მუხლი 31

„საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამოხატავს ერთგვარ სოლიდარობას სახელმწიფოს მხრიდან მისი შემადგენელი ტერიტორიული კორპორაციების მიმართ. ამ თვალსაზრისით, ურთიერთობას ორი სუბიექტი ჰყავს სახელმწიფოსა და ტერიტორიული კორპორაციის სახით და ამ ურთიერთობაში ფიზიკური პირის პირდაპირი მონაწილეობა კონსტიტუციით არ მოიაზრება. კონსტიტუციის 31-ე მუხლი სოციალური სახელმწიფო პრინციპის ერთერთ გამოხატულებას წარმოადგენს. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის. სახელმწიფოს ამ მიმართულებით მოქმედების ფართო არეალი გააჩნია. სუბიექტური უფლებები, გარკვეული სოციალური რეგულირების მოთხოვნა და კონკრეტული მოვალეობები კანონმდებლისათვის სოციალური სახელმწიფოს ცალკე აღებული პრინციპიდან არ გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ არის 31-ე მუხლის პირველი წინადადება, რომელიც მიმართულია ქვეყნის მთელი მოსახლეობისათვის ცხოვრების თანაბარი პირობების შექმნაზე, ნაკლებად პრეტენზიული სახელმწიფოს მიმართ. აქ საუბარია “ზრუნვაზე” სახელმწიფოს მხრიდან და არა “ვალდებულებაზე”, რომელიც ეკისრება სახელმწიფოს. შესაბამისად, 31-ე მუხლის პირველი წინადადება არის სახელმწიფოს მიზნის დამდგენი ნორმა, რომელიც არ არის მოვალეობა, მაგრამ, ამავდროულად, არ არის მხოლოდ დეკლარაციული და პროგრამული დანაწესი. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი წინადადება არ ადგენს ძირითად უფლებას, მის შინაარსსა და ფარგლებს. აქ საუბარია სახელმწიფოს სამომავლო მოქმედებებზე და არა რეალურად არსებულ, აღიარებულ და გარანტირებულ ძირითად უფლებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი ძირითად უფლებას კი არა ადგენს, არამედ ერთი მხრივ სახელმწიფო სოლიდარობასა და მეორე მხრივ კი – სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის გამოხატულებაა.“

საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/392, 31 მარტი, 2008

Back to Top

%d bloggers like this: