მუხლი 18

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლი იმპერატიულად ადგენს ერთადერთ უფლებამოსილ სუბიექტს, სასამართლოს მიერ პირისათვის თავისუფლების შეზღუდვის კანონიერების საკითხის განხილვის ვადებსა და პროცედურებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი პიროვნების დასადგენად, მისი 3 დღე-ღამით, ხოლო პროკურორის სანქციით კი 10 დღე-ღამით დაკავება, სრულიად მოკლებულია სასამართლო კონტროლს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-18 მუხლს, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის უფლების მქონე სუბიექტად მიიჩნევს მისი გადაწყვეტილების გარეშე მსგავსი მოქმედების ჩატარებას.

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ „პირი დაკავებულად შეიძლება ჩაითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც დაკავებისათვის უფლებამოსილი პირი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და საფუძველზე, შეზღუდავს ადამიანს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებას“

საქართველოს მოქალაქეები ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშერიშვილი  და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/185,191, 29 იანვარი, 2003

 

„სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლი იმპერატიულად ადგენს ერთადერთ უფლებამოსილ სუბიექტს, სასამართლოს მიერ პირისათვის თავისუფლების შეზღუდვის კანონიერების საკითხის განხილვის ვადებსა და პროცედურებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი პიროვნების დასადგენად, მისი 3 დღე-ღამით, ხოლო პროკურორის სანქციით კი 10 დღე-ღამით დაკავება, სრულიად მოკლებულია სასამართლო კონტროლს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-18 მუხლს, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის უფლების მქონე სუბიექტად მიიჩნევს მისი გადაწყვეტილების გარეშე მსგავსი მოქმედების ჩატარებას.

პირი დაკავებულად შეიძლება ჩაითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც დაკავებისათვის უფლებამოსილი პირი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და საფუძველზე, შეზღუდავს ადამიანს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებლ თავისუფლებას“

საქართველოს მოქალაქე გიორგი ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/263, 04 თებერვალი, 2005

 

„პირისათვის პატიმრობაში შემდგომი ყოფნის კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმებაზე უარის თქმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით აღიარებული თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ უფლებებსაც, რადგან ადამიანს არ შეიძლება წაერთვას თავისუფლება და უკანონოდ აღმოჩნდეს პატიმრობაში. დაპატიმრების კანონიერ გარანტიას წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძვლიანობის სასამართლო შემოწმების მოთხოვნის უფლება.“

საქართველოს მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/286, 17 მარტი, 2005

 

„ადამიანის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და მასში ჩარევა შესაძლებელია მკაცრი კონსტიტუციურსამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც იცავს ნებისმიერ ადამიანს შესაძლო სახელისუფლებო თვითნებობისაგან. კონსტიტუციურსამართლებრივი შემოწმების სიმკაცრის ხარისხს ზრდის ის გარემოებაც, რომ ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა – თავისუფლების აღკვეთა აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას.

ნორმა უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერებისა და განსაზღვრულობის პრინციპს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. სწორედ თანაზომიერების პრინციპი ადგენს მატერიალურ მასშტაბებს კანონმდებლისათვის ძირითად უფლებების შეზღუდვისას. თუ ნორმა ამ პრინციპებს არ შეესაბამება, ის დაუშვებს თვითნებობის შესაძლებლობას. სახელმწიფოს თვითნებობა ადამიანის თავისუფლების სფეროში კი ავტომატურად ნიშნავს ადამიანის ღირსების, როგორც კონსტიტუციური წესრიგის უმაღლესი პრინციპის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხვა კონსტიტუციური პრინციპების დარღვევას და ადამიანის თავისუფლების ძირითადი უფლების კონსტიტუციურ ხელყოფას.

ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა განიხილებოდეს, როგორც ultima ratio. თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერი ფორმა ექვემდებარება უმკაცრეს კონტროლს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ჩარევის პროპორციულობის კუთხით. ამასთან, რაც უფრო განგრძობადი და ინტენსიურია ჩარევა, მით უფრო იზრდება შეფასების სიმკაცრე მისი კონსტიტუციურობის განხილვისას. თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, ძირითად უფლებაში ნებისმიერი ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს. კოლეგიას, მიაჩნია რომ ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის უმთავრესი ლეგიტიმური, კონსტიტუციური მიზანია პირის მიმართ, რომელმაც სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული, მართლმსაჯულების განხორციელება. აქ საუბარია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენ პირზე, რადგანაც სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმციის კონსტიტუციური პრინციპი.

სასამართლოს აღნიშნა, რომ თუ არ არსებობს სავარაუდო დანაშაული, მაშინ არ არსებობს დაკავების მთავარი მიზანი – მართლმსაჯულების განხორციელება, ანუ პირის დაკავება იმ დროს, როდესაც სახეზე არ არის დანაშაული, არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ამავდროულად, თუ სახეზეა დანაშაულის ფაქტი, მაგრამ არ არსებობს პირის კავშირი ამ დანაშაულთან, მისი დაკავება, ასევე, არ არის მიმართული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/415, 6 აპრილი, 2009

 

„გონივრული ეჭვი არ არის ის, რაც აკავშირებს კონკრეტულ პირს კონკრეტულ  დანაშაულთან. ეჭვი ადამიანის სუბიექტური დამოკიდებულებაა , მაგრამ პირის თავისუფლებაში ჩარევა ვერ მოხდება იმგვარი ეჭვის საფუძველზე, რომელიც ემყარება მხოლოდ სუბიექტურ განწყობას. კოლეგია აუცილებლად მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს ობიექტური ბმა დანაშაულსა და დაკავებულ პირს შორის, ობიექტური გარემოებები, მონაცემები, რომელიც შექმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ჩადენილია დანაშაული და სწორედ იმ პირის მიერ, რომელსაც აკავებენ. სხვა სიტყვებით, ევი უნდა იყოს საფუძვლიანი, ამავდროულად, ეჭვი უნდა ემყარებოდეს ობიექტური მონაცემების კეთილსინდისიერ და გონივრულ შეფასებას.

ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე ლუკანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ მიუთითა, რომ სახეზე უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული. ეს არ ნიშნავს დანაშაულის სინამდვილეში ჩადენის დადგენის აუცილებლობას. ამ არსებით წინაპირობასთან ერთად, ორი მეტად მნიშვნელოვანი მოთხოვნაც უნდა აღინიშნოს: 1) დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის თავისუფლების აღკვეთის მიზანს მისი „უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს“ წინაშე წარდგენა უნდა შეადგენდეს; 2) დაკავებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ეჭვი „გონივრული“ უნდა იყოს.

კოლეგია აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მნიშვნელობა არა აქვს, თუ როდის მიიღებს პირი ფორმალურად ეჭვმიტანილის სტატუსს. გადამწყვეტია ის, თუ რამდენად არის სახეზე ზემოთმოყვანილი კომპონენტები – სავარაუდო დანაშაული და გონივრული ეჭვი, რაც წინ უნდა უსწრებდეს პირის დაკავებას. ცალკე აღებული პირი დაკავების ფაქტი, რა თქმა უნდა გონივრულ ევს ვერ გააჩენს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში საქმეზე მიურეი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ  ხაზი გაუსვა, რომ ეჭვის სანდოობა და ბონა ფიდეს შეადგენენ მისი საფუძვლიანობის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს. თუმცა ეჭვი საფუძვლიანად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ასევე დაფუძნებულია ფაქტებზე ან ინფორმაციაზე, რაც ობიექტურად აკავშირებს ეჭვმიტანილ პირს შესაძლო დანაშაულთან. საქმეზე ფოქსი კემპბელი და ჰარტლი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ სასამართლომ მიუთითა, რომ „გქონდეს გონივრული ეჭვი“ ნიშნავს იმგვარი ფაქტებისა და ინფორმაციის არსებობას, რაც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული. თუმცაღა, რა შეიძლება ჩაითვალოს „გონივრულად“ დამოკიდებულია შემთხვევის ყველა გარემოებაზე. მსგავსი მიდგომა ბრინეგარის საქმეში ჩამოაყალიბა აშშ – ს უზენაესმა სასამართლომ: „საფუძვლიანი ეჭვი სახეზეა მაშინ, როცა ფაქტები და გარემოებები,… რომლის თაობაზეც სამართალდამცავ პირს გააჩნია გონივრულად საჭირო ინფორმაცია, არიან თავისთავად საკმარისი რათა გონივრულად წინდახედულმა ადამიანმა დაიჯეროს რომ დანაშაული იქნა ჩადენილი ან  სჩადიან…“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/415, 6 აპრილი, 2009

 

 

ღირსება ვერ იქნება გაგებული როგორც სუბიექტური სიკეთე, რომელიც განსხვავდება ყოველი ადამიანისთვის. ღირსების უფლების ასეთი გაგება წინააღმდეგობაში მოვიდოდა თავად უფლების ცნებასთან, რადგან „უფლებად ვერ ჩაითვლება ისეთი სიკეთე, რომლის ფარგლები განსხვავდება სხვადასხვა ადამიანისთვის მათი სუბიექტური შეხედულებების გამო. უფლება თავისთავად გულისხმობს ადამიანის იმ ინტერესს, რომელიც გარკვეული ხარისხით უნივერსალურობისა და ობიექტურობის კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შესაბამისად, მხოლოდ ის, რომ პირს არ მოსწონს ესა თუ ის გადაცემა თავისი ღირებულებითი, რელიგიური  თუ მსოფლმხედველობითი გადასახედიდან, ვერ ჩაითვლება ღირსების უფლებაში ჩარევად. სხვა სიტყვებით, უფლებაში ჩარევად ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც საშუალოდ გონიერი ადამიანისთვის იქნება ღირსების ქვეშ მოაზრებული სიკეთის ხელყოფა, ამავე დროს, პირის ღირსების ან პატივის უფლების შემლახავ ინფორმაციად დაკვალიფიცირება არ არის დამოკიდებული ფაქტის მცდარობაზე; ღირსების ან პატივის უფლების ხელყოფას შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც მცდარი, ასევე სწორი ინფორმაციის ან თუნდაც შეფასებით აზრის  გადაცემით. პირთან დაკავშირებული ინფორმაციის უზუსტობა, დამოუკიდებლად ვერ გამოდგება პატივისა და ღირსების უფლების ხელყოფის საფუძვლად. შესაბამისად 52-ე მუხლის პირველი პუნქტი არ ეხება პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას. ამიტომ ამ ნორმით გათვალისწინებული ინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში გასაჩივრების აკრძალვა არ გულისხმობს პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვას.

ცილისწამებით და ღირსებისა და პატივით უფლების ხელყოფით მიყენებული  მორალური თუ მატერიალური ზიანის ანაზღაურება უზრუნველყოფილია შესაბამისი კანონმდებლობით და ამ მხრივ, სადავო მუხლები არ უკრძალავენ პირს, ზიანის ასანაზღაურებლად მიმართოს სასამართლოს.

საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009

 

„მიუხედავად ფორმალური მსგავსებისა, კონსტიტუციური დანაწესის შინაარსი შესაძლებელია განსხვავდებოდეს კანონის ნორმის შინაარსისაგან. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ სადავო ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციის დანაწესთან, არამედ უნდა დაადგინოს, სადავო ნორმა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, რამდენად უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლების არსის დაცვას.

დაპატიმრება წარმოადგენს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ (ინტენსიურ) ჩარევას. ზოგადად, სისხლის სამართლებრივი დევნა, განსაკუთრებით, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, ბრალდებულისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს. მას უპირისპირდება სახელმწიფო, რომლის ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი მიმართულია პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დასამტკიცებელად. ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა ამარტივებს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებას, შესაბამისად, შესაძლოა, დევნის განმახორციელებელ ორგანოებს პირის პატიმრობის მიმართ გარკვეული ინტერესიც ჰქონდეთ. ამავე დროს, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ვერ გამოირიცხება როგორც უფლების ბოროტად გამოყენების, ასევე შეცდომის შედეგად პირის დაუსაბუთებელი დაპატიმრების ალბათობა. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია მკაფიო პროცესუალურ გარანტიებს აწესებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისას. პროცესუალური გარანტიების კონსტიტუციურ რანგში აყვანა სახელმწიფოს აქცევს მკაცრ ჩარჩოში ადამიანის თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო ნორმების დადგენისას და გამოყენებისას.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/646, 15 სექტემბერი, 2015

 

„კონსტიტუციის მე-18 მუხლის სტრუქტურიდან, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წინასწარი პატიმრობა მოიცავს პერიოდს, ბრალდებულის დაპატიმრებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებამდე.

კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზნებისათვის პატიმრობა არის ტერმინი, რომელიც ზოგადად გულისხმობს პირის საპატიმროში (ან სხვა შესაბამის დაწესებულებაში) მოთავსებას. იგი შეიძლება თავის თავში მოიცავდეს როგორც აღკვეთის ღონისძიების, ასევე სასჯელის სახით ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვას. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერმინ პატიმრობის ამ შინაარსით გამოყენება გვხვდება ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო დოკუმენტებშიც. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი ტერმინ პატიმრობას იყენებს როგორც სასამართლოს განაჩენის საფუძველზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის (მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი), ასევე სასამართლოს განაჩენამდე პირის თავისუფლების შეზღუდვის (მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) აღსაწერად. ამდენად, „წინასწარი პატიმრობა“ წარმოადგენს კონსტიტუციურ ტერმინს, რომელიც ითვალისწინებს ბრალდებულის თავისუფლების დროებით შეზღუდვას, რომლის ხანგრძლივობის მაქსიმალური ზღვარი 9 თვიანი ვადით არის განსაზღვრული და რომლის გამოყენებაც ბრალდებულის („ბრალდებულის“, „განსასჯელის“) მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმესთან დაკაშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდეა აუცილებელი. კონსტიტუცია გამორიცხავს პირისთვის ბრალის წარდგენიდან დამნაშავედ ცნობამდე რომელიმე პერიოდის კონსტიტუციური გარანტიების მიღმა დატოვებას. დაუშვებელია, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა საქმის წარმოების/განხილვის რომელიმე ეტაპზე დარჩეს კონსტიტუციით დაცვის მიღმა. ცხადია, ეს განუზომლად გაზრდის სახელმწიფოს თვითნებობის/ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკს.

იმ პირობებში, როდესაც პირს ბრალი ედება რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში, თითოეულ მათგანთან მიმართებით შეიძლება ცალ-ცალკე არსებობდეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელშეშლის მიზნით პატიმრობის გამოყენების ინტერესი. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზანს არ წარმოადგენს პატიმრობის ზღვრული ვადის განსაზღვრა, რომელიც ყოველმხრივ ამოწურავს პირის მიმართ პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას მისი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზანია სახელმწიფოს იძულება, დროულად მოახდინოს ბრალდებულის მიმართ სასამართლოს განაჩენის დაყენება იმ პირობებში, როდესაც იგი პატიმრობაშია.

კონსტიტუციური უფლებების, მით უფრო თავისუფლების უფლების შეზღუდვა მხოლოდ მკაფიო, არაორაზროვანი ნორმების საფუძველზეა გამართლებული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეიცავს თუ არა სადავო ნორმა ცხადად ფორმულირებულ მითითებებს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ სიცხადის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს არაერთგვაროვანი წაკითხვა და, შედეგად, თავისუფლების უფლების არაპროპოციული შეზღუდვა.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/646, 15 სექტემბერი, 2015

 

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის, მისი პირადი თავისუფლების უფლებას. ის ფუნდამენტური უფლებების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და, კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო დაცვას ემსახურება.

სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ამ მიზნის უზრუნველყოფას სახელმწიფო იძულების მექანიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის კანონმდებლობით (მათ შორის, სისხლისსამართლებრივი ნორმებით) მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ახდენს. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის მე-18 მუხლი პროცესუალურ გარანტიებს იმ პირის მიმართ ადგენს, რომელსაც სახელმწიფო სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლწესრიგის უზრუნველყოფის, საზოგადოების ან/და მისი კონკრეტული წევრის დაცვის მიზნით უპირისპირდება.

საქართველოს კონსტიტუციამ სახელმწიფოს სამოქმედო არეალი მკაცრად შემოფარგლა, მისი ძალაუფლების საპირწონედ კი ინდივიდი ისეთი პროცესუალური უფლებებით აღჭურვა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ თავისუფლების უფლებას გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისგან დაიცავს.

ფიზიკური თავისუფლების უფლება, რომელიც კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით არის დაცული, დაირღვევა, თუ მისი უზრუნველყოფის მიზნით კონსტიტუციით დადგენილი რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული.

ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებაში ჩარევის საფუძვლების საკანონმდებლო დონეზე დეტალიზების გარეშე, რეალურად, აზრს კარგავს მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები. ნათელი უნდა იყოს უფლების შეზღუდვის მიზნები, მისი საფუძვლები, ასევე განჭვრეტადი უნდა იყოს ის შედეგებიც, რომლებიც შესაძლებელია უფლებაში ჩარევას მოჰყვეს. უფლებაშემზღუდველი ნორმა საკმარისად ცხადი უნდა იყოს, რათა არ გამოიწვიოს უფლების იმაზე მეტად შეზღუდვა, ვიდრე ეს აბსოლუტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირად თავისუფლებაში ჩარევას უკავშირდება, მკაფიოდ ფორმულირებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, კონსტიტუციით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/503,513, 11 აპრილი, 2013

Back to Top

%d bloggers like this: