწორო მოპყრობა.“

„საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ორგანიზაციისადმი კუთვნილების ნიშანი არ მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილ დიფერენცირების კლასიკურ ნიშნებს…

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმიდან მომდინარე დიფერენცირება არ არის დაკავშირებული კლასიკურ ნიშნებთან და ჩარევა არ ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს „რაციონალური დიფერენცირების ტესტის” ფარგლებში…“

სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/522,553, 27 დეკემბერი, 2013

 

„საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე… საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის ძირითადი უფლება და 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება იურიდიულ პირებზეც.“

სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/522,553, 27 დეკემბერი, 2013

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა.

სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით…

ამავდროულად, კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა).“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, №2/1/536, 4 თებერვალი, 2014

 

„სამართალი აწესრიგებს საზოგადოებრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს, რომელიც მიემართება პირთა განუსაზღვრელ წრეს. ამიტომაც, კონსტიტუციის მე-14 მუხლზე მსჯელობისას, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები. ამასთან, თუ პირთა დიფერენცირებას საფუძვლად უდევს მათი განსხვავებული ფაქტობრივი ანდა სამართლებრივი მდგომარეობა, სახეზე არ იქნება კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით შესაფასებელი მოცემულობა.

სისხლის დონორად ყოფნის სურვილი უკავშირდება ადამიანის პიროვნული ღირებულებების პრაქტიკულ რეალიზაციას, რისი ინტერესი და ფაქტობრივი შესაძლებლობა თანაბრად გააჩნიათ პირებს მათი სექსუალური ქცევებისა და ორიენტაციის მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დიფერენცირებული პირები, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. შესაბამისად, სადავო ნორმები ადგენენ დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის, რაც, თავის მხრივ, შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.“

„საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დეკლარირებული პრინციპის გაგება კონკრეტული უფლების ან უფლებათა გარკვეული ჯგუფის ჭრილში უსაფუძვლოდ დააკნინებდა მის მნიშვნელობას. სახელმწიფოს მმართველობითი საქმიანობის თავისუფლება შეზღუდულია თანასწორობის უფლების დაცვის მოთხოვნით. სამართალშემოქმედს აკისრია კონკრეტული საკითხის არადისკრიმინაციულად მოწესრიგების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება თან სდევს სამართალშემოქმედების პროცესს, იმის მიუხედავად, იგი მიმართულია კონსტიტუციური უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების რეგულირებისაკენ და იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ფაქტობრივ გარემოებას ან ნიშანს უკავშირდება დიფერენცირება. ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს პირის ამა თუ იმ სოციალური ჯგუფისა თუ კატეგორიისადმი კუთვნილებაზე.“

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართვლოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოყალიბებული დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი.

მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ორიენტაცია პირდაპირ არ არის მოხსენიებული კონსტიტუციის მე-14 მუხლით განსაზღვრული ნიშნების ჩამონათვალში, არსებითად თანასწორი პირების ნებისმიერი დიფერენცირება აღნიშნული ნიშნის საფუძველზე შეფასებადია თანასწორობის ძირითად უფლებასთან მიმართებით.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, №2/1/536, 4 თებერვალი, 2014

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების მიზნებისთვის არსებითად თანასწორი სუბიექტების ნებისმიერი დიფერენცირება არ განიხილება, a    priori, დისკრიმინაციულ მოპყრობად. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება არსებითად ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ შეფასებას, ითვალისწინებს საჯარო ინტერესს და ამყარებს სამართლიან ბალანსს საზოგადოების საერთო ინტერესსა და ინდივიდის უფლებებს შორის. განსხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული, პროპორციული ურთიერთმიმართება განსხვავებულ მოპყრობასა და დასახულ ლეგიტიმურ მიზანს შორის.

დისკრიმინაციას წარმოადგენს არა მარტო ისეთი შემთხვევა, როდესაც საჯარო ხელისუფლების მოქმედება პირდაპირ ისახავდა მიზნად პირის ან პირთა ჯგუფის დისკრიმინაციას, არამედ ისეთიც, რომელსაც შედეგად მოჰყვა მათი de facto დისკრიმინაცია.

თანასწორობის ძირითადი უფლების ფართო შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს ვერ ექნება ერთგვარი მიდგომა დიფერენცირების ყოველი შემთხვევის მიმართ. განსხვავებულად მოპყრობის გონივრულობის მასშტაბი განხვავებული შეიძლება იყოს თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით…

დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს ორგვარ, რაციონალური დიფერენცირებისა და მკაცრი შეფასების  თანაზომიერების ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხე პირთა კონკრეტულ ჯგუფებთან მიმართებით იცვლება საზოგადოებრივი განვითარების კვალდაკვალ, რაც შეფასების მიღმა არ უნდა დარჩეს. აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, მიემართება მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის, სექსუალურ უმცირესობებს, რაზეც მიუთითებს არაერთი საერთაშორისო აქტი თუ რეკომენდაცია. მაგალითად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2011 წლის 14 ივლისის №17/19 რეზოლუცია “ადამიანის უფლებების, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ”, ევროპის საბჭოს ოცამდე რეკომენდაცია სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ამგვარი სენსიტიური სფეროს მოწესრიგებისას სამართალშემოქმედი ვალდებულია, გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული პირთა უფლებების დარღვევის საფრთხე.”

„საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელმა ღონისძიებებმა, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს დიფერენცირებული მოპყრობის აუცილებლობა, რაც რიგ შემთხვევებში შეიძლება გონივრული და თანაზომიერიც იყოს.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, №2/1/536, 4 თებერვალი, 2014

 

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანასწორობის მიზანს არ წარმოადგენს ყველა პირისა და პირთა ჯგუფს შორის უნივერსალური თანასწორობის მიღწევა, მათი ერთ სიბრტყეში ნიველირება. კონსტიტუციის მე-14 მუხლში დაცული ძირითადი უფლება არსებითად თანასწორი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობის გარანტიაა.“

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია, რომ მოქალაქეობა არ განეკუთვნება იმ კლასიკური ნიშნების ჩამონათვალს, რომელიც გვხვდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში. შესაბამისად, მოქალაქეობის ნიშნით დიფერენცირების ნაწილში სასამართლო მე-14 მუხლში ჩარევას მკაცრი ტესტით შეაფასებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიფერენცირება ხასიათდება მაღალი ინტენსივობით.“

რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/540, 12 სექტემბერი, 2014

 

„სამართლებრივი რეგულირების ნებისმიერი დიფერენცირება კანონმდებლის მიერ უნდა ხორციელდებოდეს კონსტიტუციის იმ  მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც გამომდინარეობს  თანასწორობის უნივერსალური პრინციპიდან, რომლის თანახმად, რიგ შემთხვევებში დასაშვებია განსხვავებული მიდგომა, თუ ეს განსხვავება ობიექტურად არის გამართლებული, დასაბუთებულია, ხოლო სხვა შემთხვევაში იგი ემსახურება კონსტიტუციურად მნიშვნელოვან მიზნებს, ხოლო ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული სამართლებრივი საშუალებები მიზნის თანაზომიერია. აღნიშნული პრინციპი  უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებისას დისკრიმინაციისაგან დაცვას და კრძალავს ერთი და იგივე კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს შორის ისეთი განსხვავების შემოღებას, რომელსაც არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება.“

„საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს და სხვა სრულწლოვან პირებს, რომელთაც არ აქვთ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობები,  ერთმანეთის თანაბრად აქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოფითი, წვრილმანი სამოქალაქოსამართლებრივი გარიგებების დადების მოთხოვნილება და  იმ სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებების დადების ნაწილში, რომელთა შინაარსის აღქმა და გაცნობიერება შეუძლიათ ქმედუუნარო პირებს, ეს პირები სხვა სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებთან მიმართებით არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან.

ამავდროულად, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირები და პირები, რომლებიც ქმედუუნაროდ არ არიან აღიარებულნი, მაგრამ აღიარებისათვის საჭირო წინაპირობებს აკმაყოფილებენ, არსებითად ანალოგიურ პირობებში მყოფი პირები არიან და უნდა შეფასდნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები.

არსებითად თანასწორი სუბიექტების განსაზღვრის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა სახეზე უთანასწორო მოპყრობა. განსახილველ შემთხვევაში აშკარაა, რომ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს და სხვა სრულწლოვან პირებს, რომელთა მიმართაც არ არსებობს ქმედუუნაროდ აღიარების საფუძველი, ხდება დიფერენცირებული მოპყრობა, რადგან ქმედუუნარო პირებს, ქმედუნარიანებისგან განსხვავებით, არ აქვთ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად შეიძინონ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, დამოუკიდებლად გამოვიდნენ სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში, მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი მკურნალობის შესახებ და ა.შ.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს, არის თუ არა სახეზე დიფერენცირებული მოპყრობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებსა და, მეორე მხრივ, ისეთ პირებს შორის, რომლებსაც „სულით ავადმყოფობისა“ და „ჭკუასუსტობის“ გამო არ შეუძლიათ შეიგნონ საკუთარი ქმედებების მნიშვნელობა, თუმცა არ მომხდარა მათი ქმედუუნაროდ აღიარება. სადავო ნორმა ქმედუუნარობის სტატუსს უკავშირებს სასამართლო გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, ადგენს ამ ორი პირთა ჯგუფის დიფერენცირებას, რადგან პირებს, რომელთა ქმედუუნაროდ აღიარება არ მომხდარა, შეუძლიათ დამოუკიდებლად შეიძინონ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, განსხვავებით იმ პირებისაგან, რომლებიც ქმედუუნაროდ ცნო სასამართლომ.

საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმებისას ფასდება აქტიდან მომდინარე ნორმატიული რეგულირება. ნორმატიული აქტების აღსრულების პროცესი რიგ სამართლებრივ და ფაქტობრივ სირთულეებთან არის დაკავშირებული.  დიფერენცირებული მოპყრობა, რომელიც განპირობებულია ამა თუ იმ ნორმატიული აქტის პირთა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ სხვადასხვა დროს ამოქმედებით, არ უნდა იქნეს განხილული უშუალოდ ამ ნორმატიული აქტიდან მომდინარე დიფერენცირებად, თუ ამის საფუძველს უშუალოდ ეს ნორმა არ იძლევა.

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს, რომ შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ხდება პირის ქმედუუნაროდ აღიარება. შესაძლებელია, არსებობდნენ პირები, რომლებსაც შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობები აქვთ, თუმცა მათი ქმედუუნაროდ აღიარება რაიმე მიზეზის გამო არ მომხდარა, იმის მიუხედავად, რომ მათ მიმართ არსებობს სადავო ნორმებით დადგენილი ქმედუუნაროდ აღიარების სამართლებრივი საფუძველი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადავო ნორმა ახდენს პირების დიფერენცირებას.  დიფერენცირებული მოპყრობა გამოწვეულია იმ ფაქტობრივი ვითარებით, რომ გარკვეული პირების მიმართ არ გატარებულა კანონით დადგენილი პროცედურები. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა თანაბრად მიემართება ყველა პირს, რომელთა მიმართაც არსებობს „ჭკუასუსტობისა“ და „სულით ავადმყოფობის“ სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, პირებს არ შეუძლიათ „შეიგნონ საკუთარი მოქმედებების მნიშვნელობა“, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმა არ ადგენს უთანასწორო მოპყრობას.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, №2/1/536, 4 თებერვალი, 2014

 

„უნდა განისაზღვროს, შეესაბამება თუ არა დიფერენცირებული მოპყრობა თანასწორობის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტებს. არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირება არ უნდა იყოს „თვითმიზნური და გაუმართლებელი“, სხვა შემთხვევაში, იგი კონსტიტუციის მე–14 მუხლით აკრძალული დისკრიმინაციის ფორმას მიიღებს.

დისკრიმინაციის „კლასიკური“, სპეციფიკური ნიშნები პირდაპირ არის ჩამოთვლილი კონსტიტუციის მე-14 მუხლში. ამით პირთა ის ჯგუფია განსაკუთრებით დაცული, რომლის მიმართ დისკრიმინაციის საფრთხე ისტორიულად ძალიან მაღალია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა, როგორც დიფერენცირების შესაძლო ნიშანი,  არ არის მოთავსებული კონსტიტუციის მე-14 მუხლის ჩამონათვალში და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც კონსტიტუციის მე-14 მუხლით განსაზღვრული დიფერენცირების კლასიკური ნიშანი.

ქმედუუნაროდ აღიარებული პირები წარმოადგენენ სოციალურ ჯგუფს, რომელთა საერთო ნიშანია გარკვეული გონებრივი შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარება. ქმედუუნარობა განპირობებულია მათგან დამოუკიდებელი ფაქტორით – შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის არსებობით და მისი შეცვლა არ არის დამოკიდებული თავად ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებზე. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირები წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფებს, რომელთა მიმართაც მაღალია დისკრიმინაციული მოპყრობისგან დაცვის საჭიროება. ამგვარი სფეროს მოწესრიგებისას კანონმდებელი ვალდებულია, გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება, რათა თავიდან აიცილოს პირთა უფლებების დარღვევის საფრთხე. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის გამო პირისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება და შემდგომში ამ სამართლებრივი სტატუსის ნიშნით დიფერენცირება განსაკუთრებულად მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ შემოწმებას საჭიროებს, რადგან სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული – კლასიკური ნიშნით – სოციალური კუთვნილების გამო პირთა დიფერენცირება.“

„მკაცრი ტესტის“ ფარგლებში დიფერენცირების შეფასებისას აუცილებელია დადგინდეს, რამდენად არის სახელმწიფოს მიერ უთანასწორო მოპყრობა აუცილებელი და არსებობს  თუ არა დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი.

პირის ქმედუუნაროდ აღიარებასთან დაკავშირებული შეზღუდვების ლეგიტიმურ მიზანს თავად ამ პირზე ზრუნვა და მისი ინტერესების დაცვა წარმოადგენს. მიზეზი, რაც ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს დიფერენცირებულ მოპყრობაში აყენებს ქმედუნარიან სრულწლოვან პირებთან მიმართებით, არის მათი შეზღუდული უნარები. სხვა შეზღუდული უნარების გამო, მათ ასევე ეზღუდებათ შეუზღუდავი უნარების რეალიზაციის შესაძლებლობა რიგ სამართლებრივ ურთიერთობებში. ამგვარი დიფერენციაციის გამართლება შეფასების მკაცრი ტესტიდან გამომდინარე, დაშვებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ „ჭკუასუსტობისა“ და „სულით ავადმყოფობის“ პათოლოგიების მქონე პირის შეუზღუდავი უნარების იდენტიფიკაცია და შეზღუდვის მათზე მორგება სახელმწიფოსთვის შეუსრულებელი ამოცანა იქნებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე უფლებაში ჩარევის შედეგად ხელყოფილ ინტერესზე აღმატებული იყოს.

ქმედუნარიან პირებს, ქმედუუნაროდ აღიარებული პირებისგან განსხვავებით, აქვთ უნარი, სრული მოცულობით გაიაზრონ ქორწინების არსი, მისი ქონებრივი და პირადი არაქონებრივი, სოციალური შედეგები. ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს კი – შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესაძლოა, დაკარგული ჰქონდეთ უნარი, შეიცნონ ქორწინების გარკვეული ასპექტები და რიგ შემთხვევებში ისინი საჭიროებენ დახმარებას ნების ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აქედან გამომდინარე, ქორწინების უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით, შეუძლებელია ამ ორი სუბიექტის სრული გათანაბრება. დიფერენცირება აუცდენელია ქმედუუნაროდ აღიარებული პირების შეზღუდული გონებრივი უნარების ფარგლებში. ამავე დროს, უთანასწორო მოპყრობა უნდა წარმოადგენდეს დაუძლეველი საჯარო ინტერესისკენ ვიწროდ მიზანმიმართულ ღონისძიებას და არ უნდა იწვევდეს ქმედუუნაროდ აღიარებული პირების შეუზღუდავი გონებრივი უნარების იგნორირებას. ქორწინების უფლებით რეალიზაციის პროცესიდან ქმედუუნაროდ აღიარებული პირების დისტანცირება უნდა მოხდეს ამ პირების ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რათა უთანასწორო მოპყრობას ადგილი არ ჰქონდეს იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჯარო მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

 

„დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარ არსს, დანიშნულებას და გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფა –  ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილად სარგებლობის გზით თავისუფალი თვითრეალიზაციის შესაძლებლობის გარანტირება. ამასთან, სახელმწიფო ასეთ გარანტიას უნდა წარმოადგენდეს მთლიანად საზოგადოებისთვის, თითოეული ადამიანისათვის…

თანასწორობა თავისუფლებაში გადამწყვეტია როგორც თავისუფლების, ისე თავად თანასწორობის იდეის შენარჩუნებისთვის.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაორაზროვნად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფარგლებთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული სფეროს სრულყოფილი განმარტებისთვის საკონსტიტუციო სასამართლო კანონის წინაშე თანასწორობის უფლების არსიდან გამოვიდა და დაუშვებლად მიიჩნია მისი გათანაბრება ნორმის სიტყვასიტყვით შინაარსთან. სასამართლო არ შეიბოჭა ამ ნორმის გრამატიკული განმარტებით და მისი ძირითადი არსი, დიაპაზონი გაიაზრა კანონის წინაშე თანასწორობის იდეის მნიშვნელობის გათვალისწინებით.“

„სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი ნიშნების ამომწურავად მიჩნევა თავისთავად გამოიწვევს სასამართლოს მიერ იმის დადასტურებას, რომ ნებისმიერი სხვა ნიშნით დიფერენციაციის  შემთხვევები  არ არის დისკრიმინაციული, რადგან არ არის დაცული კონსტიტუციით. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა არ იქნებოდა სწორი, რადგან თითოეული მათგანის კონსტიტუციის მე-14 მუხლში მოუხსენიებლობა დიფერენციაციის დაუსაბუთებლობას ვერ გამორიცხავს. დიფერენცირებული მიდგომა შესაძლოა მოხდეს არა მხოლოდ ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით და არა მხოლოდ, თუნდაც ამ ნიშნებზე დაყრდნობით, კონკრეტული კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის პროცესში.“

„დამოუკიდებლად იმისგან, რამდენად განსხვავებულია საპროცესო ნორმები, რომლებიც უნდა გავრცელდეს პროცესის კონკრეტული სუბიექტების მიმართ, იდენტური საპროცესო მდგომარეობის (სტატუსის) მქონე პირები მიჩნეული უნდა იქნენ არსებითად თანასწორებად. ბრალდებული პირები თავისი სტატუსის მიხედვით ვერ იქნებიან განსხვავებულები მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ბრალდება მოხდა ერთწლიანი, ერთთვიანი ან ერთდღიანი ინტერვალით. ამ პირების არსებითად თანასწორად მიჩნევის აუცილებლობას განაპირობებს მათი არსებითად ერთნაირი (იდენტური) საპროცესო მდგომარეობა – ისინი არიან ბრალდებულები, ამასთან, შესაძლოა იყვნენ ბრალდებულები მსგავსი დანაშაულის ჩადენისთვის. ვერც თავისთავად დროის ფაქტორი და ვერც სხვადასხვა დროს მოქმედი განსხვავებული საპროცესო წესები ვერ გამოიწვევს ბრალდებული პირების განსხვავებულობას, ვინაიდან პირთა არსებითად მსგავსებას ან განსხვავებას განაპირობებს არა მათდამი მოპყრობა, არამედ მათი მდგომარეობა, სტატუსი პროცესში.

სისხლის სამართლის პროცესში პირისთვის ბრალდებულის სტატუსის მინიჭება ემსახურება, ერთი მხრივ, გამოძიების ორგანოსათვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლების ლეგიტიმაციას და, მეორე მხრივ, ამ პირის აღჭურვას ადეკვატური საპროცესო გარანტიებით. პირის ბრალდებულად ცნობა საფუძვლად ედება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, რამაც საბოლოო ჯამში უნდა განაპირობოს საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება. სისხლისსამართლებრივი დევნის არსი და მიზნები არ იცვლება იმის მიხედვით, თუ დროის რა მონაკვეთში ხორციელდება დევნა ან რომელი საპროცესო კანონი გამოიყენება დევნის პროცესში. შესაძლებელია, კანონმდებელმა დროის სხვადასხვა მონაკვეთში სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების განსხვავებული სისტემა შემოგვთავაზოს, მაგრამ შეუცვლელი რჩება მისი არსი, დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და მის მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების საფუძვლის შექმნა. აქედან გამომდინარე, უცვლელი რჩება პირის ინტერესი, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიმდინარეობისას, გააჩნდეს უფლების დაცვის ადეკვატური მექანიზმები. ამ კონტექსტში, საპროცესო გარანტიების ქონის ინტერესი,  ნებისმიერი პირის, ვისაც ბრალი ედება ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენაში, იდენტურია და მხოლოდ ის გარემოება, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს დროის სხვადასხვა ინტერვალში, ვერ განაპირობებს მათ არსებითად უთანასწოროებად განხილვას.

თუ დავუშვებთ, რომ ერთი და იგივე საპროცესო სტატუსის მქონე პირების მიმართ განსხვავებული წესების გამოყენება განაპირობებს მათ არსებითად განსხვავებულობას, მაშინ მათდამი მოპყრობის შეფასება, თავისთავად, დარჩება კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიღმა და იდენტური სტატუსის მქონე პირების მიმართ ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა თავისთავად გამართლებული იქნება, რაც კანონმდებელს მისცემს შეუზღუდავ შესაძლებლობას, მათ მიმართ დაადგინოს რადიკალურად განსხვავებული ინტენსივობით ჩარევის ფორმები. შედეგად, ადამიანის თავისუფლებაში ისეთი მაღალი ინტენსივობის ჩარევები, როგორსაც კანონზომიერად იწვევს სისხლის სამართლის საპროცესო წესები, ხელოვნურად გავა კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული სფეროდან.“

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე საქმეზე მიუთითა, რომ თანასწორობის უფლების თავისებურებებიდან გამომდინარე, დიფერენციაციის დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, მას თითოეული მათგანისადმი ვერ ექნება იდენტური, ერთგვაროვანი მიდგომა. კონსტიტუციის მე-14 მუხლი უზრუნველყოფს ადამიანების დაცვას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გაუმართლებელი დიფერენცირებული მოპყრობისაგან. თუმცა, იმავდროულად, დიფერენცირებული მოპყრობის ყველა შემთხვევა (ნებისმიერი ნიშნით, ნებისმიერ უფლებებში) ერთნაირი სიმძიმის ვერ იქნება.

სასამართლო დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის სარგებლობს განსხვავებული ინსტრუმენტებით (ტესტებით). კერძოდ, მე-14 მუხლთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს “მკაცრი შეფასების ტესტით” ან „რაციონალური დიფერენციაციის ტესტით“. განსხვავებულია მათი გამოყენების წინა პირობები, საფუძვლები. ნებისმიერი დიფერენციაცია ზედმიწევნით შემოწმებას და ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. თუმცა დიფერენციაციის დისკრიმინაციულობის შეფასება განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა მოხდეს, როდესაც განსხვავებული მოპყრობა ეფუძნება ისეთ ნიშნებს, რომლებზე დაყრდნობითაც ისტორიულად ხშირი და ძალზე გავრცელებული იყო დისკრიმინაცია და რომელთა ჩამოთვლაც ზუსტად ასეთი მოპყრობის განმეორების შიშით და ამის საწინააღმდეგოდ ხდებოდა კონსტიტუციებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ნიშნებს, პირობითად კლასიკური ნიშნები უწოდა და ამ სფეროში დიფერენციაციის დისკრიმინაციულობის შემოწმებისთვის “მკაცრი შეფასების” ტესტი შემოიღო, როდესაც აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დიფერენცირებული მოპყრობის გამართლებისთვის სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის არსებობის დემონსტრირება და ამ მიზნის მიღწევისთვის შერჩეული რეგულაციის ამავე მიზნებთან თანაზომიერების მტკიცება. მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს ასევე დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტია, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში ექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად აცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს “მკაცრ ტესტს”, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში _ „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“, როდესაც ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის საკმარისია: დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდაუვალობა ან საჭიროება; ამასთან, რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა  დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.

დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასებისთვის ასევე შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა შემდეგ გარემოებას: დიფერენცირებულ პირებს რამდენად შეუძლიათ საკუთარი ძალისხმევით შეამცირონ დიფერენციაციის ხარისხი ან აღმოფხვრან ის. ცხადია, ასეთი ვითარება, თავისთავად, ვერ გამორიცხავს დიფერენციაციის დისკრიმინაციულობას და ვერ უზრუნველყოფს კანონის წინაშე თანასწორობას. რადგან დამოუკიდებლად იმისგან, ადამიანს შეუძლია თუ არა საკუთარი ზეგავლენითა და ძალისხმევით ფაქტობრივი ვითარების შეცვლა, სახელმწიფო არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, არ მოახდინოს პირთა დაუსაბუთებელი დიფერენციაცია. მაშასადამე, დიფერენციაციის ნეგატიური შედეგების საკუთარი ძალისხმევით აღმოფხვრის/შემცირების შესაძლებლობა დიფერენციაციის არადისკრიმინაციულობას ვერ უზრუნველყოფს, ის მხოლოდ დიფერენციაციის ინტენსივობის შესაფასებლად გამოდგება.

„ვინაიდან კანონის წინაშე თანასწორობა გულისხმობს არსებთად თანასწორი პირებისადმი თანაბარ მოპყრობას საზოგადოებრივი ურთიერთობის ნებისმიერ სფეროში, შესაბამისად, ამა თუ იმ პრივილეგიაზე, უპირატესობაზე, შესაძლებლობაზე, სიკეთეზე მკვეთრად განსხვავებული ხელმისაწვდომობა ან, მით უფრო, არსებითად თანასწორ პირთაგან მხოლოს ნაწილისთვის ხელმისაწვდომობა,  განაპირობებს დიფერენცირების მაღალ ინტენსივობას.“

საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576, 13 ნოემბერი, 2014

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს, თავისი საქმიანობა აღნიშნული მუხლის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება.“

„თანასწორობის უფლების შინაარსის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის კონსტიტუციურობას განსხვავებულად აფასებს.

შესაბამისად, სასამართლო იყენებს ორგვარ – რაციონალური დიფერენცირებისა და მკაცრი შეფასების თანაზომიერების ტესტს. კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას რომელი მათგანით იხელმძღვანელებს სასამართლო, დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებსა თუ ფაქტორებზე, მათ შორის,  მნიშვნელოვანია ჩარევის ინტენსივობა და დიფერენცირების ნიშანი.

განსხვავებული მოპყრობის შეფასებისას გამოსაყენებელი ტესტის განსაზღვრისთვის სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად უკავშირდება სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება კონსტიტუციის მე-14 მუხლში მოხსენიებულ კლასიკურ ნიშნებს.“

საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/5/556, 13 ნოემბერი, 2014

 

 

კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, წარმოადგენენ თუ არა შესადარებელი პირები (პირთა ჯგუფები) არსებითად თანასწორებს. ამისათვის აუცილებელია, აღნიშნული პირები ამა თუ იმ შინაარსით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში  ხვდებოდნენ და უნდა იყვნენ არსებითად თანასწორები კონკრეტული ვითარებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით.

საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

 

საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამიჯნოს ერთმანეთისგან პოლიტიკური შეხედულებები და პოლიტიკური აქტიურობა.  პოლიტიკური შეხედულებები პირებს აქვთ იმის მიუხედავად, უკავიათ თუ არა მათ რაიმე თანამდებობა პოლიტიკურ გაერთიანებაში ან/და საერთოდ წარმოადგენენ თუ არა აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების წევრს ფორმალური თვალსაზრისით. პოლიტიკური შეხედულება პირს შეიძლება გააჩნდეს კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების გარეშეც. ხოლო პოლიტიკური აქტიურობა/საქმიანობა გულისხმობს საქმიანობას კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ანდა კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანების იდეოლოგიის/მსოფლმხედველობის, მიზნების და ამოცანების განხორციელების მიმართულებით.

საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ნორმები არ განსაზღვრავენ განსხვავებულ მოპყრობას პოლიტიკური მრწამსის, შეხედულების ან კონკრეტული პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილების ნიშნით. სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა უკავშირდება არა მოსარჩელის ან მის მდგომარეობაში მყოფი პირების პოლიტიკურ შეხედულებას, არამედ  მათ  კონკრეტულ და პრაქტიკულად წარმოებულ და შესაბამისი შედეგების მქონე პოლიტიკურ საქმიანობას კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობებზე. შესაბამისად, სადავო ნორმები არ ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას კონსტიტუციის მე-14 მუხლში მოხსენიებული პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 2/5/560, 28 ოქტომბერი, 2015

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანს წარმოადგენს თანასწორობის უზრუნველყოფა არსებითად თანასწორ პირებს შორის და პირიქით. კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის მიზნებისთვის ირელევანტურია, რამდენად მაღალი სტანდარტით არის დაცული კონკრეტული უფლება, რომლის ფარგლებშიც მხარეს გააჩნია თანასწორად მოპყრობის ინტერესი. უფრო მეტიც, შეიძლება ამგვარი უფლება არც იყოს დაცული კონსტიტუციით. ამდენად, კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანი ამოიწურება ირაციონალური დიფერენცირების აკრძალვით კონსტიტუციითა თუ კანონით მოწესრიგებულ ნებისმიერ სფეროში.”

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, №2/4/603, 28 ოქტომბერი, 2015

 

“უფლებაში ჩარევის ინტენსივობა განისაზღვრება არსებითად თანასწორი პირების მიერ კონკრეტული უფლებით სარგებლობის თუ სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილების საშუალების შესაძლებლობებს შორის განსხვავებით. ამგვარად, ცალკე აღებული საკითხის სენსიტიურობა დიფერენცირების ინტენსივობის დასაბუთების არგუმენტი a priori ვერ იქნება.

უფლებაში ჩარევის ინტენსივობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში ექცევიან. კერძოდ, დიფერენცირების საკითხის შეფასების აუცილებელ კრიტერიუმს წარმოადგენს სადავო ნორმით გამოწვეული სხვაობა არსებითად თანასწორი პირების უფლებრივ მდგომარეობას შორის.

ამასთან, ინტენსივობის საკითხი არ უნდა გადაწყდეს იზოლირებულად, მხოლოდ სადავო ნორმის უშუალო შინაარსის ფარგლებში. დიფერენცირების მასშტაბის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ნორმატიული სივრცე, რომელშიც სადავო ნორმა არსებობს. კერძოდ, საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა  იყოს ის ნორმებიც, რომლებიც არეგულირებს იმავე სამართლებრივ ურთიერთობას და გავლენას ახდენს (ზრდის/ამცირებს) სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირების   ინტენსივობაზე.“

საერთაშორისო სამართალი ოჯახს ბავშვის კეთილდღეობის ბუნებრივ გარემოდ მიიჩნევს. ოჯახურ ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ემოციური განვითარების საკითხში, ვინაიდან უზრუნველყოფს ბავშვის მშვიდ გარემოში განვითარების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს ბავშვის უნარების, შესაძლებლობების და თვისებების  უსაფრთხო გარემოში განვითარების ხელშეწყობას, ხოლო ზოგიერთი უფლების რეალიზება სწორედ ოჯახში ხდება.

ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის აღზრდას ოჯახურ გარემოში.  მინდობით აღზრდა იძლევა მშობლის მზრუნველობას მოკლებული არასრულწლოვნების ოჯახურ გარემოში აღზრდის შესაძლებლობას, რაც ხელს უწყობს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებას, მის სოციალიზაციას და ადაპტაციას საზოგადოებაში, ბენეფიციარი არ კარგავს ბიოლოგიურ ოჯახს და ოჯახიდან გამოდის დროებით. შესაბამისად, სახელმწიფოს მიზანი – მინდობით აღზრდის ინსტიტუტის გამოყენებით ბავშვს შეუქმნას ოჯახური გარემო – ღირებულ ლეგიტიმურ მიზნად უნდა იქნეს მიჩნეული.

სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პოლიტიკამ, იმავდროულად,  არ უნდა წაახალისოს ბიოლოგიური მშობლების მიერ მშობლის ვალდებულების შეუსრულებლობა, უნდა ქმნიდეს მშობლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების/მანიპულირების პრევენციის ეფექტიან მექანიზმს.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, №2/4/603, 28 ოქტომბერი, 2015

 

„მინდობით აღზრდის ინსტიტუტი წარმოადგენს სახელმწიფო სერვისს, რომელიც მიმართულია მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახური გარემოს შექმნისკენ და ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო იყენებს სახელშეკრულებო, კვაზი შრომით-სამართლებრივ რეგულირებას. კერძოდ, მართალია, მინდობით აღზრდის ანაზღაურება აღემატება რეინტეგრაციის შემწეობას, მაგრამ იგი, ბავშვზე ზრუნვის ხარჯებთან ერთად, ემსახურება მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად გაწეული საქმიანობის ანაზღაურებას. აღნიშნული ხელს უწყობს მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შესაბამისად, არსებითად თანასწორ პირებს შორის დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას გააჩნია რაციონალური საფუძველი“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, №2/4/603, 28 ოქტომბერი, 2015

 

კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება ავალდებულებს სახელმწიფოს, არსებითად თანასწორ პირებს მოეპყროს თანასწორად, ხოლო უთანასწოროებს პირიქით.

კანონით ცალსახად არის დადგენილი, რომ დამსაქმებელი არ არის უფლებამოსილი, ცალმხრივად დაადგინოს ან შეცვალოს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები, მათ შორის, სამუშაო კვირის ხანგრძლივობა. შესაბამისად, როგორც შრომითი ხელშეკრულების დადების მომენტში, ისე მისი დადების შემდგომ, კონკრეტულ პირობათა ცვლილების ეტაპზე, დასაქმებული აღჭურვილია შესაძლებლობით, გავლენა მოახდინოს სამუშაო დროის ხანგრძლივობაზე და ამ საკითხზე დამსაქმებელს შეუთანხმდეს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული საკითხის  რეგულირება და განსხვავებულად მოწესრიგება გასული არ არის დასაქმებულის ნებელობითი სფეროდან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს სპეციფიკური სამუშაოს განმახორციელებელი პირებისათვის რაიმე შრომით-სამართლებრივი უფლების ჩამორთმევას. მხოლოდ საათობრივი განსხვავება და კვირაში 8 საათით მეტი სამუშაო დროის ხანგრძლივობა კი  თანასწორობის უფლებაში მაღალი ინტენსივობის ჩარევად არ უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ეს მნიშვნელოვნად არ აშორებს  არსებითად თანასწორ პირებს შრომით უფლებებში.“

საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/565, 19 აპრილი, 2016

 

პოლიტიკურ სუბიექტთა დაფინანსება პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით არაერთ ქვეყანაში დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადენს. უდავოა, რომ ამ უკანასკნელთ ესაჭიროებათ მნიშვნელოვანი რესურსები ჯეროვანი ფუნქციონირებისათვის, როგორც არჩევნებს შორის პერიოდში, აგრეთვე უშუალოდ წინასაარჩევნო პროცესში, თუმცა ფინანსური რესურსების მოპოვება არ უნდა იქცეს პოლიტიკურ სივრცეში აღნიშნული სუბიექტების არსებობისათვის გადამწყვეტ ფაქტორად. ამიტომ სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით განახორციელოს ამგვარ სუბიექტთა ფინანსური მხარდაჭერა, რაც, საბოლოოდ ჯამში, მიმართულია კონკურენტუნარიანი პოლიტიკურ გარემოსა და დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისაკენ.

უფასო საეთერო დრო წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობისა და ამ მიზნით პოლიტიკურ სუბიექტთა სუბსიდირების ერთ-ერთ არაპირდაპირ ფორმას. საარჩევნო სუბიექტებისათვის ამგვარი რესურსის უფასოდ გადაცემით სახელმწიფო მათ ხელს უწყობს თავიანთი პოლიტიკური გზავნილების საზოგადოებამდე მიტანასა და არჩევნებში წარმატების მიღწევაში. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში სატელევიზიო და რადიო მედია-საშუალებები ნამდვილად აღარ წარმოადგენენ ამომრჩეველთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას საარჩევნო სუბიექტებისათვის, ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მნიშვნელოვან როლს ამგვარი კომუნიკაციის მიზნებისათვის. სარეკლამო დრო კი ითვლება ყველაზე უშუალო და მარტივ გზად ამომრჩეველთან პირდაპირი ურთიერთობისათვის, თვით მედია-საშუალებების ჩარევისა და მათი მხრიდან პოლიტიკური გზავნილების ინტერპრეტაციის შესაძლებლობის გარეშე, თუმცა რეკლამა იმავდროულად დაკავშირებულია არცთუ უმნიშვნელო ფინანსურ დანახარჯებთან. სახელმწიფოს მხრიდან უფასო დროის მიღების შესაძლებლობის შექმნა კი შესაძლებელს ხდის მსგავს პირდაპირ ინტერაქციას, ერთი მხრივ, ამომრჩეველთა ფართო მასასა და, მეორე მხრივ, საარჩევნო სუბიექტს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ქვეყნის საარჩევნო პროცესში პოლიტიკური სივრცის სიჭრელესა და, შედეგად, ამომრჩევლის მიერ ინფორმირებული და რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების სახელმწიფოს მიერ დაფინანსება, მათ შორის უფასო სარეკლამო დროის ფორმით, ხორციელდება, პოლიტიკური პარტიების დახმარების გზით, ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობისათვის.

სახელმწიფოს მხრიდან უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა რეალურად უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმსა და მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის არსებობას წინასაარჩევნო პროცესში, იმავდროულად, გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნამდვილი ნების ფორმირების პროცესზე, რამდენადაც ამ უკანასკნელთ საშუალებას აძლევს, მედიის შუამავლობით, პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ საარჩევნო სუბიექტებთან.

პოლიტიკური პლურალიზმი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია აზრთა, შეხედულებათა, ღირებულებათა მრავალფეროვნება, სადაც კონკრეტულ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა და თავისუფლება, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში. დემოკრატიასა და პლურალიზმს შორის კავშირი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რამდენადაც სწორედ დემოკრატიის მოთხოვნაა, თითოეული ადამიანი, საკუთარი განსხვავებული შეხედულებებითა თუ ღირებულებებით, თავისუფლად დაუკავშირდეს ხელისუფლებას, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში ცენტრალურ თუ რეგიონალურ დონეზე. პლურალიზმი საკუთარ თავში გამორიცხავს მხოლოდ ერთი ჯგუფის შეხედულებებისა თუ ღირებულებების დომინირებას საზოგადოებაში სხვათა დუმილის ხარჯზე. თუმცა იმისათვის, რომ პოლიტიკური პლურალიზმი იქნეს უზრუნველყოფილი, აუცილებელია, ქვეყანაში შეიქმნას გარემო, რომელიც, პირველ რიგში, მისი არსებობის საშუალებას იძლევა. აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს პოლიტიკურ სუბიექტთა ფინანსური ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. ამგვარად, წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში საარჩევნო სუბიექტებისათვის წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განთავსების შესაძლებლობის მინიჭება ემსახურება დემოკრატიული საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/591, 23 მაისი, 2016

 

„სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური სუბიექტების ფინანსურ ხელშეწყობის თვალსაზრისით, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ასეთი მხარდაჭერის მიზნები, ერთი მხრივ, არჩევნებს შორის პერიოდში და, მეორე მხრივ, წინასაარჩევნო პროცესში. თუკი არჩევნებს შორის პერიოდში სახელმწიფო ზრუნავს მთლიანად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის ხელშეწყობაზე, წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო რესურსი, მისი შეზღუდული ბუნების პირობებში, მიმართულია უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს შიგნით პლურალიზმის მხარდაჭერისაკენ.

წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, რომელსაც არ გააჩნია რეალური შესაძლებლობა, არჩეულ იქნეს სახელმწიფო ორგანოში, ეფექტურობის თვალსაზრისით ვერ იქნება განხილული სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის თანასწორ მექანიზმად.

სახელმწიფო უფლებამოსილია, წინასაარჩევნო პერიოდში შექმნას უფასო სარეკლამო დროის განაწილების ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებშიც ამგვარ სარეკლამო დროს იღებენ მხოლოდ ის სუბიექტები, რომელთაც რეალური შანსები აქვთ, წარმატებით გადალახონ ზემოაღნიშნული ზღვარი. თავის მხრივ, ამომრჩევლებს, ასეთი გზით, კარგი შესაძლებლობა აქვთ, რეალურად შეაფასონ ის წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მიღების რეალური პოტენციალი.

არჩევნების ჩატარებამდე შეუძლებელია ზუსტად შეფასდეს და ობიექტურად დადგინდეს, რომელ საარჩევნო სუბიექტს გააჩნია 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის რეალური შესაძლებლობა. დემოკრატია მოითხოვს, რომ პარტიების მხარდაჭერა დადგინდეს არჩევნების შედეგების მიხედვით და არა გარკვეული პირების მიერ მათი მხარდაჭერის წინასწარი შეფასებით. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი საარჩევნო სისტემა პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის საზომად არჩევნებში ნაჩვენებ შედეგებს განიხილავს.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/591 , 23 მაისი, 2016

 

„წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში უფასო სარეკლამო დროის მიზნებისათვის სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება რომელიც იწვევს დიფერენცირებას, ერთი მხრივ, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსა და, მეორე მხრივ, იმ სუბიექტებს შორის, რომლებშიც გაერთიანებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა წინა არჩევნებში ვერ მოიპოვეს ამომრჩეველთა საჭირო მხარდაჭერა ან საერთოდ არ იღებდნენ მონაწილეობას მასში, გამართლებულია და ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, როგორიცა არის სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობა

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ისეთი ობიექტურად შეზღუდული რესურსის ფარგლებში, როგორიც მაუწყებელთა საეთერო დროა, უფასო წინასაარჩევნო რეკლამის დრო გაანაწილოს იმგვარად, რომ ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მაქსიმალურად მისცეს ყველა იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც რეალურად კონკურენტუნარიანია, აქვს წარმატების რესურსი და ამით ხელი შეუწყოს პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნებას, აზრთა სხვადასხვაობას სახელმწიფო ხელისუფლებაში, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს დემოკრატიულ მმართველობას. ვინაიდან საეთერო დრო შეზღუდულ რესურსს წარმოადგენს, გარკვეულო ოდენობის სარეკლამო დროის არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის გადაცემა, ბუნებრივად გულისხმობს კვალიფიციური სუბიექტების მიერ გამოყენებული დროის შემცირებას, რაც ნაკლებად ეფექტურს ხდის, საპარლამენტო პლურალიზმის მიღწევის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ ღონისძიებას.

იმ ბლოკში შემავალი სუბიექტი, რომელმაც წინა არჩევნებში მაღალი მხარდაჭერა მიიღო, ყველა შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული ისეთ პოლიტიკურ ძალად, რომლის საარჩევნო წარმატების პოტენციალზე ობიექტური მონაცემები არ მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ბლოკის მიერ წინა არჩევნებზე მიღწეული წარმატება სახეზეა, ხოლო, მეორე მხრივ, შეუძლებელია, ობიექტურად დადგინდეს ბლოკში შემავალი თითოეული სუბიექტის წილი ამ წარმატებაში. შესაბამისად, შეუძლებელია შეფასება, რომელი პოლიტიკური პარტია უნდა ჩაითვალოს კონკურენტუნარიანად, არჩევნებში წარმატებული შედეგის მიღწევის რეალურ კანდიდატად და რომელი არა.

სახელმწიფო უფლებამოსილია, დაადგინოს ისეთი რეგულირება, რომელიც აღკვეთს, გაზრდილი უფასო სარეკლამო დროის მიღების მიზნით, ბლოკის ხელოვნურად შექმნას ან დაყოფას. ამავე დროს, სახელმწიფოს შესაძლებლობა აქვს, შეიმუშაოს წესი, რომელიც წინა არჩევნებში საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების გათვალისწინებით გარკვეულ შემთხვევაში კვალიფიციურ სუბიექტად არ ცნობს თითოეულ პარტიას და დაადგენს, ბლოკში შემავალ პარტიებს შორის სარეკლამო დროის განაწილების წესს ან თავად ბლოკის წევრებს მისცემს საშუალებას, თავად შეთანხმდნენ საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი სარეკლამო დროის განაწილებაზე.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/591 , 23 მაისი, 2016

 

თანასწორობის ძირითადი უფლება, სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან განსხვავებით, არ მიემართება ადამიანთა ცხოვრების ერთ რომელიმე კონკრეტულ სფეროს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას. იმავდროულად, ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციად არ უნდა ჩაითვალოს.

ერთი მხრივ, ქვეყნის თავდაცვა არის ის საჯარო სიკეთე, რომლითაც ქვეყნის თითოეული მოქალაქე თანაბრად სარგებლობს, ხოლო, მეორე მხრივ, სავალდებულო სამხედრო სამსახური, სწორედ მისი სავალდებულო ხასიათის გათვალისწინებით, ზღუდავს ინდივიდის არჩევანის თავისუფლებას, მათ შორის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ უკანასკნელისგან მოითხოვს კონკრეტულ აქტივობებში ჩართვას. კონსტიტუციით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევაც კი,  კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირთა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, არ ათავისუფლებს ამ პირებს კონსტიტუციით მათზე დაკისირებული ვალდებულებისგან – დაიცვან საკუთარი ქვეყანა და ამ მიზნით გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომელიც თავისი ხასიათით უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო სამსახურში არსებულ სირთულეებს.

როგორც ქვეყნის თავდაცვა, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლება არის ის ინტერესები, რომლებიც თანაბრად გააჩნია, როგორც ქალს, ასევე მამაკაცს, რაც განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში აქცევს მათ არსებითად თანასწორ სუბიექტებად. სადავო ნორმა (ნორმატიული შინაარსი) კი ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორი სუბიექტების მიმართ, რაც, თავის მხრივ, შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/7/580, 30 სექტემბერი, 2016

 

„არსებითად თანასწორ პირთა შორის დიფერენცირება ეფუძნება სქესის, ანუ  ე.წ. კლასიკურ ნიშანს, რომელიც პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით. შესაბამისად, ამგვარი დიფერენცირების კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს მკაცრი შეფასების ტესტის საფუძველზე.

პირველადი (წვევამდელთა) სამხედრო აღრიცხვა, როგორც სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინა პირობა, უპირველესად ემსახურება თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის ქვეყანაში ფაქტობრივად არსებული კონტინგენტის მოცულობის დადგენის მიზანს. ამგვარი კონტინგენტის მოცულობის გათვალისწინებით, სახელმწიფო, უფრო კონკრეტულად საქართველოს მთავრობა, წელიწადში ორჯერ საკუთარი დადგენილებით განსაზღვრავს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა იმ ოდენობას, რაც საჭიროდ მიიჩნევა უკვე იმგვარი კონტინგენტის დაკომპლექტებისა და ჩამოყალიბებისათვის, რომელიც ფლობს შესაბამის სამხედრო ცოდნასა და უნარებს, რათა აუცილებლობისას, მათი აქტიური მონაწილეობით, მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს უზრუნველყოფილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება.

სამხედრო სავალდებულო სამსახური სახელმწიფოს მხრიდან წარმოადგენს თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ ფორმას. უდავოა, რომ ქვეყნის თავდაცვა უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რომლის ჯეროვანი განხორციელების გარეშე, უპირველესად, საფრთხის ქვეშ დგება სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, შიდა და გარე უსაფრთხოება.  ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა კი, იმავდროულად, ართულებს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპისა და ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. თუკი სახელმწიფო სათანადო დონეზე ვერ იქნება დაცული გარეშე საფრთხეებისაგან, ეჭვქვეშ შეიძლება დადგეს, არათუ კანონის წინაშე თანასწორობის, არამედ ზოგადად ძირითად უფლებათა სრულყოფილი რეალიზაცია თითოეული ინდივიდისათვის.

ეროვნული უსაფრთხოების ეფექტურად ორგანიზებასა და განხორციელებას უპირველესად გააჩნია პრევენციული დანიშნულება, რაც ამცირებს ნებისმიერი შიდა თუ გარე ძალების მხრიდან თვითნებობისა და აგრესიის საფრთხეებს.

პირველადი სამხედრო აღრიცხვა და მის საფუძველზე სავალდებულო სამსახურის გავლა, რეალურად უწყობს ხელს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეები ექვემდებარებიან შესაბამის სამხედრო წვრთნასა და მომზადებას, რაც უზრუნველყოფს მათ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმისათვის, მობილიზაციის, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის არსებობის პერიოდში.

რომ პირის სამხედრო ვალდებულების არსებობას საქართველოს კონსტიტუცია უკავშირებს მხოლოდ ორ კუმულატიურ წინაპირობას: ა) პირის მოქალაქის სტატუსს, ბ) პირის უნარებს, და არავითარ შემთხვევაში სახელმწიფოს დისკრეციას. დადგენილი კონსტიტუციური წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ინდივიდი იმთავითვე ხდება სამხედრო ვალდებული და აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენს სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ვალდებულების ფორმების განსაზღვრის დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც ვალდებულების ფაქტობრივად განსაზღვრული ფორმა.  კონსტიტუციით დადგენილი ქვეყნის დაცვისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის საყოველთაო ვალდებულების არსებობა თავისთავად ვერ გახდება ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლებისა თუ თავისუფლების (მათ შორის, თანასწორობის უფლების) დარღვევის საფუძველი, რადგან შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუციის რომელიმე ნორმაში დანახული იქნეს რესურსი მისი მეორე ნორმის, მათ შორის ძირითად უფლებათა დარღვევისათვის. ამგვარი ვალდებულების არსებობა თავად ემსახურება სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და, შედეგად, სწორედ ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სრულყოფილად განხორციელების მიზნებს.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/7/580, 30 სექტემბერი, 2016

 

„სწორედ სახელმწიფო, უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა უფლებამოსილი, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე განსაზღვროს, თუ რა ფორმით უნდა იქნეს განსაზღვრული სამხედრო ვალდებულება. ვალდებულების ფორმის განსაზღვრა კი, ცხადია, იმავდროულად, გულისხმობს ამგვარი ფორმისათვის საჭირო სხვადასხვა კრიტერიუმების განსაზღვრას, როგორიცაა, მაგალითისათვის, ვალდებულების ვადა, ასაკობრივი ზღვარი, დატვირთვის მაჩვენებელი, ვარგისი და გამოსადეგი კონტინგენტი, გენდერული პოლიტიკა სამხედრო საქმეში და სხვ. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფო ამ პროცესში არ შემოიფარგლება მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების ზოგადი ინტერესით. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასევე კონსტიტუციური მნიშვნელობის სხვა ინტერესებიც, ისევე როგორც ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების რეალურობა და მასშტაბები, სახელმწიფოს ფინანსური რესურსები და სხვა.

პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულების დაწესება სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცთა მიმართ და ამგვარი ვალდებულებიდან მსგავსი სპეციალობის არმქონე ქალთა ამორიცხვა უნდა ჩაითვალოს როგორც სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გაკეთებული არჩევანი, რომელიც არ არის თვითნებური და წარმოადგენს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების მიღწევის დასაშვებ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/7/580, 30 სექტემბერი, 2016

 

„დიფერენცირების ფაქტის არსებობა ყოველთვის არ არის საკმარისი კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად… საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია, თანასწორად მოეპყროს მხოლოდ არსებითად თანასწორ პირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას, აუცილებელია, გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში ხდება ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურდიული პირების დიფერენცირება, რაც გამოიხატება რიგ სასამართლო მოქმედებებზე განსხვავებული ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაწესებაში. ზოგადად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა მათი ბუნებისა და უფლებრივი სტატუსიდან გამომდინარე. თუმცა, ამ ორ პირს შორის არსებული განსხვავება ყოველთვის ვერ განაპირობებს მათ არსებითად უთანასწორო პირებად მიჩნევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე შეფასებული აქვს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის დიფერენცირების კონსტიტუციურობის საკითხი და სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია, რომ გარკვეულ შემთხვევებში ხსენებული პირები არსებითად თანასწორ სუბიექტებად შეიძლება იქნეს განხილული.

მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური და იურიდული პირები არიან თუ არა არსებითად თანასწორები, უნდა გადაწყდეს დიფერენცირების დამდგენი სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან და აგრეთვე, შესადარებელ ჯგუფებსა და დიფერენცირების ფაქტს შორის ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ზოგადად პირები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება მათ განსხვავებულად განხილვას მოითხოვს.

მოცემულ შემთხვევაში სადავო რეგულაცია ადგენს ბარიერს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაზე, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას უკავშირებს გარკვეული საფასურის გადახდას, რითაც მიზნად ისახავს დაუსაბუთებელი სარჩელების შემცირებას და სასამართლოს თვითმიზნური გადატვირთვის პრევენციას. სამართლებრივ სტატუსში სხვაობის მიუხედავად, ფიზიკური პირიც და იურიდიული პირიც საერთო სასამართლოებს საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართავენ და მათთვის კონსტიტუციით თანაბრად დაცული უფლების რეალიზებას ახდენენ. იმავდროულად, დაუსაბუთებელი სარჩელებისგან თავის არიდების მიზნით დადგენილი სახელწიფო ბაჟი თანაბრად ეფექტურია როგორც ფიზიკური, ისევე იურიდიული პირების მიმართ. არ არსებობს გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დადგენილი ერთი და იმავე ოდენობის სახელმწიფო ბაჟი განსხვავებულ ტვირთად შეიძლება დააწვეს მათ. ფიზიკური პირი შეიძლება იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი, მაშინ, როდესაც იურიდიული პირს შეიძლება ჰქონდეს ფინანსური პრობლემები. სადავო ნორმები პირების დიფერენცირებას ახდენს არა მათი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, არამედ მათი სტატუსის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ ფიზიკური და იურიდიული პირების არსებითად არათანასწორ სუბიექტებად მიჩნევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით დიფერენცირება დადგენილია არსებითად თანასწორ პირებს შორის, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვას წარმოადგენს.

დიფერენცირებულად მოპყრობის გონივრულობის მასშტაბი განსხვავებული შეიძლება იყოს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით.

სადავო ნორმები ადგენს ბარიერს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაზე. თუმცა, მათ კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სრულად არ წაურთმევია უფლება, თავიანთ უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოსთვის მიემართათ და ესარგებლათ კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით. მართალია, აღნიშნული ნორმები კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის ითვალისწინებენ უფრო მაღალ სახელმწიფო ბაჟს, მაგრამ სადავო ნორმებით დადგენილი არ არის განუზომლად დიდი ხარჯები და როგორც თავად მოსარჩელემ განმარტა, მისთვის პრობლემას წარმოადგენს დიფერენცირების ფაქტი და არა ბაჟის საფასურის ოდენობა თავისთავად. ამავე დროს, სადავო ნორმების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სხვაობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის გადასახდელ ბაჟებს შორის) წარმოადგენს სასამართლოს ხარჯების და ზოგადად სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის საჭირო რესურსის მცირე კომპონენტს, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მთლიან სასამართლო ხარჯებთან შედარებით უმნიშვნელოც კი იყოს. შესაბამისად, განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს მნიშვნელოვნად არ აცილებს სამართლიანი სასამართლოს თანაბარი ხელმისაწვდომობისაგან, დიფერენცირების ინტენსივობა არ აღწევს იმ ხარისხს, რომ უთანასწორობა შეფასდეს „მკაცრი ტესტის“ გამოყენებით, შესაბამისად სასამართლო დიფერენცირების კონსტიტუციურობას შეაფასებს „რაციონალური დიფერენცირების ტესტით“.

შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, დეკემბერი, №2/6/623, 29 დეკემბერი, 2016

 

„მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება სასამართლოს მიერ გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად და უსაფუძვლო სარჩელებით სასამართლოს გადატვირთვის პრევენციისათვის არის დადგენილი. ხსენებულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება განსახილველი საქმის ტიპიდან გამომდინარე და იგი არ არის დამოკიდებული საქმის სირთულეზე ან/და სასამართლოს მიერ გაწეული მომსახურების მოცულობაზე. აშკარაა, რომ კანონმდებლის მიერ დაწესებული სახელმწიფო ბაჟი არ არის სასამართლოს მიერ გაწეული მომსახურების ეკვივალენტური და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ საქმეზე გაწეული შრომის მოცულობა საერთოდ არ აისახება გადასახდელი ბაჟის ოდენობაზე. ზოგადად, სასამართლოსათვის მიმართვის, სასამართლოს მომსახურებით სარგებლობის უფლება თითოეული ადამიანის კონსტიტუციური გარანტიაა და კანონით დაწესებული ბაჟი არ არის დაკავშირებული ამ სერვისის ღირებულების ანაზღაურებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს პარლამენტის პოზიციას, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოების სახელმწიფო ბაჟის დაწესება სასამართლოს მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით ხდება.

თუმცა, სრულად გასაზიარებელია მოპასუხე მხარის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბაჟის დაწესება ამცირებს დაუსაბუთებელი, უმიზნო სარჩელების წარდგენის ალბათობას. სახელმწიფო ბაჟის დაწესება ხელს უწყობს მხარეების მიერ სარჩელის მხოლოდ რეალური საჭიროების პირობებში წარდგენას, მაშინ, როდესაც მხარე მიიჩნევს, რომ მეორე მხარის მიმართ მას რეალური სამართლებრივი მოთხოვნა გააჩნია. ბაჟის დაწესებით სახელმწიფო ახალისებს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეებს, იდავონ მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება რეალურად სჭირდებათ. ზოგადად, სამოქალაქო დავებში სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების შექმნითა თუ სხვა სამართლებრივი გზების გამოყენებით, თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებაში მიღებულ და ამავე დროს საჭირო ღონისძიებას წარმოადგენს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო დავებზე სასამართლოს განხილვისას სახელმწიფო ბაჟის დაწესება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება.

ზოგადად, გონივრულია არგუმენტი, რომლის თანახმადაც, რაც უფრო მეტი ფინანსური რესურსი აქვს ამა თუ იმ პირს, მის მიმართ სახელმწიფო ბაჟს შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი დაუსაბუთებელი სარჩელის წარდგენაზე. თუმცა აშკარაა, რომ პირის ფინანსური შესაძლებლობა არ არის დაკავშირებული მის სტატუსთან (ფიზიკურ ან იურიდიულ), ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფიზიკური პირი შეიძლება გაცილებით მეტ ფინანსურს რესურსს ფლობდეს იურიდიულ პირთან შედარებით ან/და პირიქით. ამავე დროს, ფიზიკურმა პირმა იმავე წარმატებით შეიძლება წარადგინოს თვითმიზნური, დაუსაბუთებელი სარჩელები, როგორც იურიდიულმა პირმა, და არც ამ თვალსაზრისით არსებობს ამ ორი პირის დიფერენცირების ხელშესახები საფუძველი.

იმისათვის, რომ სადავო ნორმამ რაციონალური დიფერენციაციის ტესტის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, აუცილებელია სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება მიზნის მიღწევის რაციონალურ საშუალებას წარმოადგენდეს.“

შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, დეკემბერი, №2/6/623, 29 დეკემბერი, 2016

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად.“

„სადავო ნორმა, კერძოდ, განსაზღვრული ვადით თანამდებობაზე გამწესება შეეხება სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ყველა მოსამართლეს, რომელთაც სურთ, დაიკავონ მოსამართლის თანამდებობა უვადოდ. სადავო ნორმით განსაზღვრული ვადის პერიოდში ხდება მოსამართლეთა საქმიანობის შეფასება, რაც საფუძვლად ედება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა კონკრეტული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგინდა, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა ერთ ნაწილს შესაძლოა გააჩნდეს ის სამოსამართლო გამოცდილება, რომელიც იმავე წარმატებით შეიძლება შეფასდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, როგორითაც ეს მოხდებოდა მოსამართლის 3 წლიანი ვადით გამწესებისას განხორციელებული საქმიანობის შეფასების ფარგლებში. ხოლო, მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების მსურველთა მეორე ჯგუფს კი სამოსამართლო გამოცდილება არ გააჩნია. შესაბამისად, არ არსებობს მათი ასეთი საქმიანობის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შეფასების შესაძლებლობა.

განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა არეგულირებს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა/დანიშვნასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამ ურთიერთობებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს კანდიდატების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ამ მახასიათებლების დადგენის ობიექტურ შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, მათი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილების გათვალისწინებით, პირთა ეს ორი ჯგუფი მოცემული სამართალურთიერთობის მიზნებისთვის განხილულ უნდა იქნენ არსებითად უთანასწოროებად.“

საქართველოს მოქალაქე  ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/659, 15 თებერვალი, 2017

 

„სადავო ნორმა ადგენს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ყველა მოსამართლისთვის (ვისაც მომავალში სურს უვადოდ მოსამართლის თანამდებობის დაკავება) განსაზღვრული ვადით გამწესების, შესაბამისად, სამოსამართლო საქმიანობის შეფასების თანაბარ ვალდებულებას. ვინაიდან გასაჩივრებული ნორმა ეხება პირთა იმ ნაწილსაც, რომელთაც გააჩნიათ არანაკლებ 3 წლიანი სამოსამართლო გამოცდილება, რომლის ობიექტურად შეფასება და შესაბამისი დასკვნის გაკეთება შესაძლებელია, ნეიტრალური შინაარსის ნორმა, მათ ერთნაირი ვალდებულების დადგენით, ფაქტობრივად, განსხვავებულ, არათანაბარ ტვირთს აკისრებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთი პირების მიმართ გასაჩივრებული ნორმით დამატებითი ტვირთის დაკისრება არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორ მოპყრობად უნდა ჩაითვალოს.

დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობის სწორად შეფასებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დიფერენციაციის ნიშანს. მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირების ნიშნად უნდა მივიჩნიოთ „სამოსამართლო საქმიანობა“. კერძოდ, სადავო ნორმა დიფერენცირებულ რეჟიმში აყენებს შესაფასებლად საკმარისი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილების მქონე და ისეთ პირებს, რომელთაც ასეთი გამოცდილება არ გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში  ასეთი ნიშანი პირდაპირ მითითებული არ არის, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, ის მაინც უნდა ჩაითვალოს დისკრიმინაციის ნიშნად.

მოცემულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ნიშანი არ წარმოადგენს მე-14 მუხლის სახელდებით აკრძალულ ნიშანს. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა წარმოადგენს დამატებით ტვირთს, რომელიც ეკისრება მოსამართლეთა მხოლოდ ერთ ჯგუფს, თუმცა ეს რეგულაცია არსებითად არ აშორებს მოსამართლეთა ამ ჯგუფს მეორე ჯგუფისგან მოსამართლის თანამდებობის დაკავებისგან თანაბარი შესაძლებლობების უგულებელყოფით, რადგან სადავო ნორმის მიხედვით, მათ 3 წლიანი განსაზღვრული ვადის პირობებში უფლება აქვთ, დაიკავონ მოსამართლის თანამდებობა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიჩნევს, რომ დიფერენციაციის ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ მკვეთრად აშორებს პირებს კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების თანაბარი შესაძლებლობებისგან. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით არსებული დიფერენცირება უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტით.

განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა ადგენს დიფერენცირებას, რადგან თანაბრად ეპყრობა ორ არსებითად უთანასწორო პირთა ჯგუფს, მაშინ როდესაც არ არსებობს პირთა ერთი ჯგუფის მიმართ მოსამართლის საქმიანობის დამატებითი შემოწმება/შეფასების საჭიროება…

როგორც აღინიშნა, შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, თუ მოსამართლის საქმიანობის განხორციელებიდან ხანგრძლივი ვადაა გასული, ან სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მისი წარსული საქმიანობის შეფასება შეუძლებელი ან რთულად განსახორციელებელი იყოს. ამასთანავე, მოსამართლეობის კანდიდატის წარსული საქმიანობის შეფასების განხორციელება საჭიროებს სათანადო წესის საკანონმდებლო რეგლამენტაციას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებელს უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რათა მან შეასრულოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და შეიმუშავოს ისეთი საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, დაცული იყოს პირის კონსტიტუციური უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, არ მოხდეს საჯარო ინტერესის დაზიანება, კერძოდ, გამოირიცხოს იმის რისკი, რომ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესდნენ ამისათვის შეუსაბამო კანდიდატები.“

საქართველოს მოქალაქე  ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/659, 15 თებერვალი, 2017

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებულია კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. ხსენებული დებულება წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას

მიუხედავად მისი უნივერსალური ბუნებისა, კანონის წინაშე თანასწორობა არ გულისხმობს და არც მოითხოვს აბსოლუტურ გათანაბრებას. კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად,

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას, თუმცა არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციად არ განიხილება. თანასწორობის უფლება სახელმწიფოს არ ავალდებულებს, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები.

დიფერენცირების არსებობა ყოველთვის არ არის საკმარისი კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებაში ჩარევის დასაბუთებისათვის. სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას აუცილებელია დადგინდეს, რამდენად წარმოადგენენ შესადარებელი ჯგუფები არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით.

პირთა შესადარებელი ჯგუფები არიან თუ არა არსებითად თანასწორები, უნდა გადაწყდეს დიფერენცირების დამდგენი სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან, აგრეთვე შესადარებელ ჯგუფებსა და დიფერენცირების ფაქტს შორის ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე.“

საქართველოს მოქალაქეები – როინ გავაშელიშვილი და ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, 1/11/629,652, 25 ოქტომბერი, 2017

 

„პირები საგადასახადო ვალდებულების მიმართ არსებითად თანასწორები არიან.“

სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/667,  28 დეკემბერი, 2017

 

„სადავო ნორმა არ გამორიცხავს რომელიმე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებებს, არამედ გარკვეულ შემთხევებში უშვებს, რომ რიგი გადასახადის გადამხდელის მიმართ ქონების დასაბეგრი ღირებულება განისაზღვროს საბალანსო ღირებულებით, ზოგიერთის მიმართ კი საბაზრო ფასით. საბალანსო ღირებულებით და საბაზრო ფასით დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა არ ახდენს გადასახადის გადამხდელთა უფლებრივი რეჟიმის მკვეთრად დაცილებას, ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ არის მაღალი ინტენსივობის.

დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის მიზნები მიღწეული იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ საგადასახადო ორგანოს ხსენებული უფლებამოსილების გამოყენება არ იქნება მინდობილი აბსოლუტურ დისკრეციაზე და მას სავალდებულო ხასიათი ექნება, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს დიფერენცირებულ მოპყრობას. ამავე დროს, თუ კანონმდებელი მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უნდა ჰქონდეს საშუალება, საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების საბალანსო ღირებულება არ შეცვალოს საბაზრო ფასით, მაშინ მას შეუძლია ამ შემთხვევების იდენტიფიცირებისათვის გარკვეული კრიტერიუმები დაადგინოს. ამდენად, მოპასუხის მიერ ქონების საბაზრო ფასით განსაზღვრის საჭიროებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტაცია, მათ შორის მითითებული ლეგიტიმური მიზნები, არ გამოდგება სადავო ნორმის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის აბსოლუტური დისკრეციის მინიჭების გამართლებისათვის.

სადავო ნორმით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილება ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, რომლის განხორციელებით გამოწვეული დიფერენცირება არ უკავშირდება რაიმე გონივრულ კრიტერიუმს და იძლევა ნორმის დისკრიმინაციული გამოყენების შესაძლებლობას.

სადავო ნორმით საგადასახადო ორგანოსათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება – საგადასახადო შემოწმების შემდეგ ქონების გადასახადის განსაზღვრის მიზნებისათვის გამოეყენებინა დასაბეგრი ქონების საბალანსო ანდა საბაზრო ღირებულება, ატარებს დაურეგულირებელ, გაუმართლებლად ფართო, თვითნებურ ხასიათს, რაც განაპირობებს მის დისკრიმინაციულად გამოყენების შესაძლებლობას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.“

სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/667,  28 დეკემბერი, 2017

 

„სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ინტერესია თითოეული ადამიანისთვის, ხოლო ასეთივე მნიშვნელობის ამოცანა თავად სახელმწიფოსათვის, რომელიც ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიზნად ისახავს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის ფინანსური დახმარების გაწევას ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის. ქვეყანაში არსებული სოციალური თუ ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ადამიანები ხშირად ვერ იღებენ აუცილებელ და სათანადო სამედიცინო მომსახურებას სამედიცინო კონსულტაციების თუ გეგმიური ქირურგიული ჩარევების ჩათვლით. ფინანსური ბარიერების არსებობა ხშირ შემთხვევაში შეიძლება გადაულახავ დაბრკოლებად იქცეს, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაძლებელია, გამოუსწორებელი შედეგითაც დასრულდეს. შესაბამისად, იმ სახელმწიფო პროგრამის მიმართ, რომლითაც სამედიცინო მომსახურების ამგვარი ფინანსური ბარიერები მნიშვნელოვნად მცირდება, წვდომის თანაბარი ინტერესი გააჩნია თითოეულ ადამიანს, რომელიც აკმაყოფილებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს – ფლობს შესაბამის დოკუმენტაციას და არ სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით. შედეგად, სადავო ნორმით დადგენილი ურთიერთობის ფარგლებში ყველა პირი, რომელიც არ არის ჩართული კერძო სადაზღვევო სქემაში, მიუხედავად იმისა, თუ როდიდან შეუწყდა მას კერძო სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება, არსებითად თანასწორად უნდა იქნეს განხილული საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული კანონის წინაშე თანასწორობის უფლების მიზნებისათვის.

რიგ შემთხვევებში კი დიფერენცირების ხარისხზე შესაძლებელია დამატებით მიუთითებდეს მისი მოქმედების ხანგრძლივობა, რაც უკავშირდება სადავო ნორმის დროში მოქმედების საკითხს.

სახელმწიფოს ფისკალური და ეკონომიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს და მისთვის საფრთხის შექმნა, თავისთავად, ვერ იქნება მოაზრებული ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლებით დაცული სფეროს ნაწილად. შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებათა მიზნობრიობის, ამ პროცესში ხარჯების ოპტიმიზაციისა და, მათ შორის, გონივრული ბალანსის დაცვის მიზნით დადგენილი გარკვეული შეზღუდვები შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, გამართლებული იყოს, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალურთიერთობა უკავშირდება არსებული საბიუჯეტო რესურსების თანაბრად გადანაწილებას არსებითად თანასწორი სუბიექტებისათვის, თავისთავად, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ინტერესი ვერ გამოდგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული კანონის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვის რაციონალურობის მტკიცების საფუძვლად.“

საქართველოს მოქალაქეები – როინ გავაშელიშვილი და ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, 1/11/629,652, 25 ოქტომბერი, 2017

 

„მხოლოდ სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსის ხარჯვის შესაძლო გაზრდის საფრთხეზე მითითება ვერ ჩაითვლება რაციონალურად პირთა იმგვარი დიფერენცირების გამართლებისათვის, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კერძო დაზღვევის არმქონე ადამიანთა ერთ ნაწილს სრულად ანიჭებს კონკრეტული სადაზღვევო პაკეტით სრულად სარგებლობის შესაძლებლობას, ხოლო მათ მეორე ნაწილთან მიმართებით შემოიფარგლება სამედიცინო მომსახურებათა მხოლოდ მინიმალური მოცულობით.

იმისათვის, რომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამის მოქმედების პარალელურად ბაზარზე შენარჩუნდეს და წარმატებით ფუნქციონირებდეს კერძო სადაზღვევო სექტორი როგორც კონკურენტუნარიანი სუბიექტი და არ მოხდეს მისგან ბენეფიციართა ხელოვნური გადინება, პირველ რიგში, თავად ამ უკანასკნელის მხრიდან უნდა იყოს ინიციატივა, მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების უკეთესი პირობები და შექმნას კონკურენტუნარიანი გარემო. თავის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის დაცვა/წახალისება, ასევე სახელმწიფოსა და აღნიშნულ სექტორს შორის ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ან/და სფეროს უკეთ რეგულირების გზით. ამ პროცესში სახელმწიფოსთან უწყვეტი კომუნიკაცია და მისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება თავად კერძო სექტორის ინტერესებიდან უნდა მომდინარეობდეს. ამგვარი ინტერესის არქონა მიუთითებს სუბიექტურ და არა ობიექტური ხასიათის პრობლემაზე, რომელიც ვერ გახდება ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვის რაციონალურობის მტკიცებისა და, შესაბამისად, დიფერენცირებული მოპყრობის გამართლების საფუძველი. სახელმწიფოს მხრიდან დასახული ზემოაღნიშნული მიზანი ვერ მიიღწევა საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილისათვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულფასოვნად სარგებლობის შესაძლებლობის შეზღუდვით, რადგან სადავო ნორმის მეშვეობით სახელმწიფო ხელოვნურად ქმნის ბარიერებს ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობის ნაწილისთვის დაზღვევის არქონის განმაპირობებელი მიზეზების გამოკვლევის გარეშე, რითაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

სადავო ნორმით შეზღუდვა განსაკუთრებით არაგონივრულია იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც 2013 წლის 1 ივლისის შემდგომ, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ვეღარ მონაწილეობენ კერძო სადაზღვევო სქემებში. ასეთი დამოუკიდებელი მიზეზი შესაძლოა იყოს მათი შემოსავლების მკვეთრი შემცირება ან შემოსავლის შემცირება გამოწვეული ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემებით, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის ასეთი პირებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იმ პირობებში, როდესაც ადამიანი საკუთარი ჯანმრთელობის თუ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ ახერხებს კერძო დაზღვევით სარგებლობას და, იმავდროულად, მხოლოდ ნაწილობრივ სარგებლობს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით, მას ფაქტობრივად სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ ეძებოს დაფინანსების ალტერნატიული წყაროები ან საერთოდ უარი თქვას მკურნალობაზე გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის დადგომამდე, რომელიც ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან მისთვის განკუთვნილი მინიმალური პაკეტით და რომელსაც შესაძლოა, მისი ჯანმრთელობისთვის მძიმე ან/და გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. შედეგად, პირთა მსგავსი კატეგორიისათვის საბაზისო პაკეტით მხოლოდ შეზღუდულად სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭება ობიექტურად ვერ შეიტანს წვლილს კერძო სადაზღვევო სექტორის დაცვისა და წახალისების საქმეში, არამედ იგი წინააღმდეგობაში მოვა კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებასთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება გაუმართლებელია და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.“

საქართველოს მოქალაქეები – როინ გავაშელიშვილი და ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, 1/11/629,652, 25 ოქტომბერი, 2017

Back to Top

%d bloggers like this: