მუხლი 28

„საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი წარმოადგენს საარჩევნო უფლების თვითნებური და დაუსაბუთებელი შეზღუდვების დაწესებისაგან დაცვის გარანტიას. საყოველთაო საარჩევნო უფლების განხორციელებისათვის საჭიროა სათანადო პროცედურული წესების დადგენა. მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს მოქალაქის აქტიური საარჩევნო უფლების დაუსაბუთებელი უსაფუძვლო შეზღუდვა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლების საერთაშორისო პაქტზე. ამ პაქტის 25-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მოქალაქეს დაუსაბუთებელ შეზღუდვათა გარეშე უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა მისცეს ხმა ნამდვილ პერიოდულ არჩევნებში, რომლებიც ეწყობა საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით და უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნება-სურვილის თავისუფალ გამოვლინებას.“

საქართველოს მოქალაქეები – გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/257,268, 24 იანვარი, 2005

 

„საარჩევნო უფლების განხორციელებაზე შეზღუდვები დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ისინი გონივრულია. გონივრულობა კი, განსახილველი საქმიდან გამომდინარე, შეიძლება შეფასდეს პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის მხედველობაში მიღებით.“

საქართველოს მოქალაქეები – გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/257,268, 24 იანვარი, 2005

 

„სახელმწიფომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის ნაცვლად უნდა გამონახოს არჩევების გაყალბების თავიდან აცილების შესაფერისი, ცივილიზებული საშუალება. არჩევების გაყალბებასთან ბრძოლა არამც და არამც არ უნდა ხდებოდეს საერთოდ მოქალაქეთა უფლებებისა და, მით უფრო – ძირითადი, კონსტიტუციური უფლებების დარღვევის ხარჯზე.“

საქართველოს მოქალაქეები – გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/257,268, 24 იანვარი, 2005

 

„სასამართლო კოლეგიას გამართლებულად და დაუშვებლად მიაჩია ისეთი მდგომარეობა, როცა არჩევნების დღემდე მე-19-დან მე-10 დღემდე საარჩევნო სიებში ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და გამოირიცხება სიების დაზუსტების სხვა საშუალება, კიდევ უფრო მიუღებელია ისეთი ვითარება, როდესაც საერთოდ აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში და, ამგვარად გამორიცხულია დარღვეული საარჩევნო უფლების დაცვის ნებისმიერი კანონიერი საშუალების გამოყენება. ასეთი სისტემა ვერავითარ შემთხვევაში ეფექტურად ვერ ჩაითვლება. იგი ხელს უშლის საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით აღიარებული აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელებას.

სადავო ნორმა  ამომრჩეველთა სიებს, მათში ცვლილების შეტანას შეეხება. სწორედ ამომრჩეველთა რეგისტრაცია, მათი საარჩევნო სიებში ჩართვა არის არჩევნების საყოველთაო პრინციპის უზრუნველყოფის საშუალება. ვენეციის კომისიის „საარჩევნო ნორმათა კოდექსის“ განმარტებითი მოხსენების თანახმად (პუნქტ. 7), დასაშვებია, რომ ესა თუ ის ამომრჩეველი ავტომატურად არ იქნეს შეტანილი საარჩევნო სიაში, მაგრამ ეს მხოლოდ მისი თხოვნის საფუძველზე უნდა მოხდეს,

სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა სიაში შეტანა უშუალოდ არის დაკავშირებული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებასთან – მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. კონსტიტუციით აღიარებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაცია საბოლოოდ ხმის მიცემის პროცედურით გამოიხატება. ამის წინაპირობას კი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს მოქალაქის რეგისტრაცია საარჩევნო სიაში. ამომრჩეველთა სიების ფორმირება შესაბამის სახელმწიფო უწყებათა მოვალეობაა. როცა მოქალაქე მათი მიზეზით არ იქნა შეტანილი ამომრჩეველთა საერთო სიაში, სასამართლო კოლეგიის აზრით ეს არ უნდა იყოს საარჩევნო უფლების შეზღუდვის საფუძველი. საარჩევნო კოდექსი უნდა იძლეოდეს შესაბამისი კონსტიტუციური უფლების არა ფორმალურად, არამედ რეალურად განხორციელების შესაძლებლობას.“

საქართველოს მოქალაქეები – გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/257,268, 24 იანვარი, 2005

 

„თანასწორობა ზოგადად საარჩევნო უფლების არსის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. არჩევნების პროცესში სახელმწიფოს აქვს ვალდებულება თანასწორობის უზრუნველმყოფელი პირობების შემოღებისა. ამ პროცესში მისი ძირითადი ფუნქციაა, არ მოახდინოს ვინმეს შეზღუდვა ან პრივილეგირება გონივრული დასაბუთების გარეშე.

მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობა, მიაღწიონ ცვლილებებს არჩევნების გზით: ერთი მხრივ, ყველა ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა, აირჩიოს თავისი წარმომადგენელი. ამ თვალსაზრისით თითოეულს უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეს მთელ საარჩევნო პროცესში მონაწილეობისა და მის შედეგებზე გავლენის მოხდენის ერთნაირი გარანტიები; ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკურ პარტიებს თუ ცალკეულ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობა, ამომრჩეველს შესთავაზონ რეალური პოლიტიკური არჩევანი. კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ პოლიტიკურ უმცირესობას ჰქონდეს რეალური შანსი, რომ გახდეს უმრავლესობა. ანუ კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს უმცირესობის უნარების თვითრეალიზაციისთვის უმრავლესობასთან თანაბარ გარანტიებს, რათა, ერთი მხრივ, პოლიტიკურ ძალთა, ხოლო, მეორე მხრივ, მათ მხარდამჭერთა შეჯიბრი პოლიტიკურ პროცესში თანაბარ პირობებში წარიმართოს.

საარჩევნო სფეროში თანასწორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმავდროულად, არ გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ დიფერენცირების შემოღების შესაძლებლობას. დიფერენციაცია გარკვეულწილად გასდევს საარჩევნო პროცესს – საარჩევნო ცენზები, რომლებიც ზოგადად განსაზღვრავს ამ უფლებით მოსარგებლე პირთა წრეს; წინასაარჩევნო პერიოდში საეთერო დროის თანაბარი ხელმისაწვდომობა მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტებისათვის; საარჩევნო ბარიერი, რომელიც გადამწყვეტია არჩევნების შედეგების განსაზღვრისთვის; ასევე, შემდგომში, არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, პარტიათა მხოლოდ ნაწილის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამასთან, მათი განსხვავებული დაფინანსება ძირითადად მათ მიერ მიღებულ ხმათა ოდენობაზე დამოკიდებულებით.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/493, 27 დეკემბერი, 2010

 

„მართალია, ერთი მხრივ, დემოკრატიული პროცესების ჯანსაღი განვითარებისათვის პარტიული პლურალიზმი და კანდიდატთა სიმრავლე საარჩევნო პროცესში სასურველი, მეტიც, აუცილებელია, თუმცა, მეორე მხრივ, ეს პროცესი, დემოკრატიის მიზნების მიღწევისთვის, დაცული უნდა იყოს ხელოვნურობისაგან. არჩევნების მომწესრიგებელი კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს ამომრჩეველთა ნამდვილი ნების გამოვლენასა და მის ადეკვატურ ასახვას არჩევნების შედეგებში. წარმომადგენლობითი ორგანო ხალხის ნამდვილი ნების შედეგს უნდა წარმოადგენდეს. ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი პასუხისმგებლობით გააკეთონ გააზრებული და ინფორმირებული არჩევანი. თუმცა ამისათვის აუცილებელია არა მხოლოდ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით სრულყოფილ და ადეკვატურ ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, არამედ, ასევე, თავად კანდიდატთა გააზრებული და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესისადმი – კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა საყოველთაო და თანაბარი შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში პასიური საარჩევნო ხმის უფლებით, გულისხმობს არა მხოლოდ მათი საქართველოს პარლამენტის წევრად გახდომის სურვილის რეალიზების შესაძლებლობას, არამედ, იმავდროულად, აუცილებლად გულისხმობს, რომ ასეთი სურვილი ეფუძნებოდეს ადამიანების რეალურ განზრახვას, მზაობას, იყვნენ მთელი ქვეყნის მოქალაქეთა წარმომადგენლები და მათი ნების გამტარებელნი საკანონმდებლო ორგანოში.

ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას ამომრჩეველი იღებს და ის მხოლოდ მისი აზრით ღირსეულ და მისი მოთხოვნების ადეკვატურ კანდიდატზე გააკეთებს არჩევანს, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს მას ამ პროცესში, როგორც ნების ფორმირების, ისე გამოხატვისა და შედეგებზე ადეკვატურად ასახვის უზრუნველმყოფელი გარანტიების შექმნის გზით, მათ შორის, უნდა გაანეიტრალოს ის საფრთხეები, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას საარჩევნო პროცესისადმი და შედეგებისადმი არასერიოზულად განწყობილი პირების მონაწილეობით და ამ გზით საარჩევნო პროცესის ხელოვნურად გადატვირთვით. კერძოდ, რამდენადაც ბევრი არაპერსპექტიული, არასერიოზულად განწყობილი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, იმდენად გაძნელდება ამომრჩევლისთვის არჩევნების შედეგის განსაზღვრა, სრულყოფილად ინფორმირებული, გაცნობიერებული და პასუხისმგებლობიანი არჩევანის გაკეთება, საარჩევნო კამპანია შესაძლოა იყოს  დესტრუქციული, რაც გამოიწვევს ამომრჩეველთა დაბნევას; შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ მათი ხმები დაიკარგება ან „გაუფასურდება“; შესაძლოა მეტი საფრთხე შეექმნას პოლიტიკური ძალების პროპორციულ განაწილებას საკანონმდებლო ორგანოში და სხვა. ყოველივე ეს კი არ წაადგება (ხელს არ შეუწყობს) დემოკრატიას.

ზუსტად ამიტომ დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობა პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისათვის შესაძლოა პირს უყენებდეს მთელ რიგ მოთხოვნებს,  რომლებიც ხელს უწყობს საარჩევნო პროცესისადმი პასუხისმგებლობის ამაღლებას, ე.წ. “უპერსპექტივო” კანდიდატების საარჩევნო პროცესისგან ჩამოშორებას, შედეგად, სახელმწიფო სახსრების არაგონივრული ხარჯვის თავიდან აცილებას და, საბოლოო ჯამში, საარჩევნო უფლების ეფექტურ განხორციელებას, ამ უფლებით ბოროტად სარგებლობის პრევენციას. შესაბამისად, სწორედ ეს გარემოებები განიხილება ლეგიტიმურ მიზნებად, რომელთა მიღწევის გზებად დემოკრატიულ სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ, ხშირ შემთხვევაში, შერჩეულია კანდიდატების მიერ საარჩევნო დეპოზიტის ან ამომრჩეველთა გარკვეული რაოდენობის ხელმოწერების წარდგენის ვალდებულება.

მაშასადამე, საარჩევნო დეპოზიტის დაწესებას აქვს ლეგიტიმური მიზანი და ეს თავად საარჩევნო უფლებით ეფექტურად სარგებლობის, რეალიზაციის და, საბოლოოდ, არჩევნების შედეგებზე ხალხის ნამდვილი ნების ასახვის უზრუნველყოფაა. სახელმწიფო ამ მიზნის მიღწევისთვის ფართო მიხედულების ზღვრით სარგებლობს, რადგან ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების პროცესი მთლიანობაში (და ამ თვალსაზრისით მისი თითოეული პროცედურული ეტაპი) უზრუნველყოფდეს ხალხის მმართველობას – ერთი მხრივ, საარჩევნო უფლების მქონე ყველა პირის მონაწილეობის შესაძლებლობას და მეორე მხრივ, მათი ნების რეალურ ასახვას შედეგებში.“

საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/539, 11 აპრილი,  2013

„ზოგადად, სახელმწიფო უნდა სარგებლობდეს მიხედულების ფართო ზღვრით ისეთი უმნიშვნელოვანესი სფეროს მოწესრიგებისას, როგორიცაა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარების უზრუნველყოფა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეფექტურ გზად მიჩნეულია, მათ შორის, საარჩევნო დეპოზიტიც. თუმცა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მისი კონკრეტული შინაარსი იყოს ისეთი, რომ რეალურად ემსახურებოდეს ამ მიზნის მიღწევას და არა პირიქით,  გამორიცხავდეს მას. ამ ინსტიტუტმა არ უნდა გამოიწვიოს უფლებით სარგებლობის შეუძლებლობა, მათ შორის,  არ უნდა იყოს ისეთი შინაარსის, რაც არსებითად, საგრძნობლად, მნიშვნელოვნად დააცილებს პირებს უფლებით სარგებლობის თანაბარი შანსებისგან, ისეთი კონტრასტის გამოწვევის ჩათვლით, როგორიცაა უფლებით სარგებლობის შეუძლებლობა. დეპოზიტზე წინასწარ თანხის შეტანა არ შეიძლება იყოს განზრახ შექმნილი ბარიერი საარჩევნო კანდიდატებისთვის. ამასთან,  დეპოზიტის ოდენობა არ უნდა იყოს არათანაზომიერად მაღალი, უნდა იყოს გონივრული და იმ მიზნით პირობადებული, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოიყენოს თავისი პასიური საარჩევნო უფლება, ის არ უნდა იწვევდეს საარჩევნო უფლების პრივილეგიად ტრანსფორმირებას. ასევე მნიშვნელოვანია ალტერნატივის არსებობა, ხელმოწერების შეგროვების სახით (რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს კანდიდატების მინიმალური მხარდაჭერის არსებობა ელექტორატში), რადგან ეს შეამცირებდა იმის რისკს, რომ საარჩევნო კანდიდატურის დაყენება დამოკიდებული ყოფილიყო პირის ფინანსურ მდგომარეობაზე.  მაშასადამე, ერთი მხრივ, დეპოზიტის ფინანსური ვალდებულების დადგენა შესაძლოა გამართლებული იყოს პასიური საარჩევნო უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ, მეორე მხრივ, ის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას არათანაზომიერ საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს. არჩევნების, როგორც სახელმწიფოს მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის უშუალო გზის დემოკრატიულობის უზრუნველყოფა თავად არ უნდა გადაიქცეს მოქალაქეთა ამ უფლების უგულებელმყოფელი, გამომრიცხველი. არჩევნების დემოკრატიულობაზე ზრუნვას აზრი და გამართლება არ ექნება, თუ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.“

საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/539, 11 აპრილი,  2013

 

„არსებითად თანაბარი შესაძლებლობების გარანტირება აუცილებელია მთლიანად საარჩევნო პროცესში, შესაბამისად, კონსტიტუციური გარანტიები ამოქმედებას იწყებს არა უშუალოდ პასიური საარჩევნო უფლების მქონე სუბიექტების საარჩევნო კონკურენციის ეტაპიდან, არამედ თავად პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობაზე საქართველოს მოქალაქეთა თანაბარი წვდომის გარანტირების ეტაპიდან. თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, გარკვეული ჯგუფები, მოქალაქეები საერთოდ ვერ შეძლებენ საკუთარი პასიური საარჩევნო უფლების გამოყენებას.“

საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/539, 11 აპრილი,  2013

 

„პირებს, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ფარგლებში პასიური საარჩევნო ხმის უფლებით, ერთი მხრივ, უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, გადაწყვიტონ კანონით შემოთავაზებული რომელი გზა აირჩიონ ამისთვის – პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო ბლოკის თუ დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენის გზით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. კანონმდებლობით ასეთი არჩევანი ყველასთვის თანაბრად არის შეთავაზებული, ამასთან, ნებისმიერი, ვინც აირჩევს ერთ ან მეორე გზას, მათზე თანაბრად გავრცელდება კანონის კონკრეტული მოთხოვნები თითოეულ ამ გზასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, პირებს, უკვე გაკეთებული არჩევანის შემდგომ, უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა, ზუსტად მათი არჩევანის მიხედვით (მათ მიერ არჩეული გზით) გახდნენ პასიური საარჩევნო უფლების სუბიექტები. მაშასადამე, მათ, როგორც არსებითად თანასწორ პირებს, უნდა ჰქონდეთ არსებითად თანაბარი შესაძლებლობები, ერთი და იგივე სისტემის ფარგლებში, პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის ხელმისაწვდომობაზე.“

საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/539, 11 აპრილი,  2013

 

„საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი განამტკიცებს რა საარჩევნო უფლებას, ადგენს ამ უფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტებს და მოითხოვს, რომ შეიქმნას საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის საჭირო გარანტიები. საარჩევნო უფლება, თავისთავად, არ მოითხოვს რომელიმე კონკრეტული საარჩევნო მოდელის ჩამოყალიბებას. კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ არსებულმა საარჩევნო მოდელმა უზრუნველყოს ხალხის ნების თავისუფალი და თანასწორი ასახვა სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირების პროცესში.“

საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

 

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. მაჟორიტარულ არჩევნებში ამომრჩევლის ხმის აბსოლუტურად თანაბარი „წონის“ უზრუნველყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ყოველთვის იარსებებს შედარებით უფრო მცირე და დიდი საარჩევნო ოლქები, რომლებიც თანაბარი რაოდენობის დეპუტატს აირჩევენ.  ამავე დროს, საარჩევნო სისტემა, რომელშიც  ერთ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა რამდენჯერმე უფრო მეტად „ფასობს“, ვიდრე  მეორეში, არ ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა თანასწორად მოახდინონ გავლენა არჩევნების შედეგებზე და ამომრჩევლების ხმათა თანაბრობის პრინციპიდან  მნიშვნელოვან გადახრას იწვევს.“

საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

 

„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს არ გააჩნიათ იმგვარი ლეგიტიმაცია, რომ ჰქონდეთ კონსტიტუციური უფლებამოსილება, აირჩიონ საკუთარი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გააჩნიათ კონსტიტუციით დადგენილი ლეგიტიმაცია, რომელიც გულისხმობს „ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების“ მოწესრიგებას. ადგილობრივი თვითმმართველობების კონსტიტუციური ლეგიტიმაცია არ ვრცელდება ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დაკომპლექტებაში მონაწილეობაზე.“

საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

 

„საარჩევნო სისტემა, თავისი შინაარსით, წარმოადგენს ერთგვარ მექანიზმს, ინსტრუმენტს, რომლითაც უნდა მოხდეს შესაბამისი ლეგიტიმაციის გადაცემა ლეგიტიმაციის წყაროდან ლეგიტიმაციის მიმღებ სახელმწიფო ორგანოზე (ან თანამდებობის პირზე). იმ პირობებში, როდესაც კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ტერიტორიული ერთეულების მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის ფორმირების პროცესში და ტერიტორიულ ერთეულებს არ გააჩნიათ კონსტიტუციური ლეგიტიმაცია, ჰყავდეთ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, თავისთავად, ვერ ჩაითვლება ასეთი ლეგიტიმაციის წყაროდ.“

საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

 

„საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მმართველობის მოდელის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, ახორციელებს კონსტიტუციით დადგენილ უფლებამოსილებას, რომელიც მას გადაეცემა ხალხის, კონსტიტუციით დადგენილი ერთადერთი სუბიექტის მიერ. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა თავის თავში a priori არ გულისხმობს, რომ უნდა მოხდეს ტერიტორიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას გააჩნია რიგი თავისებურებები, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო მანდატის სპეციფიკურ გადანაწილებას. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ემსახურება პერსონიფიცირებულ წარმომადგენლობას. ასეთი საარჩევნო სისტემის პირობებში ხალხი უშუალოდ ირჩევს კონკრეტულ სუბიექტს, უფრო მეტია პირდაპირი კავშირი ამომრჩეველსა და არჩეულ პირს შორის.“

საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

 

„საარჩევნო გეოგრაფია და საარჩევნო ოლქების განსაზღვრა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე და საარჩევნო უფლების რეალიზაციაზე. ხმათა თანასწორობა და ამომრჩევლებისათვის თანაბარი  შესაძლებლობების მინიჭება უნდა წარმოადგენდეს საარჩევნო ოლქების, საარჩევნო გეოგრაფიის განსაზღვრის უმთავრეს პრინციპს. საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იყოს მოწოდებული, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები განისაზღვროს იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს ხმათა თანასწორობა და ადეკვატური წარმომადგენლობა. ეს გულისხმობს, რომ საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანასწორი იყოს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს ხმათა თანაბარი „წონა“.

საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია, არ მოხერხდეს აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, მაგრამ ასეთი უთანასწორობა მისაღებია მანამ, სანამ არსებობს მისი დასაბუთების ლეგიტიმური საფუძველი. საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებისას შესაძლოა, წარმოიშვას ფაქტობრივი სირთულეები და შეუძლებელი აღმოჩნდეს საარჩევნო ოლქების იმგვარი გადანაწილება, რომ ამომრჩევლების ხმებს იდენტური „წონა“ ჰქონდეს. თუმცა ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ასეთი უთანასწორობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი და ამომრჩეველთა ნაწილის ხმის წონა მხოლოდ ადმინისტრაციული სირთულეების გამო არ შემცირდეს.“

საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

 

„საარჩევნო ოლქების განსაზღვრისას შესაძლოა მხედველობაში იქნეს მიღებული როგორც ადმინისტრაციული საზღვრები, ისე – გეოგრაფიული სპეციფიკაციები, ასევე  სხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი კრიტერიუმები. ზოგიერთ შემთხვევაში, გარკვეული  რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს  საარჩევნო ოლქებს შორის ზომიერი დისპროპრციის დაშვება. თუმცა ნებისმიერი ასეთი რეგულირება დაექვემდებარება კონსტიტუციურ-სამართლებრივ შემოწმებას როგორც  საარჩევნო, ასევე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. ტერიტორიული წარმომადგენლობის ელემენტის შემოტანამ არ უნდა გამოიწვიოს საარჩევნო ხმების აშკარა და გაუმართლებელი უთანაბრობა, ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ხმების გავლენა არ უნდა შემცირდეს იმდენად, რომ ხელისუფლების ფორმირების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა არსებითად შეზღუდოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ სახალხო სუვერენიტეტის იდეიდან გამომდინარე,  ყველა ამომრჩეველს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს (ზეგავლენა მოახდინოს) ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ხმათა თანაბრობიდან გარკვეული ხარისხის გადახრა შესაძლებელია გამართლებული იყოს მნიშვნელოვანი გარემოებების, შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას და არა ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობის უზრუნველყოფისათვის.“

საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

 

„ხმების თანაბარწონადობის პრინციპი ფართოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტია. მაგალითისთვის, ანალოგიურ სტანდარტებს ითვალისწინებს თავის რეკომენდაციებში ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად („ვენეციის კომისია“). „ვენეციის კომისიის“ 2002 წლის „საარჩევნო ნორმათა კოდექსის“ მიხედვით, კენჭისყრის თანასწორობა ერთ-ერთი ძირითადი საარჩევნო პრინციპია, რომელიც გულისხმობს,  საარჩევნო ოლქები იმგვარად იქნეს დადგენილი, რომ შესაბამისი მანდატები ამომრჩევლების რაოდენობის თანაბრად  გადანაწილდეს. ამავე დროს, დადგენილი ნორმიდან დასაშვები გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობის დაცვა, არამჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული). ასეთ შემთხვევაში გადახრა არ უნდა იყოს 15%-ზე მეტი. ხმათა თანასწორობის პრინციპზე მითითებას შეიცავს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) და „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას.“

საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

 

„ტერიტორიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად დაუკავშირა მუნიციპალიტეტებს იქ რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის გათვალისწინების გარეშე, რამაც  ხმათა თანაბრობიდან მნიშვნელოვანი ხარისხის გადახრა გამოიწვია, არსებითად შეამცირა ამომრჩეველთა ნაწილის გავლენა საარჩევნო პროცესზე. სადავო ნორმებით გათვალისწინებული საარჩევნო გეოგრაფია განაპირობებს, რომ საარჩევნო ოლქები, რომლებზეც ნაწილდება საპარლამენტო მანდატები, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით. არსებული გადახრა იმდენად მაღალია, რომ იწვევს არაპროპორციულ წარმომადგენლობას და არაადეკვატურად ასახავს საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენლობას უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში.“

საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

 

„არჩევნების ადმინისტრირების პროცესში არსებობს რისკები, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ შექმნას მისთვის სასურველი საარჩევნო გეოგრაფია და საარჩევნო ოლქების საზღვრები დაადგინოს იმგვარად, რომ სასარგებლო იყოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის. ცხადია, კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას საკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და აღკვეთოს ასეთი მანიპულაციის შესაძლებლობა. დასახელებული საფრთხის თავიდან აცილება უნდა მოხდეს ლეგიტიმური მიზნის პროპორციული საშუალების გამოყენებით. ამავე დროს, საარჩევნო ოლქებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს აბსოლუტურად აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრირების ეფექტური უზრუნველყოფისათვის. კანონმდებელი ვალდებულია, მოახდინოს საარჩევნო საზღვრებით მანიპულირების პრევენცია და, მეორე მხრივ, უზრუნველყოს, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენის თანაბარი შესაძლებლობები.“

საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

 

„საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება და სახალხო სუვერენიტეტი მოითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩართული იყვნენ სახელმწიფო მმართველობაში. სწორედ ხალხის მონაწილეობა განაპირობებს საჯარო მმართველობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმაციას. დემოკრატიის პრინციპის შესაბამისად, მოქმედი სახელმწიფო ეფუძნება კანონშემოქმედებისა და კანონის აღსრულების შეუქცევად პროცესს. დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ერთი მხრივ, გულისხმობს ხალხის, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების პირველადი წყაროს ნების განუხრელ გამოვლენას, ხოლო, მეორე მხრივ, ხალხის ნების მიუკერძოებლად აღსრულებას.“

საქართველოს მოქალაქეები – სალომე  ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/588, 14 აპრილი, 2016

 

„წარმომადგენლობითი დემოკრატია ხალხის მიერ წარმომადგენლების არჩევასა და მათი მეშვეობით სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობას, სუვერენული ძალაუფლების განხორციელებას გულისხმობს. ამავე დროს, წარმომადგენლების არჩევასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები აღჭურვილნი არიან უფლებით, უშუალო მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების საქმიანობაში და დაიკავონ სახელმწიფო თანამდებობა. შესაბამისად, მოქალაქეებს უფლება აქვთ, არა მხოლოდ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით განახორციელონ საკუთარი სუვერენული ძალაუფლება, არამედ თავადვე იყვნენ წარმომადგენლები და აქტიური როლი შეასრულონ სახელმწიფო მმართველობის პროცესში. სწორედ ასეთ ურთიერთობებში ხდება ამ ორი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულების თანაკვეთა. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლები ურთიერთდაკავშირებული კონსტიტუციური დებულებებია, რომლებიც ადგენენ მოქალაქეთა ძირითად უფლებას, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო მმართველობის პროცესში. საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომელიც პასიურ საარჩევნო უფლებასაც გულისხმობს და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება ერთობლივად ქმნიან მყარ კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების საფუძველს.“

საქართველოს მოქალაქეები – სალომე  ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/588, 14 აპრილი, 2016

 

„არჩევნები უზრუნველყოფს შესაბამისი სუბიექტების მიერ სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას ხალხის ნების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არჩევნები რომ კონსტიტუციის შესაბამისად ჩაითვალოს, არა მხოლოდ გაუმართლებელი დაბრკოლებები არ უნდა შეიქმნას არჩევნების გზით თანამდებობის დაკავების მსურველთათვის, არამედ უნდა უზრუნველყოს ამომრჩევლის ნების ადეკვატური ასახვა. ამდენად, არჩევნები როგორც უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ინსტიტუტი ემსახურება როგორც ამომრჩეველთა, ისე ასარჩევი პირების ინტერესების დაცვას, საერთო მიზნის, დემოკრატიული საჯარო მმართველობის უზრუნველსაყოფად.“

საქართველოს მოქალაქეები – სალომე  ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/588, 14 აპრილი, 2016

 

„გაუმართლებელია, საარჩევნო უფლების სხვადასხვა კომპონენტების იზოლირებულად განხილვა. შეუძლებელია, ასარჩევი პირის პასიური საარჩევნო უფლება განხილულ იქნეს განცალკევებულად, ამომრჩეველთა აქტიური საარჩევნო უფლების გათვალისწინების გარეშე. ამგვარად, სახელმწიფო თანამდებობის არჩევნების გზით დაკავებაზე უნდა გავრცელდეს საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტები. მათ შორის, საარჩევნო უფლების პრინციპები – საყოველთაობა, ნებაყოფლობითობა, ფარულობა, თანასწორობა და ა.შ.“

საქართველოს მოქალაქეები – სალომე  ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/588, 14 აპრილი, 2016

 

„საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი იცავს პირის უფლებას, მოახდინოს პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაცია და არჩევნების გზით დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა.

კონსტიტუციაში მოცემული ტერმინები უნდა განიმარტოს მათი ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, რომლებიც შესაძლოა სულაც არ ემთხვეოდეს კანონმდებლობაში არსებულ განმარტებებს. კონსტიტუციური დებულებებისა და კონსტიტუციაში არსებული ტერმინების შინაარსი თვითმყოფადია და არ არის დამოკიდებული კანონმდებლობაში არსებულ დეფინიციებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციის შინაარსი კანონმდებლობაზე დამოკიდებული გახდებოდა და ნაყოფიერი ნიადაგი შეიქმნებოდა თვითნებობისთვის.“

საქართველოს მოქალაქეები – სალომე  ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/588, 14 აპრილი, 2016

 

„საარჩევნო უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად და მის საფუძველზე. შესაბამისად, უფლების შეზღუდვის ძირითადი საყრდენი უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციიდან და, შესაბამისად,  კანონმდებლის მხრიდან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ცესკოს მიერ გამოცემული აქტები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და მის შესასრულებლად მიღებულ  ორგანულ კანონს. თუ ორგანული კანონი არ ადგენს უფლების კონსტიტუციის შესაბამისად შეზღუდვის ყველა საფუძველს და საყრდენს, მაშინ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული ნებისმიერი  რეგულაცია, შესაძლოა,  ეწინააღმდეგებოდეს უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ შინაარსს.“

საქართველოს პარლამენტი წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №3/3/763, 20 ივლისი, 2016

 

„საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ამომრჩევლის შესაძლებლობაზე მოახდინოს ეფექტური ზეგავლენა საარჩევნო პროცესზე, ამასთან, ქმნის რომელიმე საარჩევნო სუბიექტს მიერ არამართლზომიერი უპირატესობის მიღების საფრთხეს. საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენება ართულებს სახალხო სუვერენიტეტის ეფექტურ რეალიზაციას, ამცირებს წარმომადგენლობითი ორგანოს ლეგიტიმაციას და ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოს დემოკრატიულობას. ამდენად, საარჩევნო გეოგრაფიის კონსტიტუციური კონტროლის მიღმა დატოვება არსებით საფრთხეს შეუქმნის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ არაერთ სიკეთეს, შესაბამისად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების კონკრეტული განაწილება, რიგ შემთხვევებში, შეიძლება წარმოადგენდეს კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში შეფასებად მოცემულობას.“

საქართველოს პარლამენტი წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №3/3/763, 20 ივლისი, 2016

Back to Top

%d bloggers like this: