მუხლი 85

„სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ სამართლებრივი კატეგორიის ბუნებას განსაზღვრავს არა მისი სახელწოდება, არამედ მისი შინაარსი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ამა თუ იმ პირზე დაკისრებული ფუნქცია. მოსამართლე და „სამოსამართლო ფუნქციის განმახორციელებელი“ პირი ფუნქციურად იდენტურ სუბიექტებს წარმოადგენენ. ერთიც და მეორეც ახორციელებს მართლმსაჯულებას და ამ თვალსაზრისით მათ შორის არაა რაიმე განსხვავება.
სადავო – 85-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამოსამართლო უფლებამოსილების შეზღუდული ვადით დაკისრება უარყოფითად მოქმედებს მოსამართლის დამოუკიდებლობაზე. მოსამართლის თანამდებობაზე ხანგრძლივი ვადითა და უვადოდ დანიშვნა მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს მის საქმიანობაში უკანონო ჩარევისგან თავის დასაცავად. ვადა ამ შემთხვევაში გვევლინება იმ ფაქტორად, რომელიც მოსამართლეს განუმტკიცებს დამოუკიდებლობის შეგნებას, მისი საქმიანობის სწორედ ხანგრძლივი დროის მანძილზე ხელშეუვალობის გამო. ამ დამოუკიდებლობის სერიოზული საფუძველია ისიც, რომ კონსტიტუციური ვადით განწესებული მოსამართლე წარმოადგენს არა მარტო სამოსამართლო უფლება-მოვალეობებით აღჭურვილ თანამდებობის პირს, არამედ იგი შესაბამისად სარგებლობს აგრეთვე ჯეროვანი სოციალური დაცვით.
გაეროს მიერ მიღებული აქტის, კერძოდ, „სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპების“ მიხედვით, „მოსამართლეთა თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მათი დამოუკიდებლობა, ანაზღაურება, მომსახურების პირობები, პენსიები და საპენსიო ასაკი დაცული უნდა იყოს კანონით“. კანონი კი შესაბამისობაში უნდა იყოს კონსტიტუციასთან.“

საქართველოს მოქალქეები ირაკლი ლეკვეიშვილი, კობა გოცირიძე, კობა კობახიძე და სახალხო დამცველი საქართველოს
პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, №1/1/138,171,179,209, 26 თებერვალი, 2003

„საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლით აგრეთვე აღიარებულია სასამართლოს გადაწყვეტილების საქვეყნოდ გამოცხადება და სამართალწარმოების მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე განხორციელება. საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლით აღიარებული ადამიანის უფლებები აბსოლუტურ ხასიათს ატარებს და მუხლი არ უშვებს ამ უფლებების რაიმე შეზღუდვას. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უფლებების შემდგომი განსაზღვრისას, სხვა და სხვა პროცესუალური სტადიის თავისებურებათა მიუხედავად, კანონმდებელმა უნდა გაითვალისწინოს კონსტიტუციით აღიარებული ეს უფლებები, რომ მხარეები პროცესის ყველა სტადიაზე ფლობდნენ ამ უფლებებს.
საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლი განეკუთვნება კონსტიტუციის მეხუთე თავს, რომელიც არ შეიცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ჩამონათვალს, იგი მხოლოდ ადგენს სასამართლო ხელისუფლების სტრუქტურას და სასამართლოების მიერ მართლმსაჯულების განხორციელების ზოგად პრინციპებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლისგან განსხვავებით, რომლის შესაბამისადაც, ყოველ ადამიანს თავისი სამოქალაქო უფლებამოვალეობათა განსაზღვრისას აქვს სასამართლოში საქმის საჯარო განხილვის უფლება, საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლი საუბრობს არა ადამიანის უფლებაზე, არამედ სასამართლოს ვალდებულებაზე, საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში, სამართალწარმოება განხორციელდეს ღია სასამართლო სხდომაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლი არ შეეხება ადამიანისა და მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ამრიგად, მოსარჩელე, როგორც ფიზიკური პირი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ უფლებამოსილ სუბიექტად, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენას მოითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლთან მიმართებით.“

მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე და ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/205,232, 3 ივლისი, 2003

Back to Top

%d bloggers like this: