მუხლი 30

„საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი შეეხება შრომის თავისუფლებას და შრომითი უფლებების დაცვის საკითხებს. ამ მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ შრომის თავისუფლებას, ე.ი. თავისუფალი შრომის უფლებას. შრომა თავისუფალია – ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო. შრომა თავისუფალია ნიშნავს აგრეთვე იმას, რომ სახელმწიფო უკვე აღარ იღებს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებას. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უარი თქვას უკვე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვაზე. ე.ი. სახელმწიფო უარს ამბობს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებაზე, მაგრამ კისრულობს ვალდებულებას, დაიცვას დასაქმებულ მოქალაქეთა შრომითი უფლებები. ამაზე მეტყველებს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი, სადაც ნათქვამია: „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით.“ როგორც კონსტიტუცია ადგენს, მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვა უნდა მოხდეს კანონით, ე.ი. კანონი უნდა იცავდეს მოქალაქეთა შრომით უფლებებს. უფრო მეტიც, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, დაიცვას თავის მოქალაქეთა შრომითი უფლებები არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთაც. ამაზე მეტყველებს ამავე მუხლის მესამე პუნქტი, სადაც ჩაწერილია: „შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ.“

ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/80-9, 3 ნოემბერი, 1998

 

“ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა ვერ ჩაითვლება „შრომად“ და არ ექვემდებარება დაცვას კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე. „შრომად“ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით ემსახურება ადამიანის ცხოვრების საფუძვლის შექმნასა და შენარჩუნებას. შრომა, ერთი მხრივ, წარმოადგენს ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის, ხოლო მეორე მხრივ, პიროვნული თვითრეალიზაციისა და განვითარების საშუალებას. ადამიანის პროფესიული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე მიმართულებას, მაგრამ საქმიანობის ნაწილი წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს მაშინ, როდესაც ის განგრძობადი და მატერიალური შემოსავლის მომტანია ან მისი ჩამოცილებით აღარ იარსებებდა შემოსავლის მომტანი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება.“

საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, №2/2-389, 26 ოქტომბერი, 2007

 

„საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება ასევე დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმადაც „შრომა თავისუფალია“.  კონსტიტუციის 30-ე მუხლის, ისევე  როგორც 29-ე მუხლის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს პირთა შესაძლებლობა, კანონით გათვალისწინებული წესით დასაქმდნენ, დაიკავონ ესა თუ ის თანამდებობა საკუთარი უნარის, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების ადეკვატურად და შეუფერხებლად განახორციელონ შრომითი საქმიანობა.  ამავე დროს, ამ ორ მუხლს შორის არსებობს პრინციპული სხვაობა, რაც განსაზღვრავს მათი მოქმედების ფარგლებს.  

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებების შინაარსი, მათი ფარგლები განსხვავებულია. საქართველოს კონსტიტუციის  დასახელებული დებულებებიდან, რომლის დაცვის ქვეშ ექცევა ესა თუ ის სამართლებრივი ურთიერთობა, დამოკიდებულია პირის საქმიანობის სფეროსა და სამუშაოს სპეციფიკაზე. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისთვის სასამართლო არ დგას აღნიშნული მუხლების ფარგლების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ნორმატიულ აქტს შემხებლობა ჰქონდეს ერთდროულად კონსტიტუციის ორივე ზემოაღნიშნული მუხლით გარანტირებულ უფლებასთან.

როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი უკავშირდება პირის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს საქმიანობა საჯარო სფეროში, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, განახორციელოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ დელეგირებული ესა თუ ის უფლებამოსილება. ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციის 29-ე მუხლი, 30-ე მუხლისგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ მოთხოვნებს აწესებს და მისი მოქმედების არეალი შემოიფარგლება სახელმწიფო სამსახურით, საჯარო სფეროთი, იგი არ უკავშირდება კერძო სექტორს. ამის საპირისპიროდ, კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს კერძო სექტორში წარმოშობილი შრომითი ურთიერთობების დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტებს.“

საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/569, 11 აპრილი, 2014

 

„კონსტიტუციის 30-ე მუხლის დანაწესი მიზნად ისახავს შრომის თავისუფლების გარანტირებას, რაც ერთი მხრივ კრძალავს იძულებით შრომას, ხოლო მეორე მხრივ, ავალდებულებს კანონმდებელს, შექმნას ადამიანის არჩევანის ფარგლებში შრომის თავისუფლების უზრუნველყოფის შესაბამისი საკანომდებლო გარანტიები. შრომითი პროცესი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია დამსაქმებლის დავალების ფარგლებში არაერთჯერადად სამუშაოს შესრულებასთან. იგი მართალია ხორციელდება ორ სამართლებრივად თანასწორ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა ამავე დროს ახასიათებს დაქვემდებარებული ხასიათი. შრომითი ხელშეკრულების დადებისას მხარეები მოქმედებენ საკუთარი ნების შესაბამისად, თუმცა აშკარაა, რომ დამსაქმებელს უფრო მეტი საბაზრო ძალაუფლება და შრომითი ხელშეკრულების პირობებზე მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია დასაქმებულთან შედარებით. ადამიანის ღირსეული ცხოვრება ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამუშაოს შესრულებასა და ამ სამუშაოსათვის ანაზღაურების მიღებაზე, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან მომდინარე რისკები ხშირ შემთხვევაში უფრო მტკივნეულად აისახება დასაქმებულზე, მისი კეთილდღეობა შეიძლება დიდწილად დამოკიდებულიც იყოს სამუშაოს შესრულებიდან მიღებულ ანაზღაურებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში სრული სახელშეკრულებო თავისუფლების დადგენამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი დასაქმებულის მიერ შრომის თავისუფლების უფლების განხორციელებას.“

საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/565, 19 აპრილი, 2016

 

„შრომის თავისუფლება, უდავოდ, ფარავს პირის უფლებას, შეთანხმდეს იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მას სურს და მისთვის არის მისაღები, ხოლო შრომის შედეგად მიღებულ შემოსავალზე პირის სასიცოცხლო დამოკიდებულებამ შეიძლება შექმნას ვითარება, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული იძულებული გახდება, დათანხმდეს მისთვის შემოთავაზებულ, აშკარად კაბალურ სამუშაო პირობებს, რაც სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დასაქმებულისათვის სამართლებრივი თვალსაზრისით, თავისუფალი არჩევანის არსებობის მიუხედავად, რეალურად შეიძლება შრომით იძულებას წარმოადგენდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანთა შრომის თავისუფლების გარანტირებისათვის, გარკვეულ შემთხვევაში, საჭიროა შრომითი ურთიერთობების სახელმწიფოს მიერ რეგულირება, დასაქმებულის დასაცავად გარკვეული იმპერატიული ნორმების დადგენა, რომელიც დაიცავს მას დამსაქმებლის თვითნებობისაგან და გამორიცხავს დამსაქმებლის შესაძლებლობას, აიძულოს დასაქმებულები, იმუშავონ მათ ღირსებასა და შრომის თავისუფლებასთან არათავსებად პირობებში.“

საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/565, 19 აპრილი, 2016

 

„საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცული შრომის თავისუფლება მჭიდრო კავშირშია ადამიანის სიცოცხლესა და მის ღირსეულ ყოფასთან. როგორც წესი, მისი განხორციელება ასოცირდება და უზრუნველყოფს მატერიალურ კეთილდღეობას, თუმცა დაუშვებელია, შრომის უფლების რეალიზაცია მხოლოდ შემოსავლის მიღების წყაროდ იქნეს აღქმული. შრომის პროცესში ადამიანი ახდენს საკუთარი უნარ-ჩვევების გამოყენებას, მათ საკუთარი, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად წარმართვას. ეს არის პროცესი, რომლის საშუალებითაც მისი განმახორციელებელი ახდენს სოციალიზაციას, საკუთარი თავის, იდეების, შესაძლებლობების ერთგვარ რეალიზაციას. პიროვნების განვითარებისთვის არსებითია, თავი იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან, საჭირო წევრად, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის პიროვნებას. შესაბამისად, ეს უფლება გადაჯაჭვულია პიროვნული განვითრების უფლებასთან. შრომის თავისუფლების განხორციელება, ბუნებრივია, არა ერთადერთი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პირის დამოუკიდებლობისათვის.“

საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/565, 19 აპრილი, 2016

 

„დასაქმებულის დასაცავად დამსაქმებლის იმპერატიული ნორმებით შეზღუდვა არ არის შრომის უფლების გარანტირების ერთადერთი მექანიზმი.“

საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/565, 19 აპრილი, 2016

 

„შრომითი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა, ხოლო მისი იმპერატიული ნორმებით რეგულირება სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებს ამცირებს. შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ძალაუფლებრივი დისბალანსის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს მიერ დასაქმებულთა ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკების  უნარის გაძლიერება შეიძლება უფრო ეფექტური და სამართლიანი მექანიზმი იყოს საკანონმდებლო აკრძალვების დაწესებასთან შედარებით. შრომითი უფლებების დაცვა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დამსაქმებლისათვის გარკვეული აკრძალვების დაწესებას, ასევე დასაქმებულთა კერძო ინიციატივას. შესაბამისად, კანონით შრომის უფლებების დაცვისა და ამავე დროს შრომითი სახელშეკრულებო თავისუფლების უზრუნველყოფას შორის საუკეთესო ბალანსის დასაცავად მნიშვნელოვანია დამსაქმებელზე ზემოქმედების ძირითადი წყარო იყოს არა საკანონმდებლო აკრძალვები, არამედ დასაქმებულთა კერძო ინიციატივა პროფესიული კავშირების, კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმების თუ სხვა თვალსაზრისით.“

საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/565, 19 აპრილი, 2016

Back to Top

%d bloggers like this: