მუხლი 19

“კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლები ერთგვარად ავსებს ერთმანეთს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს გამოხატოს თავისი აზრი, ან თავი შეიკავოს მისი გამოხატვისაგან. კონსტიტუცია ამ მიმართებით კატეგორიულია- ის კრძალავს ადამიანის დევნას აზრის გამო, ასევე მის იძულებას, რომ გამოთქვას აზრი. ეს არის მკაცრი დანაწესი სახელმწიფოს, მისი ორგანოების მიმართ, რომელიც გამონაკლისს არ უშვებს. დემოკრატიული პროცესის მამოძრავებელია ის ძალა, სულიერი გავლენა, რომელიც აზრისათვის არის დამახასიათებელი. კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს, თუმცა, იმავდროულად, ამ უფლებათა შეზღუდვის ფორმალურ და მატერიალურ პირობებსაც ადგენს.

კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ინფორმაციის თავისუფლება. მისი თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ინფორმაციის მატარებლებიდან, რომლებიც გამოსადეგია ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის. თავისუფალი ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება. ეს არის ნორმა, რომელიც კრძალავს საზოგადოებისათვის, ადამიანის გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას, რაც დამახასიათებელია არადემოკრატიული რეჟიმებისათვის. თუმცა, აზრის თავისუფლების მსგავსად, ეს უფლებაც კონსტიტუციურ შეზღუდვას ექვემდებარება კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტთან შესაბამისად.

ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება, რაც გადამწყვეტია დემოკრატიული პროცესისათვის, ასევე, საარჩევნო უფლებები დაცულია კონსტიტუციის 28-ე მუხლით და არა მე-19 და 24-ე მუხლებით.

კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებით დაცული სიკეთე არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობის ან გარკვეულ თანამდებობაზე ყოფნის უფლება. კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლების მიზანია დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრისა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის პროცესის უზრუნველყოფა და არა რომელიმე ორგანოს ან თანამდებობის სტაბილურობის გარანტირება.“

საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, №2/2-389, 26 ოქტომბერი, 2007

 

 

კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს ადამიანის პირადულ სფეროს, მის თავისუფლებას, იქონიოს, გაიზიაროს ან/და უარყოს შეხედულება, რელიგია, რწმენა. კონსტიტუციის მიზანია ჩამოაყალიბოს აზრის, სიტყვის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების, როგორც Forum internum, ადამიანის შინაგანი სამყაროს, მისი პირადი სფეროს ხელშეუხებლობის გარანტია. ეს არის უფლება (უფლების ასპექტი), რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორი, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. არავის ძალუძს და არ აქვს უფლება, აიძულოს ადამიანი მიიღოს ან შეიცვალოს საკუთარი აზრი და რწმენა. ადამიანი ასევე დაცულია იძულებისგან თქვას ის, რაც მას არ სურს ან გამოთქვას საკუთარი აზრი. ეს უფლება არ ექვემდებარება რეგულირებას, ვინაიდან ის ინდივიდის თავისუფლების, მისი იდენტობის, ავტონომიის საფუძველს ქმნის.

კონსტიტუციის თანახმად, მე-19 მუხლით დაცულ პირადულ სფეროში ჩარევის ერთადერთ საფუძველს, სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზანი წარმოადგენს. ადამიანის შინაგანი სამყარო (forum internum), მისი პირადული სფერო დაცულია სახელმწიფოს ჩარევისგან, მაგრამ შეზღუდვას ექვემდებარება ქმედება, რომელიც ამ სფეროს შიგნით მყოფ სხვა პირთა უფლებების დარღვევას იწვევს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს ან საზოგადოების ინტერესი ადამიანის რწმენის, მისი შეხედულებისადმი შეიძლება წარმოიშვას, როდესაც ისინი გარკვეულ ქმედებაში (ან უმოქმედობაში), საზოგადო საქმიანობაში გამოიხატება. აზრი ან სიტყვა პირადულ სფეროს გასცდება და შეიძლება შეზღუდვას დაექვემდებაროს, როდესაც ის გარე სამყაროსთან მოდის შემხებლობაში და პირადული სივრცის მიღმა მყოფი პირების უფლებებს ან საზოგადოების ინტერესებს უპირისპირდება. ასეთი „გამოვლინება“ შინაგანი სამყაროს ფარგლებს სცდება და გამოდის მე-19 მუხლით დაცული სფეროდან. ამგვარი გამოხატვის შეზღუდვა კონსტიტუციის 24-ე ან/და სხვა მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით იქნება შესაძლებელი.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები-ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

 

რწმენის თავისუფლება ადამიანის თვითგამორკვევის საწყისი და საფუძველია. ყველა სხვა უფლების მსგავსად, ეს თავისუფლებაც ადამიანის ღირსების პატივისცემის გამოხატულებაა.

რწმენის თავისუფლება გულისხმობს ადამიანის შინაგან თავისუფლებას, დამოუკიდებლად, თავად განსაზღვროს საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი თუ მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით განვითარების მიმართულებები, პრიორიტეტები, ჩამოყალიბდეს მათ შესაბამისად, საზოგადოებაში იცხოვროს ინდივიდუალური თვითრეალიზაციის შესაძლებლობით და ამ განცდით იპოვოს საკუთარი თავი. ამ თვალსაზრისით, რწმენის თავისუფლება არის ადამიანის მოსაზრებების, გრძნობების და მათ შესაბამისად ცხოვრების საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ ის მოიცავს როგორც რელიგიურ, ისე არარელიგიურ რწმენას და შესაბამისად, არ წარმოადგენს მხოლოდ რელიგიის თავისუფლების იდენტურ ცნებას. ის მოიცავს რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროს, მაგრამ არ შემოიფარგლება მისით.

რწმენის თავისუფლება ერთგვარად მსოფლმხედველობის თავისუფლებაა, რადგან შესაძლებლობა იცხოვრო და განვითარდე საკუთარი ინტერესების, სურვილის, გემოვნების წარმოდგენების და შეხედულებების, ამასთან შესაძლებლობების შესაბამისად, ქმნის ადამიანის „მე“-ს , მის შინაარსს, პიროვნებას, განსაზღვრავს მის დანიშნულებას პირად, კერძო გარემოცვასა თუ საზოგადოებაში, ორიენტაციას აძლევს მის ცხოვრებას. ამიტომაც, ამ თავისუფლებაში უხეში, გადამეტებული ჩარევა, ისეთი მოპყრობა, რომელიც იწვევს ადამიანის აზროვნების წესის შეცვლას, იწვევს მის სულიერ ტანჯვას.

რწმენის თავისუფლება ძალზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, რადგან ის საკუთარი (ამასთან ერთმანეთისგან განსხვავებული) რწმენის შედეგად ჩამოყალიბებული, თავისუფლად თვით რეალიზებადი ადამიანებისაგან შედგება. ეს უფლება, მოიცავს რა კონკრეტული რწმენის სხვადასხვა შინაარსითა და ფორმით მანიფესტაციას- მის გამოვლენას, გამოხატვას, ის პოტენციურად ძალიან დიდი შესაძლებლობის მატარებელია, გავლენა მოახდინოს საზოგადოების განვითარებაზე, განსაზღვროს საზოგადოების განწყობები. ამიტომ რწმენის თავისუფლება წარმოადგენს რა ადამიანის პიროვნული განვითარების და ავტონომიის საყრდენს, იმავდროულად, განაპირობებს მთლიანად საზოგადოების არქიტექტურას, განსაზღვრავს მისი დემოკრატიულობის ხარისხ, რადგან პლურალიზმი ზოგადად და მათ შორის რელიგიური (ან სხვა შინაარსის რწმენის განვითარების თვალსაზრისით) პლურალიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. აქედან გამომდინარე, ეს თავისუფლება, როგორც მინიმუმ, მოითხოვს სხვადასხვა რწმენის მიმდევართა ჰარმონიული თანაცხოვრების შესაძლებლობების გარანტირებას, რაც რწმენის თავისუფლების თითოეულ სუბიექტს აკისრებს ვალდებულებას, საკუთარი თავისუფლება შეზღუდოს სხვათა ასევე თავისუფლებით – ეს არის რწმენის ფუნდამენტური თავისუფლების თანმდევი ვალდებულება.

პლურალიზმი და განსხვავებული აზრების შემწყნარებლობა წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების განმასხვავებელ ძირითად ნიშნებს და მის საყრდენს. ამიტომ დემოკრატიული საზოგადოების შექმნისა და შენარჩუნების საზღაური ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ უმრავლესობის ინტერესები ყოველთვის ან ძირითადად უპირატესი ვერ იქნება, დემოკრატია ეყრდნობა კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის არსებობას, რაც, მათ შორის, გულისხმობს სამართლიან მიდგომას უმცირესობების წარმომადგენლებისადმი. შესაბამისად, განსხვავებული რწმენის მქონე პირების უფლებით სარგებლობის გონივრული და ადეკვატური მექანიზმებით დაბალანსებაც, უზრუნველყოფს პლურალიზმის სტაბილურობას, საზოგადოებაში ჰარმონიის მიღწევასა და შენარჩუნებას.

მაშასადამე, ეს უფლება, სასიცოცხლოდ აუცილებელია და არსებითად განმსაზღვრელია ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობის, განვითარებისა და თვითრეალიზაციისათვის, ამასთან, ზუსტად მისი ასეთი დანიშნულებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად კონკურირებადია: ა) სხვათა (სხვა ადამიანთა) ამავე თავისუფლებასთან, ბ) სხვა უფლებებთან და კანონიერ ინტერესებთან. ამიტომ, ერთი მხრივ, რწმენის თავისუფლების აღიარება, მისი სრულყოფილად განხორციელების უზრუნველყოფა და მეორე მხრივ ამ თავისუფლებით ეფექტურად სარგებლობა, სხვათა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებითა და პატივისცემით, ერთნაირად წარმოადგენს გამოწვევას სახელმწიფოს, ადამიანების და მთლიანად საზოგადოებისთვის. ნებისმიერი უფლების სწორი, სრულყოფილი რეალიზაციისათვის და ეფექტური დაცვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრას.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/477, 22 დეკემბერი, 2011

 

„რწმენის თავისუფლების შინაარსიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, არარეალურია მისი ფარგლების ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრა, რწმენის თავისუფლებით დაცული სფეროს დიაპაზონის კონკრეტულად იდენტიფიცირება, ყველა იმ მოსაზრების, განცდის, ამა თუ იმ შინაარსის მრწამსის დასახელება, რომლებიც დაცულია რწმენის თავისუფლებით. ისევე, როგორც შეუძლებელია მკვეთრი და ხელშესახები კრიტერიუმების ამომწურავად ჩამოთვლა, რომლებზე დაყრდნობითაც უტყუარად მოხდება საკითხების საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ და მის ფარგლებს გარეთ დარჩენილ საკითხებად გამიჯვნა. ამ თავისუფლების რეალიზაცია და ეფექტურად დაცვა ყოველი კონკრეტული საქმისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, გააზრებას და გადაწყვეტას მოითხოვს. შეფასების ზოგადი კრიტერიუმების, უნივერსალური მიდგომების ჩამოყალიბების მცდელობამ შესაძლოა თავად უფლება დააზარალოს. უფლება, რომლის შინაარსი ადამიანის გონების შესაძლებლობებზე, აზროვნების პროცესზეა დამოკიდებული, რაც ნიშნავს, რომ მუდმივად ვითარდება და ფართოვდება, შეუძლებელია სრულად ხელშესახები და ამომწურავად კონკრეტული იყოს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული რწმენის თავისუფლება, თავისი ყველაზე საწყისი გაგებით, გულისხმობს, სახელმწიფოსგან ჩარევის გარეშე, ამა თუ იმ რწმენის გაზიარებას, არჩევას, საკუთარი თავის მისადმი მიკუთვნებას (პოზიტიური თავისუფლება), ან უარყოფას, შეცვლას (ნეგატიური თავისუფლება), ანუ ადამიანის აზროვნების შინაგანი სფეროს დაცვას. ამ დონეზე რწმენის თავისუფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება გამოიხატოს ადამიანზე იდეოლოგიური, ფსიქოლოგიური და მორალური ზემოქმედებით, დაშინებით, იძულებით უარი თქვას კონკრეტულ რწმენაზე, შეცვალოს ის ( და გაიზიაროს რომელიმე სხვა რწმენა).

რწმენის თავისუფლება მოიცავს მისი გამოვლენის- რწმენის შესაბამისად ცხოვრების წარმართვის უფლებასაც (მოქმედების სფერო). რწმენის თავისუფლება არარეალური და არარეალიზებადი იქნება, მის შესაბამისად ადამიანების კომუნიკაციის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. უფლებას შინაარსი გამოეცლება, თუკი მისი ნაწილი არ იქნება კონკრეტული რწმენის საფუძველზე და მის შესაბამისად ქმედება, ეს პრაქტიკულად უფლების უარყოფამდე მიგვიყვანს, რადგან რწმენის მხოლოდ ქონა არაფერს იძლევა თავად ამ უფლებით სრულყოფილი სარგებლობის თვალსაზრისით. თუ არ არის გარანტიები რწმენის შესაბამისად ცხოვრების წესის წარმართვისა და განვითარებისათვის, აზრი ეკარგება საერთოდ ამ უფლების აღიარებას.

რწმენის თავისუფლებით გარანტირებული კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის უშუალოდ მე-19 მუხლით. კერძოდ: კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირების უარი სამხედრო სამსახურზე მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული რწმენის შენარჩუნებას და მის შესაბამისად ცხოვრებას, ანუ ამ კონკრეტული რწმენის როგორც ქონა, ისე მისი გამოვლენა (სამხედრო სამსახურზე უარის თქმის ფორმით) წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღებას უშუალოდ და მხოლოდ მათი პირადი ცხოვრების წესის თაობაზე.

„კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის“ წარმოშობის საფუძველია ადამიანის რწმენა, რომელიც მას უკრძალავს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას. შესაბამისად, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირები, როგორც წესი უარყოფენ იარაღით ხელში სამსახურს ომსა და მშვიდობის დროს, რადგან ომი გარდაუვლად გულისხმობს ძალის გამოყენებას, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. ხოლო სამხედრო სამსახური ემსახურება რა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, პოტენციურად თავდაცვითი ომისთვის მზადებასაც ნიშნავს. მაშასადამე, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა გულისხმობს არა მხოლოდ საომარ მოქმედებაზე, არამედ მშვიდობიანობის პერიოდში სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის თქმასაც. აღსანიშნავია, რომ რწმენა და შეხედულებები, რომელიც წარმოადგენს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველს არ არის აუცილებელი იყოს რელიგიური ხასიათის, მაგალითად პაციფიზმი.

ბრძოლისთვის მზადება წარმოუდგენელია იარაღის გამოყენების სწავლების გარეშე. მაშასადამე, სამხედრო სარეზერვო სამსახური ცალსახად მოიცავს ისეთ ასპექტებს, რომელზე უარის თქმაც შეიძლება გახდეს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საგანი. შესაბამისად, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებს ერთნაირად შეიძლება გაუჩნდეთ წინააღმდეგობა როგორ სამხედრო სამსახურის, ისე სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის მიმართ.

სამხედრო სარეზერვო სამსახური თავისი შინაარსითა და სიმძიმით უყოლდება სამხედრო სავალდებულო სამსახურს, რის გამოც, ის სამხედრო სამსახურის მსგავსად, პოტენციურად წარმოშობს ლეგიტიმურ საფუძველს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობისთვის. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავს რეზერვში გასაწვევ პირთა ან სარეზერვო სამსახურში მყოფთა შესაძლებლობას, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, მოითხოვონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. შესაბამისად, სადავო ნორმით ხდება რწმენის თავისუფლებაში ჩარევა.

ზოგადად, პიროვნების იძულება, მოიქცეს თავისი რწმენის საწინააღმდეგოდ, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა რწმენის უარყოფის ეკვივალენტური იყოს და ამიტომ ძალიან ახლოს იდგეს რწმენის თავისუფლების შინაგანი სფეროს (forum internum) დარღვევასთან. შესაბამისად სახელმწიფომ რწმენის კონკრეტული გამოვლენის იძულებით, შეიძლება გავლენა მოახდინოს თავად შინაგან მრწამსზე.

ნებისმიერი რწმენა და მის შესაბამისად ცხოვრება, ზუსტად კონკრეტული გამოვლინებით რეალიზდება, ამიტომ, თუ პირი იძულებული იქნება მათზე უარი თქვას, ის ვერც კონკრეტული რწმენის მიმდევარი იქნება. როდესაც კონკრეტული შინაარსის რწმენა დაცულია რწმენის თავისუფლებით და მასში ხდება ისეთი ინტენსიური და უხეში ჩარევა, რაც ამ რწმენაზე უარის თქმის ტოლფასი ხდება, ეს ჩარევა შეიძლება შეფასდეს როგორც ამ უფლების შინაგან სფეროში ჩარევა. მოცემულ შემთხვევაში, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული რწმენის თავისუფლებით. როგორც აღინიშნა, ის ომისა და ზოგადად იარაღის გამოყენებისადმი უარყოფაში გამოიხატება, მხოლოდ ეს არის ამ რწმენის შინაარსი.

სამხედრო სარეზერვო სამსახურში კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირთა გაწვევა უდავოდ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გზას, მაგრამ ის ვერ უზრუნველყოფს ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევას, რადგან წარმოადგენს რწმენის თავისუფლებაში გაუმართლებლად მძიმე ჩარევას, ჩარევის ყველაზე მძიმე ფორმას, რომელიც პრაქტიკულად უფლებით სარგებლობის შეუძლებლობას უტოლდება. მაშინ, როდესაც იგივე მიზნის მიღწევა შესაძლებელია უფლებაში ნაკლებად ჩარევის გზით. რწმენის თავისუფლებასა და ქვეყნის დაცვის ვალდებულებას შორის გონივრული ბალანსის დაცვა მოითხოვს ამ ინტერესების თანაარსებობის უზრუნველყოფას და არა ერთის დაცვას მეორის ხელყოფის ხარჯზე. სწორედ ინტერესთა დაბალანსების გზას წარმოადგენს სახელმწიფოების უმრავლესობის მიერ სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ სამოქალაქო სამსახურის გავლის ვალდებულების შემოღება, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის ადეკვატურ ალტერნატივას უნდა წარმოადგენდეს.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/477, 22 დეკემბერი, 2011

Back to Top

%d bloggers like this: