მუხლი 29

„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.  კონსტიტუციის ეს ნორმები განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების  კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული დებულება  მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს.

ამდენად, კონსტიტუციის 29-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.“

საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/569, 11 აპრილი, 2014

 

„კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის მიზნებისთვის, პრინციპულად არასწორი იქნებოდა „სახელმწიფო თანამდებობის“ ცნებაში მხოლოდ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და კანონით განსაზღვრული საჯარო  მოხელეების  მოაზრება. კონსტიტუციური ტერმინის ამგვარი ვიწრო განმარტება კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიების მიღმა დატოვებდა საჯარო ფუნქციის განმახორციელებელ სხვა პირებს, ადეკვატური კონსტიტუციური რეგულირების გარეშე დატოვებდა საჯარო ხასიათის საქმიანობის მნიშვნელოვან სეგმენტს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არ მიეკუთვნება საჯარო სამსახურს. ამით გაუმართლებლად გაფართოვდებოდა ხელისუფლების დისკრეცია საჯარო ხასიათის ამოცანების შემსრულებელ პირთა დანიშვნის (არჩევის) და საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმების მიღების პროცესში, რაც აშკარა წინააღმდეგობაში მოვიდოდა კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებთან.“

საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/569, 11 აპრილი, 2014

 

„სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობა, თავისი შინაარსით, წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის განსაკუთრებულ, სპეციფიკურ სეგმენტს. მისი სპეციფიკურობა უპირველესად განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ შემთხვევაში დამსაქმებელს წარმოადგენს სახელმწიფო. დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შრომითი ურთიერთობების ერთობლიობა, გარკვეულწილად წარმოადგენს სახელმწიფო რესურსს, რომელზე წვდომაც თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა გააჩნდეს.

სახელმწიფო თანამდებობის  პირები  ახორციელებენ და ხელს უწყობენ საჯარო ხასიათის საქმიანობას. ისინი საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს ან/და ზედამხედველობას უწევენ  მათ აღსრულებას და, ამგვარად, ემსახურებიან  საჯარო ინტერესებს. საჯარო მიზნების განხორციელებაზე  ორიენტირებული, საჯარო  ფუნქციის განმახორციელებელი  პირები, დამოუკიდებლად იმისგან, წარმოადგენენ თუ არა ისინი კანონით განსაზღვრულ საჯარო მოხელეებს ან სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს,  საჯარო ფუნქციის ეფექტურად და სრულყოფილად განხორციელებისთვის აუცილებელია სარგებლობდნენ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური გარანტიებით.

სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით, საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს  მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი  ჩარევისგან,  რათა მან შეძლოს  კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.“

საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/569, 11 აპრილი, 2014

 

„სახელმწიფო თანამდებობის პირების საქმიანობა ემსახურება სახელმწიფოს ფუნქციების და მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების განხორციელებას.  სახელმწიფოს ფუნქციებისა და საჯარო ინტერესების დივერსიფიცირებული ბუნებიდან გამომდინარე, მრავალგვარია სახელმწიფო თანამდებობა და, შესაბამისად,  შეიძლება განსხვავებული იყოს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების და თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები და წესი.

ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის სტატუსს განაპირობებს შესაბამისი საქმიანობის ბუნება, მისი არსი. კერძოდ, მნიშვნელოვანია, დადგინდეს მოცემული თანამდებობა განეკუთვნება საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლებას, წარმოადგენს სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, თუ არ გააჩნია პირდაპირ განსაზღვრული კონსტიტუციური სტატუსი. სახელმწიფო თანამდებობების სტატუსის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ასევე  განსახორციელებელი ფუნქციების ხასიათი. ბუნებრივია, განსხვავებულია სხვადასხვა სტატუსის მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირთა მიმართ წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის  კონსტიტუციური გარანტიები. მაგალითისთვის, მოსამართლის, სახალხო დამცველის, პარლამენტის წევრისა და მთავრობის წევრის (მინისტრის) სხვადასხვაგვარი ფუნქციისა და კონსტიტუციურ-სამართლებრივი როლის შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები უნდა იქნენ განხილული, როგორც განსხვავებული დაცვის გარანტიებით აღჭურვილი სახელმწიფო თანამდებობის პირები.

სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს მოსარჩელეთა კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი, მათი საქმიანობის სფეროს, სპეციფიკისა და დანიშნულების გათვალისწინებით, დადგინდეს წარმოადგენენ თუ არა ისინი კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ სუბიექტებს და განხორციელდა თუ არა ჩარევა მათ უფლებაში.“

საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/569, 11 აპრილი, 2014

 

„საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება ასევე დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმადაც „შრომა თავისუფალია“.  კონსტიტუციის 30-ე მუხლის, ისევე  როგორც 29-ე მუხლის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს პირთა შესაძლებლობა, კანონით გათვალისწინებული წესით დასაქმდნენ, დაიკავონ ესა თუ ის თანამდებობა საკუთარი უნარის, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების ადეკვატურად და შეუფერხებლად განახორციელონ შრომითი საქმიანობა.  ამავე დროს, ამ ორ მუხლს შორის არსებობს პრინციპული სხვაობა, რაც განსაზღვრავს მათი მოქმედების ფარგლებს.  

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებების შინაარსი, მათი ფარგლები განსხვავებულია. საქართველოს კონსტიტუციის  დასახელებული დებულებებიდან, რომლის დაცვის ქვეშ ექცევა ესა თუ ის სამართლებრივი ურთიერთობა, დამოკიდებულია პირის საქმიანობის სფეროსა და სამუშაოს სპეციფიკაზე. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისთვის სასამართლო არ დგას აღნიშნული მუხლების ფარგლების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ნორმატიულ აქტს შემხებლობა ჰქონდეს ერთდროულად კონსტიტუციის ორივე ზემოაღნიშნული მუხლით გარანტირებულ უფლებასთან.

როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი უკავშირდება პირის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს საქმიანობა საჯარო სფეროში, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, განახორციელოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ დელეგირებული ესა თუ ის უფლებამოსილება. ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციის 29-ე მუხლი, 30-ე მუხლისგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ მოთხოვნებს აწესებს და მისი მოქმედების არეალი შემოიფარგლება სახელმწიფო სამსახურით, საჯარო სფეროთი, იგი არ უკავშირდება კერძო სექტორს. ამის საპირისპიროდ, კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს კერძო სექტორში წარმოშობილი შრომითი ურთიერთობების დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტებს.  შესაბამისად, იმისთვის რომ განისაზღვროს, მეურვის უფლებები კონსტიტუციის რომელი მუხლით არის დაცული, აუცილებელია გაირკვეს, როგორი ხასიათის ფუნქციის (საჯარო თუ კერძო) განხორციელებას ემსახურება სამეურვეო საბჭო და რა როლი აკისრიათ მეურვეებს ამ ამოცანების შესრულების პროცესში.“

საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/569, 11 აპრილი, 2014

 

„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს – არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

 

„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი მოიცავს, მათ შორის, პირის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა. სადავო ნორმა კრძალავს „გამოძიების ქვეშ მყოფი“ პირების საჯარო სამსახურში მიღებას, შესაბამისად, იგი კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული უფლების შეზღუდვას განაპირობებს.“

  საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/572, 31 ივლისი, 2015

 

„სახელმწიფო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება არის შრომითი ურთიერთობის სპეციფიკური სახე, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს პროფესიული თვითრეალიზების ერთ-ერთ საშუალებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქისთვის უზრუნველყოფს შესაძლებლობას, უშუალოდ ჩაერთოს სახელმწიფოს მმართველობით საქმიანობაში, რაც, მათ შორის, მოიცავს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებასა და აღსრულებას სახელმწიფოს სახელით.“

  საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/572, 31 ივლისი, 2015

 

„სახელმწიფო უფლებამოსილია, დაადგინოს საჯარო სამსახურში საქმიანობის პირობები, რაც შეიძლება მოიცავდეს თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვას, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული უფლების დაცულ სფეროში ნებისმიერი ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს. სადავო ნორმით დადგენილი უფლების შეზღუდვის სიმძიმე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა კატეგორიის ადამიანებს, რა კრიტერიუმეზე დაყრდნობით და რა ინტენსივობით ერთმევათ საჯარო სამსახურში საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორად შეფასებისთვის აუცილებელია, დადგინდეს,  უფლების შეზღუდვის მოცულობა და განისაზღვროს პირთა წრე, რომელსაც ეკრძალება სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.  

სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარეშე, რაც, თავის მხრივ, ემყარება ადამიანის ბუნებითი თავისუფლების იდეას და დაუშვებელია მისი თვითნებური შეზღუდვა. ნებისმიერი უფლებაშემზღუდველი ქმედება და აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე  მატერიალური თვალსაზრისით. ანალოგიურად, კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების რეალიზაციას, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს.“

     საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/572, 31 ივლისი, 2015

 

„იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს კავშირი დასაკავებელ თანამდებობას და პირის მიმართ მიმდინარე გამოძიებას შორის, პირს შეიძლება გააჩნდეს  გამოძიებაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა, თუ მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება დაკავშირებულია მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებასთან. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ შემთხვევაში ჯეროვანი გამოძიების წარმოებისთვის აუცილებელიც კი იყოს პირის კონკრეტული თანამდებობიდან ჩამოშორება, თანამდებობის დაკავების უფლების თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეზღუდვა.“

     საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/572, 31 ივლისი, 2015

 

„გამოძიებაზე ზემოქმედების რისკის გამო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შედეგად. კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა დადგინდეს ობიექტური შინაარსობრივი კავშირი დასაკავებელ თანამდებობასა და პირისთვის შერაცხულ ქმედებას შორის. აგრეთვე უნდა არსებობდეს გარემოებები, რომელიც მიუთითებს პირის მიერ მტკიცებულებათა განადგურების ან/და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის რეალურობაზე.“

     საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/572, 31 ივლისი, 2015

 

„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნას წარმოადგენს, რომ თითოეული საჯარო მოხელე უზრუნველყოფილი იყოს იმ მინიმალური პროცედურული გარანტიებით, რომლებიც აუცილებელი და საკმარისია მისი თანამდებობიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლების თავიდან ასაცილებლად. ამ ნორმას არ აქვს და ვერ ექნება მის ფარგლებში ყველა იმ  გარანტიის მოაზრების  პრეტენზია, რომელიც დადგენილია სასამართლოში საქმეთა წარმოებისათვის.“

საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/5/595, 4 აგვისტო, 2016

 

„სასამართლო საქმის წარმოებას გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს ორგანო, თავისი არსით, წარმოადგენს დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის გარანტორს, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა ხდება საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.“

საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/5/595, 4 აგვისტო, 2016

 

„კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული გარანტიების ერთ-ერთ გამოვლინებას სწორედ მოქალაქის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება და, ასევე, თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვა წარმოადგენს. აღნიშნული უფლებრივი კომპონენტი, მათ შორის, მოიაზრებს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის უფლებას შესაბამის ანაზღაურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქის წვდომას სახელმწიფო ბიუჯეტის მეშვეობით დაფინანსებულ რესურსზე, მის მიერ გაწეული პროფესიული საქმიანობის სანაცვლოდ და,  ამგვარად, სახელმწიფო სამსახურის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შრომითი გასამრჯელოს არსებითი ხასიათისა, საჯარო სამსახურში საქმიანობის კონსტიტუციით დაცული უფლება, მასთან ერთად ასევე გულისხმობს საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას, კერძოდ, კონკრეტული თანამდებობის ფუნქციურ უწყვეტობას.“

საქართველოს მოქალაქეები – გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ,  №1/4/614,616, 30 სექტემბერი, 2016

 

„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს საჯარო მოსამსახურეს, არ იქნეს დაუსაბუთებლად, თვითნებურად გათავისუფლებული სამსახურიდან, რაც, მათ შორის, გულისხმობს კონკრეტული თანამდებობის ფუნქციურ უწყვეტობას, საჯარო მოხელის დაცულობას, შეუფერხებლად განახორციელოს სამსახურებრივი მოვალეობა.“

საქართველოს მოქალაქეები – გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ,  №1/4/614,616, 30 სექტემბერი, 2016

 

„სახალხო სუვერენიტეტის გამოვლინების თვალსაჩინო მაგალითს მოქალაქის მიერ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობების დაკავებისა და საჯარო უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა წარმოადგენს.

ამდენად, კონსტიტუციური დემოკრატიისთვის და, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს მოქალაქეთა თანაბარი და რეალური წვდომა სახელმწიფო თანამდებობების დაკავებაზე, იმისათვის რომ სახალხო სუვერენიტეტის იდეას პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს.“

საქართველოს მოქალაქე  ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/659, 15 თებერვალი, 2017

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების, მისი განხორციელების პირობების თუ თანამდებობიდან გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმების კონსტიტუციურობა ფასდება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან ერთობლივად…

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს განიხილავს და აფასებს ერთიან კონტექსტში.“

საქართველოს მოქალაქეები – მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/717, 7 აპრილი, 2017

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს ფარგლების სწორად იდენტიფიცირების და ერთმანეთისაგან გამიჯვნის მნიშვნელობას საქართველოს კონსტიტუციის ჯეროვანი განმარტებისათვის… აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გამიჯნოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული სფეროები.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებაზე, შესაბამისად, აღნიშნული დანაწესით გარანტირებულია ყველა მოქალაქის უფლება, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო თანამდებობებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი შეზღუდვის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით  სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. აღნიშნული დანაწესი მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო  სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის განხორციელების უფლებას – საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი.“

საქართველოს მოქალაქეები – მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/717, 7 აპრილი, 2017

 

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი ადგენს ყოველი მოქალაქის უფლებას, წვდომა ჰქონდეს სახელმწიფო თანამდებობაზე. კონსტიტუციის ამ დანაწესის მნიშვნელობა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული ინდივიდის შრომითი უფლების დადგენა. ის ქმნის მნიშვნელოვან საფუძველსა და გარანტიას დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს რეალურად ჩამოყალიბების პროცესში.

პასუხი იმაზე, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ თანამდებობად, რიგ შემთხვევებში შესაძლოა თავად კონსტიტუციაში მოიძებნებოდეს. მაგალითისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი საქართველოს პარლამენტს განსაზღვრავს როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. ანალოგიურად, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელ ორგანოს. თავისთავად, მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული პოლიტიკური სტატუსი ვერ ჩაითვლება ამ თანამდებობათა ჩამონათვალის ამომწურავად დამდგენ საფუძვლად, თუმცა ის ერთ-ერთი მყარი კრიტერიუმთაგანია. ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტის, ისევე როგორც მთავრობის წევრის თანამდებობა, ნამდვილად პოლიტიკურია, თუმცა მათ მიღმა რჩება საჯარო თანამდებობათა მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმაციის წყაროს, მათზე დაკისრებული ფუნქციებისა თუ თავად თანამდებობის არსის გათვალისწინებით, განეკუთვნებოდეს პოლიტიკური ხასიათის თანამდებობას.

სახელმწიფო თანამდებობის პირების ბუნების დადგენისას გასათვალისწინებელია აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის საკითხი. პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის პოლიტიკური მიზანშეწონილობის ფარგლებში განხორციელებული კონკრეტული ქმედებების, ამა თუ იმ პოლიტიკის გატარებისთვის შეუძლებელია არსებობდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას შეამოწმებდა. ამგვარი მიზანშეწონილობის საკითხი შესაძლოა მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანს წარმოადგენდეს. ამასთან, პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობა პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ხალხის წინაშე მის პასუხისმგებლობას და არა ამ თანამდებობის პირის  თუ რომელიმე სხვა ორგანოს წინაშე პასუხისმგებლობას.

პოლიტიკური თანამდებობის პირის საპირისპიროდ, პროფესიული თანამდებობის პირი უშუალოდ არ წარმოადგენს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ სუბიექტს. მისი ფუნქციები უმეტესად საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ უკვე განსაზღვრული პოლიტიკის პრაქტიკულ რეალიზაციაში, აღსრულებაში გამოიხატება. მათი თავისუფალი მოქმედების არეალი გაცილებით ვიწროა, ვიდრე პოლიტიკური თანამდებობის შემთხვევაში და უმთავრესია, რომ მოქმედება და ფუნქციების განხორციელება დაკავშირებულია კანონმდებლობით გაწერილ არა მხოლოდ პროცესუალურ, არამედ შინაარსობრივ ჩარჩოებთან. სწორედ ამ განსაზღვრულ ფარგლებში მოქმედებს პროფესიული თანამდებობის მქონე პირი, რომლის ფუნქციებშიც ნაკლებადაა მიზანშეწონილობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები და კონკრეტული დისკრეციული უფლებამოსილებები უმთავრესად კანონის მიერ არის ზღვარდადებული და არ მოიცავს პოლიტიკური მიზანშეწონილობის ფარგლებში, პოლიტიკური პასუხისმგებლობით გადაწყვეტილებების მიღებას.

პროფესიული თანამდებობის პირების საქმიანობა უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას და ის კონკრეტულ სფეროში უფლებამოსილებათა შესრულებას გულისხმობს. განსხვავებით პოლიტიკური თანამდებობის პირებისაგან, პროფესიული თანამდებობის პირების შემთხვევაში აუცილებელია, რომ მათზე დაკისრებული ფუნქციები განახორციელოს შესაბამისი ცოდნის, პროფესიის, კვალიფიკაციისა თუ სხვა შესაბამისი მახასიათებლების მქონე ადამიანმა. აღნიშნულის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს მასზე დაკისრებული ფუნქციების არაეფექტური განხორციელება, რაც, საბოლოოდ, კონკრეტული სახელმწიფო დაწესებულების არაეფექტურ ფუნქციონირებაში პოვებს გამოხატულებას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს, საქმიანობას ახორციელებდნენ საკუთარი ფუნქციების საუკეთესოდ შემსრულებელი მოქალაქეები.

განსხვავებულია პროფესიული ნიშნით განწესებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხიც. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროფესიული თანამდებობის პირები არ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არ ხდება მათ მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება. ასეთი თანამდებობის პირის მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულება მხოლოდ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს.

აშკარაა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობა პოლიტიკური და პროფესიული თანამდებობის პირებს, ამ თანამდებობათა შინაარსსა და ფუნქციებს შორის. აღნიშნული სხვაობა გავლენას ახდენს იმ კონსტიტუციურ სტანდარტებზე, რომლებიც ამ თანამდებობის პირთა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების, მისი განხორციელებისთვის არის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დადგენილი. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, უფლების შეზღუდვის საფუძვლები, ნებისმიერი თანამდებობის პირის მიმართ, ვერ იქნება იდენტური და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს თავად ამ თანამდებობის ბუნების, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, საკითხი ეხება პოლიტიკურ თუ პროფესიულ თანამდებობის პირებს.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი წარმოადგენს ადამიანის ძირითადი უფლების დამდგენ დებულებას, რომელიც ითვალისწინებს გარანტიას ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისათვის, საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაუბრკოლებლად მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში საჯარო უფლებამოსილების განხორციელების გზით. იმავდროულად, კონსტიტუციის დასახელებული მუხლით ხდება გარანტირება ნებისმიერ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის, რომ დაცული იქნება ამ თანამდებობიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან. პოლიტიკური და პროფესიული საჯარო მოხელეების არსის განმარტებასა და მათი გამიჯვნის საკითხზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნებისმიერი საჯარო მოხელის მიმართ კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები არ არის იდენტური.“

საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/626, 17 ოქტომბერი, 2017

Back to Top

%d bloggers like this: