მუხლი 20

“პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გულისხმობს ინდივიდის შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს თავისი კერძო ცხოვრება და იყოს დაცული მის კერძო სფეროში სახელმწიფოს და სხვა პირების ჩარევისგან. იცავს ადამიანის არჩევანს, იარსებოს გარე სამყაროსგან დამოუკიდებლად, იყოს მარტო, ასევე თავისუფლად გადაწყვიტოს, რა პირობებში და მოცულობით ექნება ურთიერთობა საზოგადოების სხვა წევრებთან.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ფართო და მრავალმხრივი შინაარსი გააჩნია, იგი უამრავი უფლებრივი კომპონენტისაგან შედგება, რომლებიც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლითაა დაცული (მაგალითად: მე-16, მე-20, 36-ე, 41-ე მუხლები).

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არ არის აბსოლუტური, იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელი კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მაგრამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს. კერძოდ, უფლებაში ნებისმიერი ჩარევა უნდა ემსახურებოდეს კონსტიტუციურ მიზნებს, იყოს აუცილებელი და წარმოადგენდეს ამ მიზნების მიღწევის პროპორციულ საშუალებას.”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/484, 29 თებერვალი, 2012

 

“ეს უფლება სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციისათვის, მისი სრულყოფილად გამოყენების ხელშეწყობა და დაცვა არსებითად განმსაზღვრელია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის.

პირადი ცხოვრებით დაცულია პირების კერძო სფერო (სივრცე) აქ იგულისხმება როგორც კონკრეტული ტერიტორია, ადგილი (მაგალითად საცხოვრებელი სახლი, პირადი ავტომანქანა ან სხვა პირადი მფლობელობა), ისე განსაზღვრულ პირთა წრე, ვისთანაც პირს სურს კომუნიკაცია, ვისაც ის ირჩევს კონკრეტული ურთიერთობისათვის, ასევე საკითხები, რომელთა ანონიმურობა და ხელშეუხებლობა ან პირთა მხოლოდ კონკრეტულ წრეში განსაჯაროებაც სურს პირს. კერძო, პირად სივრცეს (სფეროს) ადამიანი თავად ქმნის და აქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მის მიერ შერჩეულ, სასურველ ან მისთვის საჭირო საკითხებზე კომუნიკაცია მიუწვდომელი, ანონიმური, ხელშეუხებელი დარჩება ყველა იმ პირისათვის, რომელიც მან საკუთარი პირადი სივრცის მიღმა დატოვა.

დემოკრატიული საზოგადოების არსებობა და განვითარება წარმოუდგენელია, შეუძლებელია ინფორმაციის თავისუფლების, აზრთა გაცვლისა და ადამიანების ნებისმიერ სფეროში თავისუფალი კომუნიკაციის გარანტირებული შესაძლებლობების გარეშე. ამ თვალსაზრისით, ინტერნეტის მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის ძალიან დიდია და ყოველდღიურად მზარდი. ის ადამიანთა კომუნიკაციის, მოსაზრებების გაცვლის, გაზიარების ძალზე ეფექტური და მოსახერხებელი საშუალებაა.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაც შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელი, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ამასთან იმ პირობის სავალდებულო დაცვით, რომ უფლებაში ჩარევა მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი და პროპორციული გზით მოხდება.

კანონმდებლის მხოლოდ მისწრაფება და მიზანი-პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა დაუქვემდებაროს სასამართლოს კონტროლს, ვერ მოახდენს გავლენას სადავო ნორმის შინაარსზე, თუ ამან ასახვა არ  ჰპოვა კანონში.

ვინაიდან სადავო ნორმა ითვალისწინებს დახურულ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვების შესაძლებლობას სასამართლოს ბრძანების გარეშე და გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლების არარსებობის პირობებში, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/519, 24 ოქტომბერი, 2012

 

„სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით საუბარი გულისხმობს ადამიანების (ორი ან მეტი პირის) კომუნიკაციას ტელეფონის ან ვერბალური კომუნიკაციისთვის განკუთვნილი ინტერნეტპროგრამების გამოყენებით. ხოლო ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებების ხელშეუხებლობის უფლებით დაცულია კომუნიკაცია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, შესაბამისი ინტერნეტპროგრამების და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. იმავდროულად, დაცულია როგორც სადენიანი (ოპტიკურბოჭკოვანი), ისე უსადენო (რადიოტალღებზე მომუშავე) ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემებით დამყარებული კომუნიკაცია.

დაცული  სფეროს არსი არის, პირველ რიგში, ნებისმიერი ამ ტექნიკური საშუალებით ვერბალურად თუ სხვა გზით (მიმოწერით) კომუნიკაციის შინაარსის ხელშეუხებლობა, ანუ გაცვლილი ინფორმაციის ანონიმურობა ნებისმიერი მესამე პირისგან, სახელმწიფოს ჩათვლით. ამ უფლებრივი კომპონენტებით საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი იცავს კომუნიკაციის თავისუფლებას. ეს უფლება არის გარანტია ადამიანებისთვის, თავად განსაზღვრონ დამოუკიდებლად, მათი სურვილისა და არჩევანის მიხედვით, კომუნიკაციის შინაარსი და პირთა წრე (პარტნიორები), ვისთანაც სურთ ურთიერთობა, მოსაზრებების გაცვლა კონკრეტულ საკითხებზე, თემებზე. იმავდროულად, ეს უფლება უზრუნველყოფს ადამიანების თვითგამოხატვას მათთვის სასურველ და მისაღებ სოციუმში, რაც უპირობოდ დაცული უნდა იყოს ამ პროცესში ჩარევის, კონტროლის შიშით განპირობებული თვითშეზღუდვისგან, თავშეკავებისაგან, ვინაიდან თავისუფალი თვითგამოხატვა შესაძლებელია სწორედ მხოლოდ აბსოლუტური თავისუფლებით, ნებელობით, პერსონალური გადაწყვეტილების მიხედვით, სასურველი დოზითა და ფორმით ინდივიდუალიზმის დემონსტრირებით. ამ თვალსაზრისით, ეს უფლება ემსახურება და უზრუნველყოფს ინფორმაციული თვითგამორკვევისა და აზრის, გამოხატვის თავისუფლებებს ან დაკავშირებულია მათთან. აზრის და გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ კონკრეტული შინაარსის მოსაზრებების, ინფორმაციის ამა თუ იმ ფორმით გამოხატვას და ამ გზით თვითრეალიზაციას, არამედ, მათ შორის, კონკრეტულ პირებთნ, კონკრეტულ სოციუმში ამ მოსაზრებების გაცვლასაც, რასაც სწორედ მე-20 მუხლი უზრუნველყოფს. „დემოკრატიული საზოგადოების არსებობა და განვითარება წარმოუდგენელია, შეუძლებელია ინფორმაციის თავისუფლების, აზრთა გაცვლისა და ადამიანების ნებისმიერ სფეროში თავისუფალი კომუნიკაციის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე.“

საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/625, 640, 14 აპრილი, 2016

 

„ადამიანის პირადი სივრცე გულისხმობს საკუთარ სოციუმზე ინდივიდუალური და დამოუკიდებელი არჩევანის ანონიმურობის უფლებასაც.

ადამიანების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საკმარისი და ეფექტური გარანტიების არსებობა, რამაც უნდა უზრუნველყოს ძალიან მყარი შეგრძნება ანონიმურობისა, ადამიანების ნებისა და გადაწყვეტილების გარეშე, მათი კომუნიკაციის აბსოლუტური ხელმიუწვდომლობისა ნებისმიერი მესამე პირისთვის, სახელმწიფოს ჩათვლით. ეს უფლებები ირღვევა მათი სრულად და ეფექტურად გამოუყენებლობის მიზეზით იმ პირობებში, თუ ადამიანებს აქვთ შიში ანონიმურობის სიმყიფისა, თუ ისინი ცხოვრობენ იმ შეგრძნებითა და განცდით, რომ მათი კომუნიკაციის შინაარსი ხელმისაწვდომია მესამე პირებისთვის. რადგან სასურველ პირებთან სასურველ თემებზე კომუნიკაცია იმ შეგრძნებით, რომ ეს სივრცე და კომუნიკაცია სულაც არ არის ანონიმური, მაღალი ალბათობით, თავისთავად ცვლის კომუნიკაციის, აზრის გამოხატვის ფორმასაც და შინაარსსაც, მათ შორის, აზრის გამოხატვაზე/კომუნიკაციაზე უარის თქმის ჩათვლით, რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგება და გამორიცხავს საკუთარი არჩევანის მიხედვით განვითარებას, ავიწროებს, აღარიბებს პირად სივრცეს.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არ არის აბსოლუტური. დემოკრატია ეყრდნობა რა კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის არსებობას, “უფლებათა უმრავლესობის შეზღუდვა აუცდენელია, რადგან მათი რეალიზაცია ხშირად წარმოშობს ღირებულებათა კონფლიქტს…“

საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/625, 640, 14 აპრილი, 2016

 

 

„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელი, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ამასთან იმ პირობის სავალდებულო დაცვით, რომ უფლებაში ჩარევა ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი და პროპორციული გზით მოხდება.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნელოვან შეზღუდვას წარმოადგენს სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა. „ეს უფლება, ერთ-ერთი თვალსაჩინოა იმ უფლებებს შორის, რომელთა შინაარსის განსაზღვრისას, ხელისუფლება დემოკრატიული და პოლიციური სახელმწიფოების ზღვარზე გადის. ზოგადად, ადამიანებზე ფარული დაკვირვება პოლიციური სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი. იმავდროულად, ქვეყნის კონსტიტუციური წყობის, სახელმწიფო და ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ადამიანთა უფლებების ეფექტურ დაცვას, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულებაა. ზუსტად ამ საჯარო ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება დასახელებული უფლების შეზღუდვა.

კონსტიტუცია არ უშვებს მცირედ ალბათობასაც კი, რომელიმე ლეგიტიმური ინტერესის დაცვა შესაძლებელი იყოს ამა თუ იმ უფლების დარღვევის ხარჯზე. სახელმწიფომ უნდა შეძლოს, დააბალანსოს ინტერესები ისე, რომ თავი გაართვას კონსტიტუციის უპირობო მოთხოვნას – დაცული იყოს როგორც ფუნდამენტური ულებებით შეუბღალავად სარგებლობის შესაძლებლობა, ისე კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა ლეგიტიმური ინტერესები.

სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, დაიცვას სახელმწიფო  უსაფრთხოება, უზრუნველყოს დანაშაულის გამოძიება, ისევე როგორც მისი პრევენცია, მაგრამ, იმავდროულად, საფრთხის ქვეშ არ დააყენოს ადამიანების თავისუფალი განვითარების პერსპექტივები, არ დაარღვიოს მათი პირადი ცხოვრება. სახელმწიფო უსაფრთხოების საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭების გზით, ხელისუფლებამ, დემოკრატიის დაცვის მოტივით, თავად დემოკრატიას არ უნდა შეუქმნას საფრთხე, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა ადამიანის პირადი სივრცის არაპროპორციულად შეზღუდვით, შეიცავს, დემოკრატიის დაცვის მიზნით, დემოკრატიისვე დარღვევის მაღალ რისკებს. კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსებას ემსახურება უფლებაში ჩარევის კონსტიტუციით დადგენილი ფარგლები.

შეზღუდვა უნდა იძლეოდეს დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის რეალურ შანსებს. ამასთან, ჩარევა პირად ცხოვრებაში უნდა იყოს აბსოლუტურად აუცილებელი, როდესაც სხვა ნაკლებმზღუდველი ღონისძიებების გამოყენება უშედეგოა ან უკავშირდება განსაკუთრებულ ძალისხმევას. სწორედ უფლებაში მხოლოდ ლეგიტიმური მიზნების დაცვის აუცილებლობისას და მხოლოდ როგორც ერთადერთი შესაძლებლობის გამოყენების გზით ჩარევის უზრუნველსაყოფად, კონსტიტუციის უპირობო მოთხოვნაა, რომ „პირადი ცხოვრების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. კომუნიკაციის საშუალებათა მიყურადება წარმოადგენს სერიოზულ ჩარევას პირადი ცხოვრების უფლებაში და საფრთხის ქვეშ აყენებს დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს. ამდენად, ასეთი მიყურადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაარწმუნებს მესამე ობიექტურ მხარეს – სასამართლოს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი და მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება სერიოზული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება პირადი ცხოვრების უფლებაში თვითნებურ ჩარევას.“

საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/625, 640, 14 აპრილი, 2016

 

 

„ცხადია, უფლების დაცულობის მტკიცებისთვის თავისთავად საკმარისი ვერ იქნება კანონში მხოლოდ საგანგებო დებულებების არსებობა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება შესაძლებელია მოსამართლის გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციებითა და სათანადო გარანტიების არსებობით დამაჯერებლად უნდა გამოირიცხოს პირად ცხოვრებაში ჩარევის ალბათობა კონსტიტუციით დადგენილი ამ გარანტიის მიღმა. კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემა უფლებაში მოსამართლის გადაწყვეტილებით ჩარევის წესის დემონსტრირების პარალელურად, თავადვე არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, ქმნიდეს ცდუნებას, უფლებაში ჩარევა მოხდეს კონსტიტუციური გარანტიის იგნორირებით.  მნიშვნელოვანია, რომ კანონი არ ზრდიდეს საფრთხეს ცდუნებისთვის, ხელისუფლებამ იმოქმედოს კონსტიტუციის მოთხოვნების უგულებელყოფით.

ნებისმიერი უფლების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების თავისთავადი შემადგენელია, რომ ადამიანებს აქვთ ამ სიკეთეებით შეუზღუდავად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე სარგებლობის გარანტია, სანამ არ გაჩნდება უფლების შეზღუდვისთვის კონსტიტუციითვე გათვალისწინებული საფუძველი და აუცილებლობა.

თუმცა, უფლების დარღვევის რისკები თავისთავად იზრდება, როდესაც ინფორმაციის რეალურ დროში მოსაპოვებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (ან გამოძიების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანო)  იმავდროულად ფლობს და ადმინისტრირებას უწევს ტექნიკურ საშუალებებს, განათავსებს შესაბამის აპარატურას უშუალოდ საკომუნიკაციო არხთან/სერვისის მიმწოდებელთან, რაც საბოლოო ჯამში მას პირთა განუსაზღვრელი წრის მოსმენის შესაძლებლობას აძლევს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არა მხოლოდ ფლობს ფარული მოსმენების განსახორციელებლად ტექნიკურ საშუალებებს, არამედ პასუხისმგებელია ამ სისტემის ფუნქციონირებაზე და ამ მიზნით ქმნის შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას, განათავსებს ტექნიკურ საშუალებებს, ამასთან, ეს პროცესი გასაიდუმლოებულია. შედეგად, რომელ/როგორ ტექნიკურ შესაძლებლობებს, მოწყობილობებს შექმნის, შეიძენს, დაამონტაჟებს და გამოიყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამ პროცესზე არ არსებობს გარე კონტროლის საკმარისი შესაძლებლობები. სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებაზე ინსპექტორის კონტროლის არსებული ბერკეტები არასაკმარისია, ვერ გამორიცხავს ინსპექტორის გვერდის ავლით და, შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე სატელეფონო საუბრების მიყურადების საფრთხეს.

არც კანონი და არც სისტემის არქიტექტურის შექმნის წესი არ გამორიცხავს ტექნიკურ შესაძლებლობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელთ არსებული მძლავრი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით განხორციელდეს რეალურ დროში სატელეფონო კომუნიკაციის მოსმენა ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის გვერდის ავლით.   ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში საქმეზე ROMAN ZAKHAROV v. RUSSIA,  მიუთითა: “სასამართლო აღნიშნავს, რომ მეთოდი, რომლითაც მოქმედებს ფარული მიყურადების სისტემა … უსაფრთხოების სამსახურებსა და პოლიციას ანიჭებს ტექნიკურ შესაძლებლობას, გვერდი აუარონ ავტორიზაციის პროცედურას და კომუნიკაციის საშუალებებზე წვდომა განახორციელონ წინასწარი სასამართლო ნებართვის გარეშე. მართალია, როგორიც არ უნდა იყოს სისტემა, ვერასოდეს გამოირიცხება სრულად დაუდევარი, არაკეთილსინდისიერი ან “გადაჭარბებულად მოტივირებული” მოხელის მიერ არასწორი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ … სისტემა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურებსა და პოლიციას შესაძლებლობას აძლევს, კომუნიკაციის პროვაიდერებისათვის ან სხვა უფლებამოსილი პირებისავის შესაბამისი ნებართვის წარდგენის გარეშე, უშუალოდ ჰქონდეთ წვდომა ნებისმიერი მოქალაქის კომუნიკაციის საშუალებებზე, განსაკუთრებით მიდრეკილია უფლების ბოროტად გამოყენებისკენ.” (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე:  ROMAN ZAKHAROV v. RUSSIA, აპლიკაციის ნომერი: 47143/06, აბზაცი 270).“

  საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/625, 640, 14 აპრილი, 2016

 

„სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონის დარღვევით ქმედება ვერ გახდება კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზეზი. თუმცა კანონმდებლის პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ შექმნას  ისეთი სისტემა, როდესაც ობიექტურად შესაძლებელი იქნება საკმარისი, ეფექტური და გამჭვირვალე მექანიზმებით კონტროლი ხელისუფლების საქმიანობაზე. კანონი ვერ დააკმაყოფილებს „კანონის ხარისხის“ მოთხოვნებს, თუ ის ქმნის  მის მიერვე დადგენილი წესების მიღმა ქმედების ცდუნებას. კანონი თავად არ უნდა  ახდენდეს  მისივე დარღვევის პროვოცირებას.

სასამართლოს თქმით სადავო ნორმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აღჭურავს როგორც ტექნიკური შესაძლებლობით, ისე უშუალო უფლებამოსილებით, მოახდინოს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და მათი შენახვა. ფაქტობრივად ეს გულისხმობს კავშირგაბმულობის არხში არსებული ყველა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ასლის გაკეთებას და მათ შენახვას სახელმწიფოს მიერ ე.წ. „ბანკებში“.

სადავო ნორმა, მართალია, არ გულისხმობს წვდომას უშუალოდ სატელეფონო საუბრების შინაარსზე (ანუ არ გულისხმობს სატელეფონო მოსმენებს), მაგრამ ის აღჭურავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შესაძლებლობით, გააკეთოს ასლი და შეინახოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ, ვის, როდის, რა ტექნიკური საშუალებით,  რომელი ლოკაციიდან და როგორი ხანგრძლივობით დაუკავშირდა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს, აბსოლუტურად შეუზღუდავად, პირთა წრის და ლოკაციის მიხედვით ასეთი ინფორმაციის კოპირებასა და შენახვას ორი წლის ვადით.

მეტადატა წარმოადგენს ინფორმაციას მობილური სატელეფონო საშუალებების ადგილმდებარეობის, განხორციელებული თუ შემოსული ზარების, ღიად თუ ანონიმურად განხორციელებული ძიებისა თუ სხვა ონლაინ ქმედებებთან დაკავშირებით. მეტადატას ანალიზის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს ინდივიდის ქცევა, სოციალური ურთიერთობები, პირადი მახასიათებლები, რაც უშუალოდ კომუნიკაციის შინაარსთან ერთად ამ ინდივიდის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. ასეთ მონაცემთა ერთობლიობა ქმნის შესაძლებლობას, უფლებამოსილ ორგანოებს ჰქონდეთ  საკმარისი ინფორმაცია აბონენტის პირადი ცხოვრების ისეთი სფეროების შესახებ, როგორებიცაა: მათი ყოველდღიური ჩვევები, დროებითი ან მუდმივი ადგილსამყოფელი, ყოველწუთიერი გადაადგილება, საქმიანობა, სოციალური კავშირები, სოციალური გარემოცვა. მაშასადამე, ეს მონაცემები იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას პირის პერსონალური და გადაადგილების პროფილი, რაც ცალკეულ ან ხშირ შემთხვევაში საკმარისად ინფორმაციული შეიძლება იყოს პირის პირადი სივრცის შესახებ და ინფორმაციულობის ხარისხით მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდებოდეს უშუალოდ ტელეკომუნიკაციის შედეგად გაცვლილ ინფორმაციას. მაშასადამე, ეს ინფორმაცია შეიძლება იძლეოდეს საკმაოდ დეტალურ წარმოდგენას ადამიანის პირადი სივრცის არაერთი ასპექტის თაობაზე. ამიტომ, ცხადია, ასეთი ინფორმაციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფლობა/შენახვა თავისთავად აჩენს განცდას, დაფიქრების მოტივაციას იმაზე, რომ ადამიანის პირადი სივრცე იმყოფება სახელმწიფოს ზედამხედველობის, კონტროლის ქვეშ. ბუნებრივია, რომ ეს შეიძლება ნეგატიურად აისახოს ადამიანის განვითარებაზე, აქტივობებზე საკუთარი ნების, გადაწყვეტილების შესაბამისად, გამოიწვიოს ქცევის რეგულირება. შედეგად, აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება, ფლობა ადამიანის პირად ცხოვრებაში საკმაოდ მკაცრ, ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენს.

სახელმწიფოს აქვს უფლება, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნისთვის, როგორიცაა სხვადასხვა სახის დანაშაულის გამოძიება ან მისი პრევენცია, ასევე სამაშველო ღონისძიებების დროული განხორციელება, შეზღუდოს ადამიანის პირადი სივრცე. მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფო ადამიანის პირად სივრცეში ჩაერიოს მხოლოდ და მხოლოდ ლეგიტიმური მიზნების დაცვის აუცილებლობის მოტივით, ამასთან, სხვა, ნაკლებად მზღუდავი საშუალებებით მათი დაცვის შეუძლებლობის პირობებში და მხოლოდ თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნათა უპირობო გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, ბუნებრივია, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და შენახვა არის დასახელებული მიზნების მიღწევის ვარგისი საშუალება, ვინაიდან ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ მნიშვნელოვნად შეიძლება შეუწყოს ხელი როგორც ჩადენილი დანაშულის გამოძიებას, ისე დანაშაულის პრევენციას. შესაბამისად, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვა თავისთავად წარმოადგენს მნიშვნელოვან პერსპექტივას რელევანტური მტკიცებულებების მოძიებისთვის, ისევე, როგორც ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს პრაქტიკულად შეუცვლელი სამაშველო ღონისძიებების მიზნებისთვის. თუმცა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და შენახვა წარმოადგენს რა ადამიანის პირად სივრცეში ჩარევას, სახელმწიფო შეზღუდულია კონსტიტუციური ვალდებულებით, ამტკიცოს, რომ მის მიერ შემოღებული რეგულაცია არის მიზნის მიღწევისთვის უფლებაში ყველაზე ნაკლები ინტენსივობით ჩარევის შესაძლო გზა.“

საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/625, 640, 14 აპრილი, 2016

 

„უსაფრთხოების სამსახურის დამოუკიდებელი და მუდმივი წვდომა მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე  განუზომლად ზრდის ცდუნებას და რისკებს უფლებაში დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ჩარევისთვის.

კანონმდებელი სარგებლობს გარკვეული მიხედულების ფარგლებით მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება/შენახვის კონკრეტული მოდელის შემუშავებისას, თუმცა, ცხადია, სახელმწიფო, იმავდროულად, უპირობოდ შებოჭილია ვალდებულებით, არ გამოიწვიოს უფლებაში უსაფუძვლოდ ან გადამეტებით ჩარევის რისკები. ამიტომ, მან, სულ მცირე, თავიდან უნდა აიცილოს ასეთი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის პროფესიულად დაინტერესებული ორგანოს ხელში თავმოყრა, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასზე დაუსაბუთებლად წვდომის თავისთავადი ცდუნების მატარებელია. შესაბამისად, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამოძიების ფუნქციისგან დისტანცირებული, ამ თვალსაზრისით პროფესიულად არდაინტერესებული, ამასთან, დამოუკიდებლობის მყარი და საკმარისი გარანტიებით აღჭურვილი და ეფექტურად კონტროლირებადი ორგანოს მიერ შენახვა, როგორც მინიმუმ, დამაჯერებლად ამცირებს უფლების დარღვევის პოტენციურ რისკებს.

კანონი ითვალისწინებს ამ ინფორმაციის მხოლოდ კონსტიტუციური გარანტიებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის კონტროლის ორ სახეს:  ა)მონაცემთა ბანკების კონტროლს სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით და ბ)ინსპექტირებას. პირველი გულისხმობს მონაცემთა ბანკების კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის შექმნას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ კოპირებულ მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობების შესახებ მონაცემების ავტომატური მიწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის და ამგვარად შექმნას მექანიზმი მონაცემთა ბანკებზე არაავტორიზებული წვდომის გამოსარიცხად. ხოლო მეორე მექანიზმი გულისხმობს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებას – ინსპექტირებას.

ტექნიკურად შესაძლებელია, მაიდენტიფიცირებელი მონაცემის კოპირების და შენახვის პროცესში შეიქმნას ე.წ. „ალტერნატიული ბანკი“, რომლის არსებობის შესახებ შესაძლოა არავინ იცოდეს და მასზე დაშვება არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ჰქონდეს.

კანონი კონსტიტუციურობის თვალსაზრისით საეჭვო ხდება, როდესაც ის, მართალია, პირდაპირ არ ითვალისწინებს, მაგრამ იმავდროულად კონკრეტული სისტემის შემოღებით თავისთავად ზრდის რისკებს უფლების დარღვევისთვის. მოცემულ შემთხვევაშიც კონტროლის ბერკეტები გათვალისწინებულია უკვე კოპირებული/შენახული ინფორმაციის გამოყენებაზე. თუმცა არ არსებობს არანაირი კონტროლი თავად ინფორმაციის კოპირების და შედეგად, მისი მოპოვების პროცესზე. აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვერ აკონტროლებს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან მონაცემთა ბანკების წამოღების პროცესს. მისი ზედამხედველობა მხოლოდ იმ მონაცემთა ბანკზე ხორციელდება, რომელზეც ინსპექტორის დაშვებას უსაფრთხოების სამსახური ახდენს.

მოსაზრება პარალელური ბანკების შექმნისთვის დამატებითი სახსრების ხარჯვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ვერაფრით ვერ გამოდგება წონად არგუმენტად იმის გამოსარიცხად, რომ პარალელური ბანკები არ შეიქმნება, რაც თავისთავად გულისხმობს მოსამართლის განჩინების გარეშე და ინსპექტორის კონტროლს მიღმა მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეუზღუდავად წვდომას და, შედეგად, უფლების რეალურად დარღვევის რისკების  ზრდას.

არის თეორიული შესაძლებლობა, შეიქმნას ალტერნატიული ბანკები, რომელთა არსებობის შესახებ არავის ეცოდინება, არის რეალური საფრთხე უკვე არსებულ ბანკებზე უკონტროლოდ წვდომისაც.  საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ მონაცემთა ბანკებზე კანონით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმები არაეფექტურია და ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის სათანადო გარანტიების შექმნას,  რადგან ინსპექტორი ვერც იმ მონაცემთა ბანკების სრულფოსოვან კონტროლს ახდენს, რომელზეც დაშვება აქვს.

ის გარემოება, რომ ადამიანებმა იციან კანონის მიხედვით, რომ ნებისმიერი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების თაობაზე ინფორმაცია ინახება, ნორმას მხოლოდ ამ თვალსაზრისით  განჭვრეტადს ხდის, თუმცა ვერ უზრუნველყოფს/განაპირობებს მის კონსტიტუციურობას. სწორედაც რომ პირიქით – როდესაც ადამიანებმა იციან, რომ მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არა მხოლოდ ხელმისაწვდომია სახელმწიფოსთვის, არამედ საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ინახება კიდეც, რაც სახელმწიფოს აძლევს ადამიანის პირადი ცხოვრების თაობაზე გარკვეული და ხშირად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ფლობის/შენახვის უფლებას, ცხადია, ამან შესაძლოა, თავისთავად, გამოიწვიოს მათი ქცევის რეგულირება, დააკორექტიროს ადამიანების ურთიერთობები, დააბრკოლოს მათი განვითარების შესაძლებლობა საკუთარი არჩევანის, სურვილების, მიზნების, განზრახვების მიხედვით. გარდა ამისა, ეს არის ერთგვარად ფსიქოლოგიური წნეხი, რადგან ადამიანს, ნებსით თუ უნებლიედ, უწევს დაფიქრება, ღელვა იმაზე, მისი პირადი სივრცე ხომ არ კონტროლდება, ხელმისაწვდომი ხომ არ არის სახელმწიფოსთვის. დამოუკიდებლად იმისგან, ადამიანი ამ განცდის ტყვეობაში მოხვდება თუ არა და საბოლოოდ შეცვლის/დააკორექტირებს თუ არა საკუთარ ქცევებს, ამაზე დაფიქრების მოტივაციის არსებობაც კი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლებაში მძიმე ჩარევას.“

   საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/625, 640, 14 აპრილი, 2016

 

„სადავო ნორმა ბლანკეტურად ითვალისწინებს რა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების 2 წლის ვადით შენახვას, ის ვერ იქნება მიჩნეული მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება/შენახვის თავად ფაქტი, არის ერთგვარად მსუსხავი ეფექტის მქონე ადამიანებისთვის, რადგან მათ იციან, რომ სახელმწიფო ფლობს და 2 წლის განმავლობაში ინახავს თითოეულის პერსონალური ხასიათის/შინაარსის ამსახველ მნიშვნელოვან ინფორმაციას. როგორც უკვე აღინიშნა, ხანგრძლივი ვადით ამ ინფორმაციის შენახვა და მით უფრო, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მასზე ხელმისაწვდომობის საფრთხეების გამოსარიცხად კონტროლის ეფექტური და საკმარისი მექანიზმების არარსებობა, თავისთავად ზრდის ალბათობას და ინტენსივობას ამ თვალსაზრისით დაუცველობის შეგრძნებისა. ამდენად, ასეთ პირობებში, სახელმწიფოს მიერ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ფაქტმა შესაძლოა მნიშვნელოვნად დააკორექტიროს მათი კომუნიკაცია, ცალკეულ შემთხვევაში კონკრეტულ პირებთან კონკრეტულ ურთიერთობაზე უარის თქმის ჩათვლით. ასეთ პირობებში კი შეუძლებელია ადამიანის თავისუფალ განვითარებაზე საუბარი. ადამიანების პირადი ცხოვრების, სივრცის გაუმართლებელი, არაპროპორციული კონტროლი თრგუნავს მათ თავისუფალ თვითგამორკვევას და ფუნდამენტური უფლებების სრულყოფილად, მათი ნების შესაბამისად გამოყენების ინიციატივას, შედეგად, აფერმკრთალებს ადმიანების თვითრეალიზაციის, განვითარების შანსს.

მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (გამოძიებაზე პასუხისმგებელი და პროფესიულად დაინტერესებული ორგანოს) მიერ ფლობა, ამასთან, უფლების განგრძობითი, პერმანენტული შეზღუდვა სადავო ნორმით გათვალისწინებული ხანგრძლივი დროის (2 წელი) განმავლობაში, იმავდროულად, ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალურობის და ხელშეუხებლობის მყარი, საკმარისი და ეფექტური გარანტიების არარსებობის პირობებში წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში გაუმართლებლად ინტენსიურ ჩარევას და, შესაბამისად, მის დარღვევას.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება იცავს არა მხოლოდ კომუნიკაციის შინაარსს, არამედ, მათ შორის, როდის როგორ, რა სიხშირით, ვის შორის შედგა კომუნიკაცია. მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შენახვის ფაქტი, მისი მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ეფექტური, საკმარისი გარანტიების გარეშე და შედეგად, მოსამართლის გვერდის ავლით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დაშვებით (ვერგამორიცხვით), ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს და იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ფუნდამენტური უფლების დარღვევას.“

            საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/625, 640, 14 აპრილი, 2016

Back to Top

%d bloggers like this: