სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი

„მხოლოდ სტაბილური და სამართლიანი კანონმდებლობაა ადამიანის კონსტიტუციით აღიარებული უფლებების დაცვის სერიოზული გარანტი, ნორმატიულმა აქტმა მხოლოდ ასე შეიძლება შეინარჩუნოს სრულიად მისთვის დამახასიათებელი ნიშან–თვისებები. აღნიშნულ მოთხოვნათა უგულვებელყოფით კი ირღვევა კანონთა  სამართლიანობისა და შეუქცევადობის პრინციპი.“

საქართველოს მოქალაქეები ბაჭუა გაჩეჩილაძე, ვლადიმერ დობორჯგინიძე, გივი დონაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/126,129,158, 18 აპრილი, 2002

„გამოცდილების გაზიარებისას მხედველობაშია მისაღები რამდენიმე გარემოება. პირველ რიგში, იმპლემენტირებული ინსტიტუტის შინაარსის ქართული ვერსია უნდა თავსდებოდეს საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში. იმპლემენტაციისას საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი ამა თუ იმ ინსტიტუტის არსი, მისი ადგილი ეროვნული სამართლის სისტემაში. მხოლოდ ფორმალური მსგავსება არ ნიშნავს შინაარსობრივ მსგავსებას. ასევე უნდა იქნეს გაანალიზებული იმ სფეროში არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები, სადაც უნდა მოხდეს სამართლის ახალი ინსტიტუტის დანერგვა, გაკეთდეს შესაძლო შედეგების პროგნოზირება. გასათვალისწინებელია, რომ საკორპორაციო სამართლის, ისევე როგორც სამართლის სხვა დარგების, განვითარება ევოლუციურ პროცესს წარმოადგენს და მომდინარეობს ამა თუ იმ სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების გათვალისწინების ფონზე. მეტად რთულია ერთ მოცემულობაში აპრობირებული სამართლებრივი მოდელის სხვა გარემოებებზე ეფექტური მორგება. აქედან გამომდინარე, მტკიცებას, რომ ესა თუ ის ნორმა, რომელიც წარმატებული იყო ერთ სახელმწიფოში, ასევე აუცილებლად წარმატებული იქნება სხვა სამართლებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ გარემოში, ცდომილების დიდი ხარისხი აქვს.“

საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1-370,382,390,402,405, 18 მაისი, 2007

 

„სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია იმის მოლოდინი, რომ კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთმიმართება სამართლიანი იქნება, რაც უფრო მეტად ერევა ხელისუფლება ადამიანის თავისუფლებაში, მით მაღალია მოთხოვნები ჩარევის გამართლებისათვის.“

საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/384, 2 ივლისი, 2007

 

„ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ გარანტიას, კონსტიტუციის სხვა ძირითად პრინციპებთან ერთად, წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უზრუნველმყოფელი ნორმა-პრინციპები, რომლებიც განაპირობებენ მთლიანად კონსტიტუციის შინაარს.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი გულისხმობს რა, რომ ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს კონსტიტუციას, კანონს და მთლიანად სამართალს.

კანონმდებელი ვალდებულია მიიღოს ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას. ეს გარემოება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას. კანონმდებლის ასეთი ვალდებულება კი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/407, 26 დეკემბერი, 2007

 

„დანაშაულის შედეგად, ფიზიკური ან მატერიალური ზიანის გარდა, დაზარალებულმა შესაძლოა ძლიერი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესი განიცადოს, საფრთხის ქვეშ მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ღირსება და უსაფრთხოება დგება. დანაშაულის გამოძიების და დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის წარდგენის ვალდებულება კანონის უზენაესობის პრინციპს უკავშირდება და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობის ხარისხს.“

კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/1/403,427, 19 დეკემბერი, 2008

 

„სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ ქვეყნის სამართალი უზრუნველყოფდეს ადამიანის ძირითადი უფლება-თავისუფლებების სრული მოცულობით აღიარებასა და მათი დაცვის ყველა საჭირო გარანტიის შექმნას. ამ მიზნის მიღწევაში დიდია საკონსტიტუციო სასამართლოს როლი. მან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეძლოს კონსტიტუციური უფლებების შინაარსის სწორად და სრულყოფილად განმარტება.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/466, 28 ივნისი, 2010

 

„დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარ არსს, დანიშნულებას და გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფა –  ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილად სარგებლობის გზით თავისუფალი თვითრეალიზაციის შესაძლებლობის გარანტირება.”

საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/539, 11 აპრილი, 2013

 

„სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ასპექტია, უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფოს მხრიდან კანონის დარღვევით გამოწვეული ზიანის გამოსწორების/უფლების აღდგენის შესაძლებლობა. სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტირების გზით…, რადგან სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფო არის მხოლოდ შესაძლებლობა, ინსტრუმენტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. სწორედ სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის არდაშვება და უფლებების დაცვის/აღდგენის საკმარისი, ეფექტური გარანტიების, მექანიზმების უზრუნველყოფა არის სამართლებრივი უსაფრთხოების ფუნდამენტი. მართალია, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადით შეზღუდვა ზოგადად ინარჩუნებს ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ ეს მიზნები თვისობრივად სახეცვლილია სახელმწიფოსთან მიმართებით, ვინაიდან ისინი არ უკავშირდება კონკრეტული კერძო პირების უფლებების დარღვევის საფრთხეს. სახელმწიფოს, რომელიც თავად უნდა იყოს სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტი, არ აქვს ამ ინტერესის (სამართლებრივი უსაფრთხოების) სხვისგან დაკმაყოფილების მოლოდინი, რაც განასხვავებს მას კერძო პირებისგან. მაშასადამე, აქ განსხვავებულია დაპირისპირებული ინტერესები და, შესაბამისად, განსხვავებული უნდა იყოს მიდგომაც ამ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის არსებობის შეფასებისთვის. როდესაც ლეგიტიმური საჯარო მიზნებისთვის საფრთხის მიყენების რისკები უმნიშვნელოა ან არ არსებობს, ან/და სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვის მცდელობას თავად შეუძლია გამოიწვიოს ამავე ლეგიტიმური მიზნის უგულებელყოფა, მაშინ უფლებაში ჩარევის საჭიროება გაცილებით ნაკლებია.“

ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

„სახელმწიფოს არსებობა ზოგადად უკავშირდება რა ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებას, დრო ვერ გააბათილებს ასეთ ვალდებულებას. ამავე დროს, ყველა ადამიანის მიმართ სახელმწიფოს სწორედ ასეთი ვალდებულების თანაბრად არსებობის ძალით, კონკრეტული პირის უფლების დროში უსასრულოდ დაცვის შესაძლებლობას უპირისპირდება სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხის თავიდან აცილების აუცილებლობა.“

ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

 

„ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს პირველადი ფუნქციაა ადამიანის უფლება-თავისუფლებების სრული რეალიზაცია და ადეკვატური დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით  უფლებას წარმოადგენს.“

ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

 

„სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა სამართლებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი – განსაზღვრულობის პრინციპი, რომელიც განამტკიცებს კანონმდებლობის განჭვრეტადობის გარანტიებს. სამართლებრივი უსაფრთხოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია სამართლებრივი ნდობის პრინციპი.

სამართლებრივი ნდობის პრინციპი ემსახურება მოქმედი სამართლის მიმართ მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებას. დაუშვებელია სამართლის ადრესატთა ნდობა შეირყეს კანონით მინიჭებული უფლებების გაუმართლებელი და ხშირი ცვლილებებით. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნდობის განცდა კანონით მინიჭებულ პრივილეგიებთან დაკავშირებით. კანონმდებლობა უნდა ასრულებდეს პიროვნული თავისუფლების უზრუნველმყოფ ფუნქციას. ინდივიდებს უნდა შეეძლოთ პირადი, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის მყარ სამართლებრივ ფარგლებში წარმართვა. არსებითად განუსაზღვრელი და გაუთვლელი, არასანდო სამართლებრივი განვითარება აჩენს გაურკვევლობის განცდას, რაც აფერხებს ადამიანის პიროვნულ განვითარებას. სამართლებრივი უსაფრთხოება ინდივიდის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელოვანი წინა პირობაა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის გათვალისწინებით, დაცული უნდა იყოს ლეგიტიმური მოლოდინები, რომელთა მიმართაც ინდივიდებს ნდობა გააჩნიათ. კანონით მინიჭებული უფლებების მიმართ მაღალია ინდივიდების ნდობის ხარისხი. აღნიშნული ნდობის გაუმართლებელი შერყევა ნეგატიურად აისახება სამართლის მიმართ ნდობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებაზე.“

სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/522,553, 27 დეკემბერი, 2013

 

„სახელმწიფოს მმართველობითი საქმიანობა შეზღუდულია  სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპით. სამართლებრივი სახელმწიფოს მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვა.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, №2/1/536, 4 თებერვალი, 2014

 

„…რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

 

„სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება შეზღუდულია უპირობო ვალდებულებით, ადამიანის თავისუფლებაში (მის ნებისმიერ უფლებაში) ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გარდაუვალია და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია. ასეთია ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგი. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ამ ვალდებულებით განსაკუთრებით შეზღუდულია პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შექმნისას და გამოყენებისას. ასეთი კანონმდებლობა თავისთავად ხასიათდება ადამიანის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის კანონზომიერებით. ამიტომ ასევე კანონზომიერია ამ პროცესში სახელმწიფოს მომეტებული სიფრთხილის აუცილებლობა, რადგან სამართალი დაკარგავს თავის ფუნქციას, თუ ადამიანები დაისჯებიან ამისათვის შესაბამისი და აუცილებელი საფუძვლის გარეშე.    

ასევე ცხადია, რომ არ შეიძლება სამართლის ჰუმანურობის ფუნქციის უგულებელყოფა, რადგან ის ხელს უწყობს არა მხოლოდ თავად სამართლის, არამედ საზოგადოების პროგრესულ განვითარებას. შესაბამისად, სამართლის ჰუმანურობის მიღწევა და ამ გზით მისი განვითარება მუდმივი მიზანია, რომლის ხელშეწყობა, უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუმცა, ბუნებრივია, იმ ზღვრამდე, ვიდრე ეს არ დაუპირისპირდება სამართლისა და კანონის სხვა მიზნებსა და ძირითად ფუნქციას.“

საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576, 13 ნოემბერი, 2014

„სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველესი მოთხოვნაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა.“

საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/3/601, 24 დეკემბერი, 2014

 

„არ არსებობს სამართლიანობის დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.“

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

„კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისი კონსტიტუციური ლეგიტიმაციის არმქონე სუბიექტის მიერ განხორციელება ქმნის როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის რისკებს, ისე  საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ეფექტიან ფუნქციონირებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/4/641, 29 სექტემბერი, 2016

 

„სამართლებრივ სახელმწიფოში სამართალდამრღვევთა დევნისა და პასუხისგებაში  მიცემის მონოპოლია მხოლოდ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს. სახელმწიფოს დისკრეციის და, იმავდროულად, პასუხისმგებლობის სფეროა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საერთო შეთანხმების საგნად ქცეული სავალდებულო ქცევის წესების დარღვევის გამოვლენა, დამრღვევ პირთა სწორად იდენტიფიცირება და ინდივიდუალურ მიდგომაზე დაყრდნობით პროპორციული, ამასთან, საკმარისი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. შესაბამისად, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, პირმა პასუხი უნდა აგოს თუ არა კანონის წინაშე ან/და რა ფორმით უნდა აგოს პასუხი, უნდა მიიღონ ამისათვის შექმნილმა ლეგიტიმურმა სახელმწიფო ორგანოებმა. მაშასადამე, ბრალმდებლის ფუნქცია უნდა იტვირთოს სახელმწიფომ, საამისოდ შექმნილი შესაბამისი ორგანოების მეშვეობით, რომლებსაც აქვთ სათანადო კომპეტენცია, კვალიფიკაცია და მოქმედებენ საზოგადოების სახელით, კერძო ინტერესის გარეშე. სახელმწიფო, როგორც, ერთი მხრივ, ემოციურად არდაკავშირებული მსხვერპლის/დაზარალებულის განცდასთან, ტკივილთან, სტრესთან და, მეორე მხრივ, როგორც უპირველესი ვალდებულების მქონე – დაიცვას თითოეული ადამიანის უფლება და საზოგადოებრივი წესრიგი, შეთანხმებული საზოგადოების წევრებს შორის, არის/უნდა იყოს ის ინსტრუმენტი, რომელიც ობიექტურად ხელს შეუწყობს საქმის სწორად გადაწყვეტას, როგორც უსამართლოდ ვინმეს ბრალდების/მსჯავრდების თავიდან აცილებას, ისე კონკრეტული ადმიანებისა და საზოგადოებისათვის გამოწვევადი საფრთხეების პრევენციას, ამასთან დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირის/მსხვერპლის ინტერესების სათანადოდ დაცვას, მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფას.“

საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

 

„სასჯელი არის სახელმწიფოს პასუხი პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებაზე. მაშინ როდესაც არსებობს საამისო საფუძველი, სახელმწიფომ უნდა შეძლოს საფრთხეების პრევენციის გზით მოქალაქეთა დაცვა. სასჯელის ფუნქციები (სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავის რესოციალიზაცია, დანაშულის პრევენცია) ძალიან მკაფიოდ მიუთითებს მათ საჯარო მიზნებზე, რომელთა მიღწევის ვალდებულება ექსკლუზიურად სახელმწიფოს კომპეტენცია და უშუალო პასუხისმგებლობაა.“

საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

 

„უდავოა, რომ სისხლის სამართლის პროცესში კონკრეტულ პირს (ბრალდებულს) უპირისპირდება  სახელმწიფო უზარმაზარი რესურსებით, ძალაუფლებით, სახელმწიფო დევნისა და იძულების ინსტრუმენტებით. ამიტომ, ერთი მხრივ, კონსტიტუცია და, შემდგომში, მასზე დაყრდნობით კანონმდებლობა, უპირველესად ორიენტირებულია ბრალდებულის ინტერესების დაცვაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული როგორც უსაფუძვლო დევნა, ისე პირის დამნაშავედ ცნობა, სახელმწიფოს მხრიდან, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, თვითნებობის თუ შეცდომის შედეგად. სისხლის სამართლის დევნის პროცედურები ადამიანის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის თავისთავადი კანონზომიერებით ხასიათდება, ამიტომ ასევე კანონზომიერია მოთხოვნა სამართლებრივ სახელმწიფოში,  შეიქმნას ყველა საჭირო ბერკეტი, მექანიზმი, რათა თავიდან იქნეს აცილებული პირის უსაფუძვლო, უსამართლო დევნა და პასუხისგებაში მიცემა. კანონმდებლობაც ორიენტირებული უნდა იყოს ასეთი რისკების გამორიცხვაზე, მინიმალიზებაზე.“

საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

 

„განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპის არსებითი გამოვლინებაა, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების პროცესში სახელმწიფო ორგანოების ბოჭვა, მათ მიერვე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებებით, არ განახორციელონ ერთი და იმავე ქმედებისათვის პირის განმეორებითი დევნა, პირდაპირ უკავშირდება სამართლებრივი განსაზღვრულობისა და უსაფრთხოების პრინციპებს. ინდივიდის უფლებაშემზღუდავი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განჭვრეტადობა, მისი სამართლებრივი განსაზღვრულობის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად და რა ფარგლებში ხდება მართლმსაჯულების პროცესში მიღებული საბოლოო ხასიათის გადაწყვეტილებების პატივისცემა.“

საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

 

„იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ გაურთულებს საკუთარი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას, იგი დაარღვევს არა მხოლოდ ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, არამედ ადამიანის ძირითად უფლებას, საკუთარი უფლებები და თავისუფლებები დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, რაც წინააღმდეგობაში მოვა სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების პატივისცემის კონსტიტუციურ პრინციპებთანაც.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

 

„საქართველოს კონსტიტუციის მიერ პირის ძირითად უფლებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მოწესრიგების კანონმდებლისთვის მინდობა არ გულისხმობს მისთვის უპირობო თავისუფლების მინიჭებას. კანონმდებლის უფლებამოსილების ფარგლების ამგვარი გაგება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის უზენაესობის, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. კონსტიტუციის ძირითადი იდეა ადამიანის უფლებების დაცვაა და, შესაბამისად, შეუძლებელია იგი ხელისუფლებას ანიჭებდეს უპირობო ან/და აბსოლუტურ თავისუფლებას იმ ურთიერთობების დარეგულირების პროცესში, რომლებიც ეხება კონსტიტუციით განმტკიცებულ უმთავრეს ღირებულებებს – ადამიანის ძირითად უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის მიერ კანონმდებლისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებას თან სდევს სახელმწიფოს ვალდებულება, არ მოხდეს ამა თუ იმ უფლების არაგონივრული, არაპროპორციული შეზღუდვა.“

საქართველოს მოქალაქე  ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/659, 15 თებერვალი, 2017

 

„ინფორმაციის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი  სახელმწიფოს პრინციპების გამოვლინებაა.

სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება უზრუნველყოფს მოქალაქეთა ეფექტურ მონაწილეობას ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უმთავრეს მოთხოვნას.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, №1/4/757, 27 მარტი, 2017

 

„სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველესი მოთხოვნაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა.“

საქართველოს მოქალაქეები – მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/717, 7 აპრილი, 2017

 

„სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების არცერთი უკანონო ქმედება. აუცილებელია, არსებობდეს ხელმისაწვდომი და ეფექტური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში პირი შეძლებს უფლებებში აღდგენას და მიყენებული მატერიალური თუ არამატერიალური ზარალის ანაზღაურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს მიიღებს და მოწყვლადი გახდება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედებების ჩადენის მიმართ.“

საქართველოს მოქალაქეები  მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 2/4/735 , 21 ივლისი, 2017

 

Back to Top

%d bloggers like this: