მუხლი 22

„კონსტიტუციური უფლებების არსებობა არ იწყება სრულწლოვანების ასაკის მიღწევასთან ერთად და არასრულწლოვან პირთა უფლებები დაცულია სრულწლოვან პირთა უფლებების მსგავსად. ამ ზოგადი წესიდან არსებობს თავად კონსტიტუციითვე დადგენილი გამონაკლისები. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს მოქალაქეებს აქვთ 18 წლის ასაკიდან. თუმცა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი მიუთითებს, რომ ქვეყნის დატოვება ყველა ადამიანის უფლებაა და  არ ადგენს რაიმე ასაკთან დაკავშირებულ გამონაკლისს. შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიის თავისუფლად დატოვების კონსტიტუციური უფლების სუბიექტები არიან როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი პირები.“

საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/10/1212, 7 დეკემბერი, 2018

„საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლება ორგანულ კავშირშია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან. ადამიანის თავისუფლება, საკუთარი არჩევანით დატოვოს საქართველოს ტერიტორია და სურვილისამებრ გაემგზავროს ამა თუ იმ ქვეყანაში ტურისტული, სასწავლო, სამეცნიერო თუ ნებისმიერი სხვა მიზნით, პიროვნული ავტონომიისა და თვითგამორკვევის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნული უფლების რეალიზაცია მეტწილად არის დამოკიდებული პირის ნების ავტონომიაზე და ორგანულ კავშირშია პირის თავისუფალი, გაცნობიერებული ნების არსებობასა და გამოვლენასთან.

ქვეყნის თავისუფლად დატოვება განეკუთვნება იმ ტიპის უფლებას, რომელსაც არასრულწლოვნები დამოუკიდებლად ვერ განახორციელებენ. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი არ იცავს არასრულწლოვანი პირების შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება მცირე თუ დიდი ხნით საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით. არასრულწლოვნების მიერ აღნიშნული უფლებით სარგებლობა დამოკიდებულია მშობლებზე. სწორედ მშობლები იღებენ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი პირის მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, ორივე მშობელს გააჩნია არასრულწლოვნის განვითარების ხელშეწყობის თანაბარი ფუნქცია. შესაბამისად, ისინი თანაბრად არიან უფლებამოსილნი, მიიღონ გადაწყვეტილებები არასრულწლოვნის მიერ ამა თუ იმ უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით. ამდენად, მშობლების შეუთანხმებლობა  არასრულწლოვნის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ უნდა გაუტოლდეს ხსენებულ საკითხზე თანხმობის და, შესაბამისად, უფლების რეალიზებისათვის კონსტიტუციით დადგენილი წინაპირობების არარსებობას.

ქვეყნის დატოვებისას ბავშვის განვითარების შეფერხების საფრთხე რადიკალურად მაღალია. ამავე დროს, ქვეყნის დატოვება წარმოადგენს ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან არჩევანს, შესაბამისად, აღნიშნული უფლებით სარგებლობა მშობლებს შორის შეუთანხმებლობისას ვერ განხორციელდება მხოლოდ ერთი მშობლის გადაწყვეტილებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულაცია, რომლის თანახმადაც, მშობელთა შორის დავის არსებობის პირობებში სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კრძალავს მხოლოდ ერთი მშობლის გადაწყვეტილებით არასრულწლოვნის მიერ ქვეყნის დატოვებას, ვერ შეფასდება როგორც საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა.“

საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/10/1212, 7 დეკემბერი, 2018

 

Back to Top