მუხლი 53

„კერძო და საჯარო ინტერესთა კონფლიქტის ნებისმიერ ვითარებაში, ეს კონფლიქტი უნდა მოიხსნას და არჩევანი გაკეთდეს რომელიმე ინტერესის სასარგებლოდ. თანამდებობის პირის ვალდებულება-შორს დაიჭიროს თავი ინტერესთა კონფლიქტისგან, წარმოადგენს მის არა მარტო სამართლებრივ, არამედ ეთიკურ-ზნეობრივ ვალდებულებასაც, რაც მისი საქმიანობის განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარეობს. საჯარო სამსახური ავალდებულებს პიროვნებას აცნობიერებდეს აღნიშნული ვალდებულების არსს და მოქმედებდეს მის შესაბამისად.
აღნიშნული ვალდებულება თანაბრად ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრებზეც – სახელისუფლებო სისტემაში მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება მომეტებულადაც კი. ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სპეციალური კანონმდებლობა საგანგებოდ აწესრიგებს საქართველოს პარლამენტის წევრის სამსახურებრივი შეუთავსებლობის შემთხვევებს.“

საქართველოს მოქალაქე ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/2/378, 13 ივლისი, 2006

„სამეწარმეო საქმიანობასთან პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას, ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.
რაც შეეხება კონსტიტუციურ-სამართლებრივ ურთიერთობებს, ამ თვალსაზრისით, კერძოდ, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის პოზიციიდან, სამეწარმეო საზოგადოებაში დეპუტატის ხელმძღვანელობითი საქმიანობა შეიძლება განხილული იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სამეწარმეო საქმიანობად.
საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლიდან გამომდინარე, მისი გონივრული განმარტება უნდა გულისხმობდეს დეპუტატის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დაუშვებლობას არა მარტო ფორმალური- კანონის მოთხოვნათა საფუძველზე დანიშნული დირექტორის სახით, არამედ იმ პირის მიერაც, რომელიც, მართალია, არ არის დირექტორი, მაგრამ ფაქტობრივად ახორციელებს დირექტორის ფუნქციას.“

საქართველოს მოქალაქე ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ  №1/2/378, 13 ივლისი, 2006

„საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მიზანმიმართულობა ისეთია, რომ პარლამენტის წევრმა არ გამოიყენოს თავისი ძალაუფლება პირადი ინტერესების სასარგებლოდ და საზოგადო ინტერესების საზიანოდ. კონსტიტუციურ- სამართლებრივად შეფასებას მოკლებული ვერ იქნება საწარმოს ხელმძღვანელის უფლებამოსილების ფაქტობრივი განხორციელება. როცა საუბარია დეპუტატის მხრიდან სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობაზე, მართლწესრიგისათვის მიუღებელია ამ საქმიანობის არა მარტო ჩვეულებრივი სახით (ფორმალური ნიშნების დაცვით) განხორციელება, არამედ ფაქტობრივი განხორციელებაც. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოში ფორმას არა აქვს დამოუკიდებელი დატვირთვა და ამდენად, ფორმა არ არსებობს ფორმისათვის. ნებისმიერი ფორმის უკან დგას კონკრეტული შინაარსი და მართლწესრიგისათვის მთავარია ამ შინაარსის განხორციელება ან არგანხორციელება. როცა ეს შინაარსი სინამდვილედ იქცევა ფორმის გარეშე, ის, ცხადია, ვერ იქნება მოკლებული შეფასებაუნარიანობას. როცა დაუშვებელ საქმიანობაზეა საუბარი, საჯარო წესრიგისათვის საშიში იქნება ფაქტობრივი სინამდვილის იგნორირება და არსებულად მხოლოდ იმის აღიარება, რაც მხოლოდ ფორმალურად არსებულია. ასეთი მიდგომა ხელ-ფეხს გაუხსნიდა თანამდებობის პირებს, განეხორციელებინათ სამეწარმეო საქმიანობა და ფორმის არარსებობის მოტივით ემართლებინათ თავი. ამდენად, ის, რაც ფორმის დაცვითაც მიუღებელია, ივარაუდება, რომ ფაქტობრივადაც მიუღებელია. როცა თანამდებობის პირი არ შეიძლება იყოს საზოგადოების დირექტორი, ივარაუდება, რომ მას ეკრძალება შესაბამისი ფაქტობრივი ხელმძღვანელობითი საქმიანობაც.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ ფაქტობრივი სინამდვილე მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს უარყოფითი შეფასების ობიექტი, როცა იგი აკმაყოფილებს გარკვეულ რაოდენობრივ-თვისებრივ მონაცემებს. მაშინ, როცა პარლამენტის წევრს მხოლოდ დირექტორად დანიშვნის ფაქტია საკმარისი ინტერესთა კოლიზიისათვის (ვინაიდან დირექტორი გარკვეული ფუნქციური სუბიექტია), არაფორმალური ხელმძღვანელობის აღიარებისათვის უნდა არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები.“

საქართველოს მოქალაქე ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/2/378, 13 ივლისი, 2006

Back to Top

%d bloggers like this: