გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლო: უელსის და შოტლანდიის მთავრობებს Brexit-ის პროცესში ჩარევის უფლება აქვთ
2016 წლის 23 ივნისს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეთა 52%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის მიერ ევროკავშირის დატოვების იდეას. მიუხედავად ამისა, რეფერენდუმის შედეგები ავტომატურად კავშირის დატოვებას არ ნიშნავს.
ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს აქვთ ორი წელი აღნიშნული პროცესის დასასრულებლად.1 თუმცა ამ პროცესის დაწყებამდე აუცილებელია, რომ გასვლის სურვილის მქონე სახელმწიფომ ოფიციალური შეთავაზება გააკეთოს.2
მიუხედეავად რეფერენდუმის შედეგებისა, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით კი შოტლანდია და უელსი, რომელთა საპარლამენტო წარმომადგენლებსაც, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, Brexit-ის საპარლამენტო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ.3 გაერთიანებული სამეფოს მტკიცებით, სამეფო პრეპოგატივის (Crown’s Prerogative) პრინციპიდან გამომდინარე, 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეთავაზების გაკეთების უფლება პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუძლიათ.
Brexit-ის მოწინააღმდეგეებმა მთავრობის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა 2016 წლის 3 ოქტომბერს, გაერთიანებული სამეფოს პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობას არ აქვს კონსტიტუციური უფლება ერთპიროვნულად განაცხადოს სურვილი ევროკავშირიდან გამოსვლაზე.4 გადაწყვეტილება მთავრობამ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, რომელსაც ასევე მიმართეს უელსის და შოტლანდიის მთავრობებმა და მოითხოვეს დავაში მესამე მხარედ ჩართვა. სწორედ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა 18 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ.5
სასამართლოს აღნიშნული შუალედური გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შოტლანდიისა და უელსის მთავრობებს ექნებათ უფლება საკუთარი არგუმენტები წარადგინონ პროცესზე, რომელიც 2016 წლის 5-8 დეკემბერს გაიმართება.
თუკი უზენაესი სასამართლო დაეთანხმება მოპასუხეებს, მაშინ პარლამენტი შეძლებს საკმარისად გააჭიანუროს ევროკავშირისათვის შეთავაზების გაკეთების პროცესი და შესაძლოა, რომ საერთოდაც შეაჩერონ. ამის უმთავრესი მიზეზი კი ისაა, რომ უელსი და შოტლანდია ევროკავშირის დატოვებას მკაცრად ეწინააღმდეგებიან.6
უზენაესი სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 2017 წლის დასაწყისისთვის გამოიტანს.
ნიკა გიგაშვილი
1 ლისაბონის ხელშეკრულება. მუხლი 50
2 იქვე. პარაგრაფი 2
3 სტატია https://www.thesun.co.uk/news/1966419/tory-civil-war-sparked-as-pm-bans-mps-voting-on-brexit-negotiation-plan/
4 R v Secretary of State for Exiting the European Union, The High Court of Justice, Queen’s Bench Division, Divisional Court. 3 November 2016. Paras [82-94, 97-104]
5 R v Secretary of State for Exiting the European Union, The Supreme Court of United Kingdom. https://www.supremecourt.uk/news/interveners-article-50-brexit-case.html
6 სტატია http://www.wsj.com/articles/high-court-allows-scotland-wales-to-join-brexit-case-1479479851