მუხლი 89

„ის გარემოება, რომ ბრძანების მიღების დროს დაშვებულია მიღების წესის დარღვევა, კერძოდ, აქტი არ არის რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, თავისთავად არ წარმოადგენს მისი ნორმატიულობის უარყოფის საფუძველს. ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრს და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს. ბრძანებაში გამოხატული აზრისა და შინაარსის მიხედვით იგი ნორმატიული აქტის ნიშნის მატარებელია.“

შპს „კავკასტრანსექსპედიტორი ევროპა-აზია“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ, №2/2/167-202, 28 იანვარი, 2003

„მოსარჩელის მოსაზრება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოცემული სადავო ნორმის განმარტება შინაარსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არ წარმოადგენს საქმის არსებითად განსახილველად მიღების საფუძველს, ვინაიდან ნორმის არასწორად გაგება-განმარტება და შესაბამისად მისი არასწორად გამოყენების საკითხის განხილვა, სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას. საქართველოს კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.“
მოქალაქე მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე და ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ №2/6/205,232,  3 ივლისი, 2003

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული და მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს და ამიტომ ვერ იმსჯელებს ნორმატიული აქტის არარსებული დებულებების კონსტიტუციურობის თაობაზე.“

საქართველოს მოქალაქეები ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშელეიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.№2/3/182,185,191, 29 იანვარი, 2003

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს, თუ რამდენად ამომწურავია კონკრეტულ ნორმატიულ აქტში მითითებულ უფლებათა ჩამონათვალი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, საქათველოს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის გადაწყვეტისას მსჯელობს მხოლოდ ამ აქტის არსებული ტექსტის, როგორც სიტყვასიტყვით, ისე შინაარსობრივ შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციასთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე იმ კუთხით, თუ რამდენად ამომწურავია მასში არსებულ უფლებათა ჩამონათვალი, ვინაიდან იგი არკვევს მხოლოდ უკვე არსებული უფლებების ან უფლებათა ამკრძალავი ნორმების კონსტიტუციურობას.“

საქართველოს მოქალაქეები ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშელეიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.№2/3/182,185,191, 29 იანვარი, 2003

„სასამართლო კოლეგია მიუთითებს რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს საქართველოს ნორმატიული აქტების აღსრულების შესახებ.“
საქართველოს მოქალაქე მიხეილ ვადაჭკორია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, №2/4/194, 10 აპრილი, 2003

„ერთადერთი აქტი, რომლითაც ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არის საქართველოს კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანაა მოახდინოს კონსტიტუციის და არა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განმარტება.“

საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, №2/2-389, 26 ოქტომბერი, 2007

„კანონმდებელი ვალდებულია მიიღოს ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას. ეს გარემოება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას. კანონმდებლის ასეთი ვალდებულება კი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს.
„კანონად“ შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობასა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან. ამ პრინციპების რეალური დაცვისთვის პრაქტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას, კანონის ხარისხი მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შეძლოს სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების შესაბამისად წარმართვა.
კონსტიტუციური დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს, ნორმის განსაზღვრულობა არის კი იმ ხარისხის, რომ მისი გამოყენების საფუძველზე, ცალსახად გამოირიცხოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის თუნდაც ერთეული შემთხვევა.
კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა გააანალიზოს და შეადაროს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები, განმარტებების შედეგად, არ დასცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მხოლოდ ასე მიიღწევა კონსტიტუციის ნორმების სრული განმარტება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას.
კონსტიტუციური დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ… უნდა შეაფასოს, ნორმის განსაზღვრულობა არის კი იმ ხარისხის, რომ მისი გამოყენების საფუძველზე, ცალსახად გამოირიცხოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის თუნდაც ერთეული შემთხვევა. ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება კანონის დარღვევის შედეგად უფლებაში გადამეტებული ჩარევის შემთხვევები. ამ საკითხზე მსჯელობა სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდეგ გარემოებას: ნორმა, მისი შინაარსის, მისივე ტექსტის ადეკვატურად, სწორად წაკითხვისას და შესაბამისად გამოყენებისას, იწვევს თუ არა კონსტიტუციური უფლების დარღვევის საფრთხეს.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/407, 26 დეკემბერი, 2007

„მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო ასრულებს ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე – სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (ნორმები) კარგავს იურიდიულ ძალას. მეტიც, კანონმდებელმა, ხშირ შემთხვევაში, უნდა მიიღოს ახალი, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ახალი წესრიგის დადგენას (შექმნას) კი არ ემსახურება, არამედ უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას და ქმედითობას, ხელს უწყობს მის შესრულებას როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხის მიერ.

საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ზოგადად, ორ მიზანს ემსახურება – ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ფუნქციონირების უზრუნველყოფას (ხელშეწყობას) და ადამიანის უფლებების დაცვას ხელისუფლების მხრიდან არათანაზომიერი ჩარევისგან (უფლების დარღვევისგან). ამ მიზნების მიღწევისთვის სუბიექტებიც შესაბამისად არის განსაზღვრული. იმ სუბიექტების, რომლებიც თავად არიან სამართალშემოქმედნი (იღებენ კანონს ან გამოსცემენ სხვა ნორმატიულ აქტებს)- საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები- კონსტიტუციური სარჩელის (წარდგინების) შეტანის მიზანი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ქმედითობის, ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ფუნქციონირების მიღწევის (უზრუნველყოფის) მცდელობაა. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მათი მიმართვა ხელისუფლების შტოთა ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების სამართლებრივი შესაძლებლობაა. ამ პროცესის შედეგად არსებული ნორმების ძალადაკარგულად ცნობა და ახალი ნორმების მიღების მოტივირება (სტიმულირება) კონსტიტუციის უპირობოდ დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება და ზუსტად იმის დემონსტრირებაა, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო არ არის უფლებამოსილი, დაადგინოს კონსტიტუციით გათვალისწინებული წესრიგის საწინააღმდეგო წესები.
მოქალაქეების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის მიზანი არის მხოლოდ დარღვეული უფლების დაცვა, აღდგენა ან უფლების სავარაუდო დარღვევის თავიდან აცილება. ამაზე მიუთითებს თავად ამ კომპეტენციის შინაარსიც- ინდივიდები მხოლოდ მაშინ მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებები და თავისუფლებები. ისინი მხოლოდ კონკრეტული კონსტიტუციური უფლების ფარგლებში დავობენ, კანონის თანახმად, მათ არა აქვთ უფლება, აბსტრაქტულად, მათი უფლებების დარღვევის (ან გარდაუვალი დარღვევის თავიდან აცილების) დემოსტრირების გარეშე, მხოლოდ იმის გამო, რომ არსებობს თუნდაც საფუძვლიანი ეჭვი ამა თუ იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობისა, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. ზუსტად კონკრეტული კონსტიტუციური კონტროლის შესაძლებლობა მიუთითებს ამ კომპეტენციის მიზნის თავისებურებაზე- მხოლოდ დარღვეული უფლების აღდგენის ან სავარაუდო დარღვევის თავიდან აცილების მიღწევაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს, კანონმდებლისგან განსხვავებით, გადაწყვეტილების მიღებისას არა აქვს მოსარჩელის ნების შესაბამისად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე გაკეთებულ არჩევანს და დადგენილ წესებს იცავს- როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციური ღირებულებების იგნორირებით ან დარღვევით მოქმედებს, მის მოქმედებას არაკონსტიტუციურად ცნობს, ანუ იმ სამართლებრივი წესრიგისთვის მიუღებლად აცხადებს, სადაც კონსტიტუცია უზენაეს კანონს წარმოადგენს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა პრინციპულად განსხვავდება კანონმდებლის საქმიანობისგან, რომლის არჩევნებშიც უცხოელები ზუსტად იმის გამო ვერ იღებენ მონაწილეობას, რომ მათი ნებით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ნება არ გადაიფაროს, არ შეიცვალოს.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისას, ადამიანებს არა აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი უფლების შინაარსის მათი მონაწილეობით შეცვლასთან დაკავშირებით. ასეთი მიზანი მათ არც შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ადამიანის ძირითად უფლებები, მათი შინაარსი და ფარგლები აღიარებულია კონსტიტუციით. მოქალაქეები კონკრეტული უფლების შინაარსისგან განსხვავებული შინაარსის დადგენაზე უფლებამოსილი არ არიან და , შესაბამისად, ამისთვის ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. მოსარჩელეთა ერთადერთი მიზანი არის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მათი უფლებების დაცვა ზუსტად ნორმაშემოქმედის მიერ ამ უფლების ფარგლების შეცვლის მცდელობისას, უფლებაში არათანაზომიერი ჩარევისას.

თუ კონსტიტუცია მოქალაქეების იმ ნებას გამოხატავს, რომ ინდივიდებს ჰქონდეთ უფლებების დაცვის საშუალება, ეს მიზანი ვერ მიიღწევა მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის დიფერენცირებული მიდგომით, რამდენადაც ისინი ერთნაირად არიან კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სუბიექტები. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება იმის მიხედვით, მოქალაქე მიმართავს მას თუ უცხოელი, ადამიანის ერთსა და იმავე კონსტიტუციურ უფლებასთან და დავის საგანთან მიმართებით, რადგან გადაწყვეტილებაში სასამართლო ვერც მოქალაქის და ვერც უცხოელის ყველა მოთხოვნას ვერ გაითვალისწინებს, მას მხოლოდ იმის დადგენა შეუძლია, რასაც კონსტიტუცია მოითხოვს.
მაშასადამე, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გზით უცხოელები და აპატრიდები ქვეყნის სუვერენული საკითხების გადაწყვეტაში აღმოჩნდებიან ჩართული. ამ თვალსაზრისით დაცულობას უზრუნველყოფს ის, რომ: ა) კომპეტენციის მიზნიდან გამომდინარე, მათ მხოლოდ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული უფლების დასაცავად შეუძლიათ სასამართლოსდამი მიმართვა- ასეთია ამ კომპეტენციის მიზანი ზოგადად და არა მხოლოდ საქართველოს რეალობაში, ბ) ნებისმიერი სუბიექტის მიერ ნებისმიერი მიზნით შემოტანილ სარჩელზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ვალდებულია საკითხი გადაწყვიტოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს როგორც საერთო იურისდიქციის სასამარლოებში, ისე საკონსტიტუციო სასამართლოში უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა მაშინ ჩაითვლება სამართლიანი სასამართლოს უფლების არაპროპორციულად შეზღუდვად, უფლების დარღვევად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა კონკრეტული უფლების დაცვის ერთადერთ, ან უფლებაში აღდგენის განსხვავებულ, იმავდროულად უფლების დაცვის აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს, რომლის გარეშეც, უფლების სრულყოფილი, ადეკვატური დაცვა შეუძლებელი იქნება.
ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოსადმი პირებს მხოლოდ მაშინ აქვთ მიმართვის უფლება, როდესაც ნორმატიული აქტით ირღვევა მათი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არარსებობის პირობებში, შეიძლება აღმოჩნდნენ შემდეგი პრობლემის წინაშე: მათი უფლების შემლახველი ნორმატიული აქტების კანონიერების საერთო სასამართლოში გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი პრობლემა ვერ ამოიწურება, როდესაც უფლების სავარაუდო დარღვევის მიზეზი კანონია.

შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა უფლების დარღვევის თავიდან აცილების პრევენციის თვალსაზრისით, უფლების დაცვის ერთადერთი საშუალებაა.
მაშასადამე: ა) უცხოელები და აპატრიდები არიან საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების სუბიექტები; ბ) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის სუბიექტი არის ყველა ადამიანი (მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უცხოელები და აპატრიდები); გ) 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ამ პირების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას; დ) საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მათი მიმართვა ცალკეულ შემთხვევაში, ერთადერთი შესაძლებლობა ან საჭირო ბერკეტია უფლების სრულყოფილად დასაცავად; ე) არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რისთვისაც ამ პირებს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა უნდა ეკრძალებოდეთ; ვ) მეტიც, უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზნის რეალურად არსებობის შემთხვევაშიც კი, ადამიანი არ შეიძლება დარჩეს საკუთარი უფლებების დარღვევის პირისპირ, ყოველგვარი სამართლებრივი ბერკეტის და მთ უფრო დარღვეული უფლებების სასამართლოში დაცვის შესაძლებლობის გარეშე.“
 საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/466, 28 ივნისი, 2010

„კონსტიტუცია თავადვე განსაზღვრავს მასში რეგლამენტირებული უფლების შინაარსსა და მოცულობას. კონსტიტუციური უფლებების შინაარსზე, ისევე როგორც კონსტიტუციური უფლების აღსაწერად გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობაზე, ზეგავლენას ვერ მოახდენს ის, თუ როგორ ხდება კანონმდებლობით მათი რეგლამენტაცია. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კანონი შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს და არა კონსტიტუციური სტანდარტების განმსაზღვრელ ინსტრუმენტს. კონსტიტუციური ტერმინის განმარტებისას, სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს უფლების არსით, რომელთან მიმართებაშიც არის გამოყენებული ესა თუ ის ტერმინი, კონსტიტუციური ნორმ(ებ)ის სტრუქტურით, კონსტიტუციის სხვა ნორმებში მოცემული მსგავსი ტერმინების შინაარსის ანალიზით და სხვა.
კონკრეტულ საქმეზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლო არ ახდენს კონსტიტუციური ნორმების ამომწურავ განმარტებას. კონსტიტუციურ ნორმათა შინაარსის განმარტება ყოველი კონკრეტული გადაწყვეტილების კონტექსტში ხდება, ამომწურავი განმარტების გაკეთება, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა შეუძლებელიც და არასწორიც იყოს.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/646, 15 სექტემბერი, 2015

„მოქმედ კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში საკონსტიტუციო სასამართლოს როლის, ფუნქციის და დანიშნულების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანო განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულირებების შემუშავებას. მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ხელისუფლების ქმედებებმა არ გამოიწვიოს მისი მაკონტროლებელი ორგანოს, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფერხება და პარალიზება, რაც არაეფექტურს გახდის მთლიანად კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების პროცესს და დაარღვევს შეკავებისა და გაწონასწორების კონსტიტუციურ სტრუქტურას.
ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მოწესრიგების პროცესში საკანონმდებლო ორგანო სარგებლობს შეზღუდული დისკრეციით. კანონმდებლის დისკრეციის ზღვარი გადის იქ, სადაც საფრთხე ექმნება საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას, მის მიერ კონსტიტუციური კონტროლის ჯეროვნად, სწრაფად, ეფექტურად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვას.
კანონმდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მოწესრიგების პროცესში შეზღუდულია თავად კონსტიტუციის მოთხოვნებით, მათ შორის, იმ ფუძემდებლური კონსტიტუციური პრინციპებით, რომლებიც უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილებას და ხელისუფლების შტოთა დაბალანსების, ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმის ქმედითობას.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ – №3/5/768,769,790,792, 201, 29 დეკემბერი, 2016

„არაკონსტიტუციური რეგულაციების, წესებისთვის იურიდიული ძალის გაუქმებისა და მათთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რესურსის გაუქმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს სცდება უფლებამოსილება, ძალადაკარგული სამართლებრივი ნორმების ნაცვლად კანონმდებლობაში დაადგინოს განსხვავებული, თუნდაც კონსტიტუციური წესები.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციის მინიჭება არ გულისხმობს მხოლოდ ცალკეულ ნორმატიულ აქტებში ახალი რეგულაციების პირდაპირი სახით ჩაწერის აკრძალვას. აზრს მოკლებული იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის პოზიტიური თვალსაზრისით საკანონმდებლო ფუნქციის მინიჭების აკრძალვა იმ პირობებში, როდესაც საკუთარი, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის სავალდებულო ძალის მქონე სამართლებრივი აქტით დაადგენდა არა ფორმალურად, არამედ შინაარსობრივად ახალ სამართლებრივ წესრიგს. წესრიგს, რომელიც არ ყოფილა საკანონმდებლო ორგანოს ან კონსტიტუციით განსაზღვრული, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართალშემოქმედების შედეგი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმატიული აქტების/მისი ნაწილების სამართლებრივი ძალის გაუქმების უფლებამოსილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა.შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში.“

საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 3/6/642,  10 ნოემბერი, 2017

Back to Top

%d bloggers like this: