სოციალური სახელმწიფოს პრინციპი

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები შეეხება მათი იმ კატეგორიის სოციალური უფლებების დაცვას, რაც მართალია ცალკე არაა გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ მისი პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 39– მუხლის ძალითსაქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.“ ამ პრინციპების ერთერთი მთავარი გამოხატულება, როგორც ეს ჩანს პრეამბულიდან, ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეთაურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი“.

სოციალური უფლებები უნდა მივიჩნიოთ კონსტიტუციის 39– მუხლის შინაარსით გათვალისწინებულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ იმ უფლებებად, რომელთა დაცვის მძლავრი მექანიზმების შესაქმნელად სახელმწიფო ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მართებული საშუალება.

ყოველი სახელმწიფო ვალდებულია არსებული რესურსების ფარგლებში მოსახლეობის სოციალური უფლებების დასაცავად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავდეს, რათა ამ უფლებათა დაცვის, სულ მცირე, მინიმალურად აუცილებელი დონე მაინც რომ უზრუნველყოს. სხვანაირად, აზრი ეკარგება სახელმწიფოთა საერთაშორისოსამართლებრივ ვალდებულებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მოქმედებანი ამ მიმართულებით სტაბილურ, ევოლუციურ ხასიათს უნდა ატარებდეს და დადებითი დინამიკით გამოირჩეოდეს.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში სიკეთეთა სამართლიანი განაწილება სულაც არ გამორიცხავს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეთათვის ისეთი შეღავათების დაწესებას, რაც საზოგადოებრივი სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს.“

ბაჭუა გაჩეჩილაძე, ვლადიმერ დობორჯგინიძე, გივი დონაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/126,129,158, 18 აპრილი, 2002

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22– მუხლის თანახმადყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს აქვს სოციალური უზრუნველყოფის, ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უფლება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში ეროვნული ძალისხმევის, საერთაშორისო თანამშრომლობის მეოხებით, და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესატყვისად.“ ამ დეკლარაციის 25– მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს იყოს ისეთ ცხოვრებისეულ დონეზე რომელიც გულისხმობს საკვების, ტანისამოსის, საცხოვრისის, სამედიცინო მოვლისა და სოციალური მომსახურების უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია თვით მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და დოვლათისთვის, ადამიანს აქვს უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, სიბერეში დაუძლურების თუ, მისგან დამოუკიდებლად არსებობისათვის სხვა საშუალებების დაკარგვის შემთხვევაში.“ როგორც ეს დეკლარაციის პრეამბულიდან ჩანს ხალხი და სახელმწიფოები უნდა ესწრაფოდნენ მისი დებულებების თანდათანობით შესრულებას ეროვნული თუ საერთაშორისო ღონისძიებების მეშვეობით.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისმე–2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას ინდივიდუალური წესით და საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის, კერძოდ, ეკონომიკურ და ტექნიკურ დარგებში საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის წესით, არსებული რესურსების მაქსიმალურ ფარგლებში მიიღოს ზომები, რათა თანდათან უზრუნველყოს ამ პაქტით აღიარებული უფლებების სრული განხორციელება ყველა მართებული საშუალებით, მათ შორის, კერძოდ, საკანონმდებლო ღონისძიებათა მიღებით.”

სახელმწიფო არამარტო მაშინაა ვალდებული დაიცვას მოქალაქეთა სოციალური უფლებები, როცა ამა თუ იმ მომსახურებას უშუალოდ თვითონ ახორციელებს, არამედ მაშინაც, როდესაც ეს მომსახურება კერძო პირთა ხელშია.“

ბაჭუა გაჩეჩილაძე, ვლადიმერ დობორჯგინიძე, გივი დონაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/126,129,158, 18 აპრილი, 2002

 

სასამართლო კოლეგია არ უარყოფს სხვადასხვა კატეგორიის სუბიექტთა სოციალური უზრუნველყოფის დარგში სამართლიანი განსხვავებების შესაძლებლობას.

კერძო და საჯარო სამართალში არსებულ თავისებურებათა მიუხედავად დაუშვებელი უნდა იყოს ადამიანთა სოციალური უზრუნველყოფის საერთო პრინციპების მთლიანად იგნორირება. პოლიტიკური ძალაუფლების განხორციელებაში მონაწილეობა არ უნდა იქცეს ისეთ პრივილეგიად, რაც არსებით წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა თანასწორობის უნივერსალურ პრინციპებთან.

სასამართლო კოლეგია თვლის, რომ დაუშვებელია ერთი კატეგორიის სუბიექტების სოციალური უფლებისადმი პრინციპულად განსხვავებული მიდგომა, როცა მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პენსიის გაცემა დამოკიდებული ხდება დიფერენცირებულ ვადებზე. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე–14  მუხლის მოთხოვნები.

სოციალური უფლება გულისხმობს მის სამართლიან და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე განხორციელებას.“

ტრისტან ხანიშვილი, გიორგი ქავთარაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/174,199, 15 ოქტომბერი, 2002

“კონსტიტუციის 31-ე მუხლი სოციალური სახელმწიფო პრინციპის ერთერთ გამოხატულებას წარმოადგენს. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის. სახელმწიფოს ამ მიმართულებით მოქმედების ფართო არეალი გააჩნია. სუბიექტური უფლებები, გარკვეული სოციალური რეგულირების მოთხოვნა და კონკრეტული მოვალეობები კანონმდებლისათვის სოციალური სახელმწიფოს ცალკე აღებული პრინციპიდან არ გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ არის 31-ე მუხლის პირველი წინადადება, რომელიც მიმართულია ქვეყნის მთელი მოსახლეობისათვის ცხოვრების თანაბარი პირობების შექმნაზე, ნაკლებად პრეტენზიული სახელმწიფოს მიმართ. აქ საუბარია “ზრუნვაზე” სახელმწიფოს მხრიდან და არა “ვალდებულებაზე”, რომელიც ეკისრება სახელმწიფოს. შესაბამისად, 31-ე მუხლის პირველი წინადადება არის სახელმწიფოს მიზნის დამდგენი ნორმა, რომელიც არ არის მოვალეობა, მაგრამ, ამავდროულად, არ არის მხოლოდ დეკლარაციული და პროგრამული დანაწესი. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი წინადადება არ ადგენს ძირითად უფლებას, მის შინაარსსა და ფარგლებს. აქ საუბარია სახელმწიფოს სამომავლო მოქმედებებზე და არა რეალურად არსებულ, აღიარებულ და გარანტირებულ ძირითად უფლებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი ძირითად უფლებას კი არა ადგენს, არამედ ერთი მხრივ სახელმწიფო სოლიდარობასა და მეორე მხრივ კი – სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის გამოხატულებაა.“

საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/392, 31 მარტი, 2008

Back to Top

%d bloggers like this: