მუხლი 41

„საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი არ გულისხმობს ინფორმაციის ისეთ თავისუფლებას, რაც შეიძლება გახდეს სხვისი უფლებებისა თუ თავისუფლებების, ანდა სამართლებრივად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი შეზღუდვის საფუძველი.“

საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბახტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/209,276, 28 ივნისი, 2004

 

„სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლი ღიად მიიჩნევს სახელმწიფო დაწესებულებებში დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას და ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აძლევს მათი გაცნობის შესაძლებლობას, სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციულ თვითგამორკვევისა და პირის თავისუფლად განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა.

საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიური ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას – გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოს.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/364, 14 ივლისი, 2006

 

„კონსტიტუციის 41-ე მუხლი არ აწესრიგებს ინფორმაციის მოპოვებას საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან. სახელმწიფო დაწესებულებები არ წარმოადგენენ ამგვარ წყაროებს. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის ყურადღების ცენტრში მოქცეულია სწორედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეჟიმი, რათქმაუნდა, განსხვავდება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის წყაროებიდან ინფორმაციის მიღების სამართლებრივი რეჟიმისაგან.“

საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/406,408, 30 ოქტომბერი, 2008

 

„ინფორმაციის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების გამოვლინებაა.

სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება უზრუნველყოფს მოქალაქეთა ეფექტურ მონაწილეობას ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უმთავრეს მოთხოვნას.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, №1/4/757, 27 მარტი, 2017

 

„სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოში ღია მმართველობის განხორციელებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების დამკვიდრებისა და შენარჩუნებისათვის.  აღნიშნული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა შესაძლებელი გახადოს საჯარო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებულობა. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირს  შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილე. ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, №1/4/757, 27 მარტი, 2017

„ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი უფლებების თანაარსებობა პარადოქსი არ არის. ადამიანის უფლებებს შორის კოლიზია ან კონკურენცია თავისთავად არ ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ურთიერთობის რომელიმე უფლების დაცულ სფეროში მოქცევა გამორიცხავს მისი მეორე, დაპირისპირებული უფლებით დაცულობას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი იცავს ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, თავისთავად არ მიუთითებს, რომ ასეთ ინფორმაციაზე წვდომა არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ვერ გაიზიარებს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილებაში გამოხატულ პოზიციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი „„ტაბუს ადებს“ ინფორმაციას მისი კერძო სფეროსადმი კუთვნილების ნიშნით“. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ მოითხოვს, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, სრულად დახურული უნდა იყოს. პირიქით, ამავე კონსტიტუციურ დებულებაში მითითებულია ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობაზე – კანონით დადგენილი შემთხვევებში, როდესაც ეს აუცილებელია „სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“. შესაბამისად, შესაძლებელია, ეს უფლება სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავადაც შეიზღუდოს. იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ითხოვს სხვა პირის კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, ერთმანეთს უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლებები, რომელთა კონფლიქტის საკითხი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ამ უფლებების დაბალანსების გზით, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად უნდა გადაწყდეს“.

ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/752, 14 დეკემბერი, 2018

 

„საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია პირის უფლება, მიიღოს ოფიციალურ დოკუმენტებში არსებული, მათ შორის, ისეთი ინფორმაციაც, რომელიც უკავშირდება სხვა პირის ჯანმრთელობას, ფინანსებს ან სხვა კერძო საკითხებს. აღნიშნული უფლებისა და საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების კონკურენცია ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით“.

ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/752, 14 დეკემბერი, 2018

 

„აშკარაა, რომ სადავო ნორმით ხდება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული საჯარო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტებზე წვდომის ზოგადი უფლების შეზღუდვა. იგი არ არეგულირებს, თუ რა ფორმით და მექანიზმებით უნდა უზრუნველყოს სახელწიფომ გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვება და საზოგადოებისათვის მიწოდება. ამდენად, ხსენებული სადავო ნორმა არ აბრკოლებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების განხორციელებას. ამავე დროს, ნორმა არ ამცირებს გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და მოსახლეობისათვის მიწოდების სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულების ფარგლებს. უფრო მეტიც, სადავო ნორმა საერთოდ არ არეგულირებს გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და საზოგადოებისათვის მიწოდების სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების განხორციელების წესსა და პირობებს“.

ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/752, 14 დეკემბერი, 2018

 

Back to Top