მუხლი 35

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რო განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ძირითად სოციალურ უფლებასა და ცივილიზებული კაცობრიობის აღიარებულ ღირებულებას. საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 35) და საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, კერძოდ, 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და 1966 წლის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი ღირსეულ ადგილს მიაკუთვნებენ ამ უფლებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სისტემაში. 1966 წლის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის თანახმად (მუხლი 13), სახელმწიფო, განათლების უფლების სრულად რეალიზებისათვის, უნდა ესწრაფვოდეს, უზრუნველყოს განათლების მიღების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ყველა საჭირო ღონისძიებათა განხორციელების გზით, მათ შორის, უფასო და სავალდებულო დაწყებითი განათლების დამკვიდრების, საშუალო განათლების სხვადასხვა ფორმების და უფასო საშუალო განათლების თანდათან შემოღების გზით.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/35, 29 დეკემბერი, 1997

 

„მიუხედავად იმისა, რომ უფასო ზოგადი განათლების მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება აბსოლუტური არ არის. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, განათლების უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ამოწურვადი რესურსების დაზოგვა, ზოგადად, შეიძლება წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს. ყურადსაღებია, რომ სახელწიფოს გააჩნია საკმაოდ ფართო მიხედულების ზღვარი, მაშინ როდესაც საქმე უკავშირდება შეზღუდვად რესურსებს და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარებას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი, როგორიც სახელმწიფო ბიუჯეტია, პირველ რიგში, ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ რეალიზაციას უნდა მოხმარდეს.“

რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/540, 12 სექტემბერი, 2014

 

„ზოგადი განათლების დაფინანსება უბრალო პრივილეგიად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებით, როგორც პირი, ისე სახელწიფო სარგებლობს, ანუ განათლების მიღებას გააჩნია გაცილებით უფრო ფართო სოციალური ფუნქცია და, მეორე მხრივ, განათლება კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც პირდაპირ დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით.

ნიშანდობლივია, რომ სწავლის საფეხურის ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფოს მიხედულების ზღვარი განათლების დაფინანსების თვალსაზრისით. გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების უფლებასთან მიმართებით თავად კონსტიტუცია ადგენს სპეციალურ სუბიექტს საქართველოს მოქალაქის სახით. ის ფაქტი, რომ კონსტიტუცია განსაზღვრავს დაწყებითი და საბაზო განათლების სავალდებულობას და საშუალო განათლების უსასყიდლოდ მიღების უფლების საყოველთაო ხასიათს, თავისთავად მიუთითებს სახელმწიფოსთვის საქართველოში მცხოვრები უცხოელების ზოგადი განათლების უზრუნველყოფის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

დაწყებითი განათლების მიღების დროს პირი სწავლობს ელემენტარულ არითმეტიკას, წერა-კითხვას და სხვა ისეთ უნარებს, რომლებიც ფასდაუდებელია მისი აზროვნების ჩამოყალიბების პროცესში. იგივე შეიძლება ითქვას მთლიანად საშუალო განათლებაზეც. იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფოს მიზანია „ცოდნაზე დაფუძნებული“ საზოგადოების შექმნა, საშუალო განათლების როლი ინდივიდის განვითარებაში მნიშვნელოვნად იზრდება. ცხადია, რომ თანამედროვე საზოგადოებაში მხოლოდ ელემენტარული ცოდნისა და უნარების ქონა წარმატებული პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, პერსპექტივაში სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირისთვის ასეთი უფლების შეზღუდვას მნიშვნელოვანი რისკები მოჰყვება. განათლების უფლების შეზღუდვა ინდივიდს ხელს უშლის სოციალურ, ეკონომიკურ, ინტელექტუალურ და ფსიქოლოგიურ სფეროში განვითარებას. წერის და კითხვის არცოდნა შეუფასებელ ზიანს აყენებს ინდივიდს ყოველდღიურ ცხოვრებაში. განათლების მიღების უფლების შეზღუდვის შემთხვევაში ხდება მოზარდის დისკრედიტაცია და უსწავლელობის სტიგმა გაჰყვება მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკით ჩნდება რისკი, რომ წარმოიქმნას ე.წ. „ჩრდილქვეშ მყოფი საზოგადოება”, რომელიც მუდმივად იცხოვრებს ქვეყნის ტერიტორიაზე.

ამასთანავე, ვერ დავუშვებთ იმის ვარაუდსაც, რომ საქართველოში მცხოვრები უცხოელები საქართველოს ტერიტორიაზე არ გადაწყვეტენ დარჩენას. აქედან გამომდინარე, ზოგადი განათლების შეზღუდვამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს სახელმწიფოსთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება, ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე,  მეორე მხრივ კი კრიმინოგენულ მდგომარეობაზე. განათლების უფლების შეზღუდვის გზით რესურსის დაზოგვა ხშირად არათანაზომიერია იმ მოსალოდნელი ხარჯებისა, რომლის გაღებაც სახელმწიფოს მოუწევს აღნიშნული პირების გამო მომავალში.“

რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/540, 12 სექტემბერი, 2014

Back to Top

%d bloggers like this: