მუხლი 24

„გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ფუნდამენტს და მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის ძირითად პირობას.“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/359, 6 ივნისი, 2006

 

„სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშული მუხლი მოიცავს სამ ძირითად უფლებას – ინფორმაციის, აზრისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას. კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი განამტკიცებს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, საკუთარი მოსაზრების გამოთქმისა და გავრცელების უფლებას ნებისმიერი საშუალებით. ამ უფლების განხორციელება, ძირითადად, თვითონ უფლებამოსილი სუბიექტის აქტივობაზეა დამოკიდებული. სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში მხოლოდ ის ვალდებულება ეკისრება, რომ ხელი არ შეუშალოს პირს, მიიღოს ინფორმაცია. გამოთქვას თავისი მოსაზრება, აგრეთვე არ შეიზღუდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ცენზურის დაწესებით.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/364, 14 ივლისი, 2006

 

„სასამართლომ აღნიშნა, რომ ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა. აზრის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, რომ მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება კი უზრუნველყოფს, რომ აზრი მივიდეს ავტორიდან ადრესატამდე. გარდა საზოგადოებრივი დატვირთვისა ინფორმაციის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ცალკეული ინდივიდის პიროვნული და ინტელექტუალური განვითარებისთვის. თუმცა, ინფორმაციის თავისუფლება არ არის აბსოლუტურად დაცული სიკეთე. განსაკუთრებით ეს შეეხება იმ ინფორმაციის მიღების უფლებას, რომელიც თავმოყრილი არის სახელმწიფო დაწესებულებებში.“

საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/406,408,  30 ოქტომბერი. 2008

 

„გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია, ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია. სახელმწიფო ვერ იქნება წარმატებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარეშე, რომლის მთავარ ფუნქციას საზოგადოების ინფორმირება, მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ გამოხატვის თავისუფლების ხარისხი განსაზღვრავს ქვეყნის (საზოგადოების) თავისუფლებისა და დემოკრატიულობის ხარისხს. თუმცა გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება.“

საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/421,422,  10 ნოემბერი, 2009

 

„გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ ამ უფლებების სრულყოფილი განხორციელებისათვის მხოლოდ საკანონმდებლო გარანტიები არ კმარა, საჭიროა, რომ თავად საზოგადოება იყოს შემწყნარებელი ინდივიდის უფლებისადმი თავისუფლად და უშიშრად გამოხატოს საკუთარი აზრი. დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან, თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად. დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.“

საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/3/421,422,  10 ნოემბერი, 2009

 

„შეკრების (მანიფესტაციის უფლება კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროს იმდენად უკავშირდება, რამდენადაც ის აზრის გავრცელების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. ადამიანთა თავყრილობას (მსვლელობას), რომელიც მოკლებულია იდეას, არ ემსახურება აზრის, ინფორმაცის გაზიარებას ან გავრცელებას არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციით დაცულ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან. შეკრების (მანიფესტაციას) კონსტიტუციურ უფლებად მისი მიზანი და შინაარსი აქცევს, ეს განაპირობებს ბუნებრივ და არსებით კავშირს კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებს შორის. ამ მხრივ კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომელიც ადამიანთა ჯგუფის მიერ აზრის გამოხატვის კოლექტიურ შესაძლებლობას იცავს, კონსტიტუციის 24-ე მუხლის გაგრძელებას წარმოადგენს.

გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ და ფუნქციურ ელემენტს წარმოადგენს, ის საზოგადოების განვითარების, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. როგორც გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მისი თითოეული წევრის ინტერესებისა და მისწრაფებების რეალიზებას უწყობს ხელს. საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით შეკრების (მანიფესტაციის) შესაძლებლობა დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია. ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. ამასთან ერთად, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. ამ უფლების, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლების სხვა ფორმების, შეზღუდვა დასაშვებია კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძველის არსებობის, სხვა კონსტიტუციური უფლებებისა და პრინციპების უზრუნველყოფის მიზნით.

როგორც უკვე აღინიშნა, შეკრების (მანიფესტაციის) უფლების შეზღუდვის საფუძვლები შეიძლება იმ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის საფუძვლების იდენტური იყოს, რომელთა რეალიზებასაც შეკრება (მანიფესტაცია) უკავშირდება. ასე მაგალითად, შეკრების ან მანიფესტაციისას გარკვეული შინაარსის მოწოდებების აკრძალვა, როგორც შინაარსობრივი ხასიათის შეზღუდვა, კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის თანაზომად საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესებისას სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები მკვეთრად შეზღუდულია.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითოეული წევრის ჩართულობას.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/468, 11 აპრილი, 2012

 

„საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი განამტკიცებს პირის გამოხატვის თავისუფლებას, იცავს ადამიანის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და გამოთქვას საკუთარი აზრი.“

საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/516,542, 14 მაისი, 2013

 

„გამოხატვის თავისუფლება ადამიანის არსებობის თანმდევ, განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს. კონსტიტუციის 24-ე მუხლს ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსი აქვს. მისი დაცვის ქვეშ ექცევა,  ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით, როგორც ზეპირად და წერილობით, ასევე სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით შეგროვება და გავრცელება.“

საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/516,542, 14 მაისი, 2013

 

„კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულად ვერ განიხილება პირის უფლება, დაიკავოს რაიმე თანამდებობა ან შევიდეს სხვა პირთან რაიმე სახის შრომით ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, თანამდებობის დაკავება, შრომით თუ სხვა ურთიერთობაში შესვლა, საქმიანობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, თავის თავში მოიაზრებს თუ არა გარკვეული ინფორმაციის შეგროვებას ან გავრცელებას, აზრის გამოხატვას და სხვისთვის გაზიარებას… კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლება თავის თავში არ მოიაზრებს იმის გარანტიას, რომ უფლების სუბიექტმა გარკვეულ პირებთან დაამყაროს შრომითი თუ სხვა სახის ურთიერთობა, მიიღოს გასამრჯელო ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ და ა.შ.

თუმცა განსხვავებულია შემთხვევა, როდესაც ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა პირის შრომითი ან სხვა სახის ურთიერთობის თანმდევი პროცესია და მის ფარგლებში ხორციელდება. კონსტიტუციის 24-ე მუხლი საგანგებოდ იცავს აზრისა და ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებით გავრცელების შესაძლებლობას… ჟურნალისტური, კვლევითი, სამეცნიერო, პედაგოგიური და სხვა ისეთი საქმიანობა, რომელიც ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებას გულისხმობს, თავისთავად, შეიძლება უკავშირდებოდეს გარკვეული დავალების ფარგლებში მოქმედებას. ჟურნალისტი, ისევე როგორც მკვლევარი, შეიძლება იღებდეს შეკვეთებს და ამზადებდეს სტატიებს სხვადასხვა ტელევიზიების, გაზეთების, სამეცნიერო თუ საინფორმაციო სააგენტოებისათვის. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების უფლების არსის საწინააღმდეგო იქნება, კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულად არ იქნეს განხილული ჟურნალისტის, მკვლევარის, მასწავლებლის ან/და სხვა პირის საქმიანობა, როდესაც იგი იღებს, ამუშავებს ან/და ავრცელებს ინფორმაციას სხვისი დავალებით. კონსტიტუციის 24-ე მუხლის მიზანია, უზრუნველყოს ადამიანის თავისუფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ მოახდინოს ინფორმაციისა და აზრის გავრცელება  საზოგადოებასთან ან/და სახელმწიფოსთან კომუნიკაციის პროცესში. დასახელებული მიზნიდან გამომდინარე, მაგალითად, სხვისი დავალებით მომუშავე ჟურნალისტს, თავისი საქმიანობის ფარგლებში ესაჭიროება დაცვა იმავე ხარისხით, როგორც მის კოლეგას, რომელიც ანალოგიურ ქმედებას საკუთარი ინიციატივით ახორციელებს. შესაბამისად, ინფორმაციის მიღება და გავრცელება როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე სხვა პირის დავალებით, დაცულია კონსტიტუციის 24-ე მუხლით.“

საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/516,542, 14 მაისი, 2013

 

„გამოხატვის თავისუფლების რეგულირებისას კანონმდებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმის გავლენა პირის უფლებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლება „მსუსხავ ეფექტს” განიცდის, თუ პირი, მოსალოდნელი სანქციის შიშით, იძულებულია თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან და თვითშეზღუდვა აისახება გამოხატვის თავისუფლების ნორმატიულად შეუზღუდავ ნაწილზეც. „მსუსხავი ეფექტის“ გავლენით ნორმის ზემოქმედება გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე შესაძლებელია გასცდეს მისი რეგულირების სფეროს და ფაქტობრივად შეზღუდოს ის ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგებაც კანონმდებლის მიზანს არც კი წარმოადგენდა. გამოხატვის თავისუფლების სფეროს ამგვარად რეგულირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საზოგადოების გაუმართლებელი ჩაკეტვა, მისი მოქმედების თავისუფლების თვითშეზღუდვა, აიძულოს ადამიანები, მოახდინონ თვითცენზურა გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს იმ ნაწილში, რომლის შეზღუდვის აუცილებლობაც არ არსებობს, რაც, თავისთავად, ამ უფლების არათანაზომიერად შეზღუდვის ტოლფასია.“

საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/516,542, 14 მაისი, 2013

 

„გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ადამიანის თვითრეალიზაცია –  გამოხატვის თავისუფლება თითოეული ადამიანის განვითარების და მთლიანად საზოგადოების პროგრესის აუცილებელი საფუძველია, სწორედ ის ქმნის საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების გაზიარების პერსპექტივას.

იმავდროულად, თავისუფალი სიტყვა იმით ფასობს, ანუ სწორედ იმაში გამოიხატება სიტყვის თავისუფლება, რომ ის მოიცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებს თუ გამონათქვამებს, რომლებიც ყველასათვის მისაღებია, დადებითად აღიქმება, მთლიანად საზოგადოების ან თუნდაც მისი დიდი ნაწილის, უმრავლესობის აზრს და გემოვნებას ეხმიანება, არ ითვლება საჩოთიროდ, არამედ მოიცავს ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, შოკის მომგვრელია, რომელმაც შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება, ადამიანები, წყენაც კი მიაყენოს მათ, გამოიწვიოს საზოგადოებაში ვნებათა ღელვა, ასევე იგი მოიცავს კრიტიკას და სარკაზმსაც. ასეთია ტოლერანტობის, პლურალიზმის, შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომლებიც დემოკრატიის საზრდოობისთვის შეუცვლელი წყაროა.  

თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, განუმეორებელია, განსხვავებულია და სწორედ ეს ქმნის შანსს მრავალფეროვნებისა და, მაშასადამე, პროგრესისთვის. ამიტომ შეუძლებელია იმ მოსაზრებების თუ გამონათქვამების შემოფარგვლა და ამომწურავად იდენტიფიცირება, ტერმინოლოგიის განსაზღვრა, რომელიც მთლიანად საზოგადოებისთვის, ყველა ადამიანისთვის მისაღებია. მით უფრო დაუძლეველი ამოცანაა ასეთ მოსაზრებებზე ხელოვნურად შეთანხმება ან უპირობოდ გაზიარების დავალდებულება, შედეგად კი, ყველაფერი დანარჩენის კანონის მიღმა გამოცხადება. ეს არა მხოლოდ დაუშვებელია, არამედ შეუძლებელიც. ვერც ერთი ხელისუფალი და ვერც ერთი კანონი ვერ შეცვლის ადამიანის ბუნებას, მის იმანენტურ თვისებას, განვითარდეს საკუთარი უნარების, შესაძლებლობების, გემოვნების, სურვილების შესაბამისად. ამიტომ სახელმწიფოს არ გააჩნია უფლებამოსილება, დაყოს აზრები „მართებულ“ თუ „არამართებულ“, „სასურველ„ თუ  „არასასურველ“ და სხვა სახის კატეგორიებად. თუ ადამიანს არ შეუძლია იმის თქმა, რასაც ფიქრობს ან თუ მას აიძულებენ თქვას ის, რასაც არ ეთანხმება, ამით შეურაცხყოფენ ადამიანის უფლებების საფუძველთა საფუძველს – მის ღირსებას.

თავისუფალ სიტყვას, პირველ რიგში, უზრუნველყოფს ადამიანების აზროვნების თავისუფლება და შემწყნარებლობა ერთმანეთის მიმართ. სხვათა მოსაზრებების პატივისცემა, მათ შორის, საკუთარი თავისთვის, პირადი თავისუფლებისთვის და, საბოლოოდ, თავისუფალი საზოგადოებისთვის გვჭირდება.

ამიტომ როგორც საზოგადოების, ასევე თითოეული ინდივიდის განვითარებას მოსაზრებათა, იდეათა თავისუფალი ბაზარი უზრუნველყოფს. აზრთა პლურალიზმი, განსხვავებულ შეხედულებათა მუდმივი ჭიდილი ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესის სასიცოცხლო ელემენტია… იქ, სადაც თავისუფალი სიტყვა უზრუნველყოფილი არ არის, სადაც როგორც ხელისუფლებამ, ისე საზოგადოებამ არ იცის მისი (თავისუფალი სიტყვის) ფასი, არ არის სივრცე განვითარებისთვის, თავისუფლებისთვის.“

საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

 

„გამოხატვის თავისუფლების სრულყოფილად განხორციელების უზრუნველყოფა და ამ თავისუფლებით ეფექტურად სარგებლობა, სხვათა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებითა და პატივისცემით, ადამიანის ღირსების, როგორც ფუნდამენტური ღირებულების სიცოცხლისუნარიანობის აუცილებელი საფუძველია და, ამდენად, ერთნაირად წარმოადგენს გამოწვევას სახელმწიფოს, ადამიანების და მთლიანად საზოგადოებისთვის.“

საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

 

„სწორედ საჯარო დისკუსია, განსხვავებულ იდეათა ჭიდილი, დაპირისპირებული მოსაზრებების კონკურენცია აჯანსაღებს ჭეშმარიტების ძიების პროცესს, უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებას, მაშინ, როდესაც სასამართლო დავა სიტყვის სისწორე-სიმცდარის დადგენის მიზნით, მით უფრო მაშინ როდესაც სიტყვის სისწორის ექსპერტიზა იმთავითვე მყიფე კრიტერიუმებს ეფუძნება, საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას…

გამოხატვის თავისუფლება ერთნაირად იცავს ყველა ადამიანის თითოეულ მოსაზრებას, ურთიერთწინააღმდეგობრივს, დაპირისპირებულს თუ თანმხვედრს. ნებისმიერ თემაზე, საკითხზე თავისუფალი დისკუსიისას მცდარი მოსაზრებების, კომენტარების თავიდან აცილება ობიექტურად შეუძლებელია,  ადამიანებს აქვთ შეცდომის (მცდარი მოსაზრებების გამოთქმის) უფლება. ასეთის არარსებობის პირობებში მართალი სიტყვაც დაიკარგება, რადგან სწორი, უალტერნატივო მოსაზრებების ძიების პროცესში და მცდარი მოსაზრებების გამოთქმის შიშის გამო, მართალი სიტყვა ან ძალიან დააგვიანებს ან სულაც გამოუთქმელი დარჩება.

მაშასადამე, მხოლოდ თავისუფალი სიტყვა შობს თავისუფალ სიტყვას, მისი დაუსაბუთებელი შეზღუდვა კი აღატაკებს ჭეშმარიტების ძიების პროცესს, ავიწროებს სივრცეს თავისუფალი განვითარებისათვის, აკნინებს დემოკრატიის არსს.“

საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

 

„არაგონივრული იქნებოდა იმის მტკიცებაც, რომ განზრახ არასწორი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება გამოხატვის თავისუფლებას ან საზოგადოების განვითარებას წაადგება. მიუხედავად იმისა, რომ ტყუილის თქმა ასევე გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, არ შეიძლება საზოგადოების ინტერესებში იყოს უაპელაციო ტყუილის, როგორც მართალი ინფორმაციის მიწოდება, ფაქტების დამახინჯება. არ არსებობს ობიექტური ინტერესი, საზოგადოებამ იცოდეს კონკრეტულ ადამიანზე არასწორი, მცდარი, ყალბი ინფორმაცია და იღებდეს მას როგორც სწორს…

გარდაცვლილზე კეთილი ხსოვნის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ბერკეტი ისევ გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი სიტყვის ფორუმია, სადაც გარდაცვლილის ახლობლებს შეუძლიათ გაავრცელონ სწორი ვერსია და უარყონ ცილისმწამებლური ინფორმაცია, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები.

გარდაცვლილი პირის მიმართ ცილისმწამებლური განცხადების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური, შესაძლოა, საპასუხო განცხადება იყოს…“

საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

Back to Top

%d bloggers like this: