პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი

„საქართველოს სახელმწიფო ორგანოები შებოჭილნი არიან ადამიანის უფლებებით,  თავისუფლებებით და კონსტიტუციური პრინციპებით, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ სამოქალაქო, სავაჭრო, საპროცესო, სისხლის სამართლის და სხვა კანონმდებლობის მიღება ამ ორგანოების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს, არ ნიშნავს, რომ ისინი კანონმდებლობის შექმნისას თავისუფალი არიან ქმედებებში. თითოეული ის საკანონმდებლო ნორმა თუ სხვა ქმედება, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლება ახორციელებს, ექვემდებარება კანონიერებისა და კონსტიტუციურობის კონტროლს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების მიერ. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანას წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ რომელი ორგანოა უფლებამოსილი, მოაწესრიგოს განსახილველი ურთიერთობა. სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს ის, თუ თავისი მატერიალური თვალსაზრისით, შინაარსობრივად რამდენად შეესაბამება სადავო ნორმა (ან ამავე ურთიერთობის მომწესრიგებელი საქართველოს პარლამეტის მიერ მიღებული კანონები) კონსტიტუციური უფლებების ან/და კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნებს, ან მატერიალური შინაარსით რომელი რეგულირებაა უფრო სამართლიანი.

ქონების მართვა და განკარგვა საკუთრების უფლების რეგულირებისაგან განსხვავებით, უკავშირდება მესაკუთრის ნების გამოვლენის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს. აღნიშნული კომპეტენცია არ გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილე, თანასწორი მხარის მიმართ რაიმე ვალდებულების დადგენას. ქონების მართვა და განკარგვა თავის თავში მოიაზრებს ამ ქონების სარგებლობას ან სარგებლობის უფლების სხვისთვის მინიჭებას. მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, დაადგინოს ამ ქონებით სარგებლობის წესი, ანუ ის, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს მესამე პირებთან ურთიერთობაში შესვლა, ქონების სარგებლობაში გადაცემა.  თუმცა, ამ წესის უმთავრესი მიზანია თავად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების ქმედების სამართლებრივი რეგულირება, ანუ იმის განსაზღვრა, თუ რა წესით და როგორ უნდა იმოქმედონ მათ ქონებით სარგებლობისას ან ამ ქონების განკარგვისას. ქონების მართვისა და განკარგვის ქვეშ ვერ მოვიაზრებთ ისეთი რეგულაციის შემოღებას, რომელიც დაადგენს მესამე პირების ფინანსურ ან სხვა სახის ვალდებულებებს მათ მიერ სამოქალაქო ურთიერთობაში შესვლის ნების გამოვლენის არარსებობის პირობებში.“

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, N3/4/641 , 29 სექტემბერი, 2016

 

„ქონების მართვა და განკარგვა გულისხმობს საკუთრების ბედის გადაწყვეტას იმ სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში, რომელიც უკვე არსებობს და არა თავად ამ საკუთრების უფლების რეალიზების წესის განსაზღვრას.

მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება. მტკიცებულებების მეშვეობით დგინდება მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო გადაწყვეტილება. მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა წარმოადგენს სამართალწარმოების მნიშვნელოვან კომპონენტს. შესაბამისად, წესები, რომლებიც აწესრიგებს მტკიცებულებების წარდგენის საკითხებს, მიეკუთვნება სამართალწარმოების მომწესრიგებელ საპროცესო კანონმდებლობას.“

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, N3/4/641, 29 სექტემბერი, 2016

Back to Top

%d bloggers like this: