თანაზომიერების პრინციპი

„სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მე-5 მუხლით დარღვეულია ის სამართლიანი ბალანსი, წონასწორობა, რომელიც უნდა არსებობდეს საკუთრების უფლების დაცვასა და საერთო ინტერესებს შორის. მართალია, კანონმდებელს არა აქვს უფლება უყურადღებოდ დატოვოს მოსარგებლის ინტერესები, მაგრამ დაუშვებელია ერთი პირის უფლების დაცვის მოტივით მეორის უფლებათა დარღვევა. ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა დაადგინოს ისეთი სამართლებრივი წესრიგი, რა დროსაც საკუთრების უფლება დაიტვირთება მინიმალურად და თავისთავს გამოავლენს მაქსიმალური სახით.“

ვალიდა დარბაიძე, ნათელა ციმაკურიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/103,117,137,147-48,152-53, 7 ივნისი, 2001

 

„თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს, მისი ძირითადი დატვირთვა არის ადამიანის უფლებების შეზღუდვისას სახელმწიფოს ფარგლების განსაზღვრა, უზრუნველყოფს თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

თანაზომიერების პრინციპი ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმია. ზუსტად ამიტომ მას კონსტიტუციური კონტროლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.“

საქართველოს მოქალაქეები-ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/393,397, 16 დეკემბერი, 2006

 

„თანაზომიერების პრინციპით სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შედარებისთვის გასაანალიზებელია შეზღუდვის დასაშვებობის, აუცილებლობის, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პროპორციულობის საკითხები.

თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა. ზუსტად ეს უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, როდესაც არც ერთი მათგანის დაცვა არ ხდება მეორეს არაპროპორციულად შეზღუდვის ხარჯზე.“

საქართველოს მოქალაქეები- დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/384, 2 ივლისი, 2007

 

„კონკრეტული ლეგიტიმური საჯარო მიზნის გარეშე უფლებაში ჩარევა, მისი შემდგომი შეფასების გარეშე, თავისთავად არაპროპორციულია.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/434,  27 აგვისტო, 2009

 

„თანაზომიერების პრინციპით სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შედარებისთვის გასაანალიზებელია შეზღუდვის დასაშვებობის, აუცილებლობის, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პროპორციულობის საკითხები.

თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა. ზუსტად ეს უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, როდესაც არც ერთი მათგანის დაცვა არ ხდება მეორეს არაპროპორციულად შეზღუდვის ხარჯზე.“

საქართველოს მოქალაქეები- დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/384, 2 ივლისი, 2007

 

„კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების, შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“

დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/512,  26 ივნისი, 2012

 

„სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ ის, მართალია, ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, მაგრამ ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტურ საშუალებას არ წარმოადგენს. როგორც კანონის სიცხადე და ეფექტიანობა მისი კონსტიტუციურობის გარანტია ყოველთვის ვერ იქნება, ასევე არასწორია იმის მტკიცება, რომ კანონი მხოლოდ იმიტომ შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური, რომ იგი დანაშაულის აღკვეთის მაქსიმალურად ეფექტურ საშუალებას არ წარმოადგენს… უფლებაშემზღუდველი ნორმის არსებობა გამართლებულია, თუ ის კონსტიტუციით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდავი (თანაზომადი) საშუალებაა. ასეთი ნორმა კონსტიტუციის შეუსაბამო მაშინ ხდება, როდესაც ის მიზნის მიღწევის არათანაზომად, არაგონივრულად მკაცრ ან/და უვარგის საშუალებას წარმოადგენს.“

საქართველოს მოქალაქეები  ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/2/503,513, 11 აპრილი, 2013

 

„ადამიანის უფლების შეზღუდვის მიზანს ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს სხვა კონსტიტუციური სიკეთის დაცვა, რადგან უფლების შეზღუდვის საჭიროება, ზოგადად, იმ შემთხვევაში დგება, როდესაც ამ უფლების რეალიზება შემხებლობაში მოდის სხვათა უფლებებთან ან დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებთან. აღნიშნულ კონტექსტში თანაზომიერების დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყურადსაღებია სამართლებრივი სიკეთისადმი მოსალოდნელი საფრთხის სიმძიმე. სამართლებრივი სიკეთე, ერთი მხრივ, წარმოდგენილია კონკრეტული უფლების სახით, რომლის შეზღუდვაც ხდება, ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, რომლის დაცვასაც ემსახურება შესაბამის უფლებაში ჩარევა.“

საქართველოს მოქალაქეები  ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/2/503,513,  11 აპრილი, 2013

 

„კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად კანონმდებელმა უფლებაში ჩარევის თანაზომიერი გზა უნდა აირჩიოს. ამისთვის კი კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული.“

საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/1/539, 11 აპრილი 2013

 

„კანონმდებელი ვალდებულია, უფლებაშემზღუდველი ნორმების დადგენისას, დაიცვას გონივრული ბალანსი მისაღწევ მიზანსა და შეზღუდულ უფლებას შორის, რათა ადამიანის უფლება იმაზე მეტად არ შეიზღუდოს, ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური უფლებების არსებობა მხოლოდ ფორმალურ, დეკლარაციულ ხასიათს შეიძენდა.“

საქართველოს მოქალაქეები ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/516,542, 14 მაისი, 2013

 

„ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია ნორმის შემდგომი შემოწმების გარეშე.“

საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/3/534, 11 ივნისი, 2013

 

„ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებში აუცილებელია, კანონმდებელმა მიზნის მისაღწევად უფლებაში ჩარევის თანაზომიერი გზა აირჩიოს. ამისთვის კი კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული… კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაციით ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი უნდა იყოს, ანუ ის (რეგულაცია) რეალურად უნდა იყოს ორიენტირებული ლეგიტიმური მიზნის დაცვასა და უზრუნველყოფაზე, უფლების შემზღუდავი ღონისძიება მიზნის მიღწევის ვარგის, მისაღებ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. მას გარდაუვლად, ნამდვილად უნდა შეეძლოს კონკრეტული მიზნების, ინტერესების უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთნაირად მიადგება ზიანი როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესებს.“

საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/534,  11 ივნისი, 2013

 

„უფლების შემზღუდველი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა  აქვს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არსებობას.“

ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

 

„მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმას გააჩნია ლეგიტიმური მიზანი, ეს თავისთავად არ არის საკმარისი სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად. ამისათვის აუცილებელია არსებობდეს ლოგიკური კავშირი საკანონმდებლო რეგულირებასა და მისაღწევ მიზანს შორის. ამასთანავე, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული და არსებობდეს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ უფლებასა და საპირწონე ინტერეს სშორის.“

შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/543, 29 იანვარი, 2014

 

„უფლებაში ჩარევა არ უნდა იყოს თვითმიზანი, იგი უნდა ემსახურებოდეს განსაზღვრული, ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, №2/1/536,  4 თებერვალი, 2014

 

„ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს რეციპიენტთათვის შესაბამისი ხარისხის სისხლისა და მისი კომპონენტების მიწოდება. აღნიშნული გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მოახდინოს დონაციის პროცესის სამართლებრივი რეგულირება. ცხადია, სადავო ნორმები ემსახურება მკვეთრად გამოხატული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას – სისხლისა და სისხლის კომპონენტების რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. აღნიშნული ნორმების საშუალებით ხდება ინფექციური დაავადების შეძენის მაღალი რისკის მქონე დონორების დისტანცირება ტრანსფუზიის პროცესისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული რეციპიენტთათვის ინფექციური დაავადებების გადაცემის რისკი. შესაბამისად, სადავო ნორმები წარმოადგენს ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ეს გარემოება არარის საკმარისი ასეთი ინტენსივობის დიფერენცირების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლებისთვის. ამისათვის აუცილებელია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აუცილებელ და პირის უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.“

საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, №2/1/536,  4 თებერვალი, 2014

 

‘შეზღუდვა რომ თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად ჩაითვალოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი დასახულ ლეგიტიმურ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის.“

საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

 

„უფლების შეზღუდვის თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად მიჩნევისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, რამდენად სწორად არის შერჩეული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება და ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების გამოყენებით აღნიშნული მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.“

საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

 

„საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც.“

საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

 

„პირის უფლების შემზღუდველი ნებისმიერი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ არ არსებობს სხვა უფრო ნაკლებად მზღუდველი ღონისძიების გამოყენებით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.“

საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/569, 11 აპრილი, 2014

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვისას კანონმდებელი ვალდებულია, დაიცვას გონივრული ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს კი ევალება, რომ მისთვის მინიჭებული უფლება მოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის კონფლიქტის დროს, გაავლოს ზღვარი, რომელიც ამ ინტერესებს შორის კონსტიტუციურ ბალანსს ასახავს.“

საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/569, 11 აპრილი, 2014

 

„სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი და, იმავდროულად, დემოკრატიულობის ხარისხი სწორედ იმის მიხედვით გაიზომება, რამდენად შეძლებს ის შეპირისპირებული ინტერესების სამართლიან დაბალანსებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფისას უნდა შეძლოს კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსება, მხოლოდ ასეა შესაძლებელი როგორც უფლებით სარგებლობის, ისე კონკრეტული საჯარო მიზნების მიღწევა. დემოკრატიულ საზოგადოებაში არ შეიძლება არსებობდეს მიზანი, ინტერესი, რომლის მიღწევის საპირწონე ამა თუ იმ უფლების დარღვევაა. არცერთი ინტერესის მიღწევა არ შეიძლება მეორე ინტერესის ხელყოფის ხარჯზე.

ამასთან, ადამიანის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. როდის, როგორ და რა ინტენსივობით შეუძლია სახელმწიფოს, ჩაერიოს ადამიანის თავისუფლებაში ისე, რომ ეს ჩაითვალოს აუცილებელ ჩარევად დემოკრატიულ საზოგადოებაში, ამისთვის სამართლებრივ საფუძველს და შეფასების მასშტაბს კონსტიტუცია იძლევა, პირველ რიგში, ძირითადი კონსტიტუციური პრინციპები და თავად უფლებების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური ნორმები. სწორედ აქ არის მოცემული კერძო და საჯარო ინტერესების თანაფარდობის განსაზღვრის დასაშვები ფარგლები.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მაისი №3/1/574, 23 მაისი, 2014

 

„საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის შინაარსის გარკვევის პროცესში, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მისი დროში მოქმედების ფარგლები. წესი, რომელიც მოქმედებს შეზღუდული ვადით, შესაძლებელია იწვევდეს უფლების იმაზე ნაკლები ინტენსივობით შეზღუდვას, ვიდრე მუდმივად მოქმედი წესი. ნორმები, რომლებიც შინაარსობრივად იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმით დადგენილ ქცევის წესს, თუმცა დროებითი ხასიათი აქვს, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა, მართლაც იქნეს განხილული როგორც ისეთი განსხვავებული ნორმატიული მოცემულობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჭიროებს ახალი პროცესის ფარგლებში არსებით განხილვას. მაგალითად, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც განუსაზღვრელი ვადით ითვალისწინებდა რომელიმე უფლების შეზღუდვას და მიუთითა, რომ ნორმის არაკონსტიტუციურობას იწვევდა პირის უფლებაში ჩარევის მომეტებული ინტენსივობა, რაც განპირობებულია სწორედ უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ მიღებული ქცევის იგივე წესის შემცველი ნორმა, რომელიც განსაზღვრული ვადით მოქმედებს, შეიძლება შეფასდეს როგორც განსხვავებული ნორმატიული მოცემულობა, რომელიც ავტონომიურად საჭიროებს არსებით განხილვას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პირის უფლების შემზღუდველი ნორმატიული რეგულირება ლოგიკურად არუკავშირდება დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს და, შესაბამისად, არ წარმოადგენს მისი მიღწევის საშუალებას, პირის უფლებაში ჩარევის ინტენსივობის ხარისხს,  ნორმის კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა. ასეთი ნორმა, პირის უფლებაში ჩარევის ინტენსივობის შეფასების გარეშეც, უკვე არაკონსტიტუციურია. უფლების შემზღუდველი ნორმატიული აქტის მოქმედების ვადას, არც იმ შემთხვევაში აქვს არსებითი მნიშვნელობა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კონსტიტუციური უფლების დარღვევა გარდაუვალია სადავო ნორმით უფლებაში ჩარევის ინტენსივობის მიუხედავად.“

ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/2/563, 24 ივნისი, 2014

 

„ადამიანის უფლებების რეალიზაციის პროცესში დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა კონფლიქტი არარის უჩვეულო. კონსტიტუციური წესრიგის მიზანია სათანადოდ დააბალანსოს წინააღმდეგობრივი ინტერესები ისე, რომ ერთი სიკეთის დაცვა არ მოხდეს მეორე სიკეთეში არათანაზომიერი ჩარევის ხარჯზე.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533,  8 ოქტომბერი, 2014

 

„კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისას არა მხოლოდ ლეგიტიმური მიზნები უნდა არსებობდეს, არამედ უფლებაში ჩარევა ლეგიტიმური მიზნების თანაზომიერი უნდა იყოს.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533,  8 ოქტომბერი, 2014

 

„გამოსადეგობასთან ერთად, მზღუდავი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას. კერძოდ, არ უნდა არსებობდეს ამავე ლეგიტიმური მიზნის ნაკლებად მზღუდველი საშუალებით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. ნორმის მზღუდავი ეფექტის ლეგიტიმუ მიზნებთან თანაზომიერება მოითხოვს უფლებაში ჩარევის ინდივიდუალიზაციასა და საჭიროებებზე მაქსიმალურ მორგებას. ნორმა, რომელიც უპირობოდ და სრულად ზღუდავს უფლებას, რთულად თუ დააკმაყოფილებს კონსტიტუციურობის სტანდარტს.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533,  8 ოქტომბერი, 2014

 

„ბუნებრივია, რომ სრულყოფილი და ეფექტური, ობიექტური გამოძიება შემდგომში სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელი საფუძველი და წინაპირობაა. ზოგადად, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა უმთავრესი ინტერესია, რომელსაც ემსახურება ქვეყნის სამართალდამცავი სისტემა, მართლმსაჯულება და რომლის უზრუნველყოფისთვისაც შესაბამისი პირობების, უპირველესად კი, ადეკვატური კანონმდებლობის, გამჭვირვალე, ეფექტური და სამართლიანი პროცედურების შექმნა ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. შესაბამისად, დასახელებული ინტერესები ნამდვილად წარმოადგენს ლეგიტიმ ურმიზანს, რომლის დაცვის აუცილებლობის შემთხვევაშიც უფლებაში ჩარევა შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ, იმავდროულად, ჩარევა იქნება დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული.

პირველ რიგში, აუცილებელია, რომ კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაციით შესაძლებელი იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევა, ან უის (რეგულაცია) რეალურად უნდა იყოს ორიენტირებული ლეგიტიმური მიზნის დაცვასა და უზრუნველყოფაზე. უფლების შემზღუდავი ღონისძიება მიზნის მიღწევის ვარგის საშუალებას უნდა წარმოადგენდეს, მას გარდაუვლად, ნამდვილად უნდა შეეძლოს კონკრეტული მიზნების, ინტერესების უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთნაირად მიადგება ზიანი როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესებს.“

საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576, 13 ნოემბერი, 2014

 

„ვერცერთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევა თავისთავად ვერ გაამართლებს უფლებაში იმაზე უფრო მკაცრ ჩარევას, ვიდრე ეს აუცილებელი და საკმარისია ამ მიზნის მისაღწევად. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი და, იმავდროულად, დემოკრატიულობის ხარისხი სწორედ იმის მიხედვით გაიზომება, რამდენად შეძლებს ის შეპირისპირებული ინტერესების სამართლიან დაბალანსებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სახელმწიფომ უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფისას უნდა შეძლოს კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსება, მხოლოდ ასეა შესაძლებელი როგორც უფლებით სარგებლობის, ისე კონკრეტული საჯარო მიზნების მიღწევა. დემოკრატიულ საზოგადოებაში არ შეიძლება არსებობდეს მიზანი, ინტერესი, რომლის მიღწევის საპირწონე ამა თუ იმ უფლების დარღვევაა. არცერთი ინტერესის მიღწევა არ შეიძლება მეორე ინტერესის ხელყოფის ხარჯზე… ამასთან, ადამიანის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.“

საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576, 13 ნოემბერი, 2014

 

„ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლო კანონმდებელს ვერ შესთავაზებს საკითხის გადაწყვეტის კონკრეტულ გზას და ვერ შებოჭავს მას საკითხის სწორედ ამ გზით გადაწყვეტის უპირობო აუცილებლობით. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ, იმავდროულად, უნდა გააანალიზოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლო გზები, რადგან მას აქვს ვალდებულება, არაკონსტიტუციურად ცნოს ნორმა, რომელიც მიზნის მიღწევის ალტერნატიულ შესაძლებლობებს შორის არარის უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი.“

საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576, 13 ნოემბერი, 2014

 

„ადამიანის უფლებაში ჩარევა არუნდა იყოს თვითმიზანი, იგი უნდა ემსახურებოდეს განსაზღვრული, არსებითადღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.“

საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/5/556, 13 ნოემბერი, 2014

 

„ნორმატიული აქტის მიღებისას კანონმდებელმა უნდა იხელმძღვანელოს თანაზომიერების კონსტიტუციური სტანდარტით და შეარჩიოს რეგულირება, რომელიც ყველაზე ნაკლებად შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.“

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

 

„თანაზომიერების პრინციპის უმთავრესი მოთხოვნაა, რომ უფლების შეზღუდვა არ განხორციელდეს იმაზე მეტად, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის საჭირო. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ პირის შესახებ რაიმე ინფორმაციის ფლობას, აუცილებელია თანაზომიერების პრინციპის დასახელებული მოთხოვნის განუხრელად დაცვა. კერძოდ, დასაშვებია სახელმწიფომ პირის შესახებ ინფორმაცია შეინახოს მხოლოდ იმ გონივრული ვადითა და მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ პირის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებას გამოეცლება ლეგიტიმური საფუძველი და არაკონსტიტუციურად ჩაითვლება.“

საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოდუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ, №1/2/622,  9 თებერვალი, 2017

 

„პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, უფლების შესაზღუდად, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, საჯარო ინტერესი, რომლის დაცვასაც დადგენილი რეგულირება ემსახურება.“

საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/638,  14 თებერვალი, 2017

 

„უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არამხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც.“

საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/638, 14 თებერვალი, 2017

 

„თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, გამოსადეგობასთან ერთად, შერჩეული ღონისძიება აუცილებლობის მოთხოვნასაც უნდა აკმაყოფილებდეს.“

საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №3/1/659, 15 თებერვალი, 2017

 

„ცხადია, თანაზომიერების პრინციპის დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის არსებობა და სამართლებრივი მოწესრიგების მიზნის მისაღწევ საშუალებად გამოსადეგობა არარის საკმარისი. აუცილებელია, გასაჩივრებული რეგულაცია ასევე წარმოადგენდეს უფლებაში ჩარევის თანაზომიერ, პროპორციულ საშუალებას. თანაზომიერების პრინციპის გამოყენება უნდა მოხდეს შესაფასებელი სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ცალკეულ სფეროებში სახელმწიფოს, რეგულირები სკუთხით, გააჩნია განსაკუთრებით ფართო დისკრეცია. ცხადია, დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს აბსოლუტურ თავისუფლებას. სამართალშემოქმედის მიხედულების ფარგლები პირობადებულია კონსტიტუციური პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებით, რაც უზრუნველყოფს უფლებამოსილების გადაჭარბებისა და მისი არამიზნობრივად გამოყენების რისკის თავიდან აცილებას.  სხვაგვარად, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა და მისი გამოყენება ყოველთვის გულისხმობს გადაწყვეტილების შედეგების დასაბუთებას. ამ თვალსაზრისით, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა გულისხმობს იმგვარი დასაბუთების მოთხოვნას, რომელიც შესაძლებელს გახდის სამართლებრივი შედეგის სისწორის შეფასებას.“

საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/826, 21 აპრილი, 2017

 

„საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მზღუდავი რეგულაცია უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას. კერძოდ, არ უნდა არსებობდეს ამავე ლეგიტიმური მიზნის ნაკლებად მზღუდველი საშუალებით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. ამასთან, აღნიშნული საფუძვლით ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხევევაში, თუკი არსებობს სხვა მექანიზმი/საშუალება, რომელსაც აქვს რესურსი, ისევე ეფექტურად უზრუნველყოს საჯარო ინტერესის დაცვა, როგორც სადავო რეგულაციას.“

საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/826, 21 აპრილი, 2017

„სასამართლო განმარტავს, რომ უფლება შემზღუდველი ნორმა უნდა უზრუნველყოფდეს ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებ სშორის. დაუშვებელია, ერთი უფლების დაცვა სხვა უფლების ხარჯზე უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით.“

საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/826, 21 აპრილი, 2017

 

„მნიშვნელოვანია სისხლის სამართლებრივი მექანიზმების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თუ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის ზიანის შემცირების პრევენციულ მექანიზმებს შორის სწორი ბალანსის უზრუნველყოფა, შედეგზე და ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული და პრაქტიკული ეფექტის მქონე მიდგომების გამოყენება.სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ისეთი ქმედებისთვის, რომელიც არ უქმნის საფრთხეს სხვების ჯანმრთელობას, არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს აუცილებელ და პროპორციულ ჩარევად ადამიანის პიროვნული განვითარების უფლებაში. პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა (მათ შორის,თუნდაც დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ანსაპროცესო შეთანხმების დადება), ნასამართლეობა და,შესაბამისად,პირის სტიგმატიზაცია ვერ უზრუნველყოფს ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებს და პირის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას მიზნად აქცევს. საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმთავითვე მხოლოდ ზოგად პრევენციას ემსახურება, რომ სხვებმაც არ ჩაიდინონ ასოციალური და საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის გამომწვევი ქმედება. რაც შეეხება სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხის თავიდან ასაცილებლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას, მაშინ, როდესაც ასეთი საფრთხე ჰიპოთეტურია, ან საერთოდ არ არსებობს (მაგალითად, განმარტოებით სახლში მარიხუანის მოხმარებისას), მხოლოდ ზოგად პრევენციას ემსახურება, რაც მოცემულ შემთხვევაში უფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა.

იმის სავალდებულოდ დადგენა, თუ რისი ჭამა, დალევა, მოწევა შეიძლება და ამ ქმედებისათვის სასჯელის დაწესება, წარმოადგენს პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში ჩარევის ისეთ ფორმას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ საჯარო ინტერესების დასაცავად. პიროვნების დასჯა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო, წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან.

ქმედებისათვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თავად ამ ქმედებიდან მომდინარე საფრთხეების პროპორციული. პასუხისმგებლობის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს  ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში პირის როლს. როდესაც ეს როლი უმნიშვნელოა, უმნიშვნელოა ის საფრთხეებიც,რომლებსაც ესა თუ ის ქმედება ქმნის.“

საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/13/732, 30 ნოემბერი, 2017

 

„სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებიდან მომდინარე საფრთხისაგან მოპასუხის დაცვა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს.“

შპს „ჯორჯიანმანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/746, 1 დეკემბერი, 2017

Back to Top

%d bloggers like this: