მუხლი 21

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ითვალისწინებენ გამონაკლისს ამ საერთო წესიდან. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ხოლო, მე-3 პუნქტით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და სათანადო ანაზღაურებით.“

თენგიზ სუდაძე ქ. ფოთის მერის წინააღმდეგ, №2/1-7, 30 ოქტომბერი, 1996

„საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლი ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს, ვინაიდან მესაკუთრეს აქვს თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება. ამ შემთხვევაში კი იზღუდება მესაკუთრის განკარგვის უფლება, რადგან განკარგვა გულისხმობს მესაკუთრის მიერ მისი ქონების ბედის გადაწყვეტას ყოველგვარი პირობების დათქმის გარეშე (საჭიროებისათვის თუ სხვა მიზნით).“

ლევან ფურცხვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/31-5, 25 მარტი, 1997

„ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუცია საკუთრებას გარკვეულ სოციალურ ფუნქციებს ანიჭებს. საკუთრების უფლების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები, ხოლო საკუთრებით სარგებლობა იმავდროულად უნდა ემსახურებოდეს საერთო კეთილდღეობას. თუ ეს მოთხოვნები არ სრულდება ან არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო გარემოებანი, მაშინ საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას – თანახმად 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საკუთრების ჩამორთმევას  –  შესაბამისად 21-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, რომელიც ადგენს: „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.“

ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება, №1/51, 21 ივლისი, 1997

„საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. შპს, რომელიც ნებაყოფლობით ყალიბდება, თვითონ ხდება შეტანილი ქონების მესაკუთრე და მას ისევე იცავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, როგორც ნებისმიერ ფიზიკურ პირს. ქონება, რომელიც პარტნიორებმა შეიტანეს საზოგადოებაში, არ ქმნის მათ საერთო საკუთრებას და ამ ქონებაზე არ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით საერთო საკუთრებისათვის დადგენილი ნორმები. იურიდული პირის ქონება, იურიდიული პირის, როგორც სამართლის სუბიექტის საკუთრებაა და არა მისი დამფუძნებლების ან მასში მონაწილეების. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საკუთრების გარეშე დარჩება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, იურიდიული პირი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნად არის მიჩნეული.“

იური კირაკოსიანი, სპირიდონ ვართანიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/36-7, 29 იანვარი, 1998

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით მინიჭებული საკუთრების უზრუნველყოფა მთლიანად ვრცელდება პარტნიორებზე, როდესაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი მათ წილის გასხვისების და მემკვიდრეობით გადაცემის უფლებას აძლევს. რაც შეეხება პარტნიორის უფლებებს, ისინი არიან შპს-ის წილის მესაკუთრენი და კონსტიტუციით მინიჭებული საკუთრების დაცვის უფლება მათზე მთლიანად ვრცელდება.“

იური კირაკოსიანი, სპირიდონ ვართანიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/36-7, 29 იანვარი, 1998

 

„სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ სადავო კანონის მე-5 მუხლით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცული საკუთრების უფლება. ეს მუხლი ითვალისწინებს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის ისეთ პირობას, რომელიც სცილდება საკუთრების შებოჭვის სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასაშვებ ფარგლებს. ამ შემთხვევაში, მოსარგებლის სასარგებლოდ საცხოვრებელი სადგომის ან მისი ღირებულების კომპენსაციის მესაკუთრეზე დაკისრება ფაქტობრივად აბათილებს დ არარად აქცევს ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას და მესაკუთრეს ვალდებულს ხდის გამოისყიდოს თავისივე საკუთრება.“

ვალიდა დარბაიძე, ნათელა ციმაკურიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/103,117,137,147-48,152-53, 7 ივნისი, 2001

„სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის კონსტიტუციური უფლება ილახება სადავო კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მესაკუთრე მოკლებულია შესაძლებლობას შეაკეთოს ან დაშალოს მწვავე ავარიული საცხოვრებელი სადგომი, თუკი მოსარგებლის წინაშე არ შეასრულებს ამავე კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას. ასეთი საკანონმდებლო დანაწესით იქმნება ისეთი მდგომარეობა, როცა ისპობა საკუთრების ობიექტი, თვით მესაკუთრე რჩება უსახლკაროდ, მაგრამ მოსარგებლის წინაშე მოვალეა შეასრულოს მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება. ასეთი სამართლებრივი ვალდებულება სცილდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმალური, სამართლიანი ვალდებულებების ფარგლებს და აშკარად არღვევს მესაკუთრის კონსტიტუციურ უფლებას. ამგვარი შინაარსის ნორმა დაუსაბუთებლად აყენებს მოსარგებლეს პრივილეგიურ მდგომარეობაში და კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის მის უფლებრივ სტატუსს სადავო კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებში.

საკუთრების ასეთი გაგება ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართალში მიღებულ პრინციპებს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკუთრების კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ნებისმიერ შემთხვევაში საკუთრების არსება უნდა შენარჩუნდეს და მისი შინაგანი შინაარსი არ უნდა დაზიანდეს.“

ვალიდა დარბაიძე, ნათელა ციმაკურიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/103,117,137,147-48,152-53, 7 ივნისი, 2001

 

„ასეთი ურთიერთვალდებულების ვითარებაში, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირღვევა საკუთრების კონსტიტუციური უფლება. ის ფაქტი, რომ მზღვეველის შემხვედრი ვალდებულება შეიძლება არ დადგეს სადაზღვევო შემთხვევის დაუდგომლობის გამო, ეს გარემოება ურთიერთობის ხასიათს კი არ ცვლის, არამედ უფრო ადასტურებს მას. დაზღვევა ნებაყოფლობითი იქნება თუ სავალდებულო, ყველა შემთხვევაში იგი სადაზღვევო რისკთანაა დაკავშირებული. ამ რისკის მატარებელი კი, ყველა დამზღვევია. სადაზღვევო შემთხვევისას, დამზღვევმა თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის სანაცვლოდ მზღვეველისგან შეიძლება გაცილებით მეტი სარგებელი ნახოს, ვიდრე ეს მის მიერ გადახდილი სადაზღვევო შესატანია. ასეთ ვითარებაში არ არსებობს საფუძველი ვილაპარაკოთ საკუთრების, მისი შეძენისა თუ გასხვისების საყოველთაოდ აღიარებული უფლების გაუქმებაზე. აქ არც საკუთრების ჩამორთმევაზე შეიძლება საუბარი. მართალია დამზღვევის საკუთრება მცირდება, მაგრამ ეს ხდება შემხვედრი ვალდებულების წარმოშობის საფუძველზე. საკუთრების ამ სახით გამოყენება შეესაბამება სოციალური სამართლის ბუნებას.“

ირაკლი ბერიაშვილი და ვიქტორ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/106, 31 ოქტომბერი, 2001

„კონსტიტუციაში რომ ფართოდ არის გაგებული ადამიანის საკუთრებითი უფლებები, ეს დასტურდება ისეთი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტითაც, როგორიცაა „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ამ დეკლარაციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით „ყოველ ადამიანს უფლება აქვს ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.“ იგივეს მიუთითებს მე-2 სამართლებრივი აქტი „პარიზის ქარტია ახალი ევროპისთვის“. ამ აქტის მიხედვითაც ყველას აქვს უფლება „ფლობდეს საკუთრებას ერთპიროვნულად, ან სხვებთან ერთად.

ამგვარად, საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში ზოგადად არის ლაპარაკი ქონების, საკუთრების ფლობის შესახებ, რაც გულისხმობს საკუთრებას ფართო გაგებით და არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო საკუთრების ცნებით.“

ლევან შარაშენიძე, დავით წიკლაური და სხვები საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, №1/3/113, 25 დეკემბერი, 2001

 

„სასამართლო კოლეგია ერთმანეთისაგან განასხვავებს, ერთი მხრივ, საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებების, როგორც კონსტიტუციური დაცვის ობიექტის შეზღუდვასა და ჩამორთმევას, რაც გათვალისწინებულია კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო უფლებას, შექმნას და გამოიყენოს ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც საერთო ინტერესების შესაბამისად, უზრუნველყოფენ საკუთრებით სარგებლობას, როდესაც საზოგადოებრივი მოთხოვნილების აუცილებელი დაკმაყოფილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირის საკუთრების უფლება.“

1) მოქალაქეები: ლილი თელია, არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს   პარლამენტის წინააღმდეგ; 2) მოქალაქე სერგო გოგიტიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3) მოქალაქე როსტომ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/5/309,310,311, 13 ივლისი, 2005

 

„თანამდებობის პირს მოეთხოვება მის მფლობელობაში არსებული ქონების კანონიერების დასაბუთება და არავითარ შემთხვევაში არ განიხილება უდანაშაულობის ან დამნაშავეობის საკითხი, ესე იგი გამომდინარეობს არა სისხლის სამართლის, არამედ საჯარო მომსახურეთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობიდან. იგი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების დაბრუნების საშუალებაა და არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახე, ამიტომ არის მოწესრიგებული საპროცესო და არა მატერიალური კანონმდებლობით.“

1) მოქალაქეები: ლილი თელია, არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს   პარლამენტის წინააღმდეგ; 2) მოქალაქე სერგო გოგიტიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3) მოქალაქე როსტომ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/5/309,310,311, 13 ივლისი, 2005

 

„სახელმწიფო ვალდებულია საზოგადოებრივი ინტერესებით საკუთრების შეზღუდვის ყველაზე სწორი და ეფექტიანი გზა გამონახოს, რაც მძიმე ტვირთად დააწვება სამეურნეო ბრუნვის მხოლოდ ერთ მონაწილეს. მიუღებელია ერთი ასეთი მონაწილის საკუთრების გარანტიაზე უარის თქმა ბრუნვის მეორე მონაწილის საკუთრების სასარგებლოდ. სადავო ნორმაში სწორედ ისეთი ვითარებაა, როცა არ დასტურდება ანგარიშგასაწევი საზოგადოებრივი ინტერესი პრივილეგიის შესანარჩუნებლად. კოლეგია აღნიშნავს, რომ საკუთრების საზოგადოებრივი საჭიროება და შესაბამისად სოციალური ფუნქცია არ შეიძლება განისაზღვრებოდეს იმის მიხედვით, თუ ვინ არის მესაკუთრე სუბიექტი. საკუთრება, როგორც ფასეულობა, ავალდებულებს ნებისმიერ სუბიექტს – ეს სახელმწიფო იქნება თუ კერძო პირი. ეს ვალდებულება უშუალოდ საკუთრებიდან გამომდინარეობს, ამიტომაც, ვის ხელშიც არ უნდა აღმოჩნდეს სადავო ნორმით განსაზღვრული ობიექტები, სოციალური ტვირთისაგან ისინი ვერ გათავისუფლდებიან.“

სააქციო საზოგადოებები – “საქგაზი” და “ანაჯგუფი” (ყოფილი “თბილგაზოაპარატი”) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/14/184,228, 28 ივლისი, 2005

 

„ნორმის მიღებით გამოწვეული სინამდვილე აკნინებს სამოქალაქო ბრუნვის იმ ფუძემდებლურ პრინციპს, რომლის თანახმადაც ვალდებულება უნდა შესრულდეს. შესრულებას აზრი დაეკარგებოდა, თუ კი არ იქნებოდა გარანტირებული მისი დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის იძულებითი რეალიზაცია. მიუღებელია ისეთი მდგომარეობის შექმნა, როცა უფლება ფორმალურად აღიარებულია, მაგრამ გამართლებულადაა გართულებული მისი რეალიზაცია – მით უმეტეს, როცა საქმე შეეხება სასამართლოს მიერ აღიარებულ უფლებას. დაუშვებელია როდესაც უფლება აღიარებულიცაა და იმავდროულად უარყოფილიც. ფუნდამენტური უფლებებისადმი ასეთი დამოკიდებულება აბრკოლებს სამოქალაქო ბრუნვას, რაშიც თავის სერიოზულ გამოვლინებას პოულობს საკუთრების კონსტიტუციით აღიარებული უფლება. სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია აღსრულების პროცესში ითვალისწინებდეს მოვალის ინტერესებსაც. ეს კი გულისხმობს კრედიტორის ინტერესების სრულად დაკმაყოფილების მიზნით პირველ რიგში მოვალის ისეთ ქონებაზე გადახდევინების მიქცევას, რაც ყველაზე ნაკლებად მტკივნეული იქნება მოვალისთვის და ვალის გასტუმრების შემდეგაც მისცემს მას ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას.“

სააქციო საზოგადოებები – “საქგაზი” და “ანაჯგუფი” (ყოფილი “თბილგაზოაპარატი”) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/14/184,228, 28 ივლისი, 2005

 

„კანონმდებელმა აღსრულების ქონებრივი სივრცე ისე არ უნდა დაავიწროვოს, რომ ამით შეუძლებელი აღმოჩნდეს აღსრულება. ასეთ ვითარებაში ეფექტის მომტანი ვერ იქნება სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოყენება, რაზედაც მიუთითებს მოპასუხე მხარის წარმომადგენელი.“

სააქციო საზოგადოებები – “საქგაზი” და “ანაჯგუფი” (ყოფილი “თბილგაზოაპარატი”) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/14/184,228, 28 ივლისი, 2005

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არაერთხელ მიუთითებდა თავის გადაწყვეტილებებში, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური, საერთაშორისო სამართლის ნორმები, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლიც და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტებიც დასაშვებად მიიჩნევენ ამ უფლების შეზღუდვას.

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი იცავს ყოველი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთარი ქონებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებას. საკუთრების ჩამორთმევა დაიშვება მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, აღნიშნული დებულებები არანაირად არ ხელყოფენ, სახელმწიფოს უფლებას, საკუთრების უფლებაში ჩარევის თაობაზე. იმავე ოქმის პირველი მუხლის მეორე ნაწილში გადმოცემულია სახელმწიფოს შეუდავებელი (იმპერატიული) უფლება, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის და გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებელის, ანდა ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.

სასამართლო თვლის, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის მიერ საკუთრების უფლებაში სახელმწიფოს ჩარევის ერთ-ერთ საფუძვლად გადასახადებისა და სხვა მოსაკრებლის მითითება მიმართულია საზოგადოებაში სოციალური თანასწორობის დამკვიდრებისაკენ და წარმოადგენს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლში აღნიშნული „საერთო ინტერესების“ განხორციელების გამოხატულებას, ვინაიდან  გადასახადებითა და მოსაკრებელით მიღებული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალებით უბრუნდება მოსახლეობას, მათი სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილების სახით, რაც მეტად მნიშვნელოვანია გარდამავალი პერიოდის სირთულეების პირობებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ გაკოტრების ტაბულაში მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის წესი თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში გამოიყენება. რიგის შიგნით ამა თუ იმ მოთხოვნებისათვის სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფოს ზემოთ განხილული უფლებიდან, დააწესოს კონტროლი ქონების სწრაფად გადანაწილებაზე მოვალის გაკოტრების შემთხვევაშიც და სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობის საფუძველი არ არსებობს.“

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლილი და კომპანიის“ დამფუძნებელი პარტნიორი მერაბ კიკვაძე საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/327,336,344, 9 თებერვალი, 2006

 

„იმ საზოგადოებაში, რომელმაც კონსტიტუციის პრეამბულაშივე თავის უმთავრეს მიზნად გამოაცხადა ეკონომიკური თავისუფლების, დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრება, სახელმწიფოს მიერ გატარებული სამართლებრივი პოლიტიკა და კანონმდებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა თავსდებოდეს ამ პრინციპების ფარგლებში. ამ ფარგლების დარღვევა, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, განსაკუთრებით კი საკუთრების უფლების იგნორირება, გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მთლიანად საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე სწორედ საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას ეყრდნობა.“

საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1-370,382,390,402,405, 18 მაისი, 2007

 

„საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. ამავდროულად, საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძელს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის. ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, 21-ე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის დამრღვევი ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საკუთრების უფლების შეზღუდვისადმი ან საკუთრების ჩამორთმევისადმი წაყენებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს იმავდროულად წინააღმდეგობაში მოვა ამავე მუხლის პირველი პუნქტთანაც.“

საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1-370,382,390,402,405, 18 მაისი, 2007

 

„სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს საკუთრების უფლება, მოითხოვს შესაბამისი სამართლებრივი წესრიგის, მათ შორის კერძოსამართლებრივი წესრიგის შექმნას. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას კანონმდებელი ისევეა შებოჭილი კონსტიტუციის ნორმებითა და პრინციპებით, როგორც საჯაროსამართლებრივი ნორმების დადგენისას. აქედან გამომდინარე, მოსაზრება, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმაზე, მათ შორის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 533 მუხლზე, არ ვრცელდება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოქმედება და შესაბამისად, შეუძლებელია სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასება, მცდარია.“

საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1-370,382,390,402,405, 18 მაისი, 2007

 

„ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი უფლება. საკუთრებას დიდი სოციალური დატვირთვა აქვს. მესაკუთრე საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ უფლებამოსილია მიიღოს გარკვეულ სიკეთეები საზოგადოებისაგან, არამედ ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს. საკუთრება არის კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება. ამას მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია საკუთრების ობიექტის სოციალური დატვირთვა, მისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე.

საკუთრება აქციაზე მატერიალიზებადია აქციის განკარგვის შემთხვევაში, ასევე საზოგადოების ლიკვიდაციისას, რადგანაც ის აძლევს აქციონერს უფლებას მიიღოს ლიკვიდირებული სააქციო საზოგადოების ქონება თავისი წილის შესაბამისად. გარდა ამისა, აქცია აძლევს მის მესაკუთრეს საწარმოს მოგებიდან წილის მიღების უფლებას. ამდენად, აქცია არ არის სავარაუდოდ მისაღები ვირტუალური შემოსავალი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე დივიდენდს შეეხება. ის არის აქციონერის სამართლებრივად განმტკიცებული ქონებრივი უფლებისა და პოზიციის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს.“

საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1-370,382,390,402,405, 18 მაისი, 2007

 

„საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისგან, კერძოდ კი, უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მაგრამ საკუთრების გარანტირებულობა მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე დაცვის უფლებით არ ამოიწურება, ის  იმავდროულად, ავალდებულებს სახელმწიფოს, დაიცვას ეს უფლება, რაც, პირველ რიგში, ნიშნავს კანონმდებლობაში საკუთრების შინაარსის კონსტიტუციის შესაბამის რეგლამენტირებას.

საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

დემოკრატიული ქვეყნების სამართალი საკუთრებას და მესაკუთრეს იზოლირებულად არ განიხილავს, არამედ – მხოლოდ განსაზღვრული მართლწესრიგის პირობებში. ის მართლწესრიგებიც კი, რომლებიც საკუთრების თავისუფლებისა და შეუზღუდველობის იდეით დამკვიდრდნენ ისტორიაში, არ იცნობენ აბსოლუტურად შეუზღუდავ საკუთრებას.

საკუთრებას სოციალურ სახელმწიფოში, მესაკუთრის კერძო ინტერესების დაკმაყოფილების პარალელურად, აქვს სოციალური ფუნქცია. სამართალი ვერ იქნება გულგრილი საკუთრების სოციალური დატვირთვისადმი, რადგან სწორედ აქ მჟღავნდება საკუთრების მიერ შესასრულებელი ამოცანა, მისი ადგილი, როლი და მნიშვნელობა. ამიტომ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო ერთნაირად მოითხოვს როგორც კერძო საკუთრების თავისუფლებას, ისე მისი შეზღუდვის აუცილებლობას საჯარო მიზნებისთვის.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას  და საკუთრების უფლების ჩამორთმევას.

საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას.“

საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/384, 2 ივლისი, 2007

 

„21-ე მუხლი იცავს საკუთრებას, აქ იგულისხმება მხოლოდ კანონიერი საკუთრება. უკანონო საკუთრება 21-ე მუხლით დაცულ სფეროში ვერ ექცევა, რადგან ამ დროს თავად საკუთრების უფლების არსებობაა საეჭვო.

საკუთრების უფლების კანონიერებას საფუძველშივე განსაზღვრავს მისი კანონიერად შეძენის ფაქტი. ზუსტად ეს გარემოებაა გადამწყვეტი კანონიერი საკუთრების უფლების არსებობისთვის. კანონიერად შეძენილი ნივთის შემდგომში სხვა პირის მიერ დანაშაულის საგნად ან იარაღად გამოყენება ვერ აბათილებს მისი კანონიერად შეძენის ფაქტს, შესაბამისად საკუთრების უფლებასაც ვერ აქცევს უკანონოდ. საკუთრება კანონიერია და 21-ე მუხლით დაცულ სფეროში შედის, თუ მისი შეძენა, მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამ თვალსაზრისით, დანაშაულის საგანი, იარაღი და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი განსხვავდება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებისგან, რომელიც, როგორც უკანონოდ შეძენილი ქონება ვერ ხვდება 21-ე მუხლით დაცულ სფეროში.

სადავო ნორმის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს როგორც ფორმალურ-იურიდიული, ისე მატერიალური კრიტერიუმებით.

სადავო ნორმის შემოღების და, შესაბამისად საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონიერი მიზანი თავად სადავო ნორმაში იკითხება, ეს არის სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა, ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ზოგადად, უმთავრესი მიზანი არის დანაშაულთან ბრძოლა, რაც კომპლექსურად უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სხვათა უფლება-თავისუფლებების დაცვის ინტერესების დაკმაყოფილებას.

სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია იმის მოლოდინი, რომ კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთმიმართება სამართლიანი იქნება, რაც უფრო მეტად ერევა ხელისუფლება ადამიანის თავისუფლებაში, მით მაღალია მოთხოვნები ჩარევის გამართლებისათვის. თანაზომიერების პრინციპით სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შედარებისთვის გასაანალიზებელია შეზღუდვის დასაშვებობის, აუცილებლობის, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პროპორციულობის საკითხები.

თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა. ზუსტად ეს უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, როდესაც არც ერთი მათგანის დაცვა არ ხდება მეორეს არაპროპორციულად შეზღუდვის ხარჯზე.

სასამართლომ უნდა გაარკვიოს, არის თუ არა რეალური საფრთხე სხვათა უფლებების დარღვევისა, ასევე, რომ გარდაუვალია ამ ქონებით ახალი დანაშაულის ჩადენა და სხვა. ამ დროს სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოება: ასეთი ქონების არჩამორთმევით, რეალურად მიადგება თუ არა სახელმწიფოს, საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს ის ზიანი, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შემოღებულია ნორმა, ასევე ძალზე ზუსტად უნდა განჭვრიტოს, ქონების ჩამორთმევით მართლა მიიღწევა თუ არა დასახელებული მიზნები.

მაშასადამე, საკუთრების უფლების სრული და ეფექტური დაცვისთვის აუცილებელია ადეკვატური, სრულყოფილი და დეტალურად გაწერილი პროცედურების არსებობა, რათა მესაკუთრემ შეძლოს ქონების ჩამორთმევის მართლზომიერებაზე დავა.

იმისათვის, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება განჭვრეტადი იყოს, კანონმდებელს ეკისრება ვალდებულება, მაქსიმალურად გასაგებად დაადგინოს შესაბამისი განსაზღვრებები კანონში. საკანონმდებლო პროცესში გამოთქმული მოსაზრებები ან კრიმინალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ზოგადი მიზნები, რომელთაც ეფუძნება კანონპროექტები და რომელთა რეგლამენტაციაც კანონში არ მომხდარა, ვერ გამოდგება მოსამართლის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების გამართლებისთვის.

კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნა წარმოადგენს სამოქმედო ინსტრუქციას კანონმდებლისათვის, რომელიც სისხლისსამართლებრივ ნორმებს იღებს და ამავე დროს ის წარმოადგენს შემზღუდავ გარემოებას მოსამართლისათვის, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს. კანონმდებელი ვალდებულია, მოსამართლეს მაქსიმალურად ნათლად დაუდგინოს ფარგლები, რომელშიც მან უნდა იმოქმედოს.“

საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/384, 2 ივლისი, 2007

 

„სასამართლომ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამეწარმეო თავისუფლების და საკუთრების უფლების ურთიერთმიმართება. უნდა ითქვას, რომ მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე. იმდენად მჭიდროა მათი კავშირურთიერთობა, რომ ერთი სამართლებრივი სიკეთის ყოფიერებას განსაზღვრავს მეორე სიკეთე, საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება. მეწარმეობა საკუთრების თავისუფლების გამოვლენის, მისი შინაარსის დემონსტრირების საუკეთესო ფორმაა.“

შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, №1/2/411, 19 დეკემბერი, 2008

 

„კონსტიტუციის 21- მუხლის დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი.

ქონების ფლობას აზრი დაეკარგება, თუკი სუბიექტის ქონებრივი უფლებები შინაარსგამოცლილი გახდება. საკუთრების შინაარსი მაშინაა გარანტირებული, როცა მესაკუთრეს შეუძლია საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელება საკუთრების ობიექტის ფუნქციით დეტერმინირებული ნების მიხედვით. აქედან გამომდინარე კანონმდებელი ვალდებულია, მესაკუთრეს მისცეს თავისი საკუთრების დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს საკუთრების ობიექტებთან თავად მესაკუთრის პირად ურთიერთობას. სწორედ ეს წარმოადგენს საკუთრების, როგორც სანივთო უფლების პოზიტიური შინაარსის გამოვლინებას.“

შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, №1/2/411, 19 დეკემბერი, 2008

 

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა.

იმისათვის რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლების პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ- სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას.

საკუთრების შეძენის უფლება გულისხმობს პიროვნების შესაძლებლობას, გახდეს მესაკუთრე, ადამიანის მისწრაფება საკუთრების მოპოვებისკენ, მისთვის დამახასიათებელ ნორმალურ სოციალურ ქცევას წარმოადგენს. მისი ეს სწრაფვა პიროვნული თავისუფლების ერთგვარი გამოვლინებაა. საკუთრების შეძენის კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს ადამიანს, შექმნას მისი საკუთრება და ამის საფუძველზე უზრუნველყოს საკუთარი კეთილდღეობა.

უმთავრესი კონსტიტუციური ღირებულების, ადამიანის ღირსების პატივისცემა მისი სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკუთრების უფლების სრულფასოვან რეალიზებაზე. საკუთრება წარმოადგენს ადამიანის პირადი დამოუკიდებლობის, პირადი განვითარების ერთ-ერთ წყაროს. საკუთარი დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის მიზნით ადამიანის მისწრაფება, შექმნას საკუთარი ქონება, უდავოდ იმსახურებს სახელმწიფოს პატივისცემას, რაც საკუთრების შეძენის ისეთ საკანონმდებლო რეგლამენტაციაში უნდა გამოიხატოს, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ, ცალკეული ინდივიდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას, ხოლო მეორე მხრივ ეფექტურ სამოქალაქო ბრუნვას.

საკუთრების შეძენის შესაძლებლობა ემსახურება საკუთრების ძირითადი უფლების რეალიზებას. შესაბამისად, კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს საკუთრების შეძენას და მისი გამოყენების, საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობას. ამ კუთხით გაზიარებულ უნდა იქნეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომლის თანახმად, თუ საკუთრების შეძენის სამართლებრივ გზებზე ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ, ეს საკუთრების უფლების შემდგომ დაცვას გარკვეულწილად აზრს დაუკარგავს. შესაბამისად, საკუთრების შეძენის სამართლებრივი მექანიზმების არარსებობა გამოიწვევდა საკუთრების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის ელემენტებისაგან შემდგარი საკუთრების სამოქალაქო კონცეფციის „დაცარიელებას“, სუბსტანციის დაკარგვას და ილუზორულს გახდიდა ასევე საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას.“

დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/512, 26 ივნისი, 2012

 

„საკუთრების შეძენის კონსტიტუციური გარანტია იცავს საკუთრების მართლზომიერად შეძენის შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, რომელიც საკუთრების უფლების რეგლამენტაციას ახდენს, იცავს კანონიერ საკუთრებას, რომლის კანონიერებასაც საფუძველშივე განსაზღვრავს მისი მართლზომიერად შეძენის ფაქტი. საკუთრების შეძენის კონსტიტუციური გარანტია თავის თავში მოიაზრებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, საკანონმდებლო რეგულირებას დაუქვემდებაროს საკუთრების შეძენის წესი, რომელიც, თავის მხრივ, მატერიალური შინაარსით, კონსტიტუციის შესაბამისი უნდა იყოს.

საკუთრების უფლება მნიშვნელოვან ადამიანურ ღირებულებას წარმოადგენს. თუმცა, იმისათვის, რომ პირმა ისარგებლობს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დადგენილი გარანტიებით, საჭიროა იგი წარმოადგენდეს ამ უფლების სუბიექტს. ძირითადი უფლებების დამახასიათებელი უმთავრესი ნიშანი არის მათი ორმაგი ფუნქცია, ორმაგი დატვირთვა. კერძოდ, ერთი მხრივ, ისინი წარმოადგენენ სუბიექტურ უფლებებს, ხოლო მეორე მხრივ, ქმნიან ღირებულებათა კონსტიტუციურ წესრიგს.

უნივერსალური ხასიათის ადამიანის უფლებებს ახასიათებს ამ უფლებათა თანაბარი გავრცელება ყველაზე და მათი ხასიათი. უფლებათა განუყოფელი ხასიათი გულისხმობს იმას, რომ ეს უფლებები წარმოადგენენ თანდაყოლილ უფლებებს, რომლებიც ადამიანს თავისთავად უკავშირდებიან. ადამიანის უფლებათა კონცეფცია ემსახურება უმთავრესი იმპერატივის, ადამიანის ღირსების დაცვას, რომელიც აისახება კიდეც აღნიშნულ უფლებებში და რომელთან დაკავშირებითაც სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს შორის ფართო კონსესუსი არსებობს.

კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული უფლება ეკუთვნის ყველას და კონკრეტული ნორმა არ განსაზღვრავს უფლების სუბიექტთა ექსკლუზიურ წრეს, მათ შორის მოქალაქეობის ნიშნით. საკუთრების უფლების საყოველთაო ხასიათი განმტკიცებულია სხვადასხვა საერთაშორისო აქტებით, მათ შორის გაეროს „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციით“, ევროპის საბჭოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით“ და სხვა. საერთაშორისო აქტები მიუთითებენ, რომ საკუთრება „ყველას“ უფლებაა და არ არის დაკავშირებული ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეობასთან. თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს გაგება ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების სუბიექტის დასადგენად მოქალაქეობის ვიწრო კრიტერიუმის გამოყენებას. თანამედროვე სახელმწიფო ამ კონტექსტში ტერიტორიულ და სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება. აქედან გამომდინარე, ინდივიდის განხილვა საკუთრების უფლების სუბიექტად უკავშირდება იმ უბრალო ფაქტს, რომ იგი ადამიანია და არ არის დამოკიდებული მის მოქალაქეობრივ კუთვნილებაზე.

საკუთრების უფლება კონსტიტუციიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე თანაბრად ვრცელდება როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებზე.“

დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/512, 26 ივნისი, 2012

 

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარე, პარლამენტი უფლებამოსილია, არეგულიროს საკუთრების უფლება, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში განსაზღვროს საკუთრების უფლების შინაარსი, მოქმედების ფარგლები და საკუთრების უფლების ჩამორთმევის შემთხვევები.

სახელმწიფოს გააჩნია სუვერენიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივ სივრცეს, მათ შორის საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს თავად განსაზღვრავს. ამავე დროს, კერძო საკუთრების არსებობა ვერ იქნება განხილული სახელმწიფოს სუვერენიტეტის რაიმე ფორმით დამცირების შესაძლებლობად. ამის საპირისპიროდ, კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი კანონმდებელს აკისრებს ვალდებულებას, აღიაროს და დაიცვას კერძო საკუთრება, ანუ რეალურად უზრუნველყოს კერძო საკუთრების არსებობა.

პირის მიერ საკუთრების შეძენა, ისევე როგორც მისი ფლობა და განკარგვა, პიროვნების კერძო ავტონომიის გამოვლინებაა და სახელმწიფო სუვერენიტეტთან შემხებლობა საერთოდ არ აქვს. იმისდა მიუხედავად, სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული მიწის რა ნაწილი იქნება კერძო საკუთრებაში და ვინ იქნებიან მისი მესაკუთრეები, კერძო საკუთრების რეგულირება ყველა შემთხვევაში სახელმწიფოს ექსკლუზიურ კომპეტენციად რჩება და, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში მოაქციოს ამა თუ იმ საკუთრების ობიექტის შინაარსი და ფარგლები.“

დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/512, 26 ივნისი, 2012

 

„მნიშვნელოვანია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის ერთიანი აღქმა, ნორმის სტრუქტურის მხედველობაში მიღება. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება შეიცავს დანაწესს, რომლის თანახმადაც, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და ხელშეუვალ სიკეთედ ცხადდება. საკუთრებაზე ზემოქმედების კონსტიტუციით დაშვებულ მექანიზმებს კი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აწესრიგებენ, რაც განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვასა და საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობებს.“

დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/512, 26 ივნისი, 2012

 

„საკუთრების უფლება, რომელიც კანონმდებლის მიერ განსაზღვრებად უფლებას წარმოადგენს, საკუთრების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრის შედეგად არ უნდა გადაიქცეს უფლებად, რომელიც უმეტესწილად სწორედ საკანონმდებლო რეგულირებაზე იქნება დამოკიდებული. საბოლოო ჯამში, თავიდან უნდა იქნეს აცილებული თავად უფლებით დაცული სფეროს ძირითადი არსის გამოფიტვა.“

დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/512, 26 ივნისი, 2012

 

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია მხოლოდ კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი. მოლოდინი, რომ ლეგიტიმურად და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულად ჩაითვალოს, მას უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი და  უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი არ ქმნის სახელმწიფოსგან მატერიალური სარგებლის უპირობოდ მოთხოვნის უფლებას. აქ ნაგულისხმევია შემთხვევა, როდესაც მატერიალური სარგებლის მოთხოვნა ემყარება კონკრეტულ, ნამდვილ სამართლებრივ საფუძველს.“

სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/522,553, 27 დეკემბერი, 2013

„საკუთრების ძირითად უფლებაში ჩარევის შეფასების კონსტიტუციური სტანდარტი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ გარემოებაზე, უფლებაში ჩარევის რომელი ფორმაა გამოყენებული სახელმწიფოს მიერ. კონსტიტუციის 21-ე მუხლის სტრუქტურიდან გამომდინარე, საკუთრების უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმება ხორციელდება ჩარევის ხასიათის მიხედვით…

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცნობს დაცულ უფლებაში ჩარევის ორ ძირითად სახეს – საკუთრების უფლების შეზღუდვა და საკუთრების ჩამორთმევა. საკუთრების უფლების შესაძლო შეზღუდვის საფუძვლები განსაზღვრულია 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ხოლო საკუთრების ჩამორთმევის კონსტიტუციურ წინა პირობებს ადგენს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი.“

სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/522,553, 27 დეკემბერი, 2013

 

„საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე… საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის ძირითადი უფლება და 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება იურიდიულ პირებზეც.“

სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/522,553, 27 დეკემბერი, 2013

 

„სხვისი ქონებით უნებართვო სარგებლობას სახელმწიფომ შეიძლება დაუკავშიროს სხვადასხვა სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული ქმედებით, ერთი მხრივ, ილახება ქონების მესაკუთრის უფლება, გამოიყენოს იგი საკუთარი სურვილისამებრ, ხოლო, მეორე მხრივ, სხვისი ქონების უნებართვოდ სარგებლობა შესაძლოა, გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები შეიძლება იყოს როგორც საჯარო სამართლებრივი ხასიათის ანუ, როდესაც საჯარო ინტერესების (მათ შორის ადამიანის უფლებების) დაცვის მიზნით სახელმწიფო ადგენს გარკვეული ქმედებების აკრძალვას, მათ შორის მათ კრიმინალიზაციას (მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქურდობა, ამავე კოდექსის 178-ე მუხლი – ძარცვა და ა.შ.) და კერძო სამართლებრივი ხასიათის ანუ, როდესაც სახელმწიფო კერძო პირს აღჭურავს სათანადო მექანიზმებით, მოახდინოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა, მისი ქონების უნებართვო სარგებლობის შედეგად სათანადო კომპენსაციის მიღება, მესამე პირებისათვის სარგებლობის აკრძალვა და ა.შ.“

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/4/641, 29 სექტემბერი, 2016

 

„სამართალწარმოების დასრულებამდე და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტამდე, პირს, რომელიც სამართალწარმოების დაწყების მომენტში ფლობდა საკუთრების უფლებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მიუხედავად და მისი მიღების შემდეგაც გააჩნია კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული ინტერესი და მისი საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს 21-ე მუხლის მოთხოვნებს. მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების დასაცავად სამართლებრივი საშუალებების მინიჭება – ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა, გულისხმობს იმასაც, რომ აღნიშნული საშუალებების ამოწურვამდე ის მესაკუთრედ უნდა ჩაითვალოს.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„თევზჭერის ლიცენზია, როგორც აღინიშნა, წარმოადგენს სარგებლობის ლიცენზიის სახეს. ლიცენზიის ფარგლებში რესურსით სარგებლობა ყველა შემთხვევაში პირობადებულია ვადით, რადგან თავად ლიცენზია გაიცემა კონკრეტული ვადით. გარდა ამისა, ლიცენზიის პირობების შესრულება მკაცრად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ. მიუხედავად ამისა, ამგვარი სარგებლობის უფლება მაინც ატარებს საკუთრებით ელემენტებს.“

შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

 

„კვოტირების სისტემის შეფასებისას საკუთრების უფლების მიზნებისათვის ამგვარი კვოტის ბუნების შეფასება ძირითადად ხორციელდება რამდენიმე კრიტერიუმის საფუძველზე: 1) უსაფრთხოება/უფლების დაცვის ხარისხი – სამართლებრივი დავის შემთხვევაში უფლების დაცვის შესაძლებლობა და გარანტიები; 2) ექსკლუზიურობა – საკუთრების ობიექტით სარგებლობა ნებისმიერი მესამე პირის ჩარევისგან დამოუკიდებლად; 3) მუდმივობა; 4) გადაცემადობა. თითოეული ლიცენზიატისათვის მთლიანი კვოტიდან საკუთარი პროცენტული წილის საკუთრებითი ღირებულება განისაზღვრება თითოეულ კრიტერიუმთან შესაბამისობის ხარისხის თვალსაზრისით. მაგალითისათვის, უსაფრთხოება/უფლების დაცვის ხარისხი დამოკიდებულია ლიცენზიის მფლობელის უფლებათა დაცვის საკანონმდებლო გარანტიებზე. სამართლებრივი დავის პერსპექტივის შემთხვევაში, რაც უფრო მყარად გრძნობს თავს ლიცენზიატი უფლების დაცვის/აღდგენის საკმარისი და ეფექტური სამართლებრივი ბერკეტების არსებობის თვალსაზრისით, მით მეტად მაღალია აღნიშნული კრიტერიუმის დაცვის ხარისხიც. ექსკლუზიურობის კრიტერიუმის დაკმაყოფილება მნიშვნელოვნად უკავშირდება თავად თევზჭერის საქმიანობისა და თევზის რესურსის თავისებურებებს. ლიცენზიის მფლობელს, როგორც წესი, გააჩნია ექსკლუზიური უფლება, მთლიანი კვოტის კონკრეტულ პროცენტულ წილზე, თუმცა ამგვარი წილის ფარგლებში თევზის ფაქტობრივი მოპოვება მოითხოვს თავად ლიცენზიატის ძალისხმევასაც. შესაბამისად, ექსკლუზიურობის კრიტერიუმის დაკმაყოფილების ხარისხი დამოკიდებულია მის შესაძლებლობაზე, თევზი მოიპოვოს მისთვის ხელსაყრელი ფორმით და ნებისმიერი პირის ჩაურევლად. რაც შეეხება მუდმივობასა და გადაცემადობას, ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონკრეტული სახელმწიფოს პოლიტიკაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, თუმცა, როგორც წესი, რესურსზე წვდომა შეზღუდულია ვადით და შესაძლებელია მისი გასხვისება სხვადასხვა ფორმით.“

შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

 

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, მისი კონსტიტუციური მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს მართვის უფლებამოსილების აქტიურად განხორციელებას და ამ პროცესში ერთზე მეტი თაობისა და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინტერესების დაბალანსებას/უზრუნველყოფას. შესაბამისად, აღნიშნულ სფეროში უფლებათა შეზღუდვა, მათ შორის კონკრეტული ვადით და საპირწონე ვალდებულებებით დატვირთვა მხოლოდ ხაზს უსვამს მათ მნიშვნელობას, თუმცა ეჭვქვეშ ვერ დააყენებს, თავისთავად, ამ უფლებათა არსებობას.“

შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

 

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება არ მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას და მისი რეგულირება და შეზღუდვა დაიშვება კონსტიტუციით განსაზღვრული წესით. უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას უპირველესად განაპირობებს საკუთრების ობიექტის სოციალური მნიშვნელობის მასშტაბი.“

შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

 

„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროს და მის სწორ სამართლებრივ რეგლამენტაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სახელმწიფოს აღნიშნულ სფეროში აქვს კომპლექსური – სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური – ინტერესები, რომელიც საჭიროებს ზედმიწევნით სწორად დაბალანსებული და ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, აუცილებლობის შემთხვევაში კი ამგვარ რესურსებზე ხელმისაწვდომობის მკაცრად კონტროლისა და რიგი პრევენციული ღონისძიებების გატარებას. დასახელებულ მიზნებს ემსახურება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების სისტემა და, სანაცვლოდ, გარკვეული ფინანსური ვალდებულებების დაწესება. შესაბამისად, ამ სფეროს რეგულირებისას   სახელმწიფოს გააჩნია ფართო მიხედულება და აღნიშნული შეიძლება გავლენას ახდენდეს დასახელებულ სფეროში საკუთრების უფლების დაცვის სამართლებრივ გარანტიებზეც.“

შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

 

“საკუთრების ბუნებითი უფლების კონსტიტუციური გარანტია იცავს მესაკუთრის შესაძლებლობას, ეფექტურად ისარგებლოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული ყველა უფლებრივი კომპონენტით.“

საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/666, 22 ივნისი, 2017

 

„საკუთარი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ უმნიშვნელოვანეს უფლებრივ კომპონენტს. სადავო ნორმა კი ზღუდავს ქონების მესაკუთრის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენოს მისი ქონება. ამდენად, ყადაღადადებული ქონებით სარგებლობის აკრძალვის შესაძლებლობის დადგენით, სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ შემოწმებას.  საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და ის შესაძლებელია დაექვემდებაროს თანაზომიერ ჩარევას.“

„შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/680, 21 ივლისი, 2017

 

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ერთი მხრივ, წარმოადგენს კერძო საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, განამტკიცებს ძირითად უფლებას. საკუთრების ძირითადი უფლების დაცვა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური თავისუფლება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა.“

სს “სილქ როუდ ბანკი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №2/2/656, 21 ივლისი, 2017

 

„უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით გარკვეული ბარიერების დაწესება, მათ შორის რეალიზების ვადის განსაზღვრა მის შეზღუდვას წარმოადგენს. სამოქალაქოსამართლებრივი მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობის დროში შემოფარგვლით მცირდება საკუთრებით სარგებლობის ფარგლები სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე.“

სს “სილქ როუდ ბანკი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №2/2/656, 21 ივლისი, 2017

 

„ხშირ შემთხვევაში კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადას განსაზღვრავს კონკრეტული დროის მონაკვეთით და, შესაბამისად, თვითონ წყვეტს ამა თუ იმ ურთიერთობებში რა შეიძლება იქნეს მიჩნეული საკმარის, ობიექტურად საჭირო ვადად, რომლის განმავლობაშიც მისი ადრესატი შეძლებს შესაბამისი სამართლებრივი მოქმედების განხორციელებას. ყველა კონკრეტულ სამართლებრივ საკითხთან მიმართებით შესაძლოა ვერ იქნეს და არც იყოს მიზანშეწონილი ხანდაზმულობის კონკრეტული პერიოდით განსაზღვრა და კანონმდებელმა შეიძლება ეს უკანასკნელი საქმის განმხილველ მოსამართლეს მიანდოს. განუსაზღვრელი ვადის არსებობა, მისი ადრესატებისთვის შესაძლოა იწვევდეს გარკვეულ დისკომფორტს, თუმცა კონსტიტუციის მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება, როდესაც ამგვარად განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა პირს მისცემს ობიექტურ შესაძლებლობას, დაიცვას საკუთარი ინტერესები და შეასრულოს კანონმდებლობით მოთხოვნილი შესაბამისი მოქმედებები. ამგვარად, შესაძლებელი მკაცრად განსაზღვრული დროის პერიოდის ნაცვლად, ხანდაზმულობის ვადად დადგინდეს გონივრული ვადა, რაც, რათქმაუნდა, თავისთავად, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ვერ იქნება მიჩნეული. კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნა იმგვარი ვადის დაწესებაში გამოიხატება, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის საკუთრების უფლების არსს, მისი დაცვისა თუ მისით სარგებლობის რეალურ, ქმედით შესაძლებლობას შექმნის.

სადავო ნორმის საფუძველზე გონივრულ ვადაზე მითითება მის ადრესატს აკისრებს ვალდებულებას, უსაფუძვლოდ, ობიექტური საჭიროების გარეშე არ გააჭიანუროს მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენა. ამდენად, სადავო ნორმა, გონივრულად აბალანსებს, ერთი მხრივ, მემკვიდრის ინტერესს, დაცული იყოს სამკვიდროს მიღებიდან დიდი დროის გასვლის შემდეგ, სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, კრედიტორის ინტერესს, ჰქონდეს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების ეფექტური შესაძლებლობა. მსგავსი პასუხისმგებლობისა და სამართლებრივი ტვირთის დაკისრება სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებისათვის, როგორც წესი, მოჰყვება ნებისმიერი სახის ხანდაზმულობის ვადას. ამდენად, სადავო ნორმა, ერთი მხრივ, ეფექტურად ასრულებს მის ფუნქციას, ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვას, ხოლო, მეორე მხრივ, გონივრულად აბალანსებს სამოქალაქო ურთიერთობის ორივე მხარის ლეგიტიმურ ინტერესებს.“

სს “სილქ როუდ ბანკი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №2/2/656, 21 ივლისი, 2017

 

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას.

საკუთრების ძირითადი უფლების დაცვა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.

ამავე დროს, საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური თავისუფლება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა.“

საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/12/781, 29 ნოემბერი, 2017

 

„სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა აყალიბებს საზოგადოების ლეგიტიმურ მოლოდინს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით და წარმოადგენს სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებებიდან მომდინარე შედეგების მერყეობა და მათი განუსაზღვრელობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ბარიერს სამოქალაქო უფლებებით სრულყოფილი სარგებლობისთვის. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობაზე ადამიანის ძირითადი უფლებების შემზღუდავი არაერთი გარემოება შეიძლება ახდენდეს გავლენას, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ნებისმიერ ამგვარ რეგულირებას გააჩნია რაციონალური კავშირი სამოქალაქო სტაბილურობის ლეგიტიმურ მიზანთან.

სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას საფრთხე ექმნება მაშინ, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სამოქალაქო ბრუნვის ფარგლებში წარმოშობილი იმგვარი სამართლებრივი შედეგები, რომელთა მიმართაც არსებობს გარკვეული ლეგიტიმური მოლოდინი.“

შპს „ჯორჯიანმანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/746, 1 დეკემბერი, 2017

 

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე, შეიძინოს და გაასხვისოს ქონებრივი უფლებები. ქონებრივი უფლებების განკარგვისა და შეძენის ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალებაა ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადების თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის საფუძველს. სახელშეკრულებო თავისუფლებით დაცულია პირის შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, დადოს თუ არა ხელშეკრულება ამა თუ იმ ქონებრივ უფლებასთან დაკავშირებით, აირჩიოს ხელშეკრულების მხარე და განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, გაუმართლებლად არ შეზღუდოს თავისუფალი ნების საფუძველზე შეთანხმების დადების უფლება და შექმნას ამგვარი შეთანხმებების სამართლებრივი შედეგების ცნობისა და აღსრულების სათანადო გარანტიები.

ხელშეკრულებები მათი მოქმედების ფარგლების მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ფარავენ სამართლებრივი ურთიერთობების საკმაოდ ფართო სპექტრს. უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელია, სახელშეკრულებო თავისუფლების სფეროს ამომწურავი განსაზღვრა.

ხელშეკრულების თავისუფლების მნიშვნელოვანი კომპონენტი, ქონებრივი სიკეთეების, მათ შორის ელექტროენერგიის შეუფერხებლად შეძენა და გასხვისება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. მოცემულ შემთხვევაში ელექტროენერგიის შეძენისათვის სავალდებულო პირობის განსაზღვრა წარმოადგენს ბარიერს საკუთრების შეძენისა და გასხვისების უფლების განხორციელებაზე. შესაბამისად, სადავო ნორმა ახდენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ უფლებაში.

 

ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარმოადგენს სახელმწიფოს სტრატეგიულ მიზანს. ქვეყნის ტერიტორიაზე გარანტირებული სიმძლავრის ადგილობრივი წყაროების შექმნა და მათი ეფექტური ფუნქციონირება სწორედ აღნიშნულ სტრატეგიულ მიზანს ემსახურება.

საიმედო და მდგრადი ელექტროენერგეტიკის სისტემა, რომლის მუშაობის შეფერხება მინიმუმამდეა დაყვანილი ალტერნატიული რეზერვების არსებობის გათვალისწინებით, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.

გარანტირებული სიმძლავრის საფასურის განსაზღვრა მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის პროპორციულად არ უნდა ჩაითვალოს არაგონივრულ, არაადეკვატურ რეგულაციად. აქედან გამომდინარე, მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა შესაძლოა, იყოს საფასურის განსაზღვრის კრიტერიუმი და წესი ამ თვალსაზრისით არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნებს.

კონსტიტუციის 21-ე მუხლი არ იცავს პირის უფლებას, რომ მან თვითღირებულებაზე იაფად იყიდოს ესა თუ ის პროდუქტი, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც იგი თვითღირებულებით პროდუქტის შეძენის პირობებში სასურველ მოგებას ვერ აღწევს.“

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/9/745მ,  28 დეკემბერი, 2017

 

„სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი საგადასახადო სისტემა, რომელიც არ არღვევს საკუთრების უფლების არსს. კანონმდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია კერძო საკუთრების აღიარებასა და უზრუნველყოფაზე ორიენტირებული რეჟიმი. შესაბამისად, საგადასახადო ტვირთი არ უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ სახელმწიფომ გააუფასუროს კერძო საკუთრების არსებობა და ინდივიდების შემოსავლების, უმთავრესად საჯარო კაპიტალში, სახელმწიფო ბიუჯეტში თავმოყრა მოახდინოს. ამავე დროს, გადასახადის გადახდის ვალდებულების დამდგენი თითოეული ნორმა უნდა იყოს გონივრული, საგადასახადო ტვირთის სიმძიმიდან გამომდინარე, იგი შეუძლებელს ან შეუსაბამოდ რთულს არ უნდა ხდიდეს საკუთრებით სარგებლობასა და განკარგვას.“

სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/667,  28 დეკემბერი, 2017

 

„სამართლიანობა მოითხოვს, რომ ერთნაირ პირობებში მყოფი გადასახადის გადამხდელები ერთსა და იმავე ღირებულების ქონებაზე ერთი და იმავე მოცულობის გადასახადს იხდიდნენ და გადასახადის მოცულობა არ იყოს დამოკიდებული ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდზე. ამდენად, გონივრულია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების რეალური ფასი იცვლება, ასევე შეიცვალოს მისი დასაბეგრი ღირებულებაც. ამ პირობებში, თვითღირებულების მეთოდის ფარგლებში განსაზღვრული საბალანსო ღირებულება და მისგან მომდინარე სტაბილურობა, საერთოდ ვერ იქნება მიჩნეული ისეთ კონსტიტუციურ სამართლებრივად რელევანტურ ინტერესად, რომლის დაცვისკენაც უნდა ისწრაფოდეს საგადასახადო სისტემა.“

სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/667,  28 დეკემბერი, 2017

 

„სადავო ნორმით გათვალისწინებული განხილვა არსებით გავლენას ახდენს პირის უფლებებსა და ვალდებულებებზე, რაც წარმოშობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მომეტებულ ინტერესს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვას  მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს გადასახადის გადამხდელის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამ წარმოების ფარგლებში უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ყადაღის დადასტურების ან დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს საკმაოდ მაღალი ინტენსივობის მქონე მზღუდავ ღონისძიებას, რომელიც უარყოფითად აისახება გადასახადის გადამხდელის საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე.“

ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/8/734 , 28 დეკემბერიმ, 2017

 

„ყადაღის მზღუდავი ბუნებიდან გამომდინარე, ქონების მესაკუთრეს აქვს მაღალი ინტერესი, რომ მის მიმართ გამოყენებული საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის სასამართლო წესით განხილვისას ზეპირი განხილვის ფარგლებში ჰქონდეს, საკუთარი მტკიცებულებებისა და პოზიციის წარდგენის უფლება. ქონებაზე ყადაღის დადასტურების შესახებ საქმის განხილვის შედეგებმა შესაძლებელია ნეგატიური შედეგი იქონიოს როგორც გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე, ასევე მის ფინანსურ მდგომარეობაზე, დაფაროს დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ეფუძნებოდეს მყარ კონსტიტუციურ სამართლებრივ საფუძველს.“

ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/8/734 , 28 დეკემბერიმ, 2017

 

„გადასახადების გადახდა უკავშირდება პირის მიერ გარკვეული ქონებრივი სიკეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ გაღებას. გადასახადის გადახდის გზით პირის კერძო საკუთრების ნაწილი შემხვედრი პირდაპირი სარგებლის გარეშე გადადის სახელმწიფოს განკარგულებაში. შესაბამისად, აშკარაა მისი შემხებლობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ უფლებასთან. თუმცა, ამავე დროს, გადასახადების გადახდა საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით განსაზღვრულ პირის კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადების შეგროვების გზით სახელმწიფო პირებისაგან გარკვეულ თანხას საპასუხო შესრულების გარეშე იღებს, მათი არსებობა მაინც ვერ იქნება მიჩნეული როგორც საკუთრების უმიზეზოდ ჩამორთმევის მსგავსი, თავისთავად, არაკონსტიტუციური ქმედება. სახელმწიფო გადასახადებს აგროვებს საჯარო უფლებამოსილებების განსახორციელებლად და ეს კონსტიტუციის დამკვიდრებული კერძო საკუთრებითი წესრიგის შემადგენელი ნაწილია.“

სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/667,  28 დეკემბერი, 2017

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან მომდინარე კერძო სამართლებრივი წესრიგის შექმნის ვალდებულება მოითხოვს, სახელმწიფოს კონტროლს გარეთ არსებული სამართლებრივი ურთიერთობების უფართოესი სპექტრისადმი სამართლებრივი შედეგების განსაზღვრას.

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 3/7/679, 29 დეკემბერი, 2017

Back to Top

%d bloggers like this: