მუხლი 36

„ქორწინების თავისუფლება არის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული ადამიანის დაბადებითი თავისუფლების ერთ-ერთი ასპექტი. ადამიანის თავისუფლება გულისხმობს დისკრეციას, იცხოვროს და გააკეთოს არჩევანი საკუთარი ნების შესაბამისად. მისი თავისუფლება მხოლოდ სხვების თავისუფლებით არის შეზღუდული საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.“

საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/425, 23 ივნისი, 2008

„დემოკრატიული საზოგადოება თავისუფალი ინდივიდებისაგან შედგება. ამ საზოგადოებაში კონსტიტუციურსამართლებრივი წესრიგის უპირველესი ამოცანაა პიროვნების თავისუფლების, მისი თავისუფალი განვითარების  უზრუნველყოფა. თავისუფალი განვითარების უზრუნველყოფა. თავისუფალი ინდივიდების საზოგადოება არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხერხემალი, და მისი წარმატებული განვითარების აუცილებელი წინაპირობა და გარანტია საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის თავისუფლებაზე, მის თავისუფალ განვითარებაზე ყურადღებას ამახვილებს როგორც ზოგადად, ასევე, კონკრეტულად, საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეულ სფეროებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც “ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”.

საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/425, 23 ივნისი, 2008

 

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს საქართველოში დაქორწინების მსურველი უცხოელისაგან მისი ქვეყნის სათანადო ორგანოების გაცემულ ცნობას ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ.

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: “ქორწინების თავისუფლება დიდი ხანია აღიარებულია, როგორც თავისუფალი ადამიანის მიერ ბედნიერების ძიებისთვის უმნიშვნელოვანესი პერსონალური უფლება.”

საქმეზე ჰამერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ სასამართლომ განმარტა, რომ შესაძლებელია სახელმწიფო ჩაერიოს ქორწინების ისეთ პირობებში, როგორიცაა ქმედუნარიანობა, თანხმობა და ნათესავებს შორის ქორწინების აკრძალვა. სხვაგვარი ჩარევა გაუმართლებელია, რადგან ეს იქნება არსებითი ჩარევა, რაც ზღუდავს ადამიანის უფლებას გაუმართლებლად, ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის გარეშე.“

საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/425, 23 ივნისი, 2008

„გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ქორწინება არ არის მხოლოდ ქონებრივი შედეგების წარმომშობი სამოქალაქო გარიგება. ქონებრივი შედეგების გარდა, ქორწინება  წარმოშობს მნიშვნელოვან პირად არაქონებრივ უფლებებს. კერძოდ, მეუღლეები იძენენ ერთმანეთის გვარის გამოყენების შესაძლებლობას, გამარტივებულად დგინდება დაქორწინებული მეუღლეების შვილის  წარმოშობა და ა.შ.

ამავე დროს, ქორწინება არის მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუტი, რომელიც შესაბამის სტატუსს სძენს პირების ურთიერთობას. როგორც აღინიშნა, სამართლებრივად დადგენილი ფორმით ქორწინებას პირთა ურთიერთობის ლეგიტიმაციის ფუნქცია გააჩნია და მნიშვნელოვანწილად უკავშირდება მათი ქორწინებისა და თანაცხოვრების აღიარებას საზოგადოების მხრიდან.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

Back to Top

%d bloggers like this: