მუხლი 7

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან ერთად, სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს აგრეთვე, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მე-8 და მე-7 მუხლებით და „პარიზის ქარტიის“ ზემოთ აღნიშნული დებულებით.  ამასთან გასათვალისწინებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, რომლის ძალითაც „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“ „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა“ და „პარიზის ქარტიის“ ზემოთ აღნიშნული დებულებები მიეკუთვნებიან ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, რომლებიც კონსტიტუციის მე-7 მუხლის ძალით უშუალოდ მოქმედებენ საქართველოში.“

საქართველოს მოქალაქეები ლევან შარაშენიძე, დავით წიკლაური და სხვები საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, №1/3/113, 5 დეკემბერი, 2001

 

 „ეს ნორმა შეიძლება ჩაითვალოს თანაზომიერების პრინციპის ზოგად საფუძვლად, თუმცა, ამომწურავად არ განსაზღვრავს მის მნიშვნელობას. ის კონკრეტულ შინაარსს ზუსტად საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში იძენს, რადგან თანაზომიერების პრინციპი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარმოადგენს განმსაზღვრელ კრიტერიუმს ამა თუ იმ ნორმატიული აქტით ადამიანის უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების და, შესაბამისად, კონსტიტუციურობის დადგენისას.

თავისთავად ეს უფლებები, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან მათი ფარგლების თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად დადგენა და დაცვის ადეკვატური პროცედურებით უზრუნველყოფა, უშუალოდ უკავშირდება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და განსაზღვრავს მის არსს.“

საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/3/393,397, 16 დეკემბერი, 2006

 

„ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება, ძირითად უფლებებში გამოიხატება. ეს უფლებები იმით გამოირჩევიან, რომ წარმოადგენენ ადამიანის თანდაყოლილ და არა ნაწარმოებ უფლებებს. ადამიანი იბადება ამ უფლებებით, რაც საფუძველშივე ავალდებულებს სახელმწიფოს, ადეკვატურად უზრუნველყოს ყოველი ადამიანის პიროვნული თავისუფლების სრული თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. იმავდროულად, ეს გარემოება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახელმწიფოს უფრო მეტ სიფრთხილეს და ზომიერებას უფლებაში შესაძლო ჩარევისა და რეგულირების ფარგლების დადგენისას.

საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას.

იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინა პირობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცული, გარანტირებული კერძო ინტერესი უზრუნველყოფს საჯარო ინტერესების დაკმაყოფილებასაც. ბუნებრივია, რაც უფრო მყარია საკუთრების უფლების გარანტიები, მით თავისუფალი და თამამია კერძოსამართლებრივი ურთიერთობები, შესაბამისად, უფრო რეალურად მიღწევადია დასახელებული საჯარო ინტერესებიც. იმავდროულად, კონკრეტული კერძო ინტერესების დაკმაყოფილებაც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დაცულ საჯარო ინტერესებზე.

თანამედროვე სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პრიორიტეტების სწორად და სამართლიანად განსაზღვრა, ხელისუფლებისა და ადმიანის ურთიერთობის გონივრულად დაბალანსებული სისტემის შექმნა. ეს, პირველ რიგში, გამოხატულებას პოვებს ყოველი კონკრეტული უფლების შინაარსისა და ფარგლების ადეკვატურ საკანონმდებლო განსაზღვრაში.

საკუთრების უფლებას, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. კერძოდ კი : ა) მისი ძირითადი პრინციპები რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფოს განვითარების მიმართულებას და ხელისუფლების ადამიანთან შესაძლო ურთიერთობის შინაარსს, ეს პრინციპებია : დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება,  სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ხელისუფლების ადამიანთან ურთიერთობის შინაარსის განმსაზღვრელი ნორმა-პრინციპი მოცემულია ასევე კონსტიტუციის მე-7 მუხლში.

ბ) უშუალო საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში.“

საქართველოს მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/2/384, 2 ივლისი, 2007

 

დემოკრატიის პრინციპს უკავშირდება ძირითადი უფლების, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლის, აღიარება კონსტიტუციის მიერ. კონსტიტუციის მე-7 მუხლი ადგენს ხელისუფლების განხორციელებისას ხალხისა და სახელმწიფოს შეზღუდვას ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ეს ჩანაწერი ძირითად უფლებებს ანიჭებს ხელისუფლების მბოჭავ ძალას, იცავს ადამიანს სახელისუფლებლო თვითნებობისაგან. ამგვარი მიდგომის არარსებობის შემთხვევაში, კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს მხოლოდ დეკლარაციული დატვირთვა ექნებოდა, იქცეოდა გამოფიტულ წინადადებად, ადამიანი მოკლებული იქნებოდა კონსტიტუციურ-სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო სახელმწიფოს კი თვითნებური მოქმედებებისა და ძირითადი უფლებების იგნორირების უკიდეგანო შესაძლებლობები მიეცემოდა, რასაც ისტორიული გამოცდილებაც ადასტურებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის მე-7 მუხლი არ ითვალისწინებს კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმების მასშტაბებს, რამდენადაც ადგენს ხელისუფლების ბოჭვას და არა ძირითადი უფლების შინაარსს.“

საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, N2/2-389, 26 ოქტომბერი, 2007

 

ეს არის ერთ-ერთი ფუძემდებლური ნორმა-პრინციპი, რომელიც იძლევა ადამიანის უფლებების მასშტაბისა და მნიშვნელობის შეგრძნების შესაძლებლობას, განაპირობებს მთლიანად კონსტიტუციის და განსაკუთრებით, კონსტიტუციური უფლებების განმარტებისა და გამოყენების ფარგლებს.

მე-7 მუხლში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დანიშნულებაზე, არსზე – ისინი წარმოადგენენ „წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს“.  ეს უფლებები ადამიანის თანმდევია და გააჩნია იმიტომ, რომ ის ადამიანია. მათ გარეშე ადამიანი ვერ იქნება სახელმწიფოს არსებობის მიზანი. სახელმწიფოს არ შეუძლია მიანიჭოს ან წაართვას ადამიანს ძირითადი უფლებები, რადგან ის არ არის უფლებამოსილი შეცვალოს ადამიანის არსი.

კონსტიტუციის მე-7 მუხლი ძირითად უფლებებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს უწოდებს. საყოველთაოდ აღიარება, თავისთავად, უფლებას დამატებით შინაარსს არ სძენს, ასეთი ჩანაწერი მხოლოდ ხაზგასმით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ძირითადი უფლებების თაობაზე არსებობს საერთაშორისო, საყოველთაო თანხმობა, რომ ისინი ყოველი ადამიანის „წარუვალი და უზენაესი.. ღირებულებებია“.  ბუნებრივია, ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ყველა უფლება ადამიანს ერთნაირად შეუზღუდავად აქვს. ამა თუ იმ ნიშნით დიფერენცირება და უფლებათა შეზღუდვა, მათ შორის პირთა წრის მიხედვით, შესაძლებელია, მაგრამ იმ ზღვრამდე, სანამ ეს თავად უფლებას არ დაუკარგავს არსს.

კონსტიტუციის მე-7 მუხლი ადგენს სახელმწიფოს ორ ვალდებულებას : 1) ცნოს და 2) დაიცვას ადამიანის უფლებები. თავად უფლებების არსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ მათი ცნობა, პირველ რიგში, გულისხმობს მათი, როგორც ყოველი ადამიანის თანმდევი სიკეთის აღიარების ვალდებულებას. დაცვა კი გულისხმობს ამ უფლებებით სრულყოფილად სარგებლობის უზრუნველმყოფელი ყველა საჭირო ბერკეტის გარანტირებას, მათ შორის, ამ უფლებების სასამართლოში დაცვის შესაძლებლობის ჩათვლით.

ამასთან, ნიშანდობლივია, რომ უფლების ცნობის და უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება თავად უფლების, როგორც ადამიანის უზენაესი სიკეთის არსებობას ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ასეთი ვალდებულების კონსტიტუციაში აღიარებას ის დატვირთვა აქვს, რომ სახელმწიფომ შექმნას ყველა პირობა ამ უფლებებით სარგებლობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანებს დაერღვევათ ფუნდამენტური უფლებები, რომელთა დაცვასა და უზრუნველყოფის აუცილებლობაზე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელწმიფოები თანაზიარნი არიან, რაც საეჭვოს გახდის ქვეყნის სწრაფვას სამართლებრივი სახელმწიფოსკენ.

კონსტიტუციის მე-7 მუხლი ადგენს სახელმწიფოს ვალდებულების ფარგლებს ადამიანის უფლებებთან მიმართებით. ეს კონსტიტუციური პრინციპი არსებითად წყვეტს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, შეზღუდულია ადამიანის უფლებებით-ადამიანის უფლებების სუბიექტი კი ადამიანია, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილისა თუ ფიზიკური ადგილსამყოფელის მიუხედავად. იმავდროულად, ეს ნორმა ადგენს სახელწმიფოს ვალდებულების ზღვარსაც- ის ადამიანის უფლებებით შეზღუდულია მხოლოდ სახელწმიფო ხელისუფლების (იურისდიქციის) განხორციელების ფარგლებში.

ამასთან, კონსტიტუცია ახდენს კონკრეტული უფლებების სუბიექტთა იდენტიფიცირებასაც, ძირითადად იყენებს რა შემდეგ ტერმინებს: „ყოველი ადამიანი“, „ადამიანი“ , „ყველა“, „პირი“, ასევე „მოქალაქე“ და “საქართველოს მოქალაქე“. ამ ტერმინოლოგიურ მრავალფეროვნებაში, ერთი ცხადია, რომ „ყოველი ადამიანი“, „ადამიანი“ , „ყველა“ და „პირი“ პირთა გაცილებით ფართო წრეს გულისხმობენ, ვიდრე „საქართველოს მოქალაქე“, ეხება ყველა ადამიანს, მათი მოქალაქეობრივი კუთვნილებისგან დამოუკიდებლად, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებს. ხოლო ტერმინები „საქართველოს მოქალაქე“ და „მოქალაქე“ შემოღებულია ზუსტად პირთა წრის შემოსაფარგლავად მოქალაქეობრივი კუთვნილების ნიშნით. რიგ შემთხვევებში ზუსტად მოქალაქეობა ან მისი არქონა გადამწყვეტია პირის უფლებრივი სტატუსის განსაზღვრისთვის. კონსტიტუციის მე-2 თავიც ცალკეული პოლიტიკური (მუხლი 26.2, 28, 29) და სოციალური უფლებების (მუხლი 32, 35.3, 38) დეკლარირებისას ხაზს უსვამს, რომ უფლების სუბიექტი არის საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეობა ზოგიერთი უფლების კონტექსტში გონივრული საფუძველია უცხოელთა და საქართველოს მოქალაქეთა დიფერენცირებული მოპყრობისათვის. ამ თვალსაზრისით, ზოგად საფუძველს ქმნის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი, რომელიც ფართო დისკრეციას ანიჭებს სახელმწიფოს, შეზღუდოს უცხოელების პოლიტიკური საქმიანობა. თუმცა ძირითადი უფლებების უმეტესობის სუბიექტი ადამიანია. იმავდროულად, ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე ან აპატრიდი ვერ იქნება საქართველოს კონსტიტუციით დაცული საქართველოსთან რაიმე სახის სამართლებრივი კავშირის გარეშე. იგულისხმება, რომ ზოგადად კონსტიტუციით დაცულ პირთა წრე შემოიფარგლება იმ ადამიანებით, რომლებზეც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, რაზეც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლიც მიუთითებს.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  N1/466, 28 ივნისი, 2010

 

„ხელისუფლების დანაწილების ძირითადი პრინციპის გარდა, სახელმწიფო ორგანოები ასევე შეზღუდული არიან ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის მიხედვით, ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №3/5/768, 769, 790, 792,  29 დეკემბერი, 2016

 

„იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ გაურთულებს საკუთარი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას, იგი დაარღვევს არა მხოლოდ ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, არამედ ადამიანის ძირითად უფლებას, საკუთარი უფლებები და თავისუფლებები დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, რაც წინააღმდეგობაში მოვა სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების პატივისცემის კონსტიტუციურ პრინციპებთანაც.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ , №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

Back to Top

%d bloggers like this: